წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

სასტიკი თავდასხმა

სასტიკი თავდასხმა

„მათი სახსენებელი აღარ იქნება!“

ბორბონიო აიბარი 1955 წლის 19 იანვარს მოინათლა, როცა ჩვენი საქმიანობა ჯერ კიდევ აკრძალული იყო. ნათლობის შემდეგ ის მონტე-ადენტროსა და სანტიაგოში ბევრ ბიბლიის შესწავლას ატარებდა. 1956 წელს, როგორც კი აკრძალვა მოიხსნა, ზოგიერთი მისი შემსწავლელი მოინათლა, რომელთა შორის მისი ცოლიც იყო.

1957 წლის შუა ივლისში მთავრობის წარმომადგენლები სალსიედოში იმაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ, თუ როგორ ჩაეხშოთ მოწმეების საქმიანობა. ძმა აიბარი იხსენებს: «საუბარი ძირითადად ფრანცისკო პრაც-რამირესს მიჰყავდა. მან განაცხადა: „რამდენიმე დღეც და მათი სახსენებელი აღარ იქნება“». მართლაც, რამდენიმე დღეში 1957 წლის 19 ივლისს პოლიციამ იეჰოვას მოწმეების დაპატიმრება დაიწყო ბლანკო-არიბაში, ელ-ხობოში, ლოს-კაკაუსსა და მონტე-ადენტროში.

«მეც დაპატიმრებულთა შორის ვიყავი, — განაგრძობს ძმა აიბარი. — სალსიედოს სამხედრო განყოფილებაში წაგვიყვანეს. როგორც კი მივედით, პოლკოვნიკმა სალადინმა კარგა გვარიანად მითავაზა. გაცეცხლებული გვემუქრებოდა და თვალებს გვიბრიალებდა. ორ მწკრივად დაგვაყენეს. ერთ მხარეს ქალები, მეორე მხარეს — კაცები. მცველები ქალებს ხელკეტებს ურტყამდნენ, კაცებს კი გვცემდნენ, პანღურებს გვირტყამდნენ და გაიძახოდნენ: „მე კათოლიკე ვარ და თქვენგან განსხვავებით, ვკლავ“».

„ბიბლია წავიკითხე და ვიცი, რომ იეჰოვა ღვთის სახელია“

ძმა აიბარი დააჯარიმეს და სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის იხსენებს: «ციხეში გენერალმა სანტოს მელიდო მარტემ მოგვინახულა და გვითხრა: „ბიბლია წავიკითხე და ვიცი, რომ იეჰოვა ღვთის სახელია. თქვენ არაფერი დაგიშავებიათ ისეთი, რომ ციხეს იმსახურებდეთ. მაგრამ თქვენ სახსნელად  არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ამ საქმის უკან კათოლიკე ეპისკოპოსები დგანან. თქვენი გათავისუფლება მხოლოდ მათ ან ტრუხილიოს შეუძლია“».

„შენა ხარ უფროსი?“

დაპატიმრებულთა შორის იყვნენ ფიდელია ხიმენესის ქალიშვილი და დისშვილები, რომლებსაც ის ბიბლიას ასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიდელია არ იყო დაპატიმრებული, ის თავისი ფეხით მივიდა ჩინოვნიკებთან, რომ დაეპატიმრებინათ. მას პატიმარი და-ძმების გამხნევება ჰქონდა განზრახული. მალე მაღალი რანგის სამხედრო პირი, ლუდოვინო ფერნანდესი, რომელიც სისასტიკითა და ამპარტავნობით გამოირჩეოდა, ოფიციალური ვიზიტით ეწვია ციხეს. მან ფიდელია გამოიძახა და ჰკითხა: „შენა ხარ უფროსი?“.

„არა, — უპასუხა ფიდელიამ. — უფროსები თქვენ ხართ“.

„კეთილი, მაშ პასტორი ხარ?“, — ჩაეკითხა ფერნანდესი.

„არა, პასტორი იესოა“, — მიუგო ფიდელიამ.

„განა ეს ხალხი შენ გამო არ ზის ციხეში? შენ არ ასწავლე მათ?“, — ჰკითხა ფერნანდესმა.

„არა, ეს ხალხი ბიბლიის გამო ზის ციხეში. ისინი ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობენ“, — უპასუხა ფიდელიამ.

სწორედ ამ დროს ძმებმა პედრო გერმანმა და ნეგრო ხიმენესმა დერეფანში ჩაიარეს. ეს უკანასკნელი ფიდელიას ბიძაშვილი იყო. ისინი კარცერიდან საკანში გადაჰყავდათ. ნეგროს პერანგზე შემხმარი სისხლის ლაქები ეტყობოდა, პედროს კი თვალები საშინლად ჰქონდა დასიებული. ფიდელია მიხვდა, რომ ისინი სასტიკად იყვნენ ნაცემი და ფერნანდესს ჰკითხა: „ასე ექცევით კარგ, პატიოსან, ღვთისმოშიშ ადამიანებს?“. ფერნანდესი მიხვდა, რომ ფიდელიას ვერ შეაშინებდა და ბრძანა, საკანში გაეყვანათ.

იეჰოვას ერთგული მსახურები გაბედულად უნდა შეხვედროდნენ ამგვარ სასტიკ წინააღმდეგობებს და შეხვდნენ კიდეც.  ამას მთავრობაც აღიარებდა. მაგალითად, 1957 წლის 31 ივლისს პოლიციის უფროსმა, ლუის არსენო კოლონმა, წერილი მისწერა სახელმწიფო მდივანს, სადაც ის ჩიოდა: „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა კონგრესმა უკანონოდ ცნო იეჰოვას მოწმეების სექტის საქმიანობა, მათი უმრავლესობა მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე“.