წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

კანადა: კანგირსუკი, ინუიტებით დასახლებული სოფელი ჩრდილოეთ კვებეკში

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან

ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან

სასიხარულო ცნობა კანადაში ფართო მასშტაბებს იძენს

კანადაში ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ რვა ადგილობრივ ენაზე ითარგმნა, რათა ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს შეძლებოდა მისი ნახვა. 2014 წლის ოქტომბერში არქტიკის ზონაში მდებარე ნუნავიკის რაიონში, სადაც ინუიტურ ენებზე საუბრობენ, მოწმეებმა ათდღიანი კამპანია წამოიწყეს. ამ ვიდეორგოლს თითქმის ყველა ოჯახმა უყურა 14 დასახლებაში, რომლის მოსახლეობაც 12 000-ს აჭარბებს.

მოწმეებმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს

სამხრეთ კორეაში 2014 წლის სექტემბერში სეულის ერთ-ერთ უდიდეს სტადიონზე, სადაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იმართება, საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. პროგრამას 56 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო. მოწმეების კარგი  საქციელითა და ურთიერთთანამშრომლობის სულით აღფრთოვანებულმა სტადიონის დირექციის ერთ-ერთმა წევრმა დიდი კმაყოფილება გამოხატა და თქვა: „ყველა კარგად იქცეოდა. გამიკვირდა, როცა მოწმეებმა სტადიონი ჩვენს დამლაგებლებზე უკეთ დაასუფთავეს. ვისურვებდი, რომ ჩვენს მომსახურე პერსონალსაც ისეთივე დამოკიდებულება ჰქონოდა საქმისადმი, როგორიც იეჰოვას მოწმეებს აქვთ. თუ გვსურს, რომ ჩვენი რელიგია საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ, იეჰოვას მოწმეებივით უნდა მოვიქცეთ“.

სამხრეთი კორეა: 2014 წელს სეულში გამართული საერთაშორისო კონგრესი

იეჰოვამ სათანადოდ მოგვამზადა

2012 წლის მაისში შვედეთის მთავრობამ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სხვა რელიგიების მსგავსად, მათაც ჰქონოდათ გარკვეული შეღავათებით სარგებლობის უფლება. ძმებმა ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით  საქმე ქვეყნის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრეს.

სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე ზეპირი მოსმენა დანიშნა. ძმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ შვედეთში და სტოკჰოლმის ერთ-ერთ სამეფო დარბაზში შეიკრიბნენ, რათა მომზადებულიყვნენ იმ კითხვებზე პასუხების გასაცემად, რომლებიც შესაძლოა მათთვის სასამართლოზე დაესვათ.

რეპეტიციის დროს სამეფო დარბაზის კარზე ზარი დაირეკა. კართან მისულ ძმას 13 და 14 წლის ორი გოგონა დახვდა, რომლებმაც თავი წარუდგინეს და უთხრეს, რომ მისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდათ იეჰოვას მოწმეების შესახებ. ეს ძმა იხსენებს: „მინდოდა, მომებოდიშებინა და მეთქვა, რომ სხვა დროს მოსულიყვნენ, რადგან მათთან სასაუბროდ ნამდვილად არ გვეცალა“.

რატომღაც ძმამ გოგონებთან საუბარი მაინც გადაწყვიტა. მათ ბევრი კითხვა ჰქონდათ. ზოგი მათგანი ძალზე სპეციფიკური ხასიათის იყო და ეხებოდა სოციალურ საკითხებსა და არჩევნებში მონაწილეობას. გოგონებთან საუბრის შემდეგ ძმა დარბაზში შეკრებილებთან დაბრუნდა და მათ იმ კითხვების შესახებ მოუყვა, რომლებიც გოგონებმა დაუსვეს და ისიც უთხრა, თვითონ როგორ უპასუხა შეკითხვებს.

მეორე დღეს, სასამართლო სხდომის დროს ძმები გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც მოსამართლემ მათ ბევრი ისეთი კითხვა დაუსვა, როგორიც წინა დღეს გოგონებმა. ერთი ძმა, რომელიც სასამართლოში ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო, ამბობს: „თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი, თუმცა ნერვიულობის ბევრი მიზეზი მქონდა, რადგან ქვეყანაში ყველაზე ცნობილი ადვოკატების წინაშე მომიწია წარდგომა. იეჰოვამ გვაგრძნობინა, რომ ჩვენ გვერდით იყო, რადგან წინა დღეს მან სათანადოდ მოგვამზადა“.

სასამართლომ გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ მიიღო. საქმე კი კვლავ ხელისუფლებას გადაეცა ახალი გადაწყვეტილების მისაღებად.

 ბრინჯით სავსე ტომარა

ექვსი წლის კენი ჰაიტიზე ცხოვრობს. მისი პატარა გული ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ მალე მათ კრებას სამეფო დარბაზი აუშენდებოდა. მან გადაწყვიტა, ჩუმად გაეკეთებინა ყულაბა და თავის ოთახში დაემალა. ის ფულს, რომელსაც მშობლები სკოლისთვის აძლევდნენ, არ ხარჯავდა და ყულაბაში ყრიდა. კენი ფულს იქამდე აგროვებდა, სანამ სამეფო დარბაზის მშენებელთა ჯგუფი მათ ქალაქში არ ჩავიდა. პატარა კენიმ თავისი ყულაბა მათ მისცა. იმ ფულით ძმებმა ერთი დიდი ტომარა ბრინჯი იყიდეს. მრავალი დღის მანძილზე მშენებლები სადილზე კენის ფულით შეძენილ ბრინჯს მიირთმევდნენ.

გენერლის ნებართვა

გასულ წელს ებოლას ვირუსის გამო სიერა-ლეონეში კარანტინი იყო გამოცხადებული, რის გამოც რეგიონში შესასვლელად სპეციალური ნებართვა იყო საჭირო. მაგალითად, სიერა-ლეონეში ჩასასვლელად სარაიონო ზედამხედველებს და მათ, რომლებსაც ქვეყანაში ლიტერატურა და წერილები ჩაჰქონდათ, სპეციალური სამკერდე ნიშნები და მანქანის საშვები სჭირდებოდათ. სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტს სურდა, რომ რეგიონში ქლორი, ინფრაწითელი თერმომეტრები და საკვები შეეტანათ. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მათ საჭირო დოკუმენტების მიღებაზე პრობლემა არასოდეს შექმნიათ.

ერთმა განსაკუთრებულმა შემთხვევამ რწმენა გაგვიძლიერა. ძმებმა წერილობითი განცხადებით 34 სამკერდე ნიშანი და 11 მანქანის საშვი მოითხოვეს, თუმცა მათი მოთხოვნა რომ დაკმაყოფილებულიყო, ისინი სამხედრო გენერალს უნდა შეხვედროდნენ. დანიშნულ დღეს ფილიალიდან ორი ძმა გენერალთან შესახვედრად იმ იმედით წავიდა, რომ სამკერდე ნიშნებსა და საშვებს მიიღებდნენ. აღმოჩნდა, რომ გენერალს მათი განცხადება არ მიუღია. ძმებს უთხრეს, რომ განცხადება თავიანთ საქაღალდეებში მოეძებნათ, მაგრამ ვერც მათ იპოვეს. ამ დროს  გენერალმა თავის მდივანს უთხრა, რომ წასვლას აპირებდა და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არავითარი განცხადება არ იქნებოდა განხილული. ძმებმა გულში იეჰოვას დახმარება სთხოვეს. უცებ გენერალმა შეხედა მათ და ჰკითხა: „რამდენი სამკერდე ნიშანი და საშვი გჭირდებათ?“. როდესაც ძმებმა რაოდენობა დაუსახელეს, ის ფეხზე წამოდგა და გაბრაზებულმა იყვირა: „რა ამბავია!“.

ძმებმა აუხსნეს, თუ რა მიზნით სურდათ რეგიონში შესვლა და როგორ ეხმარებოდა ებოლას ვირუსით დაინფიცირებულებს მათ მიერ შეტანილი ჰუმანიტარული ტვირთი. ხანმოკლე პაუზის შემდეგ გენერალმა თავის მდივანს შეხედა და უთხრა: „ყველაფერი მიეცით, რაც კი სჭირდებათ“.

გვინეა და სიერა-ლეონე: ყველა სამეფო დარბაზში ხელსაბანი დადგეს