წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ყველაზე გამძლე ბიბლია

ყველაზე გამძლე ბიბლია

იეჰოვას მოწმეებისთვის ბიბლიაზე ძვირფასი წიგნი არ არსებობს. ბიბლიას ჩვენ რეგულარულად ვკითხულობთ. გარდა ამისა, მისი მეშვეობით სხვებს ვუქადაგებთ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ (მათ. 24:14). ამიტომ ძმებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისათვის, რომ 2013 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ლამაზიც ყოფილიყო და გამძლეც.

როდესაც ძმები უოლკილის (ნიუ-იორკი, აშშ) სტამბიდან დიზაინისა და მასალის ხარისხის თაობაზე ერთ-ერთი საამკინძაოს დირექტორს გაესაუბრნენ, მან ასეთი რამ თქვა: „ისეთი ბიბლიების დამზადება, როგორიც თქვენ გინდათ, შეუძლებელია. მართალია, თანამედროვე ბიბლიების უმეტესობას ლამაზი იერსახე აქვს და თაროებს ამშვენებს, მაგრამ სიმტკიცითა და გამძლეობით, სამწუხაროდ, ვერ დაიკვეხნიან“.

 „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ზოგიერთი ძველი გამოცემა არ იყო გამძლე. უოლკილის სტამბაში მომუშავე ძმებმა კარგად შეისწავლეს ყდის დასამზადებლად საჭირო მასალები, დასაწებებელი საშუალებები და აკინძვის მეთოდები, რათა შეექმნათ ისეთი ბიბლია, რომელიც ინტენსიური გამოყენების მიუხედავად ადვილად არ გაფუჭდებოდა და გაუძლებდა სხვადასხვა კლიმატურ პირობებს. ამ დაკვირვებების საფუძველზე მათ გამოსცეს ბიბლიის რამდენიმე საცდელი ეგზემპლარი და ისეთ ქვეყნებში გაგზავნეს, სადაც ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული კლიმატური პირობებია.

ექვს თვეში ეს ბიბლიები უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ძმებმა მათზე დაკვირვებით ხარისხი კიდევ უფრო დახვეწეს და ამგვარად შექმნილი ახალი ბიბლიები კვლავ გამოსაცდელად გაგზავნეს. მთლიანობაში მათ 1 690-ზე მეტ ბიბლიაზე მოახდინეს დაკვირვება. რამდენიმე მათგანი შემთხვევით კიდევ უფრო საშინელ პირობებში აღმოჩნდა. მაგალითად, ერთ ბიბლიას მანქანამ გადაუარა, მეორეს, გარეთ მთელი ღამე აწვიმდა, მესამე კი, ტაიფუნის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დაფარა.

2011 წელს, მაშინ, როცა ბიბლიებზე დაკვირვებები მიმდინარეობდა, უოლკილსა და ებინაში (იაპონია) განთავსებული სტამბებისთვის მაღალსიჩქარიანი საამკინძაო მოწყობილობები შევიძინეთ. ჩვენი მიზანი მარტო ის კი არ იყო, რომ გამოცემის დღისთვის საკმარისი რაოდენობის ბიბლიები დაგვებეჭდა, არამედ ის, რომ ორივე სტამბაში დაბეჭდილ ბიბლიებს ერთნაირი იერსახე ჰქონოდათ.

ფორმადაკარგული ბიბლიები

თავიდან ბიბლიის ყდები ფორმას კარგავდნენ

2012 წლის დასაწყისში იეჰოვას მოწმეებმა თავიანთ ორ სტამბაში დაიწყეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 1984 წლის გამოცემის ბეჭდვა ახალი ყდებით. ამ ბიბლიების გამოსაცემად მათ გამოიყენეს ისეთი წებო და სასარჩულე მასალა, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ გამოცდილი; როგორც კი ბიბლიებს ყდები გაუკეთეს, მათ მაშინვე ფორმა დაკარგეს. ამის გამო დროებით შეწყდა ბიბლიების გამოცემა.

როგორც ერთ-ერთი სახეობის ყდების მწარმოებლებმა აღნიშნეს, რბილყდიანი წიგნები მეტწილად ფორმას კარგავენ და  ეს პრობლემა მოუგვარებელია. მიუხედავად ამისა, ძმებმა ხელი არ ჩაიქნიეს და არ იფიქრეს, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, ისევ მაგარყდიანი ბიბლიების გამოცემა იყო. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ გამოეცათ ლამაზი და გამძლე რბილყდიანი ბიბლია. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ისინი აწარმოებდნენ დაკვირვებებს — იყენებდნენ სხვადასხვა სახის წებოსა და სასარჩულე მასალას. ბოლოს მიაგნეს ისეთ კომბინაციას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ისეთი რბილყდიანი ბიბლიების დაბეჭდვა, რომლებიც ფორმას არ დაკარგავდა.

საამკინძაო უოლკილის სტამბაში

ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა იგეგმებოდა 2013 წლის 5 ოქტომბერს, „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ ყოველწლიურ შეხვედრაზე. 2013  წლის 9 აგვისტოს, პარასკევს, ბიბლიის გადამუშავებული თარგმანის ელექტრონული ვერსია ჩვენს სტამბებში გაიგზავნა, სადაც მეორე დღიდანვე შეუდგნენ ბეჭდვას. 15 აგვისტოს დაიბეჭდა მთლიანი ბიბლიის პირველი ეგზემპლარი. შემდეგი შვიდი კვირის მანძილზე უოლკილისა და ებინას  სტამბები დღე და ღამე შეუჩერებლად მუშაობდა, რის შედეგადაც ბიბლიის 1 600 000-ზე მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა. ეს რაოდენობა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყველას, ვინც წლიურ შეხვედრას მოისმენდა, ამ თარგმანის პირადი ეგზემპლარი მიეღო.

ამ ლამაზ და გამძლე ბიბლიას კიდევ უფრო მიმზიდველს და ღირებულს მასში ჩაწერილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა ხდის. ერთმა ქალბატონმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ახალი ბიბლიის მიღებიდან მეორე დღესვე, ასეთი სიტყვები მოგვწერა: „ამ ახალი გამოცემის წყალობით, ბიბლია ჩემთვის უფრო გასაგები გახდა“.

 

გაიგეთ მეტი

აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?

ბიბლიის სხვადასხვა თარგმანების გამოყენება დაგეხმარებათ უკეთ გამოიკვლიოთ ბიბლია. სტატიაში მოყვანილი სამი მხარე დაგანახვებთ, რატომ ღირს შესწავლის დროს „ახალი ქვეყნიერების თარგმანითაც“ ისარგებლოთ.

რამდენად ზუსტია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“

რატომ განსხვავდება „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სხვა თარგმანებისგან