წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

მათ უყვართ თავიანი ძმები

მათ უყვართ თავიანი ძმები

ახალი სკოლა მზარდ მოთხოვნას აკმაყოფილებს

იეჰოვამ აკურთხა დომინიკელთა რესპუბლიკაში თავისი მსახურების დაუღალავი შრომა. 1994 წელს 259 კრებაში საშუალოდ 16 354 მაუწყებელი იყო. ასეთი საოცარი ზრდის  გამო გაჩნდა უნარიანი უხუცესებისა და მომსახურეების საჭიროება. იმავე წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ნებართვა მისცა ძმებს, რომ დომინიკელთა რესპუბლიკაში ჩატარებულიყო მსახურებაში დახელოვნების სკოლა, რომელსაც ახლა სამეფოს მახარობელთა სკოლა ეწოდება.

2011 წლის ოქტომბრისთვის უკვე 25 კლასი იყო ჩატარებული და ეს სკოლა დაახლოებით 600-მა ძმამ გაიარა. ამჟამად კურსდამთავრებულთა ნახევარზე მეტი ამა თუ იმ სახის სრული დროით მსახურებაშია ჩაბმული, 71 სპეციალურ პიონერად მსახურობს, 5 კი — სარაიონო ზედამხედველად. პირველ 10 კლასს ფილიალმა უმასპინძლა, ხოლო მე-11 კლასიდან მოყოლებული ეს სკოლა ქალაქ ვილა-გონსალესში ამ საქმისთვის გამოყოფილ შენობაში ტარდება.

„იეჰოვას მოწმეები თავიანთ ძმებზე ზრუნავენ“

1998 წლის 22 სექტემბერს დომინიკელთა რესპუბლიკას ქარიშხალმა „ჯორჯმა“ გადაუარა, რომლის სიმძლავრეც  საათში 190 კილომეტრს აღწევდა. სტიქიამ ქვეყანას წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა. 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასები უსახლკაროდ დარჩნენ. სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა რეგიონალური სამშენებლო კომიტეტის დახმარებით ქალაქ ლა-რომანას სამეფო დარბაზში დაზარალებულთა დახმარების ცენტრი გახსნა. ამ საქმეში დაახლოებით 300 მოხალისე ჩაერთო. მათ დასახმარებლად და-ძმები 16 ქვეყნიდან ჩავიდნენ.

საერთო ჯამში, 23 სამეფო დარბაზი და თანაქრისტიანების 800-ზე მეტი სახლი იყო შესაკეთებელი ან ხელახლა ასაშენებელი. კარმენი, ხანშიშესული პიონერი და, განადგურებული იყო, რადგან ქარიშხალმა დაუნგრია სახლი, რომელშიც 38 წელი ცხოვრობდა. მაგრამ მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 15-მა ძმამ სახლის საძირკვლის ჩაყრა დაიწყო. კარმენი ამბობდა: „იეჰოვას არასოდეს ვავიწყდებით. ის ზრუნავს ჩვენზე. შეხედეთ, რა ლამაზ სახლს მიშენებენ ძმები. მეზობლები მეუბნებოდნენ, იეჰოვას მოწმეები თავიანთ ძმებზე ზრუნავენ, მათ მართლა ჰყვარებიათ ერთმანეთიო“. მსგავსი სიტყვები მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმოდა, რადგან მოხალისეები ყველგან ეხმარებოდნენ დაზარალებულ და-ძმებს.

მართალია, სტიქიით მიყენებული ზარალი აურაცხელი იყო, მაგრამ დაზარალებული და-ძმები ძალიან ანუგეშა იეჰოვას ხალხის მიერ სიყვარულით გაწეულმა ფიზიკურმა თუ სულიერმა დახმარებამ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ მოხალისეების თავგანწირულმა სულისკვეთებამ განადიდა იეჰოვა ღმერთი — ნამდვილი ნუგეშის წყარო.

სამეფო დარბაზების მშენებლობა ჩქარდება

ახალი მაუწყებლების მოზღვავებასთან ერთად გაჩნდა მეტი სამეფო დარბაზის საჭიროება. 2000 წლის ნოემბერში ძმებმა დომინიკელთა რესპუბლიკაში დაიწყეს სამეფო დარბაზების მშენებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ქვეყნებისთვის გათვალისწინებული პროგრამით. შედეგად კრებებს შეეძლოთ დაახლოებით ორ თვეში აეშენებინათ ლამაზი და კომფორტული სამეფო დარბაზები. 2011 წლისთვის ორმა სამშენებლო ჯგუფმა ააშენა ან შეარემონტა დაახლოებით 145 სამეფო დარბაზი.

ახალი შენობები თუ მშენებელი და-ძმების თავდაუზოგავი შრომა უცხო თვალს შეუმჩნეველი არ დარჩენია. მაგალითად, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ერთ პატარა ქალაქში ძმებმა იპოვეს სამეფო დარბაზისთვის შესაფერისი ადგილი. ერთი სპეციალური პიონერი მის მფლობელს დაელაპარაკა. მიწის მეპატრონემ ძმას უთხრა: „დროს ტყუილად კარგავთ. ნაკვეთს არ მოგყიდით, მით უფრო, თუ იქ ეკლესიის აშენებას აპირებთ“.

ამ საუბრიდან მალევე ნაკვეთის მფლობელი ქალაქ პუერტო-პლატაში უფროსი ძმის მოსანახულებლად გაემგზავრა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. იქ ჩასულმა ნახა, რომ თავისი ავადმყოფი ძმა იეჰოვას მოწმეების ერთ ოჯახს თავისთან წაეყვანა, რათა მასზე ეზრუნა. მოწმეებს ის ექიმთან, კრების შეხვედრებსა და მსახურებაში დაჰყავდათ. მან ძმას ჰკითხა, თუ რამდენს უხდიდა ამ ოჯახს. პასუხად ძმამ მიუგო: „არც არაფერს, ესენი ჩემი და-ძმები არიან“.

„ასე ერთსულოვანი და კარგი ადამიანები ჯერ არ მინახავს“

ამ კაცზე იმდენად იმოქმედა მოწმეების მიერ გამოვლენილმა ამგვარმა სიკეთემ, რომ დაურეკა იმ სპეციალურ პიონერს, რომელიც მას მიწის თაობაზე ელაპარაკა და უთხრა, რომ აზრი შეიცვალა და მზად იყო მისთვის მიწა მიეყიდა. ძმებმა შეისყიდეს მიწის ნაკვეთი და დარბაზის მშენებლობა დაიწყეს. მანამდე ნაკვეთის მეპატრონის ცოლი მოწმეების მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი, მაგრამ, როცა დაინახა, რა ერთსულოვნად მუშაობდნენ ძმები სამშენებლო უბანზე, თქვა: „ასეთი ერთსულოვანი და კარგი ადამიანები ჯერ არ მინახავს“.