წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

აკრძალვის დროს გამართული კონგრესი, რომლის პროგრამასაც დელეგატთა ნაწილი ნავიდან ისმენს

 ინდონეზია

გადაწყვეტილი გვქონდა, უკან არ დაგვეხია

გადაწყვეტილი გვქონდა, უკან არ დაგვეხია

როდესაც ძმებმა ფილიალში აკრძალვის შესახებ შეიტყვეს, მალევე დაიწყეს მოქმედება. „კონფიდენციალური ჩანაწერები, ლიტერატურა და ფული ჯაკარტაში სხვადასხვა საიმედო ადგილას შევინახეთ, — ამბობს რონალდ ჯაკა. — ფილიალი სხვა ადგილას გადავიტანეთ, რომლის ადგილმდებარეობასაც არ ვახმაურებდით. ძველი შენობა კი ჩუმად გავყიდეთ“.

ადგილობრივი ძმების უმრავლესობას არ შეშინებია. ისინი აქტიურად განაგრძობდნენ მსახურებას. აკრძალვას წინ უძღოდა სასტიკი დევნები, რასაც ისინი მტკიცედ იტანდნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ იეჰოვასადმი ნდობა არ დაუკარგავთ. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგი მოუმზადებელი აღმოჩნდა. რამდენიმე უხუცესი შიშმა დაჯაბნა. მათ ხელი მოაწერეს განცხადებას ქადაგების შეწყვეტის თაობაზე. ზოგმაც კრების წევრების ვინაობა გაამხილა. ფილიალმა მოწიფული ძმები გაგზავნა კრებების გასაძლიერებლად და მათ დასახმარებლად, ვინც კომპრომისზე წავიდა. ინდონეზიას ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ჯონ ბუთიც, ესტუმრა, რომელმაც და-ძმებს მამაშვილურად მისცა დროული რჩევები.

აშკარა იყო, რომ იეჰოვა, დიდებული მწყემსი, აძლიერებდა და ანუგეშებდა თავის ხალხს (ეზეკ. 34:15). უხუცესებმა შემართებით განაგრძეს კრებებისთვის ხელმძღვანელობის გაწევა. მაუწყებლებმა ახალი საშუალებები მოძებნეს საქადაგებლად და დიდი სიფრთხილით მოქმედებდნენ (მათ. 10:16). ბევრმა ძმამ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინა ინდონეზიის ბიბლიური საზოგადოების მიერ გამოცემული თანამედროვე ბიბლიები და მობინადრეებს სთავაზობდნენ. თუ შესაძლებლობა მიეცემოდათ, ისინი ტაქტიანად მოიხსენიებდნენ სამეფოს ცნობას. სხვები ჩვენი პუბლიკაციებიდან თავფურცელს ხევდნენ, სადაც  გამომცემლობის სახელწოდება ეწერა, და ისე სთავაზობდნენ დაინტერესებულებს ლიტერატურას. ბევრი პიონერი მობინადრეს რაღაცის ყიდვას სთავაზობდა და ასეთი სახით ახერხებდა კარდაკარ ქადაგებას, როგორც ამას მათი წინამორბედები აკეთებდნენ იაპონიის მიერ ინდონეზიის ოკუპაციის დროს.

მარგარეტ და ნორბერტ ჰაუსლერები

1977 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მორიგი დარტყმა მიაყენა მოწმეებს — მისიონერებს არ გაუგრძელეს ვიზა, ამიტომ ძმებმა მათი უმრავლესობა საქადაგებლად სხვა ქვეყნებში გაგზავნა. * ნორბერტ ჰაუსლერი, რომელიც მეუღლესთან, მარგარეტთან ერთად მანადოში (ჩრდილოეთ სულავესი) მსახურობდა მისიონერად, იხსენებს: «გამოსამშვიდობებლად  აეროპორტში ასობით და-ძმა მოვიდა. თვითმფრინავის ტრაპზე შევჩერდით, უკან მოვიხედეთ და რას ვხედავთ: ყველა ხელს გვიქნევდა და მოგვძახოდა: „გმადლობთ, გმადლობთ, რომ ჩვენ გვერდით იყავით!“. როგორც კი თვითმფრინავში ჩავსხედით, ტირილი აგვივარდა».

განსაცდელი კუნძულ სუმბაზე

როგორც კი აკრძალვის შესახებ ცნობა მთელ არქიპელაგზე გავრცელდა, ინდონეზიის ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანებამ თავის წევრებს მოუწოდა, რომ თუ მოწმეებს ქადაგების დროს წაასწრებდნენ, მაშინვე მთავრობის წარმომადგენლებისთვის ეცნობებინათ. ამან ბევრ კუნძულზე დაპატიმრებებისა და დაკითხვების ძლიერი ტალღა ააგორა.

სუმბას კუნძულზე ქალაქ ვინგაპუში სამხედრო ოლქის მეთაურმა 23 ძმა ადგილობრივ სამხედრო ბანაკში გამოიძახა და მოსთხოვა, ხელი მოეწერათ საბუთზე, რითაც დაადასტურებდნენ, რომ უარს ამბობდნენ თავიანთ რწმენაზე. ძმები არ დათანხმდნენ. ამაზე მეთაურმა უბრძანა მათ, მეორე დღესაც გამოცხადებულიყვნენ ბანაკში. იქ მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად ძმებს 14 კილომეტრი ფეხით უნდა გაევლოთ.

მეორე დღეს ბანაკში ძმები დილაადრიან გამოცხადდნენ. მათ სათითაოდ იძახებდნენ და აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ საბუთზე. უარის შემთხვევაში მათ ეკლიანი ჯოხებით სცემდნენ. ჯარისკაცები ზოგ ძმას გონების დაკარგვამდე ურტყამდნენ. ბოლოს ერთმა ახალგაზრდა ძმამ, მონი კელიმ, რომელიც სხვებთან ერთად თავის რიგს ელოდა, ნაბიჯი წინ გადადგა და ფურცელზე რაღაც დაწერა. ძმებს გული ეტკინათ, რადგან იფიქრეს, რომ მან რწმენა უარყო, მაგრამ როდესაც სამხედრო მეთაურმა ფურცელს დახედა, გაცოფდა. აი, რა ეწერა ფურცელზე: „გადაწყვეტილი მაქვს, ბოლომდე იეჰოვას მოწმედ დავრჩე!“. მონი ისე გამეტებით სცემეს, რომ საავადმყოფოში წასაყვანი გახდა. მიუხედავად ამისა, მისი გატეხვა ვერ შეძლეს.

სამხედრო მეთაური 11 დღის განმავლობაში აწამებდა ძმებს, რომ როგორმე უარი ეთქმევინებინა რწმენაზე. ერთხელ ისინი  მთელი დღე მწველი, ტროპიკული მზის გულზე ამყოფა. სხვა დროს მუხლებზე და ხელებზე დააყენა და აიძულა, ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე კილომეტრი ეხოხათ. ესეც არ აკმარეს და ძმებს ყელზე ხიშტები მიაბჯინეს. მეთაურმა მათ დროშისთვის სალმის მიცემა უბრძანა, მაგრამ ძმებს არც ამჯერად გამოუჩენიათ სიმხდალე. განრისხებულმა მეთაურმა ბრძანა, ისინი უფრო სასტიკად ეცემათ.

ძალაგამოცლილი ძმები ყოველ დილით ახალი განსაცდელის მოლოდინში ბანაკამდე ძლივს მილასლასდებოდნენ ხოლმე. გზადაგზა ერთად ლოცულობდნენ და ერთმანეთს მოუწოდებდნენ, არაფრის დიდებით არ დაეთმოთ უმწიკვლობა. ყოველ ღამე კი უკან ნაცემები, დალურჯებულები და დასისხლიანებულები ბრუნდებოდნენ, თუმცა ბედნიერები იყვნენ, რომ იეჰოვას ერთგულები დარჩნენ.

როდესაც ფილიალმა შეიტყო ძმების მდგომარეობა, სასწრაფოდ დაწერეს საპროტესტო წერილი და ტელეგრაფით გაუგზავნეს სამხედრო მეთაურს ვინგაპუში, სამხედრო ოლქის მეთაურს ტიმორში, დივიზიის მეთაურს კუნძულ ბალიზე, ჯაკარტის უმაღლეს სამხედრო მეთაურსა და მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს. იმის გამო, რომ მოწმეებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები მთელ ინდონეზიაში გავრცელდა, შეცბუნებულმა სამხედრო მეთაურმა შეწყვიტა ძმების დევნა ვინგაპუში.

„იეჰოვას მოწმეები ლურსმნებივით არიან“

მომდევნო წლებში მთელ ინდონეზიაში არაერთი მოწმე დააკავეს და დაკითხეს, ბევრს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მისიონერი ბილ პერი იხსენებს: «ერთ მხარეში ბევრ ძმას წინა კბილები ჰქონდა ჩამტვრეული. როდესაც ძმები შეხვდებოდნენ ისეთ ძმას, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა კბილები, ხუმრობით ეკითხებოდნენ:  „ახალი მონათლული ხარ, თუ კომპრომისზე წახვედი?“ უმძიმესი განსაცდელების მიუხედავად, მათ, ვინც დევნები გადაიტანეს, არასდროს დაუკარგავთ სიხარული და ღვთისმსახურების ხალისი».

„ციხემ სულიერად გამომაწრთო; ვისწავლე, უფრო მეტად მივნდობოდი იეჰოვას“

13 წლის განმავლობაში 93 მოწმე იჯდა ციხეში. მათი პატიმრობის ხანგრძლივობა ორი თვიდან ოთხ წლამდე მერყეობდა. ასეთმა მოპყრობამ მათ ვერაფერი დააკლო, პირიქით, გაუძლიერა სურვილი, რომ ერთგულად განეგრძოთ იეჰოვასადმი მსახურება. რვათვიანი პატიმრობის შემდეგ მუსა რედემ ძმები მოინახულა; ის ამხნევებდა მათ და მოუწოდებდა, არ შეეწყვიტათ ქადაგება. იგი გვიზიარებს: „ციხემ სულიერად გამომაწრთო; ვისწავლე, უფრო მეტად მივნდობოდი იეჰოვას“. გასაკვირი არ არის ჩვენი შემხედვარე, რატომ ამბობდა ზოგი: „იეჰოვას მოწმეები ლურსმნებივით არიან. რაც მეტად ურტყამ ჩაქუჩს, მით ღრმად ესობიან“.

მაუწყებლები საქადაგებლად მიდიან ამბონში (მოლუკის კუნძულები)

^ აბზ. 1 ქვეყანაში დარჩენის უფლება დართეს მხოლოდ საპენსიო ასაკს გადაცილებულ დიდი ხნის მისიონერებს, პიტერ ვანდერჰეგენს და ლენ დეივისს, აგრეთვე მერიენ ტამბუნენს (ქალიშვილობის გვარი სტუვა), რომელიც ინდონეზიელზე დაქორწინდა. აკრძალვის პერიოდში სამივენი სულიერად აქტიურები და წარმატებული მსახურები იყვნენ.