წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

„ძალიან გვიყვარს JW მაუწყებლობა!“

„ძალიან გვიყვარს JW მაუწყებლობა!“

ორი ათას თოთხმეტი წლის 6 ოქტომბერს დაარსდა JW მაუწყებლობა ინგლისურ ენაზე. ეს გახლდათ იეჰოვას მოწმეების საცდელი ინტერნეტტელევიზია. * 2015 წლის აგვისტოდან მოყოლებული პროგრამა 70-ზე მეტ ენაზე ითარგმნება, რათა რაც შეიძლება მეტმა და-ძმამ გაიხაროს ამ გამამხნევებელი სულიერი პროგრამით. ამ სიახლემ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მრავალი და-ძმა აღაფრთოვანა, რომლებიც არ იშურებენ მადლიერების სიტყვებს. ალბათ, გაინტერესებთ, როგორ დაარსდა JW მაუწყებლობა და რა გაკეთდა ამისთვის?

პირველ რიგში, უნდა გადაგვეწყვიტა, სად განგვეთავსებინა სტუდია. ამისათვის იდეალური ადგილი შეირჩა ბრუკლინში არსებულ  (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს ერთ-ერთ შენობაში, რომელიც კოლუმბია-ჰაიტსის 30-ში მდებარეობს. შერჩეული ადგილი სულ რაღაც ერთ კვირაში დაასუფთავეს, რის შემდეგაც ტექმომსახურების განყოფილება მოსამზადებელ სამუშაოებს შეუდგა. ამასობაში დიზაინერები ინტერიერის მოწყობაზე ზრუნავდნენ, რათა JW მაუწყებლობის სტუდია ღირსეული და, ამავდროულად, თანამედროვე ყოფილიყო. მთელი შეერთებული შტატებიდან მოწვეული და-ძმები დილიდან საღამომდე მუშაობდნენ იმისათვის, რომ დაეპროექტებინათ სტუდია და შეემუშავებინათ მისი სწრაფად აწყობის გეგმა. საჭირო ინვენტარის მოძიებას, რასაც წესით თვეები სჭირდება, ძმებმა რამდენიმე დღე მოანდომეს. მათი ოპერატიული მუშაობის შედეგად შესყიდვების განყოფილებამაც უმალვე დაიწყო ასობით ნივთის შეკვეთა.

ძმებმა კილომეტრობით კაბელი გამოიყენეს, რის შემდეგაც უნდა შეემოწმებინათ, შეუფერხებლად მუშაობდა თუ არა აპარატურა. ამასობაში ჩვენი ორკესტრი პროგრამის თანმხლებ მუსიკას ქმნიდა პატერსონის აუდიო-ვიდეო სტუდიაში. მათ ეხმარებოდნენ ის და-ძმები, რომლებიც პატერსონში მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან იყვნენ ჩასულები სხვა მუსიკალური კომპოზიციების ჩასაწერად. პირველი თვის პროგრამისთვის დაიწერა სცენარი, მომზადდა რეალური შემთხვევების ინსცენირებები, შემდეგ კი ბრუკლინში, პატერსონში, უოლკილსა და მსოფლიოს სხვადასხვა ფილიალში აუდიო-ვიდეო სტუდიის თანამშრომლები შეუდგნენ ვიდეომასალის მომზადებას. მას შემდეგ, რაც სტუდია მომზადდა და ყველაფერი დამონტაჟდა, ძმებმა შემდგომი რამდენიმე თვის პროგრამისთვის დაიწყეს მასალის მომზადება.

JW მაუწყებლობის სტუდია ბრუკლინში (ნიუ-იორკი)

როდესაც ერთ კომპეტენტურ პირს ვკითხეთ, რამდენი დრო სჭირდებოდა ამხელა სტუდიის მომზადებას, მან გვითხრა, რომ ამისთვის, როგორც წესი, წელიწად-ნახევარი იყო საჭირო. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენმა მუყაითმა და-ძმებმა კი ამ საქმეს, სულ რაღაც ორი თვე მოანდომეს!

 გამოხმაურებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! JW მაუწყებლობის ახალი პროგრამა ვებ-გვერდზე ჩვეულებრივ თვის პირველ ორშაბათს იდება და მას თვის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, სხვა ვიდეოებთან ერთად კი  — 10 მილიონზე მეტი.

„ამ პროგრამამ იეჰოვას ორგანიზაციასთან და ხელმძღვანელ საბჭოსთან დამაახლოვა. ვიცი, რომ მივეკუთვნები ოჯახს, რომლის წევრებიც ერთმანეთის მიმართ უსაზღვრო სიყვარულს ავლენენ“ (კენია)

რა გრძნობებს იწვევს იეჰოვას ხალხში JW მაუწყებლობა? უამრავი და-ძმა ამ პროგრამისთვის უზომოდ მადლიერია. აი, რას ამბობს ზოგი მათგანი:

  • „ეს ერთ-ერთი საუკეთესო საღამო იყო ჩემს ცხოვრებაში! სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სიხარულს, რაც მე და ჩემმა მეუღლემ 2015 წლის მაისის პროგრამის ყურებით განვიცადეთ ამ საღამოს. ეს ერთ-ერთი უძვირფასესი საჩუქარია, რაც კი იეჰოვასგან მიგვიღია. უზომოდ ვემადლიერებით ხელმძღვანელ საბჭოს და ყველა იმ და-ძმას, რომლებმაც მძიმედ იშრომეს ამ ფასდაუდებელი ღონისძიებისთვის!“ (ინდონეზია).

  • „ბევრ ჩვენგანს აქამდე არასოდეს მოგვესმინა ხელმძღვანელი საბჭოს წევრების მოხსენებები. მაგრამ ახლა არა მხოლოდ გვესმის მათი ხმა, არამედ ვხედავთ კიდეც. არასდროს გვიგრძნია თავი ასე ახლოს ხელმძღვანელ საბჭოსთან და ჩვენს მსოფლიო საძმოსთან“ (კენია).

  • „იმის გამო, რომ ჩემი ქმარი არ არის იეჰოვას მოწმე, მიჭირს მოზარდ შვილებთან ერთად ოჯახური თაყვანისცემის ჩატარება. პირადად ჩემთვის JW მაუწყებლობა ფასდაუდებელი რამაა. როცა ამ პროგრამას ვუყურებ, თავს იეჰოვას ორგანიზაციის ნაწილად ვგრძნობ. მეც და ჩემი შვილებიც სულიერად ვიმუხტებით და ვმხნევდებით. ეს ნამდვილად დიდი კურთხევაა იეჰოვასგან“ (დიდი ბრიტანეთი).

  •  „ძალიან გვიყვარს JW მაუწყებლობა! როცა პროგრამა სხვა ენებზეც ითარგმნა, მივხვდით, რომ ღმერთმა შეისმინა ჩვენი ლოცვები. ძმებო, განსაკუთრებით გვამხნევებს თქვენი დამოკიდებულება წმინდა თაყვანისმცემლობისადმი — ის, თუ როგორი სიხარულით, სიკეთითა და ბედნიერებით სავსე გულით იხარჯებით იეჰოვასთვის. ამ სულიერი ღონისძიების წყალობით განსაკუთრებით შევიგრძენით, რომ ნამდვილად იეჰოვას დიდებული და საოცარი ორგანიზაციის წევრები ვართ“ (ჩეხეთის რესპუბლიკა).

  • „როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს მშობლიურ ენაზე ვუსმენ, კიდევ უფრო ვუახლოვდები იეჰოვას“ (ბრაზილია).

  • „16 წელია, რაც იეჰოვას მსახური ვარ, მაგრამ დღეს ისეთივე სიხარული და ემოციები დამეუფლა, როგორიც ნათლობის დროს. ძვირფასო ძმებო, დიდი მადლობა JW მაუწყებლობისთვის“ (ბრაზილია).

დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვას მხარდაჭერით JW მაუწყებლობა კვლავაც დიდი კურთხევა იქნება მსოფლიო საძმოსთვის და ხოტბას შეასხამს იეჰოვას!

^ აბზ. 1 JW მაუწყებლობა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე tv.jw.org.