ახალი საკონგრესო დარბაზი ამაზონის ტროპიკულ ტყეში

ახალი საკონგრესო დარბაზი ამაზონის ტროპიკულ ტყეში

ამაზონის ტროპიკული ტყის შუაგულში წამომართულია იეჰოვას მოწმეთა ახალი საკონგრესო დარბაზი, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ქალაქ მანაუსის (ბრაზილია) ჩრდილოეთით მდებარე 52 ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მწვანეშია ჩაფლული. აქ, ბუნების წიაღში, კუპუაკუს, ანგელოზის გულის სახელით ცნობილი ხისა და ცამდე აწვდილი ბრაზილიური კაკლის ხის კენწეროებიდან ჩიტების ჭიკჭიკი ისმის — ერთმანეთს ეხმიანებიან მრავალფერი, ჭრელი ბუმბულით შემოსილი თუთიყუში მაკაო და ტუკანი. საინტერესოა, რატომ გახდა საჭირო აქ, ამაზონის შუაგულში საკონგრესო დარბაზის აშენება.

ქალაქ მანაუსში, რომელიც მდინარე ამაზონის შესართავიდან დაახლოებით 1 450 კილომეტრში მდებარეობს, მოსახლეობის რიცხვი 2 მილიონს აღწევს. ახალი დარბაზი მანაუსა და მის შემოგარენში, მათ შორის მდინარე ამაზონის სანაპიროსა თუ შენაკადებთან არსებულ დასახლებებში მცხოვრებ დაახლოებით 7 000 მოწმეს მოემსახურება. ყველაზე დაშორებული დასახლება, სან-გაბრიელ-და-კაშუეირა მანაუს დასავლეთით, დაახლოებით 800 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. საკონგრესო დარბაზში მისასვლელად ზოგ იეჰოვას მოწმეს ნავით 3 დღე უწევს მგზავრობა.

ამაზონის რეგიონში საკონგრესო დარბაზის აშენება არ იყო მარტივი საქმე. მშენებლობისთვის საჭირო გახდა სამშენებლო მასალით დატვირთული დაახლოებით 13 კონტეინერის გემით გადატანა საპორტო ქალაქ სანტუსიდან (სან-პაულუ) სამშენებლო ადგილამდე, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოწმეებს ჯერ ბრაზილიის სანაპიროს გასწვრივ უნდა გაეცურათ, შემდეგ კი მდინარე ამაზონს აჰყოლოდნენ.

ეს ახალი დარბაზი ბრაზილიაში 27-ე საკონგრესო დარბაზია. ამ დარბაზის მიძღვნის პროგრამას, რომელიც 2014 წლის 4 მაისს, კვირა დღეს შედგა, 1 956 კაცი დაესწრო. ბევრისთვის ეს მეტად სასიხარულო მოვლენა იყო, რადგან პირველად ესწრებოდნენ შეხვედრას საკონგრესო დარბაზში.

აუდიტორიაში ხალხს შეეძლო არა მხოლოდ მოესმინა პროგრამისთვის, არამედ საკუთარი თვალით ეხილა მომხსენებელი. ნამდვილად შესრულდა და-ძმების დიდი ხნის ოცნება, რადგან მათ წლების მანძილზე ისეთ ადგილას უტარდებოდათ კონგრესები, სადაც ბევრი ვერ ხედავდა სცენას, მომხსენებელზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ერთმა იეჰოვას მოწმემ აღნიშნა: „წლებია, რაც კონგრესებს ვესწრები, მაგრამ ბიბლიური დრამა საკუთარი თვალით არასდროს მინახავს; აქამდე მხოლოდ ვისმენდი“. ახალი საკონგრესო დარბაზის წყალობით, დღეს სცენას ნებისმიერი დამსწრე ხედავს!