წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

ღვთის სახელის გაბედულად გაცხადება

ღვთის სახელის გაბედულად გაცხადება

ხანგრძლივი აკრძალვების პერიოდში ინდონეზიელი ძმები ბრძნულად მოქმედებდნენ და მიჰყვებოდნენ იესოს რჩევას: „იყავით გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“ (მათ. 10:16). მაგრამ აკრძალვის მოხსნის შემდეგ ბევრ ძმას გაუჭირდა გაბედულად ქადაგება (საქ. 4:31).

მაგალითად, ზოგი ძმა თავს არიდებდა კარდაკარ ქადაგებას და ძირითადად განმეორებითი მონახულებებით და ბიბლიის შესწავლებით შემოიფარგლებოდა. სხვები თავს იკავებდნენ მუსულმანებთან ქადაგებისგან. ბევრი მსახურებისას ხალხს თავს ქრისტიანად აცნობდა და არა იეჰოვას მოწმედ. ისინი მსახურებაში „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ * ნაცვლად ბიბლიის სხვა გამოცემებს იყენებდნენ. ზოგ მაუწყებელს კი ლიტერატურის გავრცელება უჭირდა.

ერთი მხრივ, ამის მიზეზი ის იყო, რომ აკრძალვის პერიოდმა და-ძმებს გაბედულება დააკარგვინა, მეორე მხრივ კი, ამას ადგილობრივი კულტურა განაპირობებდა. ინდონეზიელები ძალიან ფრთხილები არიან. ხშირ შემთხვევაში მათ ურჩევნიათ, კომპრომისზე წავიდნენ, ვიდრე კამათში ჩაებან. რა დაეხმარა ძმებს, შეეცვალათ ქადაგებისადმი მიდგომა?

იეჰოვამ ინდონეზიელ და-ძმებს დახმარება მოწიფული ძმების მეშვეობით აღმოუჩინა, რომლებიც მათ საჭირო და დროულ რჩევებს აძლევდნენ (ეფეს. 4:11, 12). მაგალითად, 2010 წელს ინდონეზიას ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა სტივენ ლეტი, ეწვია, რომელმაც სიყვარულით მოუწოდა ძმებს, მსახურებაში „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოეყენებინათ და ამგვარად, თამამად გაეცხადებინათ ღვთის სახელი. მისიონერი მიშე ბირენსი გვიყვება: „ძმა ლეტის მოხსენებამ გულგრილი არავინ დატოვა.  მაუწყებლებმა დაინახეს, რომ, როგორც იეჰოვას მოწმეები, ყველასგან გამორჩეულები უნდა ყოფილიყვნენ და, საჭიროების შემთხვევაში, გაბედულად დაეცვათ ღვთის სიტყვა“.

რადგანაც ინდონეზიელ მუსულმანებს ხშირად იეჰოვას მოწმეები სხვა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლებში ერეოდათ, ინდონეზიურ ენაზე გამოცემულ „სამეფო მსახურების“ ფურცლებზე შემდეგი მითითება დაიბეჭდა: „უკეთესი იქნება, თუ მსმენელს საუბრის დაწყებისთანავე ეტყვი, რომ იეჰოვას მოწმე ხარ . . . ჩვენ თამამად ვაცხადებთ იეჰოვას სახელს, რადგან გვსურს, რომ მისი სახელისა და განზრახვების შესახებ ყველას ეუწყოს ჩვენს ტერიტორიაზე!“. შინსუკი კავამოტო, რომელიც ინდონეზიის ფილიალში მსახურობს, ამბობს: „ამ პირდაპირმა, თუმცა ამავდროულად, ტაქტიანმა მიდგომამ ნამდვილად კარგი შედეგი გამოიღო. ბევრ მუსულმანს აინტერესებს, ვინ არიან იეჰოვას მოწმეები და რა განგვასხვავებს სხვა რელიგიებისგან, რაც ქადაგებისთვის კარგი წინაპირობაა“.

მაუწყებლებს აგრეთვე მოუწოდეს, რომ ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ უფრო მეტი რაოდენობით გაევრცელებინათ. ფილიალის კომიტეტის კოორდინატორი, ლოტრა მიჰანკი, ამბობს: „ხალხმა ჩვენი ჟურნალების მეშვეობით უნდა გაგვიცნოს. ჟურნალები ნიადაგს ამზადებს, რომ მომავალში მათ ჭეშმარიტება მიიღონ. რაც უფრო ვაფართოებთ სამქადაგებლო მსახურების საზღვრებს და მეტ ჟურნალს ვავრცელებთ, მით მეტ ადამიანს ვაძლევთ იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობას“.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებას კარგი გამოხმაურება მოჰყვა

2013 წელს ინდონეზიის ფილიალმა ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და კრების ტერიტორიებზე ახალი მეთოდით დაიწყო ქადაგება. ამ მეთოდით ქადაგება ინდონეზიაში უფრო მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, მოისმინოს სასიხარულო ცნობა.

პირველად ლიტერატურის მაგიდები დასავლეთ ჯაკარტაში ელექტროსაქონლის დიდ სავაჭრო ცენტრში დადგეს. ამავე  მეთოდით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება კრებებმაც დაიწყეს თავიანთ ტერიტორიებზე. ერთი წლის განმავლობაში ლიტერატურის 400-ზე მეტი მაგიდა და სტენდი დაიდგა ინდონეზიის ქალაქებში. რა შედეგები მოჰყვა ამ მეთოდით ქადაგებას?

იუსაკ უნიპლაიტა, რომელიც ჯაკარტის ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს, გვიყვება: „სანამ სტენდებით ქადაგებას დავიწყებდით, ჩვენი კრება თვეში 1 200 ჟურნალს უკვეთავდა. სტენდებით ქადაგებიდან ექვს თვეში კი შეკვეთა 6 000-მდე გავზარდეთ. დღესდღეობით თვეში 8 000 ჟურნალს ვიწერთ. გარდა ამისა, წიგნებსა და ბროშურებსაც ბევრს ვავრცელებთ“. მედანში (ჩრდილოეთი სუმატრა) პიონერების პატარა ჯგუფმა სტენდები სამ სხვადასხვა ადგილას დადგა. პირველ თვეს მათ 115 წიგნი და 1 800 ჟურნალი გაავრცელეს. ორი თვის შემდეგ 60-მდე პიონერმა შვიდ სხვადასხვა ადგილას 1 200-ზე მეტი წიგნი და 12 400 ჟურნალი გაავრცელა. მისიონერი ჯესი კლარკი ამბობს: „ამ ახალი მეთოდით ქადაგება და-ძმებს ძალიან მოსწონთ. გარდა ამისა, დავინახეთ, რომ ინდონეზიაში ჯერ კიდევ ბევრია ჭეშმარიტებას მოწყურებული. აშკარაა, რომ სტენდებით ქადაგებამ გაამართლა!“.

„გულის ენა“

ინდონეზია მსოფლიოში ლინგვისტურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონის შუაგულში მდებარეობს. * მართალია, ამ ქვეყანაში უმეტესობა ინდონეზიურად საუბრობს, მაგრამ ბევრ ეთნიკურ ჯგუფს საკუთარი „გულის ენა“ გააჩნია.

მთარგმნელობითი ჯგუფი, რომელიც ბატაკურ (ტობა) ენაზე თარგმნის

2012 წელს ფილიალმა გადაწყვიტა, გაეგო, რეგიონში ყველაზე მეტად რომელი ეთნიკური ენები იყო გავრცელებული, რათა განესაზღვრათ, რა ენებზე ეთარგმნათ პუბლიკაციები. „თავიდან ლიტერატურის თარგმნა 12 ადგილობრივ ენაზე დავიწყეთ, რომლებზეც დაახლოებით 120 მილიონი ადამიანი საუბრობს, — აღნიშნავს ტომ ვან ლიმპუტენი. — როდესაც მთარგმნელებმა პირველად აიღეს ხელში იავურ ენაზე დაბეჭდილი ბუკლეტის ნიმუში,  თვალებზე სიხარულის ცრემლები მოადგათ, რადგან სულიერი საზრდოს მიღება მათ ახლა უკვე მშობლიურ ენაზეც შეეძლოთ“.

მიუხედავად იმისა, რომ კრებების ტერიტორიებზე უმეტესობა ადგილობრივ ენაზე საუბრობდა, შეხვედრები მაინც ინდონეზიურად ტარდებოდა. „2013 წელს მე და ჩემი მეუღლე, კარმენი, ჩრდილოეთ სუმატრასთან ახლოს მდებარე კუნძულ ნიასზე ორდღიან კონგრესს დავესწარით. მართალია, 400 დამსწრიდან უმეტესობა ნიასურ ენაზე საუბრობდა, მაგრამ ყველა მოხსენება ინდონეზიურად წარმოითქმებოდა. მას შემდეგ, რაც მომხსენებლებს შევუთანხმდით, აუდიტორიას გამოვუცხადეთ, რომ მომდევნო დღეს კონგრესი ნიასურ ენაზე ჩატარდებოდა. მეორე დღეს პროგრამის მოსასმენად 600-ზე მეტი კაცი მოვიდა; დარბაზში ტევა არ იყო“, — აღნიშნავს ლოთარ მიჰანკი. მისი მეუღლე კარმენი კი დასძენს: „აშკარა იყო, რომ ხალხი უფრო გულისყურით  ისმენდა, ვიდრე წინა დღეს, როცა მოხსენებები ინდონეზიურად იკითხებოდა. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ბიბლიურ ცნობას მშობლიურ ენაზე ისმენდნენ და ყველაფერს იგებდნენ“.

ყრუ-მუნჯი სულიერ დახმარებას იღებს

ინდონეზიაში ჭეშმარიტებას თავიანთ ენაზე ყრუ-მუნჯებიც „ისმენენ“. 2010 წლიდან მთარგმნელობითმა ჯგუფმა ინდონეზიურ ჟესტების ენაზე თარგმნა შვიდი ბროშურა და რვა ბუკლეტი. გარდა ამისა, ფილიალმა ორგანიზება გაუწია ჟესტების ენის შემსწავლელ კურსებს. 24 კლასში 750-ზე მეტმა და-ძმამ გაიარა სწავლების კურსი. დღეს 23 ჟესტებისენოვანი კრება და ჯგუფი სულიერ დახმარებას უწევს და ანუგეშებს ინდონეზიაში მცხოვრებ დაახლოებით სამ მილიონ ყრუ-მუნჯს.

დღეს ინდონეზიაში 37 მთარგმნელობითი ჯგუფია. 19 სხვადასხვა ადგილას 117 მთარგმნელი მუშაობს, რომლებსაც 50 და-ძმა უწევს ტექნიკურ დახმარებას.

^ აბზ. 2 ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ინდონეზიურ ენაზე სრულად 1999 წელს გამოიცა. აკრძალვის პერიოდში მთარგმნელები შვიდი წლის განმავლობაში თავაუღებლად შრომობდნენ, რათა საქმე ბოლომდე მიეყვანათ. რამდენიმე წელში კი გამოიცა ორი ტომისგან შემდგარი „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ და „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკა კომპაქტ-დისკზე. ამ საქმეში მთარგმნელებმა მართლაც რომ კოლოსალური შრომა ჩადეს!

^ აბზ. 2 ინდონეზიაში 707 ენაზე საუბრობენ, ხოლო აღმოსავლეთით, მის მეზობელ პაპუა-ახალ გვინეაში, — 838-ზე.