არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსიყვარულო ქორწინების მახეში გაბმულნი

უსიყვარულო ქორწინების მახეში გაბმულნი

უსიყვარულო ქორწინების მახეში გაბმულნი

„საზოგადოებაში, რომელშიც განქორწინების დიდი პროცენტული მაჩვენებელია, მოსალოდნელია არა მხოლოდ ის, რომ ბედნიერებას მოკლებული უფრო მეტი ქორწინება დამთავრდეს გაყრით, არამედ უფრო მეტი ქორწინება იყოს უბედური“ (ოჯახური ცხოვრების შემსწავლელი საბჭო ამერიკაში).

ნათქვამია, რომ ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერებაცა და უბედურებაც ერთი და იგივე წყაროდან მომდინარეობს — ქორწინებიდან. მართლაც, ცხოვრებაში არც ისე ბევრი რამ არის, რასაც ისეთი უდიდესი აღტაცების ან დიდი ტანჯვის გამოწვევა შეუძლია, როგორიც ქორწინებას. როგორც თანდართულ ჩარჩოშია ნაჩვენები ბევრი დაქორწინებული წყვილი უფრო იტანჯება, ვიდრე სიხარულს განიცდის.

მაგრამ განქორწინების სტატისტიკა პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აშუქებს. ყოველ, ასე ვთქვათ, გემივით „ჩაძირულ“ ქორწინებაზე მოდის ურიცხვი სხვა, რომელიც თუმცა „ტივტივებს“, მაგრამ მკვდარი წერტილიდან საერთოდ არ იძვრის. „ჩვენ ყოველთვის ბედნიერი ოჯახი გვქონდა, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში უკანასკნელი 12 წელი საზარელი აღმოჩნდა, — თავის გულისტკივილს გვიზიარებს ქალი, რომელიც 30 წელზე მეტია, გათხოვილია, — ჩემს ქმარს არ აინტერესებს ჩემი გრძნობები. ის ნამდვილად ჩემი უბოროტესი ემოციური მტერია“. მსგავსად ამისა, მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 25 წელია დაქორწინებულია, ჩიოდა: „ცოლმა მითხრა, აღარ მიყვარხარო. ის ამბობს, რომ მხოლოდ მეზობლებივით თუ შევძლებთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას და თავისუფალ დროს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გავატარებთ, სიტუაცია შეიძლება ასატანი იყოს“.

რასაკვირველია, ზოგიერთი მათგანი, ვინც ასეთ აუტანელ მდგომარეობაში ვარდება, ოჯახურ კავშირს წყვეტს. მაგრამ ბევრი განქორწინებაზე ფიქრსაც კი გამორიცხავს. რატომ? დ-რ კარენ კაიზერის სიტყვებისამებრ, ისეთი ფაქტორების გამო, როგორებიცაა შვილები, საზოგადოების თვალში შერცხვენა, ფინანსები, მეგობრები, ნათესავები და რელიგიური მრწამსი, წყვილი შეიძლება ერთად დარჩეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი არ უყვარს. «კანონიერად განქორწინების ნაცვლად, — ამბობს ის, — ეს წყვილები არჩევენ დარჩენას მეუღლესთან, რომელთანაც ემოციურად „გაყრილი“ არიან».

წყვილი, რომლის ურთიერთობაც გაცივდა, უნდა შეურიგდეს უკმაყოფილებით აღსავსე ცხოვრებას? უსიყვარულო ქორწინება განქორწინების ერთადერთი ალტერნატივაა? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბევრი „ქარიშხალში მოხვედრილი“ ქორწინების გადარჩენა შეიძლება — არა მხოლოდ დანგრევისგან, არამედ უსიყვარულობით გამოწვეული ტანჯვისგანაც.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

განქორწინებათა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით

ავსტრალია: XX საუკუნის 60-იანი წლებიდან განქორწინებათა რიცხვი თითქმის გაოთხმაგდა.

დიდი ბრიტანეთი: პროგნოზების თანახმად, 10 ქორწინებიდან 4 განქორწინებით მთავრდება.

ზიმბაბვე: ყოველი 5 ქორწინებიდან დაახლოებით 2 განქორწინებით მთავრდება.

იაპონია და კანადა: თითქმის ყოველი მესამე ქორწინება განქორწინებით მთავრდება.

შეერთებული შტატები: XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაქორწინებული წყვილების ერთად დარჩენის ან გაყრის ალბათობა 50/50-ზეა.