წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

ქადაგება ჯაკარტაში ბაზრის ტერიტორიაზე

 ინდონეზია

საქმე წინ მიიწევს!

საქმე წინ მიიწევს!

როდესაც ქრისტიანული ეკლესიების სასულიერო პირებმა შეიტყვეს, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვა მოიხსნა, ძალიან გაბრაზდნენ. შვიდი პროტესტანტული ეკლესიის აქტივისტებმა და სასულიერო პირებმა, სულ 700-ზე მეტმა ადამიანმა, ჯაკარტაში თათბირი გამართეს, რათა დაერწმუნებინათ მთავრობა, კვლავ აეკრძალა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. მათი მცდელობის მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვეტილება არ შეცვალა.

როდესაც ქვეყანაში აკრძალვის მოხსნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ბევრმა წერილი გაგზავნა ფილიალში; ისინი ლიტერატურას ან ბიბლიის შესწავლას ითხოვდნენ. 2003 წელს გახსენების საღამოს 42 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო მაშინ, როცა ინდონეზიაში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა ამის ნახევარიც არ იყო. ხოლო ჯაკარტაში გამართულ კონგრესზე დამსწრეთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია, მათ შორის იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი. ის გააოცა იმის დანახვამ, თუ როგორც ეძებდა საკუთარ ბიბლიაში ციტირებულ მუხლებს დარბაზში მყოფი ახალგაზრდა თუ ხნიერი. იგი შეჰპირდა ძმებს, რომ ამიერიდან დაეხმარებოდა ხალხს, იეჰოვას მოწმეებზე სწორი წარმოდგენა ჰქონოდათ.

აკრძალვის მოხსნამ მისიონერებს ინდონეზიაში დასაბრუნებელი გზა გაუხსნა. პირველი მისიონერები, რომლებიც ინდონეზიაში დაბრუნდნენ, იყვნენ: სოლომონის კუნძულებზე მცხოვრები იოსებ და ჰერავატი ნოიჰარდტები, * იაპონელი ბილი და ნენა პერიტები, ტაივანელი ესა და ვილჰელმინა ტარჰონენები და რეინერ და ფელომენა ტიკმენები. მათ კვალს მიჰყვნენ სკოლა „გალაადის“ ახალი კურსდამთავრებული მისიონერები, რომლებიც  კუნძულ კალიმანტანზე (ჩრდილოეთი სუმატრა), ჩრდილოეთ სულავესსა და სხვა დაშორებულ ტერიტორიებზე დაინიშნენ.

„ძალიან მსიამოვნებდა, რომ მოსწავლეებს ქადაგებისა და მეტყველების უნარის გაუმჯობესებაში ვეხმარებოდი“ (იულიანუს ბინიგი)

2005 წელს ფილიალმა ორგანიზება გაუწია ორი სკოლის ჩატარებას. მსახურებაში დახელოვნების სკოლის (დღევანდელი სამეფოს მახარობელთა სკოლა) ერთ-ერთმა მასწავლებელმა, იულიანუს ბინიგმა, აღნიშნა: „ძალიან მსიამოვნებდა, რომ მოსწავლეებს ქადაგებისა და მეტყველების უნარის გაუმჯობესებაში ვეხმარებოდი, რათა უფრო მეტის კეთება შეძლებოდათ ორგანიზაციისთვის“. ამ სკოლის ბევრი კურსდამთავრებული სპეციალურ პიონერად ან სარაიონო ზედამხედველად მსახურობს. ძმების უმეტესობას, რომლებმაც მიმომსვლელი ზედამხედველების სკოლის * პირველი კლასი გაიარეს, გარკვეული მომზადება მანამდე, აკრძალვის პერიოდში, ჰქონდა გავლილი. ახალი სკოლა დაეხმარა მათ, რომ აკრძალვის მოხსნის შემდეგ კვლავ გაეგრძელებინათ თავიანთი მსახურება. პონჩო პრაჩოიო, რომელმაც მიმომსვლელი ზედამხედველების სკოლის პირველი  კლასი გაიარა, აღნიშნავს: „სკოლა დამეხმარა, რომ უფრო გულისხმიერი ვყოფილიყავი და ჩემს დავალებას მეტი პასუხისმგებლობით მოვკიდებოდი. სკოლამ ბევრი რამ ახლებურად დამანახვა და აღმძრა, მაქსიმალურად დავხარჯულიყავი ღვთის საქმეში“.

შენდება მეტი დარბაზი

25-წლიანი აკრძალვის პერიოდში იეჰოვას მოწმეები შეხვედრების ჩასატარებლად სახლებში იკრიბებოდნენ. იმ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე კრებამ თუ შეძლო საკმარისი სახსრების შეგროვება სამეფო დარბაზის ასაშენებლად. სირთულეს ისიც ქმნიდა, რომ თითქმის შეუძლებელი იყო მშენებლობის ნებართვის მიღება. რადგანაც კრებები რიცხობრივად სწრაფად იზრდებოდა, ფილიალმა ჩამოაყალიბა სამეფო დარბაზების სამშენებლო განყოფილება (დღევანდელი ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილება), რომელიც იზრუნებდა იმაზე, რომ კრებებს სამეფო დარბაზები ჰქონოდათ.

პირველი სამეფო დარბაზი აშენდა კუნძულ ნიასზე (ჩრდილოეთი სუმატრა). „როცა გავიგეთ, რომ ახალი დარბაზი გვექნებოდა, სიხარულისგან ცას ვეწიეთ. ფილიალმა შვიდი ძმა გამოგზავნა, რომლებსაც ზედამხედველობა უნდა გაეწიათ მშენებლობისთვის. დარბაზის მშენებლობა 2001 წელს დასრულდა“, — ამბობს ჰაუგოარო გაე, რომელიც დიდი ხანია გუნუნგსიტოლის კრებაში მსახურობს. ფაუნესოკი ლაული კი, რომელიც ადგილობრივი სამშენებლო კომიტეტის წევრი იყო, აღნიშნავს: „უწინ პატარა სახლებში ვიკრიბებოდით, რის გამოც მოსახლეობა არაფრად გვაგდებდა. მაგრამ როგორც კი სამეფო დარბაზი აგვიშენდა, დამსწრეთა საშუალო რიცხვი 20-დან 40-მდე გაიზარდა. ერთ წელიწადში დასწრებამ 500 პროცენტით მოიმატა. დღეს იმ ტერიტორიაზე ყველაზე ლამაზი ჩვენი სამეფო დარბაზია და მეზობლებიც უფრო პატივისცემით გვეპყრობიან“.

სამეფო დარბაზი ბანდუნგში

2006 წელს დასავლეთ იავის დედაქალაქ ბანდუნგში სამეფო დარბაზის ასაშენებლად ძმებმა მიწის ნაკვეთის ძებნა დაიწყეს. «შესაფერისი ადგილის პოვნას ერთი წელი დასჭირდა, —  იხსენებს სამშენებლო კომიტეტის წევრი, სინგეპ პანჯატენი. — თუმცა სამშენებლო ნებართვის მისაღებად მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები, სულ მცირე 60 ადამიანის ხელმოწერა გვჭირდებოდა, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები. თანხმობა 76 მეზობლისგან მივიღეთ. მათ შორის იყო ერთი გავლენიანი ქალბატონი, რომელიც თავიდან გვეწინააღმდეგებოდა. როცა მშენებლობა დასრულდა, ქალაქის მერი და მეზობლები ღია კარის დღეზე დავპატიჟეთ. მერმა აღნიშნა: „ეს სუფთა და ლამაზი შენობა ნიმუში უნდა იყოს სხვა ეკლესიებისთვის“». ორსართულიანი სამეფო დარბაზი იეჰოვას 2010 წელს მიუძღვნეს.

2001 წლიდან მოყოლებული ინდონეზიაში 100-ზე მეტი სამეფო დარბაზი აშენდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი დარბაზია საჭირო.

^ აბზ. 3 ჰერავატი ნოიჰარდტის ბიოგრაფია მოთხრობილია 2011 წლის თებერვლის „გამოიღვიძეთ!“-ში.

^ აბზ. 1 ამ სკოლას დღეს ჰქვია „სკოლა მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის“.