წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

ბურუნდი: ნოლა „საგუშაგო კოშკს“ უჩვენებს მამაკაცებს, რომლებმაც მას ნაკვერჩხალი სთხოვეს

 ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

აფრიკა

აფრიკა
  • ქვეყნები 58

  • მოსახლეობა 1 082 464 150

  • მაუწყებლები 1 453 694

  • ბიბლიის შესწავლები 3 688 959

მოტოციკლით ქადაგება

ბენინი: დეზირე თავის მოტო-ტაქსზე დამაგრებული პლეიერის მეშვეობით მგზავრებს სასიხარულო ცნობას უზიარებს

სამხრეთ ბენინის ქალაქებში მოტო-ტაქსები, რომელთაც ადგილობრივები „ზემს“ ეძახიან, გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა. ერთმა დამხმარე პიონერმა, სახელად დეზირემ, თავის მოტოციკლზე პლეიერი და ხმის გამაძლიერებლები დაამონტაჟა ისე, რომ მგზავრს კარგად მოესმინა. მას პლეიერი სულ ჩართული აქვს, რომელშიც პუბლიკაციებისა და ბიბლიური დრამების აუდიოვერსია აქვს ჩაწერილი. ჩანაწერები  მალევე იპყრობს მგზავრის ყურადღებას. ბევრი იმდენად ინტერესდება, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლისას ყოყმანობს, ჩამოვიდეს თუ არა მოტოციკლიდან. ზოგი კი მანამ არ ჩამოდის, სანამ ბოლომდე არ მოისმენს ჩანაწერს. დეზირე ამბობს: „რა თქმა უნდა, მირჩევნია, ფული გადამიხადონ და მალე წავიდნენ, რომ მე სხვა მგზავრი ავიყვანო, მაგრამ ვიცი, რომ ფულზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ სასიხარულო ცნობა მოისმინონ. გარდა ამისა, ასეთი სახით საკმაოდ ბევრ ლიტერატურას ვავრცელებ“.

პატარა გოგონას დაჟინებულობა

ექვსი წლის ნოლა მშობლებთან ერთად ბურუნდის მთიან მხარეში ცხოვრობს. ერთ დღეს, როდესაც ოჯახი ნახშირის ღუმელზე სადილს ამზადებდა, მათთან მეზობლად მომუშავე ორი მამაკაცი მივიდა და ცეცხლის დასანთებად ნაკვერჩხალი ითხოვა. პატარა ნოლა, რომელიც ჯერ სკოლაშიც არ დადიოდა, ღუმელთან ტრიალებდა და ზრუნავდა, რომ ცეცხლი არ ჩამქრალიყო. მან მამაკაცებს ცოტაოდენი ნაკვერჩხალი გაატანა. ცოტა ხანში გარეთ გასულმა ნოლამ დაინახა, რომ მამაკაცები ნაკვერჩხალზე სიგარეტს უკიდებდნენ. ამაზე გოგონა ძალიან შეწუხდა და უთხრა: „რომ მცოდნოდა, ნახშირი სიგარეტის მოსაკიდებლად გინდოდათ, არ მოგცემდით“. შემდეგ გაახსენდა სამეფო დარბაზში ნანახი ჟურნალი, რომლის გარეკანზეც სიგარეტი ეხატა. ის მაშინვე გაიქცა დარბაზისკენ, აიღო ორი ჟურნალი (2014 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“), მამაკაცებს მიუტანა და დაიჟინა, რომ მაშინვე წაეკითხათ. მოგვიანებით ნოლამ კვლავ მოძებნა ისინი და რეგიონული კონგრესის მოსაწვევები მისცა. ამ პატარა გოგონას დაჟინებულობით გაკვირვებულმა მამაკაცებმა გადაწყვიტეს, კონგრესს ორი დღე დასწრებოდნენ. შესვენებაზე ნოლამ თვალი მოჰკრა  დაპატიჟებულ სტუმრებს, მათთან მიირბინა და სადილად თავის ოჯახთან მიიწვია. კონგრესზე ნანახმა და მოსმენილმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, რომ ორივემ ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

ციხეებში ქადაგება

ლიბერიაში უხუცესები სასიხარულო ცნობას ციხეებშიც ქადაგებენ. ივესი, რომელიც დედაქალაქში, მონროვიაში, სპეციალურ პიონერად მსახურობს, გვიყვება: „მარტში სამი პატიმარი გახდა მოუნათლავი მაუწყებელი. ახლა მონროვიის ცენტრალურ ციხეში უკვე ექვსი მაუწყებელია“. როგორ ქადაგებენ ისინი? ივესი განაგრძობს: „ყოველ ოთხშაბათს და შაბათს ისინი სამქადაგებლო შეხვედრის ჩასატარებლად იკრიბებიან. ციხის ზედამხედველებისგან ნებართვის მიღების შემდეგ ისინი საკან-საკან დადიან და პატიმრებს ბიბლიური იმედის შესახებ ესაუბრებიან“. დღესდღეობით ბევრი პატიმარი სწავლობს ბიბლიას და ციხეში გამართულ კრების შეხვედრებს ესწრება. საჯარო მოხსენებას, რომელიც ფილიალის წარმომადგენელმა წაიკითხა, 79 პატიმარი დაესწრო. ცენტრალური ციხის გარდა ბიბლიის შესწავლები ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილ პატიმრებს კიდევ 6 ციხეში უტარდებათ. შედეგად, ისინი თანდათან უკეთესობისკენ იცვლებიან.

„სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება“

გასულ წელს ძმებმა დიდი ძალისხმევა მოახმარეს იმას, რომ მივარდნილ ადგილებში მცხოვრები დაინტერესებულები გახსენების საღამოს დასწრებოდნენ. მაგალითად, სანის ტომი, რომელსაც ბუშმენებსაც ეძახიან, სამხრეთ აფრიკაში ოდითგანვე სახლობს. ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და თავს ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენენ. 2015 წელს გლენმა, რომელიც ჩრდილოეთ ნამიბიაში სპეციალურ  პიონერად მსახურობს, გადაწყვიტა, გახსენების საღამო რუნდუს აღმოსავლეთით 270 კმ-ში მდებარე ბუშმენების სოფელში აღენიშნა. ამ სოფელში გახსენების საღამო მეორედ აღინიშნა. ორივე შემთხვევაში სოფლის თავკაცებმა იეჰოვას მოწმეებს სასამართლო დარბაზი გამოუყვეს, თანაც სრულიად უსასყიდლოდ. თავსხმა წვიმის მიუხედავად, შეხვედრას 232 ადამიანი დაესწრო. ამ მხარეში მცხოვრები ბუშმენები „კჰვე“ ენაზე საუბრობენ, რომელშიც ბევრი წკლაპუნა ბგერაა. მათ ენაზე მოხსენება ინგლისურიდან ითარგმნა. ვინაიდან „კჰვე“ ენაზე ბიბლია არ არის ხელმისაწვდომი, ძმებმა ზოგიერთი ბიბლიური მუხლის, მაგალითად ესაიას 35:5, 6-ის, ასახსნელად სტუმრებს კედელზე ფერადი სლაიდები უჩვენეს. გლენი ამ სოფელში რამდენიმე ბიბლიის შესწავლას ატარებს. მისი შემსწავლელები სულიერად წინ მიიწევენ. ის გვიზიარებს: «ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ თვეში ერთხელ მოვდივარ და რამდენიმე დღე ვჩერდები. ენის ბარიერისა და მანძილის გამო საქმე ნელა მიიწევს წინ. სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება. როდესაც წელს გახსენების საღამოს აღსანიშნავად სოფლის თავკაცებს მივაკითხე, ერთმა მათგანმა მკითხა, ხომ არ ვისურვებდით, რომ თაყვანისმცემლობისთვის იქ შენობა აგვეშენებინა. შემდეგ კი მითხრა, რომ მიწას გამოგვიყოფდნენ და მშენებლობის ხარჯებსაც თავადვე დაფარავდნენ. ერთადერთი, რაც ჩვენგან მოითხოვებოდა ის იყო, რომ „პასტორი“ მიგვეყვანა ან ადგილობრივებიდან მოგვემზადებინა ვინმე, ვინც ამ მოვალეობას შეასრულებდა».

ნამიბია: ორი მაუწყებელი ჰიმბას ტომის ქალს უზიარებს სასიხარულო ცნობას