არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა რასულ როზბაიევი

2021 წლის 23 მარტი
თურქმენეთი

21 წლის ძმა რასულ როზბაიევი მეორედ ცნეს დამნაშავედ რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

21 წლის ძმა რასულ როზბაიევი მეორედ ცნეს დამნაშავედ რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

განაჩენი

2021 წლის 16 მარტს თურქმენეთის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ძმა რასულ როზბაიევის საქმეზე. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის საფუძველზე. ის უკვე მეორედ ცნეს დამნაშავედ ნეიტრალური პოზიციის გამო.

ზოგადი ინფორმაცია

რასულ როზბაიევი

  • დაიბადა: 1999 წელს ხალანგში

  • ბიოგრაფია: ჰყავს ორი უფროსი და და ერთი უმცროსი ძმა. სკოლის დამთავრების შემდეგ შეისწავლა პარიკმახერობა. უყვარს ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაში და ცურვა.

    მშობლები იეჰოვას მოწმეები გახდნენ, როცა რასული პატარა იყო. ის 2013 წელს მოინათლა.

სასამართლო საქმე

ძმა რასულ როზბაიევი პირველად 2017 წლის 19 დეკემბერს ცნეს დამნაშავედ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით. მას ორწლიანი გამოსასწორებელი შრომა მიუსაჯეს. რასულს მიწის ნაკვეთის მოვლა და მასზე ხორბლის მოყვანა დაავალეს. მას მოწეული მოსავლის 20 პროცენტი მთავრობისთვის უნდა გადაეცა. ნაკვეთი მისი სახლიდან ძალიან შორს იყო. რადგან რასულს მანქანა არ ჰყავდა, ფეხით უწევდა იქ სიარული.

თურქმენეთის კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილ პირებს მეორედ შეუძლიათ მსჯავრი დასდონ პირს, რომელიც უარს ამბობს სამხედრო სამსახურის გავლაზე რწმენის გამო. რასული 2020 წლის 22 აპრილს კვლავ დაიბარეს კომისარიატში და მან მეორედ განაცხადა უარი სამხედრო სამსახურის გავლაზე. ამას მოჰყვა დაკითხვების სერიები, სამედიცინო გამოკვლევები და დაპატიმრების მუქარები. ეს ყველაფერი თვეების განმავლობაში გაგრძელდა. 2021 წლის 22 იანვარს მისი საქმე პროკურატურას გაეგზავნა.

რასული გაბედულებას იმ და-ძმების მაგალითებიდან სწავლობს, რომლებიც მსგავს სირთულეებს ხვდებიან. „მათი შემთხვევები მაძლევს განსაცდელების გადასატანად საჭირო ძალას და მეხმარება, რომ მივენდო იეჰოვას. ვიცი, რომ, თუ ერთგულებას შევინარჩუნებ, იეჰოვასა და იესოს გავახარებ“, — აღნიშნავს რასული. შექმნილი სიტუაცია მისი ოჯახის წევრებისთვისაც არის რწმენის გამოცდა. დედამისი გვიზიარებს, რა აძლევს მას ძალებს ამ რთულ დროს: „ბიბლიიდან და ჩვენი ვიდეოებიდან ვიცი, რომ მხოლოდ მე არ ვდგავარ მსგავსი სირთულის წინაშე. ასეთი განსაცდელები ღვთის მსახურებს წარმატებით დაუძლევიათ წარსულში და დღესაც ასე ხდება. მათი მაგალითები მოთმინებისთვის საჭირო ძალებს მაძლევს“.

რასულს განსაკუთრებით ანუგეშებს სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია ფსალმუნის 37:23, 24-ში. გვჯერა, რომ იეჰოვას დახმარებით რასულიც და სხვა გაბედული ახალგაზრდა ძმებიც შეინარჩუნებენ რწმენას, ერთგულებასა და სიხარულს.