რელიგიური და ეთიკური პოზიცია მკურნალობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე
იეჰოვას მოწმეებს უყვართ სიცოცხლე და გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, რათა გაიხანგრძლივონ ის. ისინი ცდილობენ აირჩიონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის მეთოდების უმეტესობა მათთვის მისაღებია.
აბორტი
ხელოვნურად გამოწვეული აბორტი, რომელიც არასასურველი ნაყოფის მოსაცილებლადაა გამიზნული, განზრახ მკვლელობაა და მიუღებელია იეჰოვას მოწმეებისთვის. თუ მშობიარობის დროს აუცილებლად უნდა გაკეთდეს არჩევანი დედის ან ჩვილის სიცოცხლეს შორის, ასეთ შემთხვევაში მშობლებმა ან კანონიერმა მეურვეებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი სიცოცხლე გადაარჩინონ.
ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები და მედიკამენტები
ბიბლია არ კრძალავს ალკოჰოლური სასმელების მიღებას (კანონი 14:26; ეფესოელები 5:18; 1 ტიმოთე 5:23). ბიბლიური პრინციპები, რომლებიც ეხება ზომიერებას, ადამიანის სიცოცხლისა და გონებრივი შესაძლებლობების პატივისცემას, გამორიცხავს ისეთი საშუალებების ბოროტად გამოყენებას, როგორიცაა თამბაქო და გართობის მიზნით ნარკოტიკების მოხმარება. მედიკამენტების გამოყენება სამედიცინო მიზნით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორის ძლიერი ტკივილის დროს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, პირადი გადასაწყვეტია.
აუტოპსია და დისექცია
ნათესავების გადასაწყვეტია, თანახმა არიან თუ არა გვამის გაკვეთაზე სიკვდილის მიზეზის დასადგენად.
აუტოტრანსფუზია (იხილე ჩარჩო.)
იეჰოვას მოწმეებისთვის მიუღებელია პრეოპერაციული აუტოლოგიური სისხლის დონაცია. თუმცა აუტოტრანსფუზიის ისეთი მეთოდები, როგორიცაა ჰემოდილუცია, რეინფუზია, გულ-ფილტვის ხელოვნური აპარატისა და ჰემოდიალეზის გამოყენება პაციენტის პირადი გადასაწყვეტია. ხელოვნური აპარატის ტუმბოებში უნდა მოთავსდეს ისეთი სითხეები, რომლებიც არ შეიცავს სისხლს. ასევე მათთვის შეიძლება მისაღები იყოს ეპიდურულ სივრცეში სისხლის შეყვანა, პლაზმაფერეზი, სისხლის უჯრედების მარკერები და აუტოლოგიური თრომბოციტების გელი. ექიმებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი პრეპარატები ან პროცედურებია მისაღები თითოეული პაციენტისთვის.
იეჰოვას მოწმეების პოზიცია ალოგენურ და აუტოლოგიურ სისხლზე
შობადობის კონტროლი (კონტრაცეფცია)
ბიბლია არ კრძალავს შობადობის კონტროლს. დაქორწინებულმა წყვილმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, ჩასახვის საწინააღმდეგო რომელი მეთოდებია მათთვის მისაღები. თუმცა მოწმეებისთვის მიუღებელია კონტრაცეფციის ისეთი საშუალებები, რომლებიც იწვევენ აბორტს.
სისხლის ფრაქციები (იხილე ცხრილი.)
იეჰოვას მოწმეები რელიგიური შეხედულებების გამო ყოველთვის არ ამბობენ უარს სისხლის ძირითადი კომპონენტებისგან მიღებულ ფრაქციებზე, როგორებიცაა ალბუმინი, იმუნოგლობულინები, შედედების ფაქტორები და ჰემოგლობინის ხსნარები. ექიმებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი პრეპარატები ან პროცედურებია მისაღები თითოეული პაციენტისთვის. იხილეთ „იმუნოგლობულინები და ხსნარები“ და „ტრანსფუზიის ალტერნატიული სტრატეგიები“.
ᲤᲐᲥᲢᲘ
იეჰოვას მოწმეებს აქვთ ფართო შეხედულებები სისხლის ძირითადი კომპონენტებისგან მიღებული ფრაქციების გამოყენებასთან დაკავშირებით. ექიმებმა წინასწარ უნდა დაადგინონ, მკურნალობის რომელი მეთოდია მისაღები თითოეული პაციენტისთვის.
სისხლის გადასხმა (იხილეთ ცხრილი.)
იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე, რადგან ითვალისწინებენ ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის ბრძანებას: „ოღონდ ხორცი მის სულთან – სისხლთან ერთად არ ჭამოთ“ (დაბადება 9:3, 4). „გამოადინოს სისხლი და მიწით დაფაროს“ (ლევიანები 17:13, 14). „მოერიდონ . . . უზნეობას, დამხრჩვალსა და სისხლს“ (საქმეები 15:19, 20). მართალია, ეს სიტყვები სამედიცინო ტერმინებით არ არის გადმოცემული, თუმცა იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ეს ეხება მთლიანი სისხლის, წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედების, ტრომბოციტებისა და პლაზმის გადასხმას. იეჰოვას მოწმეები მოითხოვენ სისხლის გადასხმის ალტერნატიულ მკურნალობას — იხილეთ „სისხლის გადასხმის ალტერნატიული მეთოდები“.
ᲤᲐᲥᲢᲘ
იეჰოვას მოწმეები არ მიმართავენ რწმენით მკურნალობას.
ძვლის ტვინის გადანერგვა
რადგან ბიბლია ძვლის ტვინს სისხლის ეკვივალენტად არ მიიჩნევს, ძვლის ტვინის გადანერგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პირადი საქმეა (ესაია 25:6).
აღმზრდელობითი ზომები, უგულებელყოფა და ძალადობა
ბავშვის უგულებელყოფას და ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ბავშვის აღზრდა გულისხმობს სიყვარულიდან მომდინარე დარიგებას, სწავლებას და მიმართულების მიცემას, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.
წინადაცვეთა
უკვე პირველ საუკუნეში წინადაცვეთამ დაკარგა რელიგიური მნიშვნელობა და ის მეტად აღარ მოეთხოვებოდათ ქრისტიანებს (1 კორინთელები 7:19). დღეს მშობლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, გაუკეთებენ თუ არა თავიანთ ვაჟიშვილს წინადაცვეთას. ხოლო რაც შეეხება გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრებას, ეს არის უმოწყალო და სრულიად უსარგებლო ჩვეულება.
ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება
იეჰოვას მოწმეები საჭიროების შემთხვევაში აქტიურად მიმართავენ სამედიცინო დახმარებას. ბევრმა სასამართლომ აღიარა პაციენტის თვითგამორკვევის ფუნდამენტური უფლება სამედიცინო გადაწყვეტილების მიღებისას და იცავს მათ ავტონომიას ინფორმირებული თანხმობის ან ინფორმირებული არჩევანის პრინციპის შესაბამისად. ზოგიერთ ქვეყანაში ეს მოზარდებზეც ვრცელდება.
პაციენტი (ან არასრულწლოვანთა მშობლები/მეურვეები) სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებული დიაგნოზის, მოსალოდნელი შედეგებისა და მკურნალობის რეკომენდაციების შესახებ, რათა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. მშობლებს აქვთ კანონიერი უფლება, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები თავიანთი არასრულწლოვანი შვილებისთვის.
რელიგიური თვალსაზრისი საკვებზე
მოწმეები თავს იკავებენ სისხლისა და სისხლგამოუწურავი ხორცის ჭამისგან (საქმეები 15:20, 28, 29). ამ ბიბლიური მითითების გარდა, მათ არ აქვთ რაიმე სახის შეზღუდვები საკვებთან დაკავშირებით.
ევთანაზია
იხილე „სიცოცხლის გახანგრძლივება და პაციენტის წინასწარ გაცხადებული ნება ან სამედიცინო მინდობილობა“.
იმუნოგლობულინები და ხსნარები
იეჰოვას მოწმეები კატეგორიულ უარს არ ამბობენ ფრაქციებად დაყოფილი სისხლის პროდუქტების გამოყენებაზე. თითოეულმა მოწმემ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა იმუნოგლობულინებს თუ სისხლის ფრაქციისგან დამზადებულ პროდუქტებს.
ორგანოების დონაცია/ტრანსპლანტაცია
მართალია ბიბლია პირდაპირ კრძალავს სისხლის გადასხმას, თუმცა ის არ კრძალავს ქსოვილის ან ძვლის გადანერგვას სხვა ადამიანისგან. აქედან გამომდინარე, ორგანოს გადანერგვის ან დონაციის პროცედურა თითოეული მოწმის პირადი გადასაწყვეტია.
ემოციური მხარდაჭერა
იეჰოვას მოწმეები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ თანამორწმუნეებს ავადმყოფობის ან ჰოსპიტალიზაციის პერიოდში. პაციენტთა მონახულების ჯგუფები, რომლებიც გამოცდილი მსახურებისგან შედგება, თითქმის ყველა მსხვილ ქალაქშია.
პლაზმაფერეზი
გამოიყენებს თუ არა იეჰოვას მოწმე პლაზმის შემცვლელს (მაგალითად, ხელოვნურ კოლოიდს), მისი პირადი გადასაწყვეტია. ალოგენური პლაზმა მიუღებელია იეჰოვას მოწმეებისთვის.
სიცოცხლის გახანგრძლივება და სიკვდილის უფლება/პაციენტის წინასწარ გაცხადებული ნება ან სამედიცინო მინდობილობა
სიცოცხლე წმინდაა. სწორედ ამიტომ, გონივრულობის ფარგლებში ყველანარი ძალისხმევა უნდა მოხმარდეს სიცოცხლის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებას. თუმცა ბიბლია არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებული, რთული ან ძვირადღირებული ზომების მიღებას იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის მდგომარეობა შეუქცევადია. ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალმა ექიმებმა შეიძლება დაასკვნან, რომ გარკვეული სამედიცინო ჩარევები მხოლოდ გაახანგრძლივებს სიკვდილის პროცესს ან/და დატოვებს პაციენტს უგონო მდგომარეობაში. მნიშვნელოვანია პაციენტის წერილობითი თუ ზეპირი სახით წინასწარ გაცხადებული ნების პატივისცემა.
რელიგია და განკურნება (რწმენით განკურნება)
იეჰოვას მოწმეებს სწამთ ღმერთის, თუმცა ისინი არ მიმართვავენ რწმენით განკურნებას.
რელიგიური საიდუმლოებები, რიტუალები და წეს-ჩვეულებები
იეჰოვას მოწმეები არ მიმართავენ რაიმე სახის რიტუალებს ავადმყოფი ან მომაკვდავი ადამიანებისთვის. ისინი ყველანაირად ცდილობენ ანუგეშონ ავადმყოფი პაციენტი, უზრუნველყონ სამედიცინო დახმარებით და იზრუნონ მასზე სულიერად.
ᲤᲐᲥᲢᲘ
ბევრ ქვეყანაში, იეჰოვას მოწმეები ირჩევენ წარმომადგენლებს/წარმომადგენელს, რომლებსაც აქვთ კანონიერი უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები ან პაციენტის უგონო მდგომარეობაში ყოფნის დროს მათთან მოხდეს კონსულტაციის გავლა.
რეპროდუქციული ტექნოლოგიები
დაქორწინებულ წყვილს შეუძლია პირადად მიიღოს გადაწყვეტილება ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ მეუღლის კვერცხუჯრედის(ების) და ქმრის სპერმის გამოყენებით. თუმცა მოწმეებისთვის მიუღებელია სხვა პიროვნების კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის გამოყენება (ლევიანები 18:20; ებრაელები 13:4). მიუღებელია აგრეთვე გესტაციური სუროგაციაც.
ღეროვანი უჯრედების გადანერგვა
ემბრიონის სიცოცხლის ფასად მიღებული ღეროვანი უჯრედები მიუღებელია იეჰოვას მოწმეებისთვის. თუმცა, თითოეული პაციენტი თავად წყვეტს, გადაინერგოს თუ არა საკუთარი ან სხვა ადამიანის სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები, იმ პირობით, რომ არ მოხდება სისხლის კომპონენტების მიზანმიმართულად შეგროვება-შენახვა და მათი რიენფუზია ღეროვანი უჯრედების გადანერგვისას.
წარმომადგენელი
ბევრ ქვეყანაში თითოეული მოწმე პირადი გარემოებებისა და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს, თუ ვინ დანიშნოს თავის წარმომადგენლად მისი უგონო მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში. თუ პაციენტს შერჩეული ჰყავს წარმომადგენელი და მითითებული აქვს ეს სამედიცინო მინდობილობაში, მის წარმომადგენელს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილებები უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სახელით. იხილეთ დოკუმენტი „ნების გამოვლენა და მინდობილობა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ“ და „გადაწყვეტილების მიღება და ინფორმირებული არჩევანი“.
ᲤᲐᲥᲢᲘ
მრავალი იეჰოვას მოწმისთვის მისაღებია აუტოლოგიური სისხლის მართვის მეთოდები, როგორიცაა სისხლის რეინფუზია და ჰემოდილუცია.
სისხლის ნიმუშის აღება (მარკირება)
ზოგი მოწმე პაციენტი თანახმაა, აუღონ გარკვეული რაოდენობის სისხლი სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარების მიზნით.
ტრანსფუზიის ალტერნატიული მეთოდები
სისხლის გადასხმის თავიდან აცილება სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს გულისხმობს მკურნალობის სტრატეგიების გამოყენებას სისხლდენასა და ანემიასთან გასამკლავებლად. ტრანსფუზიის ალტერნატიული მეთოდები გულისხმობს შესაბამისი მედიკამენტების, აღჭურვილობის ან სამედიცინო/ქირურგიული ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას სისხლის დაკარგვის შესამცირებლად ან თავიდან ასარიდებლად და პაციენტის საკუთარი სისხლის წარმოქმნის გასაძლიერებლად. ეს მეთოდი, რომელსაც ექიმთა გუნდი სისხლის გადასხმის თავიდან ასარიდებლად იყენებს, ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც მედიცინა და ქირურგია სისხლის გარეშე, სისხლის კონსერვაცია ან პაციენტთა სისხლის მართვა. a
ვაქცინაცია
იეჰოვას მოწმეები ვაქცინაციის წინააღმდეგი არ არიან. ეს მათი პირადი გადასაწყვეტია. ბევრი მოწმე ვაქცინაციას ირჩევს.
მეტი ინფორმაციის მისაღებად
იეჰოვას მოწმეებს მთელს მსოფლიოში აქვთ ქსელი, რომელიც აერთიანებს 2000–ზე მეტ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტს (სთკ). მათ შეუძლიათ კვალიფიციური ინფორმაციის მოწოდება მკურნალობის სტრატეგიებთან დაკავშირებით სისხლის გადასხმის თავიდან ასარიდებლად. ისინი ეხმარებიან იეჰოვას მოწმე პაციენტებს სათანადო სამედიცინო დახმარების მიღებაში.
ᲡᲗᲙ-ის წარმომადგენელთან დასაკავშირებლად, ეწვიეთ ვებსაიტს www.jw.org/medical და დააჭირეთ „დაუკავშირდით ადგილობრივ წარმომადგენელს“.
სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრი იეჰოვას მოწმეებისთვის
საერთაშორისო ოფისი +1 718.560.4700 | HIS@jw.org
© 2024 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
1/24
a საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებს შეუძლიათ ექიმებს მიაწოდონ ინფორმაცია სისხლის გადასხმის ალტერნატიული სტრატეგიების შესახებ და მოაწყონ კონსულტაციები იმ ექიმებთან, რომლებსაც სისხლის გადასხმის გარეშე მკურნალობის გამოცდილება აქვთ. ეს კომიტეტები ფუნქციონირებენ მსოფლიოს უმეტეს მსხვილ ქალაქში.