არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

ჰაიტის კრეოლენოვანი ტერიტორია

ჰაიტის კრეოლენოვანი ტერიტორია

ქადაგება ჰაიტის კრეოლენოვან ტერიტორიაზე

ესპანურენოვან ტერიტორიაზე ქადაგება საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. თუმცა დროთა განმავლობაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში ბევრი უცხოელი ჩავიდა, რომლებიც ეხმაურებოდნენ დამაიმედებელ ცნობას. მეზობლად მდებარე ჰაიტიში, ხალხი ძირითადად ჰაიტის კრეოლზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ზოგჯერ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, ათასობით ჰაიტელი გადადის სამუშაოდ დომინიკელთა რესპუბლიკაში, რომელთა რიცხვი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა.

წლების განმავლობაში ჰაიტის კრეოლზე მოლაპარაკე ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებით ინტერესდებოდნენ, ესპანურენოვან კრებებს ესწრებოდნენ. მაგრამ მათი სულიერი წინსვლისთვის 1993 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ გვადელუპას ფილიალს ურჩია, მოეწვიათ სპეციალური პიონერები, რომლებიც დომინიკელთა რესპუბლიკაში ჰაიტის კრეოლენოვან ტერიტორიაზე იმსახურებდნენ. იმ სამი წყვილიდან, ვინც მოწვევას გამოეხმაურა, იყვნენ ბარნაბე და ჟერმენ ბიაბიანები. „თავიდან მხოლოდ ორი ბროშურა გვქონდა ჰაიტის კრეოლზე, — იხსენებს ბარნაბე.  — დანარჩენი პუბლიკაციები ფრანგულ ენაზე იყო. ამიტომ ყველაფრის თარგმნა ფრანგულიდან ჰაიტის კრეოლზე გვიწევდა“.

1996 წლის იანვარში ჰაიტის კრეოლენოვანი ჯგუფის დახმარების სურვილი გამოთქვა ცხრა მაუწყებელმა ქალაქ იგუეიდან და ათმა მაუწყებელმა სანტო-დომინგოდან. ასე  რომ, ორივე ქალაქში ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომლებიც მალე კრებებად გადაიქცა. თუმცა მოგვიანებით ეს კრებები დაიშალა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბევრ ჰაიტელს სურდა ესპანურის სწავლა და ერჩივნა, ესპანურენოვან კრებას დასწრებოდა. ბარნაბე გვიხსნის: „ძმებმა სამსახურებრივი განყოფილებიდან გვირჩიეს, რომ დროებით შეგვეჩერებინა ეს საქმე“.

მსახურების განახლება ჰაიტის კრეოლენოვან ტერიტორიაზე

2003 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ დომინიკელთა რესპუბლიკაში ჰაიტის კრეოლენოვან ტერიტორიაზე დანიშნა მისიონერი წყვილი დონგ და გლედის ბარკები. ისინი ორი წელი მსახურობდნენ ქალაქ იგუეიში, რასაც კარგი შედეგი მოჰყვა. 2005 წლის 1 ივნისს ჩამოყალიბდა კრება ჰაიტის კრეოლზე. დონგ ბარკმა, ბარნაბე ბიაბიანმა და კიდევ ერთმა მისიონერმა, სტივენ როჯერსმა, მთელი ქვეყანა შემოიარეს, რომ ჰაიტის კრეოლენოვანი ხალხისთვის ექადაგათ.

საქმე კარგად მიდიოდა. იზრდებოდა კრებების რიცხვი. 2006 წლის 1 სექტემბერს პირველი ჰაიტის კრეოლენოვანი რაიონი ჩამოყალიბდა. რაიონში შედიოდა შვიდი კრება და ორი ჯგუფი. სარაიონო ზედამხედველად ძმა ბარნაბე ბიაბიანი დაინიშნა.

მომდევნო წლებში ქვეყანაში კიდევ რამდენიმე მისიონერი დაინიშნა ჰაიტის კრეოლენოვან ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მათ დასახმარებლად იქ თავიანთი სურვილით სხვა მქადაგებლებიც ჩავიდნენ ევროპიდან, კანადიდან, შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან. უცხოელი და ადგილობრივი და-ძმების დასახმარებლად დაინიშნენ კვალიფიცირებული ძმები, რომლებიც შეიმუშავებდნენ ჰაიტის კრეოლის შესასწავლ კურსს.

ბევრი ფიქრობს, რომ თუ რომელიმე უცხოელი ჰაიტის კრეოლზე ლაპარაკობს, უეჭველად იეჰოვას მოწმეა

ჰაიტელებზე ძალიან იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ამდენი დომინიკელი უდიდეს ძალისხმევას ახმარდა მათი ენის შესწავლას.  ახლა როცა დომინიკელი მოწმე ჰაიტელს მის ენაზე უზიარებს ჭეშმარიტებას, დაძაბულობა ქრება და იქმნება სასიამოვნო ატმოსფერო სამეფოს ცნობაზე სასაუბროდ. ჰაიტის კრეოლზე საუბარი იმდენად ბევრმა ისწავლა, რომ ხალხი ფიქრობს, რომ თუ რომელიმე უცხოელი ამ ენაზე ლაპარაკობს, უეჭველად იეჰოვას მოწმეა.

იმის დასანახვებლად, თუ რა ძლიერ მოქმედებს სხვა კულტურის ადამიანზე გულწრფელი ინტერესის გამოვლენა, მოვიყვანოთ ერთი დომინიკელი პიონერი დის შემთხვევა, რომელმაც ჰაიტის კრეოლის შესასწავლი კურსები გაიარა. მსახურებაში ის შეხვდა ერთ დაინტერესებულ ჰაიტელ წყვილს. ბიბლიის შესწავლის დასაწყებად დამ მათ განმეორებით მიაკითხა. ის ყვება: «მათთან რომ მივედი, ცოლს მივესალმე და გადავკოცნე, რადგან ქალები ასე ესალმებიან ერთმანეთს დომინიკელთა რესპუბლიკაში. ქალმა ტირილი დაიწყო. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი? მან მიპასუხა: „მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, პირველად მოხდა, რომ ვიღაცა ლოყაზე კოცნით მომესალმა“».

იეჰოვამ დიდად აკურთხა და-ძმების დაუღალავი შრომა ჰაიტის კრეოლენოვან ტერიტორიაზე, რასაც საოცარი ზრდა მოჰყვა. 2009 წლის 1 სექტემბრისთვის 23 კრება და 20 ჯგუფი იყო ჰაიტის კრეოლზე, რის გამოც მეორე რაიონი ჩამოყალიბდა. 2011 წელს გახსენების საღამოს დამსწრეთა რიცხვმა ცხადყო, რომ ზრდა კიდევ იყო მოსალოდნელი. მაგალითად, პატარა ქალაქ რიო-ლიმპიოში 11 მაუწყებელი სიხარულს ვერ მალავდა, როცა გახსენების საღამოს 594 ადამიანი დაესწრო. ხოლო, როდესაც ქალაქ ლას-იაიას-დე-ვიახამაში ძმები  გახსენების საღამოს ჩასატარებლად ჩავიდნენ, სადაც არც ერთი მაუწყებელი არ იყო, შეხვედრაზე 170 კაცი მივიდა. 2011 წლის სექტემბრისთვის ჰაიტის კრეოლენოვან ტერიტორიაზე 33 კრება და 21 ჯგუფი იყო. 2012 წელს კიდევ ერთი რაიონი ჩამოყალიბდა.

ძმები მსახურებისთვის რომ მოამზადონ, დომინიკელთა რესპუბლიკისა და ჰაიტის ფილიალები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ჰაიტის კრეოლზე ხუთჯერ ჩატარდა ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის, ხოლო ქრისტიანი წყვილებისთვის — ოთხჯერ.

ჰაიტის კრეოლის გაკვეთილი