წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

სურაბაიას კრება, 1954 წ.

 ინდონეზია

ქვეყანაში გალაადის კურსდამთავრებულები ჩადიან

ქვეყანაში გალაადის კურსდამთავრებულები ჩადიან

1951 წლის ივლისში ჯაკარტაში არსებული პატარა კრების წევრები ერთად შეიკრიბნენ, რომ დახვედროდნენ პიტერ ვანდერჰეგენს, „გალაადის“ კურსდამთავრებულს, რომელიც პირველი მისიონერი იყო ინდონეზიაში. იმავე წლის ბოლოს ქვეყანაში კიდევ 13 მისიონერი ჩავიდა ავსტრალიიდან, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან, რის შემდეგაც მაუწყებლების რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

„თავიდან ვფიქრობდი, რომ ენის ბარიერის გამო კარდაკარ ჟესტების გამოყენებით ვიქადაგებდი, — იხსენებს და ფრედრიკა რენსკერსი, ჰოლანდიელი მისიონერი. — თუმცა, ვინაიდან უმეტესობა ჰოლანდიურად საუბრობდა, პირველ ხანებში ძირითადად ამ ენაზე მიწევდა ქადაგება“. ავსტრალიელი რონალდ ჯაკა ამბობს: „ბევრი ჩვენგანი სამქადაგებლო ბარათებს იყენებდა, რომლებზედაც მოკლე შეთავაზებები ეწერა ინდონეზიურად. დაკაკუნებამდე თვალს ბარათს შევავლებდი და შეთავაზებას შეძლებისდაგვარად ზეპირად ვამბობდი“.

მისიონერების მძიმე შრომის შედეგად მაუწყებლების რიცხვი სულ რაღაც ერთ წელიწადში 34-დან 91-მდე გაიზარდა. 1951 წლის 1 სექტემბერს ჯაკარტაში ძმა ანდრე ელიასის სახლში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალი დაფუძნდა. ძმა რონალდ ჯაკა ფილიალის მსახურად დაინიშნა (ასე უწოდებდნენ ადრე ფილიალის კოორდინატორს).

მსახურების ველი ფართოვდება

1951 წლის ნოემბერში ძმებმა პიტერ ვანდერჰეგენი გაგზავნეს მანადოში (სამხრეთი სულავესი), სადაც თეო რატუსა და მის მეუღლეს პატარა ჯგუფი ჩამოეყალიბებინათ. მრავალმა ადგილობრივმა, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიდნენ, დიდი პატივისცემა გამოავლინეს ღვთის სიტყვისადმი. ბევრი მოწმეებს სახლში იპატიჟებდა და სთხოვდა, მათთვის ბიბლიური სწავლებები აეხსნათ. ხშირად და-ძმები ათკაციან ჯგუფებთან ქადაგებდნენ. საუბრის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მსმენელთა რიცხვი 50-მდე იზრდებოდა.  ერთი საათის შემდეგ კი მოწმეები იძულებული ხდებოდნენ, სახლიდან ეზოში გადაენაცვლათ, რადგან მსმენელთა რიცხვი 200-მდე ადიოდა.

1952 წლის დასაწყისში ალბერტ და ჯინ მალტბებმა სურაბაიაში (აღმოსავლეთი იავა), რომელიც სიდიდით ინდონეზიაში მეორე ქალაქია, მისიონერთა სახლი დააფუძნეს. ისინი იქ ექვს დასთან ერთად ცხოვრობდნენ. ეს დები იყვნენ: გერტრუდ ოტი, ეველინ პლატი, მიმი ჰარპი, სიუზი და მარიან სტუვები და ფრედრიკა რენსკერსი. „ადგილობრივთა უმეტესობა მუსულმანი იყო. მათ ძალიან მეგობრულად მიგვიღეს, — გვიზიარებს ფრედრიკა რენკერსი. — ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ მათი გულები წინასწარ იყო  მომზადებული ჭეშმარიტების მისაღებად. სამ წელიწადში სურაბაიას კრებაში უკვე 75 მაუწყებელი იყო“.

მისიონერთა სახლი ჯაკარტაში

დაახლოებით იმავე პერიოდში ერთმა მუსულმანმა მამაკაცმა, სახელად აზისმა, რომელიც პანდანგიდანაა (დასავლეთი სუმატრა), ფილიალს წერილი მისწერა, რომელშიც სულიერ დახმარებას ითხოვდა. მანამდე, 1930-იან წლებში, აზისი ბიბლიას სწავლობდა ავსტრალიელ პიონერთან ერთად, მაგრამ იაპონიის მიერ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ მასთან კონტაქტი დაკარგა. მოგვიანებით აზისს იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ერთი ბუკლეტი ჩაუვარდა ხელში. წერილში ის წერდა: „როდესაც ბუკლეტის მეშვეობით თქვენი მისამართი შევიტყვე ჯაკარტაში, სიხარულისგან სული ამიფორიაქდა!“. ფილიალმა მაშინვე გაგზავნა პანდანგიში სარაიონო ზედამხედველი, ძმა ფრანც ვან ვლიტი. იქ ჩასულმა ფრანცმა აღმოაჩინა, რომ აზისი თავის მეზობელთან, ნაზარ რისთან, ქადაგებდა ხოლმე, რომელიც თანამდებობის პირი იყო და ძალიან აინტერესებდა სულიერი საკითხები. ორივემ, აზისმა და ნაზარმა, ოჯახებიანად მიიღო ჭეშმარიტება. მოგვიანებით ძმა აზისი ძლიერი რწმენის მქონე უხუცესი გახდა. ხოლო ნაზარ რისი სპეციალურ პიონერად დაინიშნა. მისი შვილებიდან უმეტესობა დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას.

ფრანც ვან ვლიტი თავის უმცროს დასთან, ნელთან ერთად

მალე ფრანც ვან ვლიტმა აღმოსავლეთ კალიმანტანის საპორტო ქალაქ ბალიკპაპანში ერთი არააქტიური ჰოლანდიელი ძმა მოინახულა, რომელიც ომის შედეგად დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღდგენას ცდილობდა. ძმა ფრანცი მასთან ერთად მსახურებაში გავიდა და წაახალისა, რომ რამდენიმე დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლა დაეწყო. სანამ ეს ძმა თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, მან ბალიკპაპანში მოწმეების პატარა ჯგუფი ჩამოაყალიბა.

მოგვიანებით ახალმონათლული და ტიტი კიუტინი ბანჯარმასინში, სამხრეთ კალიმანტანში, გადავიდა. ტიტიმ იქ თავის ნათესავებს უქადაგა, რომლებიც დაიაკები (კუნძულ ბორნეოს ადგილობრივი ხალხი) იყვნენ. მათგან უმეტესობამ ჭეშმარიტება მიიღო. ზოგი კალიმანტანის სიღრმეში მდებარე თავის სოფლებს დაუბრუნდა და ჯგუფები ჩამოაყალიბა, რომლებიც შემდგომში კრებებად იქცა.

 ლიტერატურა ინდონეზიურ ენაზე

ვინაიდან სამქადაგებლო საქმე ელვის სისწრაფით მიიწევდა წინ, ძმებს მეტი ლიტერატურა სჭირდებოდათ ინდონეზიურ ენაზე. 1951 წელს ინდონეზიურად ითარგმნა წიგნი „დაე, მართალი იყოს ღმერთი“. თუმცა იმის გამო, რომ ინდონეზიური ენის მართლწერაში ცვლილებები შევიდა, საჭირო გახდა ამ თარგმანის გადამუშავება. * საბოლოოდ, როდესაც წიგნი გამოიცა, მან დიდი ინტერესი გამოიწვია ინდონეზიელ მკითხველში.

1953 წელს, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ინდონეზიის ფილიალმა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ 250 ეგზემპლარი დაბეჭდა ინდონეზიურ ენაზე. მიმეოგრაფზე დაბეჭდილი 12-გვერდიანი ჟურნალები თავიდან მხოლოდ სასწავლო სტატიებს შეიცავდა. სამი წლის შემდეგ კი გვერდების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა და კერძო სტამბის წყალობით თვეში 10 000-იანი ტირაჟით გამოიცემოდა.

ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ყოველთვიური გამოცემა ინდონეზიურ ენაზე 1957 წელს დაიწყო. მალე მისმა ტირაჟმაც 10 000-ს მიაღწია. იმის გამო, რომ ქვეყანაში ქაღალდის დეფიციტი იყო, ძმებმა წერილობითი თხოვნით ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართეს. ჩინოვნიკმა, რომელიც ამ განცხადებას განიხილავდა, ასეთი რამ  თქვა: «მიმაჩნია, რომ „მენარა პენგავა“ („საგუშაგო კოშკი“) ინდონეზიურ ენაზე გამომავალ ჟურნალებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალი ჟურნალების დასაბეჭდად საჭირო ქაღალდის შეძენის ლიცენზია მიიღოთ».

^ აბზ. 1 1945 წლიდან ინდონეზიური ენის მართლწერამ ორჯერ განიცადა დიდი ცვლილება, ძირითადად იმ მიზნით, რომ მათ დამწერლობაში აღარ ყოფილიყო ჰოლანდიური მართლწერის ელემენტები.