წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

ტანზანია: გამვლელები დარ-ეს-სალამში ლიტერატურის სტენდით ინტერესდებიან

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

არნახული შედეგები!

არნახული შედეგები!

მართალია, იეჰოვას მოწმეებისთვის დამოწმების უმთავრესი მეთოდი კვლავაც კარდაკარ ქადაგებაა, მაგრამ ლიტერატურის მაგიდები და სტენდები მართლაც რომ შესანიშნავი მეთოდი აღმოჩნდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად (მათ. 24:14). სამეფოს მქადაგებლებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სტენდები, ლიტერატურის მაგიდები და კიოსკები დადგეს. მთელ მსოფლიოში კრებებს დაახლოებით 250 000 სტენდი გაეგზავნა. რა შედეგი გამოიღო ასეთი სახით მსახურებამ?

ტანზანიის დედაქალაქ დარ-ეს-სალამში დაახლოებით 700-მა ადამიანმა მოითხოვა ბიბლიის შესწავლა მას შემდეგ, რაც 2014 წელს მოწმეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წამოიწყეს ქადაგება. ბევრმა დაინტერესებულმა დაიწყო  კრებებზე სიარული და ღმერთთან დაახლოება. სტენდებით ქადაგების შედეგად ერთ წელიწადში 250 000-ზე მეტი პუბლიკაცია გავრცელდა აფრიკის ქვეყნებსა თუ მის შემოგარენში.

სოლომონის კუნძულებზე 2 000-მდე მაუწყებელი 300-ზე მეტ კუნძულზე ქადაგებს. დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმას, რომ ჭეშმარიტების თესლი უფრო მეტი ადამიანის გულში ჩათესილიყო. მაგალითად, დედაქალაქ ჰონიარაში ძმებმა 104 000-ზე მეტი ჟურნალი და 23 600-ზე მეტი ბროშურა გაავრცელეს. პუბლიკაციების უმეტესობა ისეთი კუნძულებიდან და უშორესი სოფლებიდან ჩამოსულებმა აიღეს, სადაც არც ერთი მოწმე არ არის. ერთ დღეს სულ რაღაც რამდენიმე საათში მოწმეებმა სტენდებთან გაავრცელეს 400 წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, 60-მა ადამიანმა კი ბიბლიის შესწავლა მოითხოვა.

ვენესუელაში, კუნძულ მარგარიტაზე, ერთ სისხამ დილას პიონერები, მაიკლი და ლინდა, სანაპიროსთან ახლოს ლიტერატურის სტენდს დგამდნენ. ამ დროს მათ ერთი მამაკაცი, სახელად ანიბალი, მიუახლოვდა და აიღო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია“. მან მოწმეებს უთხრა, რომ ამ სანაპიროზე შვიდი წლის წინ მამა დაეღუპა და, რომ დედამისი მას შემდეგ მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა. მომდევნო კვირას ანიბალი კვლავ მივიდა სტენდთან და მაიკლსა და ლინდას უთხრა, დღეს მამაჩემის სიკვდილიდან შვიდი წელი შესრულდაო. შემდეგ მობილურით დედამისს დაურეკა და მაიკლს სთხოვა, მისთვის მანუგეშებელი სიტყვები ეთქვა. მაიკლი ასეც მოიქცა. მას შემდეგ ქალი თავად ურეკავდა მაიკლსა და ლინდას, რომლებიც მას გამამხნევებელ ბიბლიურ მუხლებს უზიარებდნენ. ერთხელ ანიბალის დედამ მათ ასეთი შინაარსის მესიჯი მისწერა:  „დღეს გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, რადგან თქვენთან საუბარი ნუგეშს მგვრის და ღვთისადმი რწმენას მიძლიერებს“.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებას შეერთებული შტატების 14 ქალაქში გაეწია ორგანიზება. სტენდები 127 ადგილას დაიდგა. 2015 სამსახურებრივი წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში მოწმეებმა 8 445 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ქადაგების ეს მეთოდი ბევრ არააქტიურსაც ეხმარება, კვლავ ჩაებას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. მაგალითად, ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) მოწმეები ლიტერატურის მაგიდებითა და სტენდებით ქადაგებდნენ, როდესაც მათ მამაკაცი, სახელად ტერი, მიუახლოვდა და პუბლიკაციების თვალიერება დაიწყო. ერთმა წყვილმა, რომელიც ლიტერატურის მაგიდასთან იდგა, ჰკითხა მას, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩვენი ლიტერატურა. მან თქვა, რომ ისიც იეჰოვას მოწმე იყო, მაგრამ ბოლო ოთხი წელი კრებასთან კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი. წყვილმა მამაკაცს წაუკითხა ეზეკიელის 34:11, სადაც იეჰოვა ამბობს: „მე მოვძებნი ჩემს ცხვარს და ვიზრუნებ მათზე“. ამ სიტყვებზე მსჯელობის შემდეგ, მოწმეებმა მას ჩვენს ვებ-გვერდსა და JW მაუწყებლობაზე გაუმახვილეს ყურადღება. მეორე დღეს ტერიმ ძმას ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, რომელშიც უყვებოდა, რომ ზუსტად იმ წუთებში, სანამ ლიტერატურის მაგიდას დაინახავდა, ღმერთს პატიებას სთხოვდა იმის გამო, რომ კრების შეხვედრებზე არ დადიოდა. ის იეჰოვას ევედრებოდა, მასთან დაბრუნებაში დახმარებოდა. ტერი წერდა: „ზუსტად ამ დროს თქვენ დაგინახეთ . . . გულთბილად მომესალმეთ, გამამხნევებელი მუხლი წამიკითხეთ და ისეთი აზრები გამიზიარეთ, რაც ნამდვილად მჭირდებოდა იეჰოვასთან დასაბრუნებლად. ეს ჩემს ლოცვაზე პასუხი იყო!“.

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში სტენდებით ქადაგება საზოგადოებრივი თავშეყრის ოთხ ადგილას მიმდინარეობს. სამ თვეში ძმებმა 37 275 პუბლიკაცია გაავრცელეს, 629 ადამიანმა კი მოითხოვა, რომ მოწმეები მათთან მისულიყვნენ. ბევრმა  აიღო წიგნი, „რას გვასწავლის ბიბლია“, რომელთა შორის იყო, ერთი ხანში შესული მამაკაცი. მან მაშინვე დაიწყო წიგნის კითხვა. აღმოჩნდა, რომ წარსულში ის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჰქონდა იესოსა და ღვთის სამეფოს შესახებ. ამიტომ, იგი მეორე დღესვე მივიდა სტენდთან იმ იმედით, რომ მოწმეებისგან მიიღებდა  პასუხებს. მომდევნო დღეს მამაკაცმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, კვირის ბოლოს კი კრებასაც დაესწრო. იგი დღემდე რეგულარულად დადის კრების შეხვედრებზე და სულიერად წინ მიიწევს.

ეთიოპია: ლიტერატურის სტენდი ამჰარულ ენაზე ადის-აბებაში

მექსიკაში ერთი ებრაელი მამაკაცი ლიტერატურის სტენდს მიუახლოვდა და იქ მდგომ ორ ძმას ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა რამე პუბლიკაცია სიკვდილის თემაზე. ძმებმა უთხრეს, რომ ჟურნალი, რომელშიც ეს საკითხი ირჩეოდა, გამოელიათ და სხვა ჟურნალი შესთავაზეს, რომელიც მომავალს ეხებოდა. მამაკაცმა ძმას მკლავზე მოჰკიდა ხელი და უთხრა: „მომავალი აღარ მაინტერესებს. მარტო თავის მოკვლაზე ვფიქრობ“. ეს თქვა და ატირდა. ძმებმა ჰკითხეს, თუ რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. „ახლახან შვილი დავმარხე“, — თქვა მან და უფრო მეტად აქვითინდა. ძმებმა მას წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ მე-7 თავზე გადაუშალეს და წაუკითხეს პირველი ორი აბზაცი ქვესათაურიდან „როცა საყვარელი ადამიანი კვდება“ და ყურადღება გაუმახვილეს მკვდრეთით აღდგომის იმედზე. მოსმენილმა მამაკაცი სულის სიღრმემდე შეძრა, მან კიდევ ერთხელ მოკიდა ძმას მკლავზე ხელი და ჰკითხა: „ნუთუ ეს სიმართლეა?“. ძმებმა დაარწმუნეს ის, რომ იეჰოვა უთუოდ შეასრულებდა თავის დანაპირებს. „რა უნდა გავაკეთო, რომ კვლავ ვიხილო ჩემი ვაჟი?“, — იკითხა მამაკაცმა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მას სახლში მიაკითხავდნენ ბიბლიის შესასწავლად. როდესაც ძმები მასთან მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ის სულმოუთმენლად ელოდა მათ.

ერთმა სარაიონო ზედამხედველმა, რომლის დახმარებითაც ნიუ-იორკში სტენდები დაიდგა, აღნიშნა: «აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა სტენდებით ქადაგება! ქადაგების ამ მეთოდით არა მარტო ათობით ათას ადამიანს მივაწვდინეთ ხმა, არამედ ძალიან ბევრი „დაკარგული ცხვარი“ — არააქტიური და გარიცხული — ვიპოვეთ, რომელთაც ვეხმარებით, დაუბრუნდნენ ფარას» (ეზეკიელი 34:15, 16).