არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

ჭეშმარიტება

ჭეშმარიტება

 ჭეშმარიტებას საფუძველი ეყრება

1945 წლის პირველ აპრილს, კვირა დღეს, დომინიკელთა რესპუბლიკის დედაქალაქ სიუდად-ტრუხილიოს (დღევანდელი სანტო-დომინგო), გალაადის კურსდამთავრებული წყვილი, ლენარტ და ვირჯინია ჯონსონები ეწვივნენ. ამ კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით სავსე ქვეყანაში ისინი პირველი მოწმეები გახლდნენ. * 1946 წლის „წელიწდეულში“ ეწერა, რომ „ეს მართლაც გზის გასაკვალავი ტერიტორია იყო და ამ მისიონერებს ყველაფერი ნულიდან უნდა დაეწყოთ“. წარმოიდგინეთ, იქ არც ფილიალი იყო, არც სამეფო დარბაზი და არც კრებები. ისინი იქ არავის იცნობდნენ, დამტვრეული ესპანურით საუბრობდნენ, არც სახლი ჰქონდათ და არც არანაირი ავეჯი. რა უნდა ექნათ?

ლენარტი იხსენებს: «სასტუმრო „ვიქტორიაში“ დავბინავდით. ნომერში დღეში 5 დოლარს ვიხდიდით, ამ თანხაში ჭამაც შედიოდა. იმავე დღეს დავიწყეთ პირველი ბიბლიის შესწავლა. ეს ასე მოხდა: ორმა დომინიკელმა ქალმა, რომლებსაც ბრუკლინში ბიბლიას ვასწავლიდით, თავიანთი ნათესავებისა და ნაცნობების მისამართები მოგვცეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი დოქტორი გრინი იყო. მასთან მისულებმა მისი მეზობელი მოზეს როლინზიც გავიცანით. როდესაც გაიგეს, თუ საიდან ვიცოდით მათი სახელები და მისამართები, ყურადღებით მოისმინეს სამეფოს ცნობა და ბიბლიის შესწავლაზე დაგვთანხმდნენ. მალევე მოზესი პირველი ადგილობრივი მაუწყებელი გახდა».

ორი თვის შემდეგ ივნისის დასაწყისში კუნძულზე კიდევ ოთხი მისიონერი ჩავიდა. მოკლე დროში მათ საკმაოდ დიდი  რაოდენობით ლიტერატურა გაავრცელეს და ბევრი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ოქტომბერში უკვე აშკარა გახდა, რომ აუცილებელი იყო კრების შეხვედრების ჩასატარებელი ადგილი. ამიტომ მისიონერებმა თავიანთი სასადილო და მისაღები ოთახები სამეფო დარბაზად გადააკეთეს. შეხვედრებს ორმოცამდე ადამიანი ესწრებოდა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ჭეშმარიტებას გამოეხმაურა, იყო პაბლო ბრუზაუდი, რომელსაც ყველა პალეს ეძახდა. ის ავტობუსის მძღოლად მუშაობდა სანტიაგო — სიუდად-ტრუხილიოს ხაზზე, რის გამოც ხშირად უხდებოდა დედაქალაქში ჩასვლა. ერთ დღესაც ის სიუდად-ტრუხილიოში შეხვდა იეჰოვას მოწმეებს და სიამოვნებით გამოართვა წიგნი „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“. მოწმეები მასთან ყოველდღე ატარებდნენ ბიბლიის შესწავლას. პალე მალევე შეუერთდა მისიონერებს სამქადაგებლო საქმიანობაში და მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფდა. მოგვიანებით ის შეხვდა ლენარტ ჯონსონს. ისინი სიუდად-ტრუხილიოდან მიდიოდნენ ჩრდილოეთით, გასცდებოდნენ სანტიაგოს და მთების იქით, სანაპირო ქალაქ პუერტო-პლატაში აკითხავდნენ დაინტერესებულთა ჯგუფს, რომლებსაც მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ბრუკლინში (ნიუ-იორკი) წერილი ჰქონდათ გაგზავნილი.

ძმა ნორისა და ფრენცის ვიზიტი

1946 წლის მარტში დომინიკელთა რესპუბლიკაში მთავარი სამმართველოდან ჩავიდნენ ნეითან ნორი და ფრედერიკ ფრენცი. მათ სტუმრობას იქაური ძმები მთელი გულით ელოდნენ; ძმა ნორის მიერ წარმოთქმული მოხსენება ძმების გარდა 75 ადამიანმა მოისმინა. მან დომინიკელთა რესპუბლიკაში ფილიალის დაარსებაზეც იზრუნა.

ძმა ნორი და ფრენცი სიუდად-ტრუხილიოში პირველ სამეფო დარბაზთან

კუნძულზე სხვა მისიონერებიც გაგზავნეს. 1946 სამსახურებრივი წლის ბოლოსთვის იქ უკვე 28 მაუწყებელი იყო. რადგანაც ამ კუნძულზე სასიხარულო ცნობის ქადაგება ახალი დაწყებული იყო, მისიონერებმა ტერიტორიის უბნებად დაყოფას  არაერთი საღამო მოანდომეს. ამის წყალობით ისინი სამქადაგებლო საქმეს ორგანიზებულად და საფუძვლიანად შეასრულებდნენ.

საქმე წინ მიიწევს

1947 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში 60-მდე მაუწყებელი იღებდა სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობას. იმავე წელს ზოგი მისიონერი, რომლებიც კუბაში მსახურობდნენ, დომინიკელთა რესპუბლიკაში დაინიშნენ. მათ შორის იყვნენ როი და ხუანიტა ბრანტთები. ძმა ბრანტთი ფილიალის ზედამხედველად დაინიშნა და მომდევნო ათი წელი ამ საქმეს ასრულებდა.

1948 სამსახურებრივი წლის მიწურულს დაახლოებით 110 მაუწყებელი მსახურობდა თავდაუზოგავი მისიონერების მხარდამხარ. ამ გულმოდგინე მაუწყებლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ რა რთული დრო ელოდათ წინ.

^ აბზ. 1 საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურა დომინიკელთა რესპუბლიკაში 1932 წლიდან ვრცელდება. მაგრამ ქადაგება და დაინტერესებულების მონახულება მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ 1945 წელს ჯონსონები ჩავიდნენ.