არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

როგორც იქნა, ოჯახი გავერთიანდით!

მოგვითხრეს ლინდა და სალი ონგებმა

როგორც იქნა, ოჯახი გავერთიანდით!

ლინდა: 12 წლის ვიყავი, როცა დედამ მითხრა, რომ უმცროსი და მყავდა, რომელიც გაუშვილებიათ. მას შემდეგ სულ მაინტერესებდა, ისიც ჩემსავით ყრუ იყო თუ არა, მაგრამ ისე გავიზარდე, რომ მის შესახებ ვერაფერი გავიგე.

სალი: არ ვიცოდი, რომ აყვანილი ვიყავი. „დედაჩემი“ სასტიკად მცემდა და მოსამსახურესავით მეპყრობოდა. ამიტომ ყოველთვის მარტოობის გრძნობა მტანჯავდა და გულით დიდ ნაღველს ვატარებდი. ამ ყველაფერს ისიც ერთვოდა თან, რომ ყრუ ვიყავი. მოგვიანებით იეჰოვას მოწმეებს შევხვდი და ბიბლიის შესწავლა დავიწყე. როდესაც „დედაჩემმა“ ამის შესახებ გაიგო, ქამრით მცემა, კარს საკეტი შეუცვალა და სახლში გამომამწყვდია. 20 წლის რომ გავხდი, სახლიდან გავიქეცი, თუმცა ქუჩაში არ დავრჩენილვარ, რადგან მოწმეებმა შემიფარეს. 2012 წლის დასაწყისში კი მოვინათლე.

 ლინდა: 20 წლის ვიყავი, როცა მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მოგვიანებით რეგიონულ კონგრესებზეც დავიწყე დასწრება, სადაც პროგრამას ყრუ-მუნჯებისთვის თარგმნიდნენ. იქ ბევრი ყრუ-მუნჯი გავიცანი, მათ შორის სალი, იეჰოვას მოწმე გოგონა, რომელიც ჩრდილოეთ სუმატრაში ცხოვრობდა. მასთან თავიდანვე განსაკუთრებული სიახლოვე ვიგრძენი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რატომ.

სალი: მე და ლინდა დავმეგობრდით. თავიდანვე შევნიშნე, რომ გარეგნულად ერთმანეთს ვგავდით, მაგრამ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.

ლინდა: 2012 წლის აგვისტოში, ნათლობის წინა დღეს, განსაკუთრებით მომინდა ჩემი დაკარგული უმცროსი დის პოვნა, ამიტომ ლოცვაში იეჰოვას ვთხოვე: „გემუდარები, მაპოვნინე ჩემი და, რათა მას შენ შესახებ ვუამბო“. ამის შემდეგ მალევე დედაჩემმა ერთი ადამიანისგან, რომელიც ჩემს დაზე ინფორმაციას ფლობდა, სრულიად მოულოდნელად მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. ამ ტექსტურ შეტყობინებას მოჰყვა რიგი მოვლენები, რომლებმაც ღვიძლი და მაპოვნინა.

სალი: როდესაც ლინდამ მითხრა, რომ მე მისი დიდი ხნის დაკარგული დაიკო ვიყავი, სასწრაფოდ ჯაკარტაში გავფრინდი. როგორც კი აეროპორტში საკონტროლო პუნქტი გავიარე, დავინახე ჩემთან შესახვედრად მოსული ლინდა, რომელიც მამაჩემთან, დედაჩემთან და ჩემს უფროს დასთან ერთად იდგა. ემოციებს ვერ ვიკავებდი; ერთმანეთს ვეხვეოდით და ვკოცნიდით. დედაჩემს დიდი ხანი ვყავდი გულში ჩაკრული. ყველას ცრემლები ჩამოგვდიოდა სახეზე. როდესაც აცრემლებულმა მშობლებმა პატიება მთხოვეს იმის გამო, რომ გამაშვილეს, უფრო მეტად ავტირდით და გადავეხვიეთ ერთმანეთს.

ლინდა: განსხვავებული აღზრდის გამო, ერთმანეთის ხასიათთან და ჩვევებთან შეგუება მოგვიწია. მაგრამ ეს არ იყო რთული, რადგან ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი!

სალი: დღეს მე და ლინდა ერთად ვცხოვრობთ და ჟესტებისენოვან კრებას ვესწრებით ჯაკარტაში.

ლინდა: მე და სალი 20 წელი ვიყავით ერთმანეთს დაშორებული. ახლა კი ვემადლიერებით იეჰოვას, რომ მისი წყალობით, როგორც იქნა, ოჯახი გავერთიანდით!