წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

რუსეთი: სასიხარულო ცნობის ქადაგება მოსკოვში

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

იურიდიული ანგარიში

იურიდიული ანგარიში

რეგისტრაციაში გატარება

სამქადაგებლო საქმიანობის განსახორციელებლად ჩვენთვის, იეჰოვას მოწმეებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, ვიქნებით თუ არა კანონიერად აღიარებული. თუმცა რეგისტრაცია საშუალებას გვაძლევს, შევიძინოთ ან ვიქირაოთ შეხვედრების ჩასატარებლად საჭირო უძრავ-მოძრავი ქონება და შევძლოთ ლიტერატურის იმპორტირება.

  • 2004 წელს რუსეთის არაერთმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინა მოსკოვში. ამის გამო დედაქალაქში იეჰოვას მოწმეების მიმართ სიძულვილმა იმატა. ზოგ ჩვენს და-ძმას მსახურების დროს თავს ესხმოდნენ; მათ პოლიციაც ავიწროებდა. კერძო საკუთრების მფლობელებმა გააუქმეს მოწმეებთან დადებული საიჯარო ხელშეკრულებები, რის გამოც მოწმეები სათაყვანისმცემლო ადგილების გარეშე დარჩნენ. 2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია იეჰოვას მოწმეების უფლებები მოსკოვში. ამავე დადგენილების  თანახმად რუსეთის ხელისუფლებას უნდა აღედგინა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი. სიხარულით გაცნობებთ, რომ 2015 წლის 27 მაისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის ახალი იურიდიული პირი მოსკოვში.

ბეგარა

იეჰოვას მოწმეების იურიდიულ პირებს ჩვეულებრივ გადასახადი არ ეკისრებათ ისევე, როგორც მსოფლიოს უმეტეს რელიგიებსა თუ საქველმოქმედო ორგანიზაციებს. თუმცა დროდადრო მთავრობები არ აღიარებენ ჩვენს რელიგიურ სტატუსს, რომელიც გადასახადებისგან გვათავისუფლებს.

  • შვედეთში ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ბეთელი კომერციულ მიზნებს ემსახურებოდა, სადაც ბეთელელები დაქირავებული მუშახელი იყვნენ და არა სპეციალური სრული დროით მსახურები. შვედეთმა მთლიანობაში ათიათასობით ევრო დააკისრა ბეთელს, როგორც „დამსაქმებელს“, ხოლო ბეთელელებს, როგორც „დასაქმებულ მუშახელს“. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოწმეებმა შვედეთის ადგილობრივ სასამართლოებში განცხადება შეიტანეს. აგრეთვე ექვსი სარჩელი იქნა შეტანილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ნეიტრალიტეტი და რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე ურის თქმა

იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან ბიბლიაში ჩაწერილ შემდეგ სიტყვებს: „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ . . . და აღარ ისწავლიან ომს“ (ეს. 2:4). მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ქვეყანაში კანონი არ ითვალისწინებს ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს, მოწმეები ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ.

  • სამხრეთ კორეის მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს მათ უფლებებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ბოლო 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 18 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე მამაკაცი დააპატიმრეს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. ქვეყანაში თითქმის ყველა მოწმეს ჰყოლია ან დღესაც ჰყავს დაპატიმრებული ოჯახის წევრი ან მეგობარი. სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ 2004 და 2011 წელს ასეთი დაპატიმრებები კანონიერად აღიარა. თუმცა 2015 წლის ივლისში ამ საკითხის ხელახლა  განსახილველად ღია სასამართლო სხდომა გაიმართა. იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში მხურვალედ ლოცულობენ, რომ ეს საკითხი, რომელიც ხანგრძლივი განხილვის საგანია, მალე გადაწყდეს და სამხრეთ კორეელ ძმებს აღარ მოუწიოთ რწმენის გამო სასჯელის მოხდა.

  • ერიტრეაში სამი იეჰოვას მოწმე თითქმის 22 წელია, რაც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იხდის სასჯელს. პაულუს ეიასუსთვის, ისააკ მოგოსისა და ნეგედე ტეკლემარიამისთვის არც ბრალი წაუყენებიათ და არც სასამართლო წესით თავის დაცვის საშუალება მიუციათ. ციხეში ისინი 50-ზე მეტ და-ძმასთან ერთად სასტიკი მოპყრობისა და გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, კვლავაც ერთგულებას ინარჩუნებენ. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ისმენს ყველა იმ პატიმრის ოხვრას, რომლებიც თავიანთი მრწამსის გამო იხდიან სასჯელს და მათ სასარგებლოდ იმოქმედებს (ფსალმ. 79:11).

  • უკრაინაში 2014 წლის აგვისტოში, როცა სამხედრო ძალების მობილიზაცია იყო გამოცხადებული, ძმა ვიტალი შალაიკო კომისარიატში გამოიძახეს. რწმენის გამო მან უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. თუმცა აღნიშნა, რომ მზად იყო სამოქალაქო ალტერნატიული სამსახურის შესასრულებლად. ვიტალი შალაიკო მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულეს. მაგრამ როგორც რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ „ქვეყნის  უსაფრთხოების დაცვის გამო არ უნდა შეიზღუდოს ადამიანის ის უფლებები, რომლებიც კანონითაა დაცული“ და, რომ „ადამიანის უფლება, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, არ უნდა დაირღვეს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის გამო“. ეს გადაწყვეტილება პროკურორმა გაასაჩივრა. 2015 წლის 23 ივნისს უკრაინის სპეციალიზებულმა უზენაესმა სასამართლომ, რომელიც განიხილავს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ საქმეებს, მხარი დაუჭირა ქვემდგომი ინსტანციების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მან დაადგინა, რომ მათ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, უფლება აქვთ, ალტერნატიული სამსახური შეასრულონ მაშინაც კი, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

უკრაინა: ვიტალი შალაიკო სიამოვნებით ქადაგებს

ამ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძმა ვიტალი შალაიკო ამბობს: „მაძლიერებდა იერემიას 1:19-ში ჩაწერილი სიტყვები. ყველანაირი გადაწყვეტილებისთვის ვიყავი მზად. ჩემთვის ყველაზე მთავარი იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება იყო. დარწმუნებული ვარ, ის არასოდეს მიმატოვებს და ძალას მომცემს, რომ ბოლომდე ვუერთგულო მას. მაგრამ არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე კარგად დასრულდებოდა. სამივე ინსტანციაში გამამართლეს. სასამართლო პროცესის დროს ყოველთვის ვგრძნობდი და-ძმების მხარში დგომას. მათ არასოდეს მივუტოვებივარ“.

ნეიტრალიტეტი და პატრიოტული ღონისძიებები

სხვა სირთულე, რომელიც მოწმეების ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს გამოცდის წინაშე აყენებს, პატრიოტული ხასიათის ღონისძიებებია. ამ მხრივ განსაკუთრებით ახალგაზრდების ერთგულება იცდება, რადგან სკოლებში მათ შეიძლება ეროვნული ჰიმნის შესრულება ან დროშისთვის სალმის მიცემა დააძალონ.

  • რუანდაში, კარონგის პროვინციაში, სკოლის დირექციამ რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, დაადანაშაულა იმის გამო, რომ ისინი არ მღეროდნენ ეროვნულ ჰიმნს. მოსწავლეები არა მარტო სკოლიდან გარიცხეს, არამედ ციხეშიც ჩასვეს. 2014 წლის 28 ნოემბერს კარონგის რაიონულმა სასამართლომ მოსწავლეებს ბრალდება მოუხსნა და დაადგინა, რომ სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმა არ უნდა ჩაითვალოს ჰიმნის შეურაცხყოფად. აფრიკის სხვა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: კამერუნი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა და მალავი, ახალგაზრდა მოწმეები მსგავს განსაცდელს შეხვდნენ, რომელთაგან ზოგი სკოლიდან გარიცხეს.  ამ ქვეყნებში ჩვენი ძმები ყველანაირად ცდილობენ, რომ მთავრობის წარმომადგენლებსა და სკოლის დირექციას მოწმეების ნეიტრალური პოზიცია გააცნონ.

  • ჰონდურასი: მირნა პაზის და ბესი სერანოს საბოლოოდ ატესტატები გადასცეს

    ჰონდურასის ქალაქ ლიპაერაში 2013 წლის დეკემბერში ორ სკოლის მოსწავლეს, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, არ მისცეს ატესტატები იმის გამო, რომ ისინი არ ასრულებდნენ ეროვნულ ჰიმნს და არ დებდნენ ერთგულების ფიცს დროშის წინაშე. ამ საკითხის მოსაგვარებლად ორი იეჰოვას მოწმე ადვოკატი შეხვდა განათლების სამინისტროს ერთ-ერთ წარმომადგენელს. ძმებმა მას აუხსნეს, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსი შემთხვევების დროს სასამართლომ იეჰოვას მოწმეების პოზიციას დაუჭირა მხარი. სამინისტროს წარმომადგენელმა თავაზიანად მოუსმინა ძმებს და დათანხმდა იმას, რომ სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ამ ფაქტის შესახებ განათლების სამინისტროსთვის წერილობითი სახით ეცნობებინათ. მას შემდეგ, რაც საჩივარს გაეცნო, სამინისტროს წარმომადგენელმა 2014 წლის 29 ივლისს გამოსცა დირექტივა, სადაც ნათქვამი იყო, რომ განათლების „მიღების უფლება ყველა ადამიანს აქვს, ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობის მიუხედავად“. მან აგრეთვე ბრძანა, რომ იეჰოვას მოწმე მოსწავლეებისთვის ატესტატები მიეცათ.

დისკრიმინაცია მთავრობის მხრიდან

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ვემორჩილებით იესოს მითითებას, რომ მოყვასს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ვამცნოთ, თანამორწმუნეებთან ერთად შევიკრიბოთ თაყვანსაცემად და გამუდმებით  ვისწავლოთ ღვთის სიტყვა. ჩვენ აგრეთვე გულისყურით ვეკიდებით ბიბლიურ მოწოდებას იმის შესახებ, რომ შვილებს იეჰოვას კანონი ვასწავლოთ. ამასთანავე ვემორჩილებით ღვთის სიტყვაში ჩაწერილ მითითებას სისხლთან დაკავშირებით (საქ. 15:20; კან. 6:5—7). ზოგჯერ ამ ბიბლიური მითითებებისადმი მორჩილების გამო მთავრობის ზოგი წარმომადგენელი, რომელსაც არასწორი წარმოდგენა აქვს ჩვენზე, გვიპირისპირდება.

  • ამერიკაში, ფლორიდის შტატში, რაიონულმა სასამართლომ სამი შვილის დედას ერთპიროვნული უფლება მიანიჭა, აღეზარდა შვილები თავისი რელიგიური შეხედულებებით. ბავშვების მამას კი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, აუკრძალა შვილებისთვის ისეთი რელიგიური შეხედულებების ჩანერგვა, რაც ეწინააღმდეგებოდა კათოლიკურ მრწამსს. მამამ ეს სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შედეგად, 2014 წლის 18 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსგავს პრეცედენტზე დაყრდნობით შემდეგი დადგენილება მიიღო: „მშობელს, რომელთანაც შვილები არ ცხოვრობენ, აქვს უფლება, საკუთარი რელიგიური შეხედულებები ჩაუნერგოს შვილებს იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს იმის არავითარი საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ მისი რელიგიური შეხედულებები რაიმე ზიანს მიაყენებს ბავშვს“.

    ამ დადგენილებამ ბავშვებს საშუალება მისცა, რომ შეუზღუდავად მიიღონ იეჰოვასგან სასარგებლო რჩევები და ხელმძღვანელობა. ახლა ისინი კრების შეხვედრებს ესწრებიან და სულიერად იზრდებიან. ბავშვების მამა ამბობს: „მოთმინებამ და იმან, რაც გამოვიარე, გამომაწრთო. ბოლო დროს ისეთ განსაცდელებს შევხვდი, რამაც ჩემი რწმენა გამოსცადა, მაგრამ იეჰოვა დამეხმარა, არ დავნებებულიყავი! ვიცი, როცა იეჰოვას მსახურებას ვირჩევთ, დევნა და შევიწროება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება“.

  • ნამიბია: ეფიგინია სემენტე სამ შვილთან ერთად

    ნამიბიაში მცხოვრები ეფიგინია სემენტე, რომელიც იეჰოვას მოწმეა, მესამე ბავშვზე ფეხმძიმობის დროს სერიოზულ განსაცდელს შეხვდა. მას მშობიარობის დროს მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მედპერსონალი და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები, სასამართლოსგან მიღებული დადგენილების საფუძველზე ცდილობდნენ, ძალით გადაესხათ მისთვის სისხლი. და ეფიგინია მტკიცედ შეეწინააღმდეგა მათ და თავისი უფლების დასაცავად — თავად გადაეწყვიტა, მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევდა — სასამართლოს მიმართა. 2015 წლის 24 ივნისს ნამიბიის  უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა და ეფიგინიას და განაცხადა: „ყველა ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, როგორ მოექცევა საკუთარ სხეულს, იმის მიუხედავად, მშობელია თუ არა“. და ეფიგინიამ თქვა: „იეჰოვას ხელი ასე ძლიერ არასდროს გვიგრძნია. რა ბედნიერებაა, რომ ასეთ საძმოს მივეკუთვნებით. იეჰოვა მართლაც მზრუნველი ღმერთია“.

  • შვეიცარიის დიდი ქალაქების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იეჰოვას მოწმეები თავისუფლად ქადაგებდნენ. მაგრამ ქალაქ ჟენევის ხელმძღვანელობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც მოწმეებს უკრძალავდა „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სტენდების მეშვეობით, პირდაპირ თუ ირიბად, რელიგიური ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“. მოწმეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იმ უფლების წართმევით, რომელიც მათ ნებას რთავდა, სტენდების გამოყენებით გაევრცელებინათ რელიგიური ხასიათის ინფორმაცია, „უხეშად ირღვეოდა აზრისა და რელიგიის თავისუფლება“. სასამართლომ გადაწყვეტილება მოწმეების სასარგებლოდ გამოიტანა, რის შემდეგაც ძმებმა ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეათანხმეს, თუ სად და როდის დადგამდნენ სტენდებს.

  • აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეების საქმიანობის ჩასახშობად გააძლიერეს მათზე ზეწოლა. ეროვნული უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები ხშირად იძახებენ  მოწმეებს დაკითხვებზე. ისინი ჩხრეკენ მათ სახლებს, რათა აღმოაჩინონ ისეთი რელიგიური ლიტერატურა, რომლის ქვეყანაში შეტანაც აკრძალულია. საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2015 წლის თებერვალში ეროვნული უშიშროების სამინისტრომ ორი იეჰოვას მოწმე ქალბატონი, ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა, მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ ისინი სხვებს ბიბლიურ ცნობას უზიარებდნენ. მართალია, ძალიან ვწუხვართ, რომ ირინა და ვალიდა უსამართლობის მსხვერპლი გახდნენ, მაგრამ, მეორე მხრივ, გვახარებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი და-ძმები კვლავაც გაბედულად და შემართებით ქადაგებენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათ. 24:14).

  • რუსეთში იეჰოვას მოწმეები მთავრობის მხრიდან უმოწყალო წინააღმდეგობას ხვდებიან. ამ ქვეყანაში დღეისთვის იეჰოვას მოწმეების 80 პუბლიკაციაა შერაცხული ექსტრემისტულად, მათ შორისაა წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“. ამ პუბლიკაციებიდან ნებისმიერის გავრცელება თუ ფლობა კანონითაა აკრძალული. ამას ისიც დაემატა, რომ 2014 წლის დეკემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ჩვენი ვებ-გვერდი jw.org ექსტრემისტულად გამოაცხადა. ინტერნეტ-პროვაიდერებმა მთელ რუსეთში დაბლოკეს ჩვენი ვებ-გვერდი. უფრო მეტიც, ის, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე რეკლამას გაუწევს მოწმეების ვებ-გვერდს, კანონდამრღვევად ჩაითვლება. 2015 წლის მარტიდან მოყოლებული საბაჟოს თანამშრომლები იეჰოვას მოწმეებს არ აძლევენ ქვეყანაში ლიტერატურის შეტანის უფლებას, მათ შორისაა ბიბლია და ისეთი პუბლიკაციები, რომლებიც რუსეთის სასამართლოების მიერ არ არის ექსტრემისტულად გამოცხადებული.

ტაგანროგში სასამართლო განხილვა დღემდე მიმდინარეობს. ამ ქალაქში ხელისუფლების წარმომადგენლებმა 16 მოწმეს ბოროტმოქმედებაში დასდეს ბრალი იმის გამო, რომ ორგანიზებას უწევდნენ და თავადაც ესწრებოდნენ რელიგიურ შეხვედრებს. ქალაქ სამარაში მთავრობის წარმომადგენლებმა სასამართლო დადგენილების საფუძველზე გადაწყვიტეს, იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოეხდინათ იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი „ექსტრემისტული“ ორგანიზაცია იყო. მრავალი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენს რუს და-ძმებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, მისცენ „ღვთისა ღმერთს“ და არ შეეპუონ მთავრობის მიერ შექმნილ სირთულეებს (მათ. 22:21).