არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

იეჰოვას მოწმეები სემარანგში (იავა, დაახლ. 1937 წ.)

 ინდონეზია

აი, აქედან მინდა დავიწყო!

აი, აქედან მინდა დავიწყო!

ალეგზანდერ მაკგილივრეი, რომელიც ავსტრალიის ფილიალში მსახურობდა, თავის ოფისში ღრმად ჩაფიქრებული მიმოდიოდა. უკვე რამდენიმე დღე იყო, ერთი საკითხი მოსვენებას არ აძლევდა. როგორც იქნა, გამოსავალს მიაგნო — გადაწყვიტა, სასწრაფოდ დალაპარაკებოდა ფრანკ რაისს.

28 წლის გულმოდგინე წიგნების დამტარებელი (პიონერი) ფრანკ რაისი რამდენიმე კვირით ფილიალში იყო ჩასული. მან ჭეშმარიტება მოზარდობის ასაკში გაიგო და მალევე დაიწყო წიგნების დამტარებლად მსახურება. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან ავსტრალიის უმეტესი ნაწილი ცხენით, ველოსიპედით, მოტოციკლითა და ფურგონით შემოიარა. ახლა რამდენიმე დღე ბეთელში იმყოფებოდა და ახალ დავალებას ელოდა.

ძმა მაკგილივრეიმ ფრანკი თავის ოფისში შეიყვანა, რუკაზე ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულები უჩვენა და ჰკითხა: „ფრანკ, არ გინდა, ამ კუნძულებზე სამქადაგებლო საქმიანობას ჩაუყარო საფუძველი? იქ არც ერთი მოწმე არ არის“.

ფრანკმა მზერა ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ კუნძულებს მიაპყრო, რომლებიც ინდოეთის ოკეანეში მარგალიტებივით „ანათებდნენ“. ეს იყო ნიდერლანდის ოსტინდოეთი (დღევანდელი ინდონეზია). * ამ კუნძულებზე მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა, რომლებსაც არასოდეს სმენოდათ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. ფრანკმა ამ ქვეყნის დედაქალაქს, ბატავიას (დღევანდელი ჯაკარტა) დაადო თითი და თქვა: „აი, აქედან მინდა დავიწყო!“.

 ქადაგება იავაში

1931 წელს ფრანკ რაისი კუნძულ იავის უზარმაზარ და ხმაურიან ქალაქ ჯაკარტაში ჩავიდა. მან ქალაქის ცენტრთან ახლოს ოთახი იქირავა და ბიბლიური ლიტერატურით გაავსო, რამაც ძალიან გააოცა სახლის მეპატრონე.

ფრანკ რაისი და კლემ დეშანი ჯაკარტაში

„თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ უზარმაზარ ქალაქში ჩავიკარგე, ნოსტალგიამ შემიპყრო, — იხსენებს ფრანკი. — აქაურები ტილოს თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილები დადიოდნენ და თავზე მზის შლაპები ეხურათ, მე კი ჩემს ავსტრალიურ სამოსში სიცხისგან სული მეხუთებოდა. ერთი სიტყვა არ ვიცოდი არც ინდონეზიურად და არც ჰოლანდიურად.  მხურვალედ ვილოცე და იეჰოვას დახმარება ვთხოვე. გადავწყვიტე, საქმიან უბნებზე წავსულიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ იქ მაინც ვიპოვიდი ვინმეს, ვისაც ინგლისურად ვუქადაგებდი. სწორედ აქედან დავიწყე ქადაგება, რომელიც მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა!“.

იმის გამო, რომ ჯაკარტაში უმეტესობა ჰოლანდიურად ლაპარაკობდა, ფრანკი მუყაითად შეუდგა ამ ენის სწავლას და მალე იმდენი ისწავლა, რომ კარდაკარ ქადაგება შეძლო. მან ინდონეზიური ენაც შეისწავლა. «სირთულე ის იყო, რომ ინდონეზიურ ენაზე არანაირი ლიტერატურა არ მქონდა, — გვიყვება ფრანკი. — მაგრამ იეჰოვას ხელმძღვანელობით გავიცანი ერთი სკოლის მასწავლებელი, რომელიც ჭეშმარიტებით დაინტერესდა. ის დამთანხმდა, რომ გადათარგმნიდა ბროშურას „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“. ამას სხვა ბროშურებიც მოჰყვა; მალე ბევრი ინდონეზიელი დაინტერესდა ჭეშმარიტებით».

1931 წლის ნოემბერში ავსტრალიიდან ჯაკარტაში კიდევ ჩავიდა ორი პიონერი, 25 წლის კლემ დეშანი და 19 წლის ბილ ჰანტერი. ისინი იქ საცხოვრებელი ფურგონით (ბორბლებზე შემდგარი პიონერთა სახლი) ჩავიდნენ. კლემი და ბილი პირველი პიონერები იყვნენ, რომლებიც ინდონეზიაში ფურგონით ჩავიდნენ. ცოტაოდენი ჰოლანდიურის შესწავლის შემდეგ მათ ქადაგების მიზნით იავის უდიდეს ქალაქებში დაიწყეს მოგზაურობა.

ჩარლზ ჰარისი საქადაგებლად ველოსიპედითა და ბორბლებზე შემდგარი სახლით დადიოდა

კლემისა და ბილის კვალს მიჰყვა კიდევ ერთი გულმოდგინე ავსტრალიელი პიონერი, ჩარლზ ჰარისი. 1935 წელს ჩარლზმა იავის უმეტესი ნაწილი ბორბლებზე შემდგარი სახლითა და ველოსიპედით შემოიარა. ის ლიტერატურას ხუთ ენაზე ავრცელებდა: არაბულზე, ინგლისურზე, ინდონეზიურზე, ჩინურსა და ჰოლანდიურზე. რამდენიმე წელიწადში მან დაახლოებით 17 000 პუბლიკაცია გაავრცელა.

ის ფაქტი, რომ ჩარლზი ბევრ ლიტერატურას ავრცელებდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთხელ ჯაკარტაში  კლემ დეშანს ერთმა სახელმწიფო მოხელემ ჰკითხა: „რამდენი კაცი გყავს დასაქმებული აღმოსავლეთ იავაში?“.

„მხოლოდ ერთი“, — უპასუხა ძმა დეშანმა.

„გგონია, ამას დავიჯერებ? თუ გავრცელებული ლიტერატურის მიხედვით ვიმსჯელებთ, მთელი არმია უნდა გყავდეს!“.

პიონერები გამუდმებით წინ მიიწევდნენ, რათა რაც შეძლება მეტი ადამიანისთვის ექადაგათ. „კუნძულის ერთი ბოლოდან მეორეში გავდიოდით. იშვიათად თუ გავესაუბრებოდით ვინმეს ორჯერ“, — გვიყვება ბილ ჰანტერი. პიონერები გზად უხვად თესავდნენ ჭეშმარიტების მარცვალს, რასაც მოგვიანებით უხვი მოსავალი მოჰყვა (ეკლ. 11:6; 1 კორ. 3:6).

 სასიხარულო ცნობა სუმატრამდე აღწევს

1936 წლისთვის იავაზე მყოფმა პიონერებმა იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ ექადაგათ სუმატრაზე, რომელიც სიდიდით მსოფლიოში მეექვსე კუნძულია. ამ კლდოვან კუნძულზე, რომელიც ეკვატორს კვეთს, უზარმაზარი ქალაქები და პლანტაციებია გაშენებული; აგრეთვე მრავლადაა ტროპიკული ტყეები და ჭაობები.

ბოლოს პიონერები შეთანხმდნენ, რომ სუმატრაზე ფრანკ რაისს გაგზავნიდნენ. მათ ფული შეაკოწიწეს და ფრანკს ბილეთი უყიდეს. ფრანკი მედანში, ჩრდილოეთ სუმატრაში, ჩავიდა და თან ჩაიტანა ორი ჩანთა, 40 ყუთი ლიტერატურა და ცოტაოდენი ფული. იგი ძლიერი რწმენის მქონე კაცი იყო და მყისვე შეუდგა საქმეს იმაში დარწმუნებული, რომ იეჰოვა იზრუნებდა და მისცემდა ყველაფერს, რაც მიღებული დავალების შესასრულებლად დასჭირდებოდა (მათ. 6:33).

მედანში მსახურების ბოლო კვირას ფრანკი შეხვდა ერთ მეგობრულად განწყობილ ჰოლანდიელ კაცს, რომელმაც ყავის დასალევად სახლში შეიპატიჟა. ფრანკმა მამაკაცთან საუბარში ახსენა, რომ კუნძულზე სასიხარულო ცნობის საქადაგებლად მანქანა სჭირდებოდა. მასპინძელმა ბაღში მდგარ გაფუჭებულ მანქანაზე მიუთითა და უთხრა: „თუ შეაკეთებ, შეგიძლია 100 გულდენად წაიყვანო“. *

„ამდენი არა მაქვს“, — მიუგო ფრანკმა.

მამაკაცმა დაჟინებული მზერით ფრანკს გამომცდელად ჰკითხა: „მართლა გინდა, რომ მთელ სუმატრაზე იქადაგო?“.

„რა თქმა უნდა“, — უპასუხა ფრანკმა.

„კარგი, თუ შეაკეთებ, წაიყვანე და ფული როცა გექნება, მაშინ გადამიხადე“, — დასძინა მამაკაცმა.

ფრანკი შეუდგა მანქანის შეკეთებას, რომელიც მალე მოიყვანა მწყობრში. მოგვიანებით ის წერდა: „საქადაგებლად  ლიტერატურით სავსე მანქანით, საწვავით სავსე ავზითა და რწმენით სავსე გულით გავეშურე“.

ჰენრი კოკმენი ჯინ და კლემ დეშანებთან ერთად სუმატრაზე, 1940 წ.

ფრანკმა ერთ წელიწადში კუნძული მთლიანად შემოიარა და ჯაკარტაში დაბრუნდა. იქ მან მანქანა 100  გულდენად გაყიდა და ფული მთლიანად პატრონს გაუგზავნა.

რამდენიმე კვირაში ფრანკმა ავსტრალიიდან წერილი მიიღო. წერილში ეწერა, რომ მას პიონერად მსახურება სხვა ქვეყანაში უნდა გაეგრძელებინა. მან დაუყოვნებლივ ჩაალაგა ჩანთები და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე გაემგზავრა (დღევანდელი კამბოჯა, ლაოსი და ვიეტნამი), სადაც მანამდე არავის ექადაგა.

^ აბზ. 4 ადრე მას ჰოლანდიის ოსტინდოეთიც ეწოდებოდა. ნიდერლანდელები იქ დაახლოებით 300 წლის წინ ჩავიდნენ, დააარსეს თავიანთი კოლონია და ძვირადღირებულ სანელებლებზე მონოპოლია მოიპოვეს. ტექსტში ჩვენ თანამედროვე სახელებს გამოვიყენებთ.

^ აბზ. 3 1 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი.