არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | მართლა ემუქრება მსოფლიოს განადგურება?

პასუხის ძიებაში

პასუხის ძიებაში

ალბათ, შეშფოთებას ვერ მალავთ და შესაძლოა შიშიც გიპყრობთ, როცა ამდენ ცუდ ამბავს იგებთ. თქვენ ერთადერთი არა ხართ, ვისაც მსგავსი გრძნობები ეუფლება. როგორც 2014 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, განაცხადა, პრესა სავსეა თავზარდამცემი ამბებით, რის გამოც ბევრი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მსოფლიო უფსკრულისკენ მიექანება და არავის ძალუძს მდგომარეობის გამოსწორება.

თუმცა ამ განაცხადიდან მალევე მან დიდი პათოსით ისაუბრა გლობალური პრობლემების აღმოსაფხვრელად შემუშავებულ ბოლოდროინდელ სტრატეგიებზე. ბარაკ ობამამ ზოგ სამთავრობო ინიციატივას „კარგი წამოწყება“ უწოდა; აგრეთვე აღნიშნა, რომ „დიდი ოპტიმიზმითაა“ განწყობილი და იმედის თვალით უყურებს მომავალს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას იმის თქმა სურდა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ, შეუძლიათ გამოასწორონ მდგომარეობა და შეაჩერონ გლობალური კატასტროფა.

ბევრი იზიარებს ბარაკ ობამას ოპტიმისტურ თვალსაზრისს. მაგალითად, ზოგი იმედს მეცნიერებაზე ამყარებს, რადგან ფიქრობენ, რომ სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით მსოფლიოში უამრავი პრობლემა გადაიჭრება. ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთმა ექსპერტმა დარწმუნებით განაცხადა, რომ 2030 წლისთვის „ტექნოლოგიები ათასჯერ უფრო მძლავრი იქნება, ხოლო 2045 წლისთვის — მილიონჯერ უფრო მძლავრი“. მან დასძინა: „ამ საქმეში საკმაოდ წარმატებულები ვართ. მართალია, ასეთი სერიოზული პრობლემების წინაშე არასდროს დავმდგარვართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნარი, მანამ გადავჭრათ ისინი, სანამ მწვავე ხასიათს მიიღებს“.

სინამდვილეში რამდენად საგანგაშოა მსოფლიოში მდგომარეობა? მართლა გლობალური კატასტროფის წინაშე დგას კაცობრიობა? მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მეცნიერი და პოლიტიკოსი დამაიმედებელ განაცხადს აკეთებს, ბევრს ეჭვი ეპარება, რომ მომავალში მდგომარეობა გაუმჯობესდება. რა უქმნით მათ ეჭვის საფუძველს?

მასობრივი განადგურების იარაღი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა თუ სხვა ორგანიზაციების გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ბირთვული განიარაღების მიღწევა შეუძლებელია. სამწუხაროდ, უტიფარი სახელმწიფო ლიდერები აბუჩად იგდებენ შეიარაღების მარეგულირებელ კანონებს. ქვეყნები, რომლებიც უკვე დიდი ხანია აწარმოებენ ბირთვულ იარაღს, ინტენსიურად ანახლებენ ატომურ ბომბებს და ახალ, უფრო მომაკვდინებელ ბომბებს ქმნიან. იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც ერთ დროს არ გააჩნდათ მასობრივი განადგურების იარაღი, დღესდღეობით მსოფლიოს დიდი ნაწილის მოსპობა შეუძლიათ.

დედამიწა ძალიან საშიშ ადგილად იქცა, რადგან დღეს ქვეყნები ისე არიან მომზადებულნი ბირთვული ომისთვის, როგორც არასდროს; საფრთხე მაშინაც კი არსებობს, როცა, ერთი შეხედვით, მსოფლიოში მშვიდობა სუფევს. ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოთქმულია შეშფოთება, რომ „ეგრეთ წოდებული მკვლელი რობოტები, რომლებსაც დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე, შეუძლიათ სამიზნის არჩევა და თავდასხმა“, დიდ საშიშროებას წარმოადგენენ (Bulletin of the Atomic Scientists).

დაავადებების ტყვეობაში. მედიცინა უძლურია დაავადებებთან ბრძოლაში. მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი წონა, ჰაერის დაბინძურება და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორებია; სამწუხაროდ, სულ უფრო მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ მიზეზებით ავადდებიან. აგრეთვე სულ უფრო მეტი ადამიანი იხოცება ისეთი არაგადამდები დაავადებებით, როგორიცაა სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი. იზრდება მათი რიცხვიც, რომლებიც სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის გამო სრულფასოვნად ვერ ცხოვრობენ. გარდა ამისა, ბოლო წლებში მოულოდნელად იფეთქა ისეთმა საშიშმა ეპიდემიებმა, როგორიცაა ებოლა და ზიკა. როგორც ვხედავთ, ადამიანებს არ ძალუძთ დაავადებების აღმოფხვრა და ისე ჩანს, რომ ეს პრობლემა არასდროს გადაიჭრება.

ადამიანები აჩანაგებენ ბუნებას. ფაბრიკა-ქარხნებიდან გამოყოფილი ნარჩენი აირები აბინძურებენ ატმოსფეროს. ყოველ წელს დაბინძურებული ჰაერის გამო მილიონობით ადამიანი კვდება.

დასახლებული პუნქტებისა თუ სხვადასხვა დაწესებულებების კანალიზაციის ჩამდინარე წყლები, სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, პლასტმასი თუ სხვა მავნე ნივთიერებები საბოლოოდ ზღვებსა და ოკეანეებში ხვდება. ერთ ენციკლოპედიაში ახსნილია: „ტოქსიკური ნივთიერებები წამლავს ზღვის ცხოველებსა და წყალმცენარეებს, რომელთაც ადამიანები საკვებად იყენებენ“ (Encyclopedia of Marine Science).

დღეს მსოფლიოში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა. ინგლისელი მეცნიერი რობინ მაკი გვაფრთხილებს: „მალე მთელ მსოფლიოში იქნება წყლის დეფიციტი“. პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ ეს პრობლემა, რომლის სათავეც თავად ადამიანია, დიდ საფრთხეს უქმნის დედამიწას.

ბუნება „თავს ესხმის“ ადამიანებს. ხშირად ქარიშხალს, გრიგალს, ტორნადოს, ტაიფუნსა თუ მიწისძვრას გამანადგურებელი წყალდიდობები, დამანგრეველი მეწყერი თუ სხვა სახის სტიქია მოჰყვება. სტიქიური უბედურებების შედეგად ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება ან ზარალდება. როგორც შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენშია აღნიშნული, მოსალოდნელია „უფრო ძლიერი ქარიშხლები, უფრო გამანადგურებელი წყალდიდობები და უფრო ხანგრძლივი გვალვა და გაუსაძლისი სიცხეები“. მიაყენებს ბუნება კაცობრიობას სასიკვდილო დარტყმას?

ალბათ, სხვა არაერთი საშიშროებაც გაფიქრებთ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას. მაგრამ დღევანდელი შემაშფოთებელი მოვლენების გაანალიზების შემდეგ ვერ იღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხებს იმის თაობაზე, თუ რა გველის მომავალში. ზოგი შესაძლოა ვერც პოლიტიკოსებისა თუ მეცნიერების პროგნოზებმა ანუგეშოს. თუმცა, როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, მრავალმა სარწმუნო პასუხები მიიღო იმ კითხვებზე, რომლებიც მსოფლიო მდგომარეობასა და ჩვენს მომავალს ეხება. სად შეიძლება ამ პასუხების მოძიება?