წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

ცაში გამოკიდებული ფილიალი

ცაში გამოკიდებული ფილიალი

ოფისები 31-ე სართულზე

2008 წელს ინდონეზიაში მაუწყებელთა რიცხვმა უმაღლეს მაჩვენებელს, 21  699-ს მიაღწია. საქმემ იმატა; შესაბამისად, ფილიალს მეტი სივრცე სჭირდებოდა. გარდა ამისა, რადგან არსებული ფილიალი აკრძალვის პერიოდში აშენდა, ის დედაქალაქიდან მოშორებით მდებარეობდა. აშკარა იყო, რომ უფრო დიდი ფილიალი გვესაჭიროებოდა, რომელიც ჯაკარტასთან ახლოს იქნებოდა.

 დაახლოებით ორი წლის შემდეგ ძმებმა კერძო საკუთრება შეიძინეს, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა არსებული ფილიალისგან. მათ ჯაკარტის ცენტრთან ახლოს მდებარე 42-სართულიანი ულტრათანამედროვე საოფისე შენობის 31-ე სართული შეისყიდეს. ამას გარდა, ძმებმა იყიდეს ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსის 12 სართული, სადაც 80-ზე მეტი ბეთელელი იცხოვრებდა, და 5-სართულიანი სახლი, სადაც ფილიალის სხვადასხვა განყოფილება განთავსდებოდა.

12 სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ოთახები

სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მშენებლები ადგილობრივ სამშენებლო კომპანიასთან ერთად ოფისებისა და საცხოვრებელი ოთახების გადაკეთებაზე მუშაობდნენ. სამშენებლო პროექტის ზედამხედველი, დარენ ბერგი, აღნიშნავს: „ერთი შეხედვით გადაულახავი სირთულეების დროს ყოველთვის ვგრძნობდით იეჰოვას ხელს. მაგალითად, როცა გადავწყვიტეთ, წყლის თანამედროვე საფილტრაციო სისტემა დაგვემონტაჟებინა, უფლებამოსილმა პირებმა უარი გვითხრეს, რადგან ეს ტექნოლოგია მათთვის უცხო იყო. ერთმა ადგილობრივმა მოწმემ, რომელიც ინჟინერი იყო, ჩვენი პროექტი მაღალი თანამდებობის პირს გააცნო, რომელმაც მაშინვე მოგვცა ნებართვა და გვითხრა, რომ სრულად ენდობოდა ჩვენს რეკომენდაციებს“.

„დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ფარულად მოქმედება და აღარც ხალხისთვის ვართ შეუმჩნეველი. მათთვის ცხადია, რომ აქ დარჩენას ვაპირებთ“

ფილიალის ახალი შენობების მიძღვნა 2015 წლის 14 თებერვალს მოხდა. მიძღვნის თემა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ენტონი მორისმა, წაიკითხა. ინდონეზიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ვინსენტ უიტანტო იპიკუსუმამ, თქვა: „ახლა ჩვენი ფილიალი ინდონეზიის წამყვანი კორპორაციების გვერდით, პრესტიჟულ რაიონშია განთავსებული. დღეს ჩვენ აღარ გვიწევს  ფარულად მოქმედება და აღარც ხალხისთვის ვართ შეუმჩნეველი. მათთვის ცხადია, რომ აქ დარჩენას ვაპირებთ“.

ფილიალის კომიტეტის წევრები (მარცხნიდან მარჯვნივ): ბუდი სენტოსა ლიმი, ვინსენტ უიტანტო იპიკუსუმა, ლოთარ მიჰანკი და ჰიდეიუკი მოტოი

„აქ ქადაგება ერთი სიამოვნებაა!“

ბოლო წლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ინდონეზიაში ძალიან ბევრი მოწმე ჩავიდა. „მქადაგებლებს, რომლებიც იქ გადადიან, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, დიდი წვლილი შეაქვთ სასიხარულო ცნობის გავრცელებაში ისეთ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, ჩვენი ქვეყანაა — აღნიშნავს ლოთარ მიჰანკი. — მათ კრებებში ხალისი შეაქვთ და და-ძმებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. ისინი მოწიფული ქრისტიანები არიან და ეხმარებიან კრების წევრებს, დააფასონ, რომ მსოფლიო საძმოს მიეკუთვნებიან“. რამ აღძრა ეს და-ძმები, ჩასულიყვნენ ინდონეზიაში? და როგორ აკურთხა ისინი იეჰოვამ? მოდი, თავად მათ მოვუსმინოთ:

ინდონეზიაში ჩასული მქადაგებლები

1) ჯენინი და დანი მურები

2) მენდი და სტიუარტ უილიამზები

3) კესი და ჯეისონ ჯიბსები

4) მერი (წინ, მარჯვნივ) და ტაკაჰირო (უკან, მარჯვნივ) აკიამაები

ჯეისონ და კესი ჯიბსები, რომლებიც შეერთებული შტატებიდან არიან, გვიზიარებენ: «„წელიწდეულიდან“ გავიგეთ, რომ ერთ მაუწყებელზე შეფარდების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდონეზიაში იყო. ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც სხვა ტერიტორიაზე მსახურობენ, გვითხრეს, რომ ამ ქვეყანაში დიდი პოტენციალი იყო. ასე რომ, ინდონეზიის ფილიალში დავრეკეთ,  მათ კი ბალის კუნძულზე მიგვითითეს. იქ ინგლისურენოვან ტერიტორიაზე ქადაგება ახალი დაწყებული იყო, ამიტომ გადაწყვეტილება მალევე უნდა მიგვეღო. თავიდან ერთი წლით ვაპირებდით ჩასვლას, მაგრამ საბოლოოდ იქ სამი წელი დავრჩით. იმ ადამიანების უმეტესობას, ვისაც ჩვენ ვუქადაგეთ, არასოდეს სმენოდა იეჰოვას მოწმეების შესახებ. აქ მსახურება დიდი კურთხევების მომტანია!».

შუახნის ავსტრალიელი ცოლ-ქმარი, სტიუარტ და მენდი უილიამზები, გვიყვებიან: „გვინდოდა, იქ გვექადაგა, სადაც ხალხი ჭეშმარიტებას იყო მოწყურებული, ამიტომ არჩევანი ინდონეზიაზე შევაჩერეთ. დასავლეთ იავის კუნძულ მალანგზე ასობით ინგლისურენოვან სტუდენტს ვხვდებით, რომლებიც დიდი ინტერესით ისმენენ სასიხარულო ცნობას. მათ ძალიან უყვართ ჩვენი ვებ-გვერდი jw.org. აქ ქადაგება მართლაც შესანიშნავია“.

ტაკაჰირო და მერი აკიამაები, რომლებიც კუნძულ იავის ქალაქ ჯოკიაკარტაში პიონერებად მსახურობენ, აღნიშნავენ: „თავს აქ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობთ, ვიდრე იაპონიაში. ხალხი აქ ძალიან კეთილი და თავაზიანია. მათ უყვართ რელიგიურ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ერთხელ ლიტერატურის მაგიდასთან ქადაგებისას, სულ რაღაც ხუთ საათში, დაახლოებით 2 600 ჟურნალი გავავრცელეთ“.

სამოც წელს მიღწეული წყვილი, დანი და ჯენინი მურები, გვიზიარებენ: «ქადაგების დროს ხალხი ჩვენ გარშემო იკრიბება. როცა ვუღიმით, ისინიც იმავეთი გვპასუხობენ. თავიდან ცნობისმოყვარეობის გამო გვისმენენ, შემდეგ ინტერესდებიან, ბოლოს კი ჩვენთან საუბრით დიდად ნასიამოვნები რჩებიან. როდესაც ბიბლიიდან მუხლებს ვუკითხავთ, ზოგი გვეკითხება: „შეიძლება, ჩავიწერო?“. მათ აოცებთ ბიბლიური სიბრძნე. ერთი წელია, რაც აქ ვართ და ვნანობთ, რომ უფრო ადრე არ ჩამოვედით. ჩვენ ვეძებდით ტერიტორიას, სადაც მსახურებას გავაფართოებდით და ვიპოვეთ კიდეც!».

მისიონერი წყვილი, მიშე და კრისტინა ბირენსები, ინდონეზიას 2009 წელს ესტუმრნენ. დღეს ისინი მიმოსვლით მსახურებას ეწევიან. მიშე და კრისტინა გვიყვებიან: «სასიხარულო  ცნობას არაჩვეულებრივად ეხმაურებიან აღმოსავლეთ იავის ერთ-ერთ ყველაზე ღრმად მორწმუნე მუსულმანებით დასახელებულ კუნძულ მადურაზეც კი. ხალხი მანქანებს აჩერებს და ჟურნალებს გვართმევს. ისინი გვეუბნებიან: „მუსულმანი ვარ, მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ჟურნალებს. შეიძლება, მეგობრებისთვისაც მომცეთ?“. აქ ქადაგება ერთი სიამოვნებაა!».

ყანები გადათეთრებულია მოსამკელად

1931 წელს, როდესაც ჯაკარტაში ძმა ფრანკ რაისი ჩავიდა, ინდონეზიის მოსახლეობა დაახლოებით 60 000 000-ს შეადგენდა. დღეს კი იქ თითქმის 260 000 000 ადამიანი ცხოვრობს, რის გამოც ამ ქვეყანას მოსახლეობის სიმრავლით მსოფლიოში მეოთხე ადგილი უკავია.

 ინდონეზიაში იეჰოვას მოწმეების რიცხობრივი ზრდაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 1946 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინდონეზიაში ათი მაუწყებელი იყო. დღეს კი იქ 26 000-ზე მეტი მქადაგებელია, რაც იეჰოვას კურთხევის აშკარა დასტურია. 2015 წელს გახსენების საღამოს 55  864 ადამიანი დაესწრო. ეს კი იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა რიგებს კიდევ ბევრი შეუერთდება.

იესომ თქვა: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათ. 9:37, 38). ინდონეზიელი იეჰოვას მოწმეები ამ სიტყვების თანახმად მოქმედებენ. მათ გადაწყვეტილი აქვთ, ძალ-ღონე არ დაიშურონ და თავიანთი მსახურებით ხელი შეუწყონ ღვთის სახელის განწმენდას ინდონეზიაში (ეს. 24:15).

 

გაიგეთ მეტი

როგორ მზადდება და ითარგმნება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა?

ჩვენი ლიტერატურა გამოიცემა 700-ზე მეტ ენაზე. რატომ ვახმართ ამდენ ძალისხმევას?