წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

ინგლისი: და-ძმები გულთბილად ხვდებიან საერთაშორისო კონგრესზე ჩასულ დელეგატებს

 ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ევროპა

ევროპა
  • ქვეყანა 47

  • მოსახლეობა 743 421 605

  • მაუწყებლები 1 614 244

  • ბიბლიის შესწავლები 842 091

შეცდომით მისალმებას ბიბლიის შესწავლა მოჰყვა

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გამართული საერთაშორისო კონგრესი სასიხარულო მოვლენა იყო როგორც ადგილობრივი მოწმეებისთვის, ისე სტუმრებისთვის. ენდრიუ და ელისაბედი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში მივიდნენ, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგატებს დახვედროდნენ. ელისაბედმა მისაღებში კოხტად გამოწყობილი ქალბატონი შენიშნა  და დაასკვნა, რომ კონგრესის დელეგატი იყო. ის მასთან მივიდა, თბილად მიესალმა და გადაეხვია. ქალი გაკვირვებული დარჩა. ელისაბედი მიხვდა, რომ შეეშალა და მოუბოდიშა: „მაპატიეთ, დელეგატი მეგონეთ“.

„დელეგატი?“, — ჰკითხა უცნობმა.

ელისაბედმა ქალს წარწერაზე მიუთითა, რომლითაც სასტუმროში მისულ იეჰოვას მოწმეებს ესალმებოდნენ. ამაზე ქალმა წამოიძახა: „რა კარგია! მართლა ვგავარ იეჰოვას მოწმეს?“ ქალის რეაქციამ ელისაბედი სასიამოვნოდ გააკვირვა.

საუბარში გაირკვა, რომ ქალბატონს ვივიენი ერქვა, წარმოშობით ნიგერიიდან იყო და აქ, ლონდონში, თურმე ელისაბედისგან არც ისე შორს უცხოვრია. როცა ელისაბედმა ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, ვივიენი დათანხმდა და თქვა, რომ შვილებთან ერთად სიამოვნებით შეისწავლიდა. ენდრიუმ და ელისაბედმა სახლში მიაკითხეს ვივიენს, რომელმაც სტუმრები გულთბილად მიიღო. აშკარა იყო, რომ ლონდონის ცენტრში ამ შემთხვევითმა შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვივიენზე. როდესაც ცოლ-ქმარმა მას წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ უჩვენა, მან უთხრა, რომ უკვე ჰქონდა ეს წიგნი და თავის ოთხ შვილს უკითხავდა. როცა გახარებულმა მოწმეებმა უთხრეს, რომ სწორედ ამ წიგნის დახმარებით ტარდება ბიბლიის უფასო შესწავლა, აღფრთოვანებულმა ვივიენმა წამოიძახა: „მაშ, ახლავე დავიწყოთ!“.

წერილი ბოშა ძმისგან

2014 წლის ნოემბერში სლოვაკეთში ბოშურ ენაზე პირველი კრება ჩამოყალიბდა. ახლახან გამართულ სარაიონო კონგრესზე ბოშურ ენაზე მოლაპარაკე 21 მაუწყებელი მოინათლა. ყველანი ერთი სოფლიდან იყვნენ. ამ ახლადჩამოყალიბებულ ბოშურ კრებაში გახსენების საღამოს 495 ადამიანი დაესწრო.  აი, რა შინაარსის წერილი მოგვწერა ერთმა ახალმონათლულმა ძმამ:

სლოვაკეთი: სამეფოს ორი მაუწყებელი სიხარულით უზიარებს სასიხარულო ცნობას ბოშა ქალბატონს

„მე ბოშა ვარ და სლოვაკეთის სოფელ ზეჰრაში ვცხოვრობ. თეთრკანიანები ჩვენ ციგნებს გვეძახიან და თვლიან, რომ ბინძურები, მატყუარები და ქურდები ვართ. ერთხელ ეკლესიაში მივედი, მაგრამ დარაჯმა არ შემიშვა და მითხრა, რომ იქ ჩემნაირების ადგილი არ იყო. ალბათ, წარმოგიდგენიათ ასეთი მოპყრობის შემდეგ, როგორ განვეწყობოდი თეთრკანიანების მიმართ. ერთხელაც იეჰოვას მოწმეებმა სამეფო დარბაზში დამპატიჟეს. კი წავედი, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ იქაც მსგავსადვე მომექცეოდნენ. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა — ჯერ დარბაზში არ ვიყავი შესული, რომ ერთი თეთრკანიანი მამაკაცი მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და გულთბილად გამიღიმა. საჯარო მოხსენებიდან თითქმის არაფერი მომისმენია, რადგან გონებაში სულ ის აზრი მიტრიალებდა, თუ რატომ მომექცა აქ ყველა ასე თბილად.

იმ ღამეს ძილი არ მომკარებია. ფიქრებით ისევ სამეფო დარბაზში ვიყავი. გადავწყვიტე, კიდევ წავსულიყავი იქ და გამეგო, მართლა ასეთი თბილები იყვნენ იეჰოვას მოწმეები, თუ ასე მხოლოდ პირველად მისულებს ხვდებოდნენ. მეორედ უფრო თბილად, დიდი ხნის მეგობარივით, მიმიღეს. მას შემდეგ კრება არ გამიცდენია და დღეს უკვე მონათლული ძმა ვარ. და-ძმები ნათლობის შემდეგაც ისეთივე სითბოთი და პატივისცემით მექცევიან, როგორც მანამდე. ხანდახან ისეც კი ხდება, რომ მე უკეთეს საჭმელს მთავაზობენ, ვიდრე თავად მიირთმევენ. მინდა, ყოველთვის ამ ორგანიზაციის წევრი ვიყო და იეჰოვას მარადიულად ვემსახურო“.

იეჰოვამ მის ლოცვას უპასუხა

ერთი და, სახელად აისელი, რომელიც აზერბაიჯანში ცხოვრობს, ავტობუსით ქალაქ განჯიდან ბაქოში მიემგზავრებოდა. მან იეჰოვას ლოცვით მიმართა და სთხოვა, რომ  გზაში ქადაგების შესაძლებლობა მისცემოდა. მართალია, აისელს ბილეთში ჰქონდა ადგილი მითითებული, მაგრამ უცნობი ქალბატონი რატომღაც დაჟინებით სთხოვდა, მის გვერდით დამჯდარიყო. აისელმა ქალთან მუსაიფი გააბა და საუბარი ნელ-ნელა ბიბლიისკენ წაიყვანა. ქალბატონმა უთხრა მას, რომ უყვარდა იესო და სურდა, მეტი გაეგო მის შესახებ. დასასრულს, მათ ტელეფონის ნომრები გაცვალეს და შეხვედრაზე შეთანხმდნენ. დამშვიდობებისას ქალმა აისელს სთხოვა, რომ თუ შეძლებდა, ბიბლია მიეტანა მისთვის.

როდესაც აისელი განჯაში დაბრუნდა, შეპირებისამებრ, მას სამსახურში მიაკითხა. ქალმა საუბარში ახსენა, რომ „ლოცვების წიგნი“ ჰქონდა, რომელსაც ყოველდღე კითხულობდა. აისელი ძალიან გააოცა იმის აღმოჩენამ, რომ ის, რასაც ქალბატონი ლოცვების წიგნს ეძახდა, 2013 წლის „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“ იყო. ქალბატონმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. აისელი ძალიან გახარებული იყო, რომ იეჰოვამ მას გაბედულება მისცა, არაფორმალურად ექადაგა.

სამადლობელი წერილი პატიმრისგან

ესპანეთიდან შემდეგი შინაარსის წერილი მივიღეთ:

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისთვის, რასაც ბიბლიური ცნობის გავრცელებას ახმართ, რათა, რაც შეიძლება მეტმა მოისმინოს ჭეშმარიტება.

პირველად იეჰოვას მოწმეებს 15 წლის წინ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში შევხვდი. ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა: ქუჩაში ათი შეიარაღებული ბიჭი ვიდექით. ჩვენთან მოახლოებას ვერავინ ბედავდა, მაგრამ მოულოდნელად ვიღაც უცნობი მამაკაცი მოგვიახლოვდა და ბიბლიაზე უშიშრად დაიწყო საუბარი. მისმა სიმამაცემ გამაოცა!

ოთხი წლის წინ აქ, ესპანეთის ციხეში, იეჰოვას მოწმე მესტუმრა და ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა. შესწავლას დავთანხმდი  და მას შემდეგ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება — აღარ ვარ უწინდებურად ფიცხი და აგრესიული. უკვე წლებია, რაც შარში არ გავხვეულვარ. იეჰოვას გაცნობამ ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინა. მას შემდეგ ვცდილობ, ყველასთან მშვიდობისმყოფელი ვიყო. და აი, უკვე წელიწადზე მეტია, რაც მოუნათლავი მაუწყებელი ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ 12 წელია, რაც ციხეში ვზივარ, ბოლო 4 წელი ბედნიერებას და შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობ, რაც მანამდე არასდროს განმეცადა. ამისთვის ყოველდღე ვემადლიერები იეჰოვას.

ამას წინათ ვებ-გვერდზე jw.org რამდენიმე ვიდეოს ვუყურე. ჩემს გულს განსაკუთრებით შეეხო ყოფილი პატიმარი ძმის ისტორია, რომელიც სასჯელს შეერთებული შტატების ციხეში იხდიდა. საერთოდ ემოციური არა ვარ, მაგრამ როდესაც ვნახე, როგორი ცვლილებები მოახდინა მან ცხოვრებაში, ცრემლები ვეღარ შევიკავე.

ნამდვილად დასაფასებელია, რომ ძალ-ღონეს არ იშურებთ, რათა უამრავ ენაზე თარგმნოთ ლიტერატურა, მოინახულოთ ჩემსავით ციხის კედლებში გამოკეტილი ადამიანები  და ასეთი სახით ყველას ყურამდე მიიტანოთ სასიხარულო ცნობა. დაე, იეჰოვამ აკურთხოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა!

უღრმესი მადლობა“.

„როგორც იქნა, ვპოვე შინაგანი სიმშვიდე“

„საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი და უმიზნოდ ვცხოვრობდი. ვცდილობდი, შინაგანი სიმშვიდე მეპოვა, მაგრამ ამაოდ“, — გვიზიარებს შვედეთში მცხოვრები 68 წლის ფელისიტი. მას არ აკმაყოფილებდა კათოლიკური მრწამსი, ამიტომ სხვადასხვა რელიგიების კვლევას მიჰყო ხელი, მაგრამ საბოლოოდ, ჯადოქრობასა და მარჩიელობაში ჩაეფლო.

რადგანაც ვერაფერში პოვა სიცოცხლის აზრი, დათრგუნული და გულგატეხილი ფელისიტი თავის მოკვლაზე ფიქრობდა. იგი განაგრძობს: «სახეზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა და თან ღმერთს ხმამაღლა ვთხოვდი, დამხმარებოდა გამეგო, თუ რა გზას დავდგომოდი. ორი კვირის შემდეგ კარზე კაკუნის ხმა შემომესმა. კართან მომღიმარი ახალგაზრდა მამაკაცი დამხვდა, რომელმაც მკითხა, მსურდა თუ არა ღვთის სიტყვაზე საუბარი. ჩემთვის გავიფიქრე „ო, ღმერთო, ოღონდ იეჰოვას მოწმეები არა — მე ხომ შენთვის ეს არ მითხოვია!“»

ფელისიტს სურდა, მაშინვე მიეხურა კარი, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, მოესმინა მისთვის. ის დათანხმდა, ბიბლია შეესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. როგორც ფელისიტი ამბობს, ამ წიგნმა მას ბიბლია სხვა კუთხით დაანახვა. ის 2014 წელს შვედეთში გამართულ რეგიონულ კონგრესზე მოინათლა. ფელისიტი დასძენს: „როგორც იქნა, ვპოვე შინაგანი სიმშვიდე, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი!“.