წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

ძვირფასო და-ძმებო!

„ღმერთს ყოველთვის ვმადლობთ, როცა ლოცვებში გიხსენიებთ ყველა თქვენგანს, რადგან ყოველთვის გვახსოვს თქვენი რწმენის საქმეები, სიყვარულით შრომა და მოთმინება, რაც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იმედის წყალობით გაქვთ ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე“ (1 თეს. 1:2, 3). ეს სიტყვები მართლაც რომ შესანიშნავად გამოხატავს ჩვენს გრძნობებს თქვენდამი. ღმერთს მადლობას ვწირავთ თქვენთვის და იმ კარგი საქმისთვის, რასაც თქვენ ასრულებთ.

გასულ წელს სამეფოსთვის რწმენითა და სიყვარულით შრომობდით. მრავალმა თქვენგანმა ყველაფერი გააკეთა მსახურების გასაფართოებლად. ზოგი საქადაგებლად იმ ტერიტორიაზე ან ქვეყანაში გადავიდა, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ბევრმა მსახურება იმით გააფართოვა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაიწყო ქადაგება. სხვებს სურვილი გაუჩნდათ, დამხმარე პიონერად ემსახურათ გახსენების საღამოს პერიოდში, სარაიონო ზედამხედველის მონახულებისას ან 2014 წლის აგვისტოში სპეციალური კამპანიის დროს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მდგომარეობა იცვლება, ვხედავთ, რომ იეჰოვას მთელი გულით და სულით ემსახურებით, რისთვისაც დიდად საქებარნი ხართ (კოლ. 3:23, 24). მართლაც, თქვენი „რწმენის საქმეები“ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იეჰოვას მადლობა ვუძღვნათ!

დიდად ვაფასებთ თქვენს „სიყვარულით შრომასაც“, რასაც მთელ მსოფლიოში სამშენებლო პროექტებში მონაწილეობით ეწევით. ჩვენ ნამდვილად ვსაჭიროებთ ახალ შენობებს, რადგან იეჰოვას ხალხი რიცხობრივად სულ უფრო და  უფრო იზრდება (ეს. 60:22). წარმოიდგინეთ, გასულ წელს მაუწყებლების უმაღლესმა რიცხვმა 8 201 545-ს მიაღწია. ბიბლიის შემსწავლელთა რიცხვი კი თვეში საშუალოდ 9 499 933 იყო. ასეთი ზრდის გამო ბევრი ფილიალი საჭიროებს გაფართოებას ან გადაკეთებას. იქმნება აგრეთვე ახალი სამეფო დარბაზების საჭიროება. ამავდროულად ბევრ ქვეყანაში საჭირო ხდება მთარგმნელობითი ოფისების გახსნა, რათა მთარგმნელები იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, სადაც ამ ენაზე საუბრობენ.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „რის გაკეთება შემიძლია სამშენებლო პროექტების მხარდასაჭერად?“. ზოგ ჩვენგანს მშენებლობაში უშუალო მონაწილეობის მიღება შეუძლია. სამშენებლო გამოცდილებაც რომ არ გვქონდეს, ყველას გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქონებიდან გარკვეული წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში (იგავ. 3:9, 10). კარვის აგების დროს ისრაელები იმდენად უხვად გასცემდნენ შესაწირავს, რომ საჭირო გახდა განცხადების გაკეთება, რათა ხალხს შეეწყვიტა შესაწირავის მიტანა (გამ. 36:5—7). უეჭველია, რომ ასეთი ბიბლიური მაგალითები გულგრილს არ გვტოვებს და გაცემისკენ აღგვძრავს. თქვენი „სიყვარულით შრომა“ წმინდა მსახურების ამ მნიშვნელოვან საქმეში, კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ვმადლობდეთ იეჰოვას თქვენ გამო!

განსაკუთრებით გვახარებს თქვენი ურყევი ერთგულება და მოთმინება. მაგალითად, დავფიქრდეთ სამხრეთ კორეაში მცხოვრებ ჩვენს ძვირფას ძმებზე. 1950 წლიდან მოყოლებული ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ამ ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდა ძმებს სხვადასხვა ვადით უწევთ ციხეებში სასჯელის მოხდა. უკვე ათწლეულებია, რაც  ჩვენი ძმები ურყევად იტანენ ასეთ მოპყრობას. მათი მოთმინების მაგალითი რწმენას გვიმტკიცებს!

ერიტრეაში სამი ძმა 20 წელზე მეტია, რაც დაპატიმრებულია. სხვებს შედარებით ნაკლები აქვთ მისჯილი. მათ შორის არიან დედები შვილებთან ერთად. ძმები რას აღარ აკეთებენ მათ გასათავისუფლებლად, მაგრამ დღემდე არც ერთი არ გათავისუფლებულა. ჩვენი პატიმარი ძმები კომპრომისზე არ მიდიან. უმძიმესი პირობების მიუხედავად, ისინი უმწიკვლობას ინარჩუნებენ. ამ ერთგულ ძმებს ყოველთვის ვიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში (რომ. 1:8, 9).

მართალია, რწმენის გამო უმეტესობას ციხეში ჯდომა არ გიწევთ, მაგრამ ბევრი თქვენგანი მაინც მრავალ პრობლემას ებრძვის. ეს შეიძლება იყოს ასაკთან დაკავშირებული პრობლემები, ქრონიკული დაავადებები, მეუღლისგან ან ნათესავებისგან წინააღმდეგობა და შესაძლოა ისეთი რამ, რაც თქვენ გარდა არავინ იცის. და მაინც, ქებას იმსახურებთ, რომ დღემდე ერთგულად ემსახურებით იეჰოვას! (იაკ. 1:12). თქვენი ურყევი ერთგულება და მოთმინება კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ვმადლობდეთ იეჰოვას თქვენ გამო.

დიახ, თქვენი რწმენის საქმეები, სიყვარულით გაწეული შრომა და მოთმინება, ბრწყინვალე მიზეზს გვაძლევს, ვმადლობდეთ „იეჰოვას, რადგან კარგია იგი“ (ფსალმ. 106:1). გვინდა, თითოეული თქვენგანი ჩვენს გულწრფელ სიყვარულში დაგარწმუნოთ. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ გაგაძლიეროთ და გაკურთხოთ, რათა მარადიულად ემსახუროთ მას!

თქვენი ძმები,

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო