არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

ავსტრალია: გრაფიკული ანიმაციური ფილმი „ვინ არის ნამდვილი მეგობარი?“

 ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ოკეანეთი

ოკეანეთი
  • ქვეყნები 29

  • მოსახლეობა 40 642 855

  • მაუწყებლები 98 353

  • ბიბლიის შესწავლები 66 022

გაბედულად დამოწმება

ავსტრალიის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც 12 წლის ემილი სწავლობდა, ერთხელ მასწავლებელმა კლასში კარგი მეგობრების არჩევის შესახებ ისაუბრა. ამან ემილი აღძრა, მასწავლებლისთვის ეჩვენებინა გრაფიკული ანიმაცია „ვინ არის ნამდვილი მეგობარი?“. მასწავლებელმა კი ეს ვიდეო მთელ კლასს აყურებინა. ემილის კლასელები ანიმაციას სულგანაბულები უყურებდნენ, რის შემდეგაც ერთი საათი მსჯელობდნენ მასზე.  მოგვიანებით მასწავლებელმა ეს ვიდეო სხვა კლასებსაც აყურებინა. ამის შემდეგ ემილიმ თავის მასწავლებელსა და კლასელებს აჩვენა ვებ-გვერდი jw.org. აი, რას ამბობს ემილი: „იეჰოვამ გაბედულება მომცა, რომ ვებ-გვერდი ასობით მოსწავლისთვის გამეცნო. მან ნამდვილად მაკურთხა!“.

სტენდით ქადაგება გამოფენა-გაყიდვის ადგილას

აღმოსავლეთ ტიმორის მთებში ხუთმა მაუწყებელმა ცხრა საათი იმგზავრა უსწორმასწორო გზებზე, რათა ლიტერატურის სტენდი დაედგათ ქალაქ სუაიში, სადაც გამოფენა-გაყიდვა იმართებოდა. სტენდზე ლიტერატურა 12 ადგილობრივ ენაზე იყო განთავსებული. ეს მნახველების გაოცებას იწვევდა, ვინაიდან ამ ენების უმეტესობაზე ძალიან ცოტა ლიტერატურა იბეჭდება ან საერთოდ არ იბეჭდება. ერთმა ქალბატონმა, როგორც კი თვალი მოჰკრა ბროშურის სათაურს, წამოიძახა: „ეს ხომ ჩემი ენაა!“. მან პირველად ნახა თავის მშობლიურ, ბუნაკურ ენაზე, ლიტერატურა. სულ რაღაც ოთხ დღეში მაუწყებლებმა 4 571 პუბლიკაცია გაავრცელეს. ბევრმა მოითხოვა, რომ მოწმეებს მათთვის სახლში მიეკითხებინათ. მათი უმეტესობა მანამდე არასოდეს შეხვედროდა იეჰოვას მოწმეებს. ბავშვები საათობით უყურებდნენ ტეტუმ-დილი ენაზე ანიმაციური ფილმის „დაუმეგობრდი იეჰოვას“ სერიებს. ზოგმა მათგანმა სიმღერების ტექსტებიც კი დაიზეპირა, რომლებსაც სიხარულით მღეროდნენ.

აღმოსავლეთი ტიმორი: ბავშვები სიამოვნებით უყურებენ ანიმაციური ფილმის „დაუმეგობრდი იეჰოვას“ სერიებს

„სწორედ ეს სჭირდებათ სტუდენტებს“

მისიონერებმა, ბრაიანმა და როქსანამ, ნებართვა ითხოვეს, რომ ლიტერატურის სტენდი დაედგათ კუნძულ  პალაუს კოლეჯის ტერიტორიაზე. ისინი შეხვდნენ კოლეჯის რექტორს, რომელსაც ვებ-გვერდზე jw.org აყურებინეს ვიდეო სტენდებით ქადაგების შესახებ. მისიონერებმა მას აგრეთვე დაუტოვეს იმ პუბლიკაციების ეგზემპლარები, რომელთა გავრცელებასაც სტენდებით აპირებდნენ. რექტორმა ბრაიანი და როქსანა სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელთან გაგზავნა. შეხვედრის შემდეგ კი ამ უკანასკნელმა მათ უთხრა, რომ დეკანთან მისულიყვნენ.

 ბრაიანი იხსენებს: „დეკანთან სასიამოვნო საუბარი შედგა. თუმცა მან კვლავ რექტორთან გაგვაბრუნა. იქ მისულებს გვითხრეს, რომ ნებართვის ასაღებად განცხადება უნდა დაგვეწერა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ წინ და უკან გვარბენინებდნენ, რამაც ცოტა არ იყოს თავგზა აგვიბნია, თუმცა განცხადება მაინც დავწერეთ“.

პალაუ: ბრაიანმა და როქსანამ კოლეჯის ტერიტორიაზე სტენდით ქადაგების დროს ბევრ სტუდენტთან ისაუბრეს ბიბლიურ თემებზე

საქმე ბოლომდე რომ მიეყვანათ, ბრაიანი და როქსანა კოლეჯის დეკანს მეორედ ესტუმრნენ. ისინი თითქმის დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის მათ თხოვნას არ დააკმაყოფილებდა. ბრაიანი განაგრძობს: „ჩვენდა გასაოცრად, დეკანმა გვითხრა, რომ წაუკითხავს ჩვენ მიერ დატოვებული წიგნები და ძალიან მოსწონებია.  მერე კი დასძინა, რომ სწორედ ეს სჭირდებათო სტუდენტებს“. ასე რომ, მისიონერებმა კოლეჯის ტერიტორიაზე სტენდებით ქადაგების ნებართვა მიიღეს!

ბრაიანი გვიყვება: «სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ თუ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტები მოისურვებდნენ, შეეძლოთ კვირაობით ჩვენს „ეკლესიაში“ წამოსულიყვნენ. მან ისიც გვითხრა, რომ ტრანსპორტზე თავად იზრუნებდნენ. მე და როქსანა ყურებს ვერ ვუჯერებდით; მათ მხოლოდ სტენდით ქადაგების ნება კი არ დაგვრთეს, არამედ სამეფო დარბაზში სტუდენტების მოყვანაც შემოგვთავაზეს!».

კოლეჯის ტერიტორიაზე სტენდებით მსახურების პირველ დღეს ბრაიანმა და როქსანამ 65 წიგნი, 8 ჟურნალი და 11 ბროშურა გაავრცელეს. მათ აგრეთვე ბევრ სტუდენტთან შეძლეს ბიბლიურ თემებზე საუბარი. კოლეჯის დეკანმა და სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მისიონერებს უთხრეს, რომ სხვა დროსაც სიამოვნებით მისცემდნენ კოლეჯის ტერიტორიაზე სტენდის დადგმის ნებას.

მაღაზიაში ჩვენს ვიდეოებს უყურებენ

ძმა ლიპსონი, რომელიც სოლომონის კუნძულებზე არსებულ ფილიალში მსახურობს, ქადაგების შემდეგ ფილიალში ბრუნდებოდა, რომ გზად სამეფოს სიმღერა შემოესმა. ხმა მაღაზიიდან გამოდიოდა. მან გადაწყვიტა, გაეგო, რა ხდებოდა, ამიტომ პირდაპირ მაღაზიას მიაშურა და რას ხედავს: დიდი თუ პატარა ტელევიზორს მისჩერებია. აღმოჩნდა, რომ იქ შეკრებილები უყურებდნენ ერთ-ერთ სერიას ანიმაციური ფილმიდან „დაუმეგობრდი იეჰოვას“, კერძოდ 55-ე სიმღერის ვიდეორგოლს „უსასრულო სიცოცხლე — საბოლოოდ!“. როგორც კი სიმღერა დამთავრდა, მაღაზიის მეპატრონემ იქ მყოფთ უთხრა: „სხვა ვიდეოც მაქვს, რომელსაც მინდა, რომ ყველამ ვუყუროთ“. შემდეგ კი ჩართო ანიმაციური ფილმი „ქურდობა არ შეიძლება“. ვიდეოს დამთავრების მერე იქ შეკრებილებს უთხრა, რომ მისი მაღაზიიდან არაფერი მოეპარათ.

 რადგანაც ვიდეოს ყურებისას მაღაზიაში სხვებიც შემოვიდნენ, მეპატრონემ თქვა: „მინდა, ჩემი საყვარელი სიმღერა მოგასმენინოთ“. მან ისევ 55-ე სიმღერა ჩართო. ბოლოს კი გადაწყვიტა, მათთვის ადგილობრივ პიჯინ ენაზე ეჩვენებინა ვიდეოები „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ და „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“.

სოლომონის კუნძულები: მაღაზიის მეპატრონე სიამოვნებით აყურებინებს კლიენტებს ვიდეოებს ჩვენი ვებ-გვერდიდან jw.org

იმის გამო რომ სოლომონის კუნძულებზე ინტერნეტით მომსახურება ძალიან ძვირი ღირს და თანაც ყველგან არ არის ხელმისაწვდომი, ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას არა აქვს ინტერნეტი. მართალია, ამ მაღაზიის მფლობელი არ არის იეჰოვას მოწმე, მაგრამ კლიენტებისთვის ჩვენი ვიდეოების ჩვენებით მას თავისი წვლილი შეაქვს ჭეშმარიტების გავრცელებაში.

მან წიგნში ღვთის სახელი იპოვა

ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეაში ერთი ახალგაზრდა წყვილი ყოველ ორშაბათს ლიტერატურის სტენდით  ქადაგებს. ერთხელ ერთი ქალბატონი მორცხვად მიუახლოვდა სტენდს და, ისე რომ არაფერი უთქვამს, აიღო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ნახევარ საათში წიგნით ხელში უკან დაბრუნდა და მოწმეებს უთხრა: „ხედავთ ამას? — მან წიგნში იეჰოვას სახელზე მიუთითა და დასძინა — ეს ღვთის სახელია! აი, უკვე რამდენიმე კვირაა ბიბლიოთეკაში დავდივარ, რომ ღვთის შესახებ ჭეშმარიტება გავიგო, მაგრამ, როდესაც თქვენი წიგნი გადავშალე, პირველი, რაც თვალში მომხვდა სწორედ ღვთის სახელი, იეჰოვა იყო. ამიტომ გადავწყვიტე, უკან მოვსულიყავი და თქვენთვის მადლობა გადამეხადა“. წყვილს ქალთან ქადაგების კარგი შესაძლებლობა მიეცა. საუბარში მათ ქალს მიუთითეს იმავე წიგნის დანართზე „ღვთის სახელი — მისი გამოყენება და მნიშვნელობა“. ქალბატონმა უთხრა, რომ პირველ რიგში, სურდა, ბიბლიოთეკაში განეგრძო ძიება. თუმცა ისიც დააყოლა, რომ ახლა უკვე იცის, სად შეიძლება იეჰოვას მოწმეების ნახვა ყოველ ორშაბათს!