წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ოკეანეთი

ოკეანეთი
  • ქვეყნები 29

  • მოსახლეობა 40 208 390

  • მაუწყებლები 97 583

  • ბიბლიის შესწავლები 64 675

მათ ლიტერატურის შეკვრა დატოვეს

მიკრონეზიის ბევრ კუნძულზე სასიხარულო ცნობა თითქმის არ იყო ნაქადაგები, ამიტომ მარშალის კუნძულებზე მცხოვრებმა მაუწყებლებმა ორკვირიანი სამქადაგებლო ტური დაგეგმეს გემით. მათ კუნძულ მაჯუროდან გეზი ვოტოსა და ორმედის კუნძულებისკენ აიღეს, რომლებიც ვოტოს ატოლს (რგოლისებრი მარჯნის კუნძული) ეკუთვნის.

 იმისათვის, რომ რაც შეიძლებოდა მეტ ადამიანამდე მიეტანათ სასიხარულო ცნობა, ძმებმა გამგზავრებამდე მოამზადეს ლიტერატურის მრავალი პატარა შეკვრა. თითოეულ შეკვრაში ოთხი ჟურნალი და ორი ბროშურა იდო. რადგან მაუწყებლებმა არ იცოდნენ, კიდევ როდის მოუწევდათ ამ კუნძულებზე ქადაგება, მათთან, ვინც ინტერესი გამოავლინა, დატოვეს ლიტერატურის შეკვრა და სთხოვეს, რომ თავიანთი ნათესავებისა და მეგობრებისთვის მიეცათ. ამ ორკვირიანი მოგზაურობის განმავლობაში მაუწყებლებმა 531 ბროშურა, 756 ჟურნალი და 7 წიგნი გაავრცელეს.

„მადლობა, რომ არ დაგვივიწყე“

2014 წლის თებერვალში ექვსმა მაუწყებელმა პაპუა-ახალი გვინეიდან 10-დღიანი სამქადაგებლო ტური მოაწყო კარკარის ვულკანურ კუნძულზე. სასიხარულო ცნობას ბევრი გამოეხმაურა. შედეგად მაუწყებლებმა 1 064 პუბლიკაცია გაავრცელეს. ერთი და, რელვე, იხსენებს: „მსახურების პირველ დღეს, დღის სამი საათი იყო და ჯერ კიდევ ვქადაგებდით, რომ წყალი გაგვითავდა, შეუსვენებელი ლაპარაკისგან ყბა დაგვეღალა და პირი გაგვიშრა. ერთ გოგოს ვესაუბრებოდი და მინდოდა, მუხლი ამომეკითხა, მაგრამ ისე მწყუროდა, რომ ვერ შევძელი. გოგონამ მერეღა შემომთავაზა წყალი“.

წამოსვლის წინა ღამეს, ერთ სოფელში დიდი შეხვედრა მოეწყო მოსახლეობასა და ადგილობრივი ეკლესიის ლიდერებთან. რელვე იხსენებს: „თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სტეფანე სინედრიონის წინაშე, როცა ის ჭეშმარიტებას იცავდა, ოღონდ ჩვენი აუდიტორია უფრო მეგობრულად იყო განწყობილი“. მას შემდეგ, რაც ექვსმა მაუწყებელმა საუბარი დაასრულა, ლუთერანული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი წამოდგა და დეიდამისს, რომელიც ერთ-ერთი მაუწყებელი იყო,  მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მან მის ხალხს ჭეშმარიტება ჩაუტანა. მან უთხრა: „შენ ისე მოიქეცი, როგორც ის სამარიელი ქალი, რომელმაც იესოსგან მოსმენილი სასიხარულო ცნობა თავის ნათესავებს გაუზიარა. მადლობა, რომ არ დაგვივიწყე“.

„მართლა პატარაა ქადაგებისთვის?“

კირიბატი: ტეარიკი და ტუესი

კირიბატის სახელმწიფოში შემავალ კუნძულ ტარავაზე მცხოვრები შვიდი წლის ტეარიკი ერთ დილით მამასთან, ტუესთან, ერთად ქადაგებდა. მსახურებისას ისინი ერთ სახლში შეიპატიჟეს, სადაც ათამდე 20 წელს გადაცილებულ ახალგაზრდა გოგო-ბიჭს მოეყარა თავი. მას შემდეგ, რაც ტეარიკის მამამ სასიხარულო ცნობა გაუზიარა ახალგაზრდებს, ერთ-ერთმა მათგანმა ტუესს უთხრა: „ვხედავთ, რომ მოწმეებს ქადაგების დროს ბავშვები სულ თან დაგყავთ. რატომ აკეთებთ ამას? ისინი ძალიან პატარები არიან საიმისოდ, რომ ღმერთზე ისაუბრონ“.

ტუესმა უთხრა: „გინდათ, ნახოთ შეუძლია თუ არა ჩემს ბიჭს ღმერთზე საუბარი? მოდი, მე გარეთ გავალ და თავად ნახეთ, რა იცის მან“. ყველამ ერთხმად უპასუხა: „დიახ, გვინდა, მას მოვუსმინოთ“.

მას შემდეგ, რაც ტუესი გარეთ გავიდა, ტეარიკმა იქ მყოფებს ჰკითხა: „იცით, რა ჰქვია ღმერთს?“

„კი. იესო!“, — თქვა ერთმა. „ღმერთი“, — წამოიძახა მეორემ. „უფალი“, — ამბობდა მესამე.

ტეარიკმა მათ უთხრა: „ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია. მოდი, ერთად წავიკითხოთ ესაიას 42:5“. მუხლის წაკითხვის შემდეგ, მან კითხვა დასვა: „ვისზეა ამ მუხლში საუბარი?“.

ერთმა ახალგაზრდამ უპასუხა, „ღმერთზე“. ტეარიკმა თქვა: «დიახ, ჭეშმარიტ ღმერთზე. თუ მერვე მუხლსაც წავიკითხავთ, დავინახავთ, რას გვეუბნება ჭეშმარიტი ღმერთი. „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას“. ესე იგი, რა ჰქვია ღმერთს?».

 „იეჰოვა“, — უპასუხეს ახალგაზრდებმა.

სმენადქცეულ ახალგაზრდებს ტეარიკმა ჰკითხა: «იცით, რატომ უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი, იეჰოვა? ამის გაგება საქმეების 2:21-დან შეგვიძლია. აქ წერია: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. ანუ, რატომ უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი?».

„რათა გადავრჩეთ“, — თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.

ამ დროს ოთახში ტეარიკის მამა შევიდა და იქ მყოფებს ჰკითხა: „აბა, რას იტყვით, შეუძლიათ ჩვენს პატარებს ქადაგება? შეუძლიათ მათ, ჩვენთან ერთად იარონ მსახურებაში?“. ახალგაზრდებმა აღიარეს, რომ ბავშვებს საკმარისი ცოდნა ჰქონდათ საიმისოდ, რომ ექადაგათ. ტუესმა მათ უთხრა: „ტეარიკის  მსგავსად თქვენც შეგიძლიათ, სხვებს გაუზიაროთ ბიბლიური ჭეშმარიტება, თუ კარგად შეისწავლით მას“.

სასიხარულო ცნობა მთიან სოფლამდე აღწევს

ჟან-პიერი ვანუატუს დედაქალაქ პორტა-ვილაში მთარგმნელობით ოფისში მსახურობს. 2013 წლის ნოემბერში ის მშობლიურ კუნძულზე სარაიონო კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრა. როგორც კი ჟან-პიერი თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, მას მაშინვე მიეგება კუნძულის სამხრეთ ნაწილიდან ჩამოსული დაინტერესებულთა ჯგუფი და ბიბლიური ლიტერატურა სთხოვა. მან თითქმის ყველა ჟურნალი გაავრცელა. შემდეგ ერთი პასტორი მიუახლოვდა და ლიტერატურა გამოართვა. პასტორმა მას დაჟინებით სთხოვა, რომ მის სოფელში ჩასულიყო და უთხრა: „ჩვენ სულიერად ვშიმშილობთ. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ ჩვენს სოფელში და ყველა ჩვენს კითხვას გასცეთ პასუხი“. კონგრესის მომდევნო დღეს, სისხამ დილით, ჟან-პიერი ციცაბო მთებში მიმავალ გრძელ გზას შეუყვა. ბოლოს მან მიაღწია მთის წვერზე მდებარე სოფელს. მას შემდეგ, რაც იქაურებმა თბილად მიიღეს, მან განიხილა ბუკლეტი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №38 სახელწოდებით „იქნება მკვდრეთით აღდგომა?“. ჟან-პიერმა 30-მდე მსმენელს მოუწოდა, რომ წაკითხული მუხლებისთვის საკუთარ ბიბლიებში მიედევნებინა თვალი. საუბარმა დაახლოებით შვიდ საათს გასტანა. მოსახლეობა მართლაც რომ სულიერად შიმშილობდა! ერთმა 70 წლის კაცმა ასეთი რამ თქვა: „სიკვდილთან დაკავშირებით ასეთი ნათელი და გასაგები პასუხები არასოდეს მომისმენია“.

ჟან-პიერმა ღამე სოფელში გაათია. მას და პასტორს ერთ ოთახში ეძინათ. როდესაც გაიღვიძა, დაინახა, რომ პასტორს ჟურნალი ეჭირა ხელში. ჟან-პიერმა ჰკითხა, თუ რას კითხულობდა. აღტაცებულმა პასტორმა მიუგო, რომ სამეფოს შესახებ კითხულობდა. იგი ეთანხმებოდა წაკითხულს, რომ ღვთის სამეფო არ იყო ფარისევლების გულებში, რომლებიც იესომ  გაკიცხა. ამის საფუძველზე მან დაასკვნა, რომ სამეფო ვერ იქნებოდა ადამიანის გულში, როგორც ამას მისი ეკლესია ასწავლიდა (ლუკ. 17:21). პორტა-ვილაში დაბრუნების შემდეგ ჟან-პიერი სოფელში მცხოვრებ დაინტერესებულებთან ურთიერთობას ტელეფონით განაგრძობს. ახლომდებარე კრებიდან სამმა ძმამ გამოთქვა სურვილი, წასულიყო სოფელში და გახსენების საღამო ჩაეტარებინა. შეხვედრას 109 კაცი დაესწრო.

ვანუატუ