წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

სასიხარულო ცნობა აღმოსავლეთითაც ვრცელდება

სასიხარულო ცნობა აღმოსავლეთითაც ვრცელდება

1953 წელს პიტერ ვანდერჰეგენი ინდონეზიაში სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა. მას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევდა და-ძმების მონახულება, რადგან მისი რაიონი მოიცავდა აღმოსავლეთიდან დასავლეთით 5 100 კილომეტრს და ჩრდილოეთიდან სამხრეთით 1 800 კილომეტრს. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე მოგზაურობის დროს ის ხშირად ხვდებოდა საშიშ სიტუაციებს.

პიტერ ვანდერჰეგენი

1954 წელს ძმა ვანდერჰეგენმა ინდონეზიის აღმოსავლეთით მდებარე ერთ რეგიონში დაიწყო ქადაგება, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები სახლობდნენ. ამ რეგიონში შედიოდა შემდეგი კუნძულები: ბალი, რომელიც უმეტესწილად ინდუსებითაა დასახლებული; ლომბოკი და სუმბავა, რომელთა მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსულმანია; ფლორესი, სადაც ძირითადად კათოლიკეები ცხოვრობენ და სუმბა, ალორი და ტიმორი, სადაც პროტესტანტები ჭარბობენ. სანამ  დანჯღრეული ნავით ქალაქ კუპანგში (დასავლეთი ტიმორი) ჩავიდოდა, იგი გზადაგზა კუნძულებზე ქადაგებდა და ხალხთან სამეფოზე საუბრობდა. „ტიმორზე ორი კვირა ვიქადაგე. თავსხმა წვიმის მიუხედავად, ყველა პუბლიკაცია გავავრცელე. 34 ადამიანმა გამოიწერა ჟურნალები და რამდენიმე ბიბლიის შესწავლაც დავიწყე“, — იხსენებს ძმა ვანდერჰეგენი. ეს ინტერესი სპეციალურმა პიონერებმა კიდევ უფრო გააღვივეს და კუპანგში კრება ჩამოაყალიბეს. აქედან სასიხარულო ცნობა მეზობელ კუნძულებზე: როტზე, სუმბასა და ფლორესზე გავრცელდა.

კუპანგში პროტესტანტული ეკლესიის სამღვდელოება შურით აღივსო, როცა დაინახა, რომ მათი მრევლი იეჰოვას მოწმეებს უსმენდა. მაღალი წოდების ერთმა სასულიერო პირმა ხანში შესულ ხელოსანს, ტომას ტუბულაუს, რომელსაც ცალი ხელი არ ჰქონდა, უბრძანა, შეეწყვიტა მოწმეებთან შესწავლა და ნასწავლის სხვებისთვის გაზიარება. ბოლოს კი დაემუქრა, თუ ამას არ იზამ, იცოდე, სისხლი დაიღვრებაო. პასუხად ტომასმა გაბედულად მიუგო: „არც ერთი ქრისტიანი არ იტყოდა იმას, რაც ახლა შენ მითხარი. ამიერიდან ჩემი ფეხი აღარ იქნება ეკლესიაში“. მოგვიანებით ტომასი ენთუზიაზმით აღსავსე მაუწყებელი გახდა, მისი ქალიშვილი კი — სპეციალური პიონერი.

სამღვდელოება არა და არ ცხრებოდა. მათ მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ბოლო მოეღოთ იეჰოვას მოწმეების საქმიანობისთვის. 1961 წელს მათ აიძულეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და ადგილობრივი უმაღლესი სამხედრო პირები, რომ მოწმეებისთვის კარდაკარ ქადაგება აეკრძალათ. ძმებს ისღა დარჩენოდათ, რომ ქადაგების მეთოდები შეეცვალათ. მათ დაიწყეს ქადაგება ბაზრებში, ჭებთან, სასაფლაოებზე და სანაპიროებზე მეთევზეებთან. ერთი თვის შემდეგ სამხედრო პირებმა რადიოთი გაავრცელეს განცხადება ტიმორში რელიგიის თავისუფლების შესახებ. თუმცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ირწმუნებოდა, რომ კარდაკარ ქადაგება კვლავაც აკრძალული იყო. ამაზე ძმებმა სააგენტოს წარმომადგენლებს მოსთხოვეს, თავიანთი მტკიცებულება წერილობით  დაეფიქსირებინათ, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ ძმებმა შეუფერხებლად განაახლეს კარდაკარ ქადაგება.

1962 წელს პაპუაში მისიონერები პეტი და ნელ დე იაგერები და ჰანსი და სიუზი ვან ვურები ჩავიდნენ. ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებისგან წინააღმდეგობას ისინიც შეხვდნენ. სამმა ჩინოსანმა მისიონერებს მოსთხოვა, იქაურობა დაეტოვებინათ და სხვაგან ექადაგათ. პრესისა და რადიოს მეშვეობით, აგრეთვე კათედრიდან ქადაგების დროს სამღვდელოება იეჰოვას მოწმეებს ბრალს სდებდა მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებაში. ისინი აშინებდნენ, ქრთამავდნენ ან ტკბილი ენით იბირებდნენ თავიანთი მრევლის ნებისმიერ წევრს, რომელიც მისიონერებთან ბიბლიის შესწავლას იწყებდა. გარდა ამისა, ტომის ბელადებს აქეზებდნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ სამქადაგებლო საქმიანობისთვის.

მაგრამ წინააღმდეგობამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. ერთ სოფლის ბელადმა მისიონერები დაპატიჟა და მთელი სოფელი შეკრიბა. „მე და პეტმა მოკლედ ავუხსენით იქ შეკრებილებს, თუ რას მოიცავდა ჩვენი საქმიანობა, — გვიყვება ჰანსი.  — შემდეგ ჩვენმა მეუღლეებმა ინსცენირება მოაწყვეს, რომელშიც აჩვენეს, თუ როგორ ვაკაკუნებდით კარზე, როგორ შევდიოდით ნებართვის შემდეგ სახლებში და როგორ გადავცემდით მობინადრეს მოკლედ ბიბლიურ ცნობას. ტომის ბელადს და იქ შეკრებილებს მოეწონათ შეთავაზება და ნება დაგვრთეს, თავისუფლად გაგვეგრძელებინა ქადაგება“.

ამ და სხვა შემთხვევების დროს მოვლენები ერთი და იმავე სცენარით ვითარდებოდა. სამქადაგებლო საქმეს იშვიათად თუ ეწინააღმდეგებოდნენ მუსულმანები. წინააღმდეგობა ძირითადად ქრისტიანული სამღვდელოებისგან მომდინარეობდა და ეს დღესაც ასე ხდება.

„წაგიყვანენ გამგებლებთან . . . დასამოწმებლად“

იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, მათთვის და უცხოტომელებისთვის  დასამოწმებლად“ (მათ. 10:18). ეს სიტყვები გამუდმებით სრულდებოდა ინდონეზიაში.

1960 წელს ცნობილმა ჰოლანდიელმა თეოლოგმა ჯაკარტაში გამოსცა წიგნი, რომელშიც იეჰოვას მოწმეებს ცრუ ქრისტიანობაში სდებდა ბრალს. ამ წიგნმა სამღვდელოების ბევრ წარმომადგენელს საბაბი მისცა, ცილი დაეწამა მოწმეებისთვის. მაგალითად, ერთ ქალაქში სამღვდელოების წარმომადგენლებმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები „მათ მრევლს ტვინს ურევდნენ“. როდესაც ძმები დაკითხვაზე გამოიძახეს, მათ ფაქტები წარადგინეს და შესანიშნავად დაამოწმეს. ერთმა სასულიერო პირმა მეორეს ურჩია: „შეეშვით იეჰოვას მოწმეებს. მარტო ისინი თუ გამოაფხიზლებენ ჩაძინებულ პროტესტანტებს“.

ძმებს მანქანიდან გადმოაქვთ წიგნები „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“, 1963 წ.

 1964 წელს პაპუაში პროტესტანტული სამღვდელოების ერთმა ჯგუფმა რელიგიურ და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტს თხოვნით მიმართა, აეკრძალათ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. ამაზე ფილიალმა თავის დასაცავად კომიტეტის წინაშე წარდგომა მოითხოვა. «თითქმის ერთი საათის განმავლობაში მოგვიწია თავის დაცვა და იმის დაწვრილებით ახსნა, თუ რას მოიცავდა ჩვენი ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა, — იხსენებს ტაგორ ჰუტასოიტი. — ერთი პროტესტანტი პოლიტიკოსი ბრალს გვდებდა იმაში, რომ პაპუაში რელიგიურ შუღლს ვაღვივებდით. თუმცა კომიტეტის მუსულმანი წევრები ჩვენდამი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი. მათ გვითხრეს: „კონსტიტუცია მხარს უჭერს რელიგიის თავისუფლებას, ასე რომ, ქადაგების სრული უფლება გაქვთ!“». შეხვედრის ბოლოს პაპუის მთავრობის ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა: „ახალი მთავრობა . . . მხარს უჭერს რელიგიის თავისუფლებას და ცხადია, ეს ახალ რელიგიებსაც ეხება“.