არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

დასავლეთ იავაში ქადაგებას კარგი ნაყოფი გამოაქვს

თეოდორეს რატუ

დასავლეთ იავაში ქადაგებას კარგი ნაყოფი გამოაქვს

1933 წელს ფრანკ რაისმა თავისთან მიიწვია ჩრდილო სულავესის მკვიდრი, თეოდორეს (თეო) რატუ და სთხოვა, ჯაკარტაში ლიტერატურის საწყობში დახმარებოდა. «ძალიან მსიამოვნებდა სამეფოსთვის შრომა, ამიტომ ძმა რაისის მხარდამხარ სიხარულით დავიწყე მსახურება, — იხსენებს თეო. — მოგვიანებით სამქადაგებლო საქმიანობაში ძმა ბილ ჰანტერს შევუერთდი და მასთან ერთად შემოვიარე იავა, შემდეგ კი „სინათლის მატარებლის“ ეკიპაჟთან ერთად სუმატრაზე ვიქადაგე». თეო პირველი ინდონეზიელი იყო, ვინც ჭეშმარიტება მიიღო. ის ათწლეულები პიონერად მსახურობდა იავაზე, ჩრდილოეთ სულავესსა და სუმატრაზე.

მომდევნო წელს ბილ ჰანტერმა ბუკლეტი „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ მისცა ჯაკარტელ სტუდენტ ფელიქს თანს. როდესაც ფელიქსი მშობლიურ ქალაქ ბანდუნგში დაბრუნდა ბუკლეტი თავის უმცროს ძმას, დოდოს აჩვენა. ორივე გაოცდა, როდესაც ბუკლეტიდან გაიგეს, რომ პირველ მამაკაცს, ადამს უკვდავი სული არ ჰქონია; ადამი თვითონ იყო სული (დაბ. 2:7). ამან ორივეს გაუღვივა ინტერესი სულიერი საკითხებისადმი, ამიტომ მათ მთელ ქალაქში ბუკინისტური მაღაზიები შემოიარეს იმ იმედით, რომ მოწმეების მიერ გამოცემულ სხვა პუბლიკაციებს იპოვიდნენ. ძმებმა ნასწავლი ოჯახის წევრებსაც გაუზიარეს.  მას შემდეგ, რაც სულმოუთქმელად წაიკითხეს მოძიებული წიგნები და ბუკლეტები, ჯაკარტაში არსებულ ლიტერატურის საწყობში წერილი გაგზავნეს. ისინი გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ჯაკარტიდან მათ ახალი ლიტერატურით ხელდამშვენებული ძმა ფრანკ რაისი ესტუმრა.

ფელიქს თანის ოჯახი

ძმა რაისის ჯაკარტაში დაბრუნებიდან მალევე ბანდუნგს 15 დღით ეწვია ახალდაქორწინებული წყვილი, კლემ და ჯინ დეშანები. ფელიქსი გვიყვება: „ძმა დეშანმა ჩემი ოჯახის წევრებს ჰკითხა, სურდათ თუ არა მონათვლა. ოჯახიდან ოთხმა — მე, დედაჩემმა კანგ ნიომ, დოდომ და ჩვენმა პატარა დაიკო ჟოზეფინამ (პინ ნიო) — იეჰოვას მივუძღვენით თავი“. * ნათლობის შემდეგ ფელიქს თანის ოჯახი კლემ და ჯინ დეშანებს შეუერთდა ცხრადღიან სამქადაგებლო კამპანიაში. კლემმა მათ სამქადაგებლო ბარათებით ქადაგება ასწავლა, რომელშიც ბიბლიური ცნობა მოკლედ იყო  გადმოცემული სამ ენაზე. მალე ბანდუნგში მაუწყებელთა პატარა ჯგუფი კრებად გადაიქცა. ეს უკვე მეორე კრება იყო ინდონეზიაში.

პაპის თავსაბურავი

სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლა სამღვდელოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია. სასულიერო პირებმა და მათმა აგენტებმა პრესაში სტატიები გამოაქვეყნეს, რომლებშიც მოწმეების სწავლებებსა და საქმიანობას უპირისპირდებოდნენ. ამ სტატიებით შეგულიანებულმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა ძმა ფრანკ რაისი დაკითხვაზე დაიბარეს. გასაუბრების შემდეგ ძმა რაისს უთხრეს, რომ შეეძლოთ შეუფერხებლად გაეგრძელებინათ თავიანთი საქმე. *

1930-ანი წლების დასაწყისში კოლონიური მთავრობის წარმომადგენლები შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ სამქადაგებლო საქმიანობას. მაგრამ, როდესაც ევროპაში ნაცისტურმა გერმანიამ მოიკრიბა ძალა, ზოგიერთმა ბიუროკრატმა დამოკიდებულება შეიცვალა, განსაკუთრებით მათ, რომლებიც თავგამოდებული კათოლიკეები იყვნენ. «საბაჟოს ერთმა კათოლიკე თანამშრომელმა ჩვენი წიგნებით სავსე ტვირთი დააკავა იმ მიზეზით, რომ თითქოსდა ისინი ანტინაცისტურ ინფორმაციას შეიცავდა, — გვიყვება კლემ დეშანი. — როდესაც საჩივრით საბაჟო დეპარტამენტს მივმართე, ის მტრულად განწყობილი მებაჟე შვებულებაში იმყოფებოდა. მისმა შემცვლელმა, რომელიც არ იყო კათოლიკე, მყისვე გაათავისუფლა დაკავებული ტვირთი და მითხრა: „სანამ ჩემი თანამშრომელი აქ არ არის, ყველაფერი წაიღეთ!“».

ორი ილუსტრაცია წიგნიდან „მტრები“, რომელზეც მთავრობამ ცენზურა დააწესა

«სხვა შემთხვევის დროს, ჩინოვნიკები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ წიგნიდან „მტრები“ ამოგვეღო ორი ილუსტრაცია, — ამბობს ჯინ დეშანი. — მათ მხედველობაში ჰქონდათ გველის (სატანა) და მთვრალი მეძავის (ცრუ რელიგია) კარიკატურები. ორივეს  პაპის თავსაბურავი (მიტრა) ეხურა. * ვინაიდან გულით გვეწადა ამ წიგნის გავრცელება, სამი ჩვენგანი პორტში დავრჩით და პაპანაქება სიცხეში ათასობით წიგნში შავად გადავაფერადეთ პაპის თავსაბურავი!».

იმ დროს, როდესაც ევროპა ომში ებმებოდა, ჩვენი პუბლიკაციები უშიშრად ამხელდა ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობას და მის კავშირს პოლიტაკასთან. ვალში არც სამღვდელოება დაგვრჩენია. მან გააძლიერა ზეწოლა ხელისუფლების წარმომადგენლებზე იმ მიზნით, რომ შეეზღუდათ ჩვენი საქმიანობა, რასაც მალე რამდენიმე პუბლიკაციის აკრძალვა მოჰყვა.

ამის მიუხედავად, ძმებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ყველაფერი გაეკეთებინათ სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლისთვის. ისინი პუბლიკაციების დასაბეჭდად ავსტრალიიდან გამოგზავნილ საბეჭდ დაზგას წარმატებით იყენებდნენ (საქ. 4:20). აი, როგორ აღგვიწერს ძმების სტრატეგიას ჯინ დეშანი: „დაბეჭდვის შემდეგ ყოველი ახალი ჟურნალი ან ბუკლეტი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან მიგვქონდა, რომ მათგან ნებართვა მიგვეღო. პუბლიკაციებს კვირის დასაწყისში ვბეჭდავდით და მაშინვე ვუგზავნიდით კრებებს. კვირის ბოლოს კი ერთი ეგზემპლარი იუსტიციის მინისტრთან მიგვქონდა. თუ გავრცელების ნებართვას არ მოგვცემდა, დანანებით გავაქნევდით თავს და საჩქაროდ უკან ვბრუნდებოდით სტამბაში, რომ მორიგი პუბლიკაციის დაბეჭდვა დაგვეწყო“.

და-ძმებს, რომლებიც აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდნენ, ხშირად პოლიციასთან კატათაგვობანას თამაში უწევდათ. მაგალითად, აღმოსავლეთ იავის ქალაქ კედირში ქადაგების დროს ჩარლზ ჰარისმა შემთხვევით ადგილობრივი ინსპექტორის კარზე დააკაკუნა.

„მთელი დღეა შენ გეძებ, — მითხრა ინსპექტორმა. — დამელოდე, სანამ აკრძალული წიგნების სიას გამოვიტან“.

„მანამ ის სახლში სიას ეძებდა, მე მოვასწარი აკრძალული პუბლიკაციები პალტოს შიდა ჯიბეებში დამემალა. როცა ინსპექტორი დაბრუნდა, 15 ბუკლეტი მივეცი, რომლებიც არ იყო აკრძალული. მან პუბლიკაციების ფული უხალისოდ გადამიხადა. იქიდან რომ წამოვედი, დამალული ლიტერატურა ქუჩაში გავავრცელე“.

ბეჭდვა აკრძალვის დროს

როდესაც ევროპა II მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვია, ჰოლანდიიდან ინდონეზიაში ლიტერატურის შეტანა შეჩერდა. თუმცა ძმებმა მანამდე დაინახეს მოახლოებული საფრთხე და ჯაკარტაში ერთ-ერთ კომერციულ კომპანიას მოელაპარაკნენ, დაებეჭდათ ჩვენი ლიტერატურა. ჟურნალ „ნუგეშის“ (დღევანდელი „გამოიღვიძეთ!“) პირველი ნომერი ინდონეზიურ ენაზე გამოიცა 1939 წელს, „საგუშაგო კოშკი“ კი — ცოტა მოგვიანებით. მალე ძმებმა პატარა საბეჭდი დაზგა შეიძინეს და ლიტერატურის ბეჭდვა თავად დაიწყეს. 1940 წელს კი მათ ავსტრალიიდან ბრტყლად საბეჭდი დიდი დაზგა მიიღეს და შეუდგნენ ბუკლეტებისა და ჟურნალების ბეჭდვას ინდონეზიურ და ჰოლანდიურ ენებზე. ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან ფარავდნენ.

პირველი საბეჭდი მოწყობილობა, რომელიც ჯაკარტაში ჩაიტანეს

 ბოლოს, 1941 წლის 28 ივლისს, მთავრობამ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყველა პუბლიკაცია აკრძალა. ჯინ დეშანი გვიყვება: „ერთ დილით, როდესაც ოფისში ვბეჭდავდი, მოულოდნელად ყველა კარი უხეშად გაიღო და სამი პოლიციელი მარშით შემოვიდა. უფროსი ნიდერლანდელი ოფიცერი სამეფო რეგალიებით იყო მორთული, — მედლებით, თეთრი ხელთათმანით, წელზე შემორტყმული დაშნითა და ბუმბულიანი ქუდით. მათი მოსვლა არ გაგვკვირვებია, რადგან სამი დღით ადრე ჩვენს ყურამდე საიდუმლო ინფორმაცია მოვიდა, რომ ჩვენს პუბლიკაციებს აკრძალვას უპირებდნენ. პომპეზურად გამოწყობილმა ოფიცერმა გრძელი განცხადება წაიკითხა და შემდეგ მოითხოვა, სტამბაში წაგვეყვანა. მას მისი დალუქვა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამაზე ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ უკვე გვიანი იყო, რადგან საბეჭდი დაზგა წინა დღის გაყიდული გვქონდა!“.

ყველაფრის მიუხედავად, ბიბლია აკრძალული პუბლიკაციების სიაში არ მოხვედრილა, ამიტომ ძმები მხოლოდ ბიბლიის გამოყენებით განაგრძობდნენ კარდაკარ ქადაგებას და ბიბლიის შესწავლების ჩატარებას. როდესაც II მსოფლიო ომის საშიშროება აზიასაც დაემუქრა, უცხოელმა პიონერებმა მითითება მიიღეს, ავსტრალიაში დაბრუნებულიყვნენ.

^ აბზ. 1 მოგვიანებით, ფელიქსის მამა და სამი ძმაც იეჰოვას მოწმეები გახდნენ. მისი და, ჟოზეფინა, დაქორწინდა ანდრე ელიასზე. დაქორწინების შემდეგ მათ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ გაიარეს. ჟოზეფინას ბიოგრაფია შეგიძლიათ წაიკითხოთ 2009 წლის სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში.

^ აბზ. 1 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრანკი ავსტრალიაში დაბრუნდა, სადაც დაქორწინდა და შვილები შეეძინა. ფრანკ რაისმა მიწიერი ცხოვრება 1986 წელს დაასრულა.

^ აბზ. 3 ეს ილუსტრაციები შეიქმნა გამოცხადების 12:9-სა და 17:3—6-ის საფუძველზე.