არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ნუგეში დაავადებულთათვის. დიდი მადლობა სტატიათა სერიისთვის „ნუგეში დაავადებულთათვის“ (8 თებერვალი, 2001). ოთხი წლის წინათ ავარიაში მოვყევი. ბევრჯერ მიფიქრია, რომ უკეთესი იყო, მოვმკვდარიყავი. მეხსიერება ძალზე დამიქვეითდა, რის გამოც ყოველდღიურად ვიტანჯები. როდესაც სტატიათა ეს სერია წავიკითხე, სიმხნევე შემემატა.

ტ. მ. იაპონია.

15 წლის ასაკიდან რევმატოიდული ართრიტი მაქვს და საშინელ ტკივილებს ვიტან. აქ გადმოცემული ინფორმაცია დამეხმარა, გამეგო, რომ ჩემთვის აუცილებელი იყო, უფრო მეტად მივნდობოდი იეჰოვას, რომელიც „ციხე-სიმაგრეა გასაჭირში“ (რიცხვნი 1:7).

ი. ფ. რ. კოლუმბია.

მე სრული დროით მქადაგებელი ვარ. ახალ ტერიტორიაზე გადასვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გავიგე, რომ დიაბეტი მქონია. საოცრად გაქვთ აღწერილი, თუ რა ემოციები ეუფლება ადამიანს, რომელიც ქრონიკული ავადმყოფობით არის შეპყრობილი! ეს სტატიები დამეხმარა, კიდევ ერთხელ, უფრო გაწონასწორებულად გადამეხედა საკუთარი მდგომარეობისთვის და საჭირო ცვლილებები მომეხდინა.

ლ. ა. იტალია.

მართალია, დაავადებული არ ვართ, მაგრამ სტატიაში მოცემული პრინციპები დაგვეხმარა, გავმკლავებოდით იმ დიდ პრობლემას, რომლის წინაშეც დღესდღეობით ვდგავართ. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჟურნალი კონკრეტულ ლოცვაზე პასუხი იყო.

რ. პ. და ლ. რ. შრი-ლანკა.

რამდენიმე კვირის წინათ ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დამისვეს. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა დიდი დარტყმა იქნებოდა ეს ჩემთვის, რადგან მანამდე არაფერი მაწუხებდა. დღეს 8 თებერვლის ნომრის სტატიები სულმოუთქმელად წავიკითხე. ამ სტატიებში აღწერილია ყველანაირი ეჭვი, აზრი და ემოცია, რომლებიც დამჩემდა, ამავე დროს, სტატია ოპტიმიზმის შენარჩენუბაშიც დამეხმარა.

ჰ. ე. ესპანეთი.

ნამდვილი ამბავი. მე გწერთ სტატიაზე „არ შეეპუოთ სისუსტეებს და დაისახეთ მიზნები!“, სადაც ბილისა და როუზის ისტორიაა მოთხრობილი; შეუძლებელია, ეს ისტორია მკითხველმა გულგრილად წაიკითხოს (8 თებერვალი, 2001). ადამიანს საოცრად გამხნევებს იმის წაკითხვა, თუ რას უძლებენ ისინი მთელი შემართებით ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს ისტორია გულის ამაჩუყებელია. მინდა, ბილმა და როუზმა იცოდნენ, რომ მე ვლოცულობ მათთვის.

ვ. გ. იტალია.

ჩვენთვის, ჯანმრთელი ადამიანებისთვის, ეს ისტორია მამაკაცზე, რომელიც 50 წელზე მეტია, რაც თავის დაავადებას ებრძვის, გამამხნევებელია. ეს ამბავი დამეხმარა, გამეგო, რომ მე, ჯანმრთელმა ქალმა, ძალიან უნდა დავაფასო და საუკეთესოდ გამოვიყენო ჯანმრთელობა.

პ. ვ. ჩეხეთის რესპუბლიკა.

დედაჩემი დაახლოებით 20 წელია, რაც ავად არის. დღემდე ის გულგატეხილია და ნერვიულობს; ფიქრობს, რატომ ცოტათი მაინც არ გრძნობს შვებას. ეს სტატია დედას წავუკითხე, მაგრამ ის ჩემთვისაც სასარგებლო იყო. ახლა მესმის, თუ, უმეტესწილად, რატომ არის დედა დეპრესიაში.

გ. ო. ა. ნიგერია.

ბილი და როუზი, აგრეთვე ყველა, ვისაც სერიოზული დაავადების ატანა უწევს, დიდ სიმამაცეს ავლენენ! ჩვენ, ვისაც მსგავს სირთულესთან გამკლავება არ გვიწევს, მათი მაგალითიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ბილ და როუზ, კვლავაც მტკიცედ იდექით! თქვენ ჩვენთვის სამაგალითონი ხართ!

ი. ს. გერმანია.

მოზარდები და პაემნებზე სიარული. მე 15 წლის ვარ; დიდი სიამოვნებით წავიკითხე სტატია: „ახალგაზრდების შეკითხვები. . . რა გავაკეთო, თუ მშობლები ფიქრობენ, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა პაემნებზე სიარული?“ (8 თებერვალი, 2001). სკოლაში ბავშვები მეკითხებიან, ჰომოსექსუალისტი ხომ არა ხარ, პაემნებზე რომ არ დადიხარ. ჩვეულებრივ, ვპასუხობდი, რომ მშობლები არ მაძლევდნენ ამის უფლებას, მაგრამ უკმაყოფილების გრძნობა მრჩებოდა, რაც უკეთესი პასუხის გაცემის სურვილს მიტოვებდა. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უკვე ვიცი, როგორი პასუხი უნდა გავცე. დიდი მადლობა, რომ ფიქრობთ ჩვენზე, მოზარდებზე.

კ. გ. შეერთებული შტატები.