არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

5. უფროსების როლი

5. უფროსების როლი

რას გულისხმობს უფროსების როლი?

ბავშვებს სჭირდებათ უფროსების რჩევა-დარიგება. თქვენ, მშობლებო, ყველაზე უკეთ შეგიძლიათ შვილებს ამ მხრივ საჭირო დახმარება აღმოუჩინოთ. ეს თქვენი მოვალეობაცაა. თუმცა სხვებსაც შეუძლიათ შვილების აღზრდაში დაგეხმარონ.

რატომ არის მნიშვნელოვანი უფროსების როლი?

ბევრ ქვეყანაში პატარები ძალიან ცოტა დროს ატარებენ უფროსებთან. აი, ამის რამდენიმე ფაქტი:

  • ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში ატარებენ, სადაც მასწავლებლებზე მეტი მოსწავლეები არიან.

  • სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვებს სახლში არავინ ხვდება, რადგან ორივე მშობელი სამუშაოზეა.

  • შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველდღე დაახლოებით 6 საათი ერთობიან ელექტრონული მოწყობილობებით. *

ერთ წიგნში ნათქვამია: „მოზარდები თავიანთი მშობლებისგან, მასწავლებლებისგან ან სხვა მოწიფული ადამიანებისგან კი არ იღებენ მაგალითს ან რჩევებს, არამედ თანატოლებისგან“ (Hold On to Your Kids).

რის გაკეთება შეგიძლიათ?

დრო დაუთმეთ შვილებს.

ბიბლიური პრინციპი: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6).

ბავშვები მოელიან, რომ მშობლები რჩევა-დარიგებას მისცემენ. როგორც ექსპერტები ამბობენ, მოზარდებიც კი მშობლის რჩევას უფრო აფასებენ, ვიდრე თანატოლების რჩევას. პროფესორი ლორენს სტაინბერგი თავის წიგნში წერს: „მშობლებს ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მოზარდის აზროვნებასა და საქციელზე. რომც არ გეთანხმებოდნენ, ბავშვებს მაინც აინტერესებთ, რას ამბობთ და რა შეხედულება გაქვთ ამა თუ იმ საკითხზე“ (You and Your Adolescent).

ფაქტია, მოზარდებს სურთ მშობლებისგან რჩევა-დარიგების მოსმენა. ამიტომ ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, საჭირო დარიგება მისცეთ შვილებს. დრო დაუთმეთ მათ და გაუზიარეთ თქვენი ფასეულობები, შეხედულებები და გამოცდილება.

მოუძებნეთ სანდო მეგობარი.

ბიბლიური პრინციპი: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20).

ხომ არ იცნობთ ისეთ ვინმეს, ვინც კარგ მაგალითს მისცემს თქვენს შვილს? შეგიძლიათ ისე დაგეგმოთ, რომ დრო ერთად გაატაროთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი პასუხისმგებლობა მას გადააბაროთ. თუმცა ბავშვზე დადებითად აისახება ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელსაც მართლა ენდობით და რომელიც არ ავნებს მას. ასეთი ადამიანი შეგეხიდებათ შვილის აღზრდაში. ბიბლიიდან ჩანს, რომ ზრდასრულ ტიმოთეს დიდად წაადგა მოციქულ პავლესთან ურთიერთობა; ის თავადაც კარგ მეგობრობას უწევდა პავლეს (ფილიპელები 2:20, 22).

ბოლო ასწლეულია, რაც ბევრი ოჯახი ერთ ჭერქვეშ აღარ ცხოვრობს; პაპა-ბებიები, მათი შვილები და შვილიშვილები სხვადასხვა ადგილას გადადიან საცხოვრებლად. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, შეეცადეთ, თქვენს შვილს გვერდით ჰყავდეს ისეთი მეგობრები, რომელთაც გინდათ, რომ მიჰბაძოს.

^ აბზ. 8 როგორც ამ გამოკვლევამ აჩვენა, თინეიჯერები დღეში თითქმის 9 საათს უთმობენ ასეთი სახის გართობას. აქ არ იგულისხმება ის დრო, როდესაც ბავშვები თუ მოზარდები სკოლაში ინტერნეტში არიან ან სახლში დავალების მომზადებისას მისით სარგებლობენ.