არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

დაპატიმრება და აკრძალვა

დაპატიმრება და აკრძალვა

ნეიტრალიტეტის გამო დაპატიმრებულები

ენრიკე გლასსი და ციხე, სადაც ის ორი კვირა იჯდა

1949 წლის 19 ივნისს დომინიკელ იმიგრანტთა გახელებული ჯგუფი დომინიკელთა რესპუბლიკაში დიქტატორ რაფაელ  ტრუხილიოს რეჟიმის დასამხობად ჩავიდა. მაგრამ მთავრობამ ამბოხება სწრაფად ჩაახშო, დააპატიმრა ყველა, ვინც უარი თქვა სამხედრო სამსახურზე ან სახელმწიფოს მტრად მიიჩნია. პირველ დაპატიმრებულ იეჰოვას მოწმეთა შორის, რომლებმაც უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე, იყვნენ ლეონი, ენრიკე და რაფაელ გლასსები. მათ შორის ლეონის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ.

„მე და ჩემი თანამშრომლები საიდუმლო სამხედრო სამსახურმა დაგვაპატიმრა და დაგვკითხა, — გვიყვება ლეონი. — დაგვაშინეს და გამოგვიშვეს, მაგრამ იმ პირობით, რომ რამდენიმე დღეში ყოველგვარი პროცედურების გავლის  გარეშე სამხედრო სამსახურში გამოგვიძახებდნენ. რადგან მათი მოთხოვნა არ შევასრულეთ, ციხეში გვიკრეს თავი. იქ ოთხ იეჰოვას მოწმეს შევხვდით, რომელთაგანაც ორი ჩემი ღვიძლი ძმა იყო. გათავისუფლების შემდეგ კიდევ დაგვაპატიმრეს. ასე მოხდა სამჯერ, გათავისუფლებიდან მეორე ან მესამე დღეს ისევ გვიჭერდნენ. ციხეში სულ დაახლოებით შვიდი წელი ვისხედით, ბოლოს ხუთი წლით“.

„ჯოხებით, მათრახებითა და შაშხანებით ცემაც ავიტანეთ, რადგან იეჰოვა გვაძლიერებდა“

ციხე ძმებისთვის მუდმივ განსაცდელს წარმოადგენდა. პატიმრები და მცველები მათ წამდაუწუმ მასხრად იგდებდნენ. ციხე ოსამას ზედამხედველმა, სადაც ძმები თავდაპირველად მოხვდნენ, მათ უთხრა: „იეჰოვას მოწმეებო, როცა ეშმაკის მოწმეები გახდებით, მითხარით და გაგათავისუფლებთ“. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგეებმა ვერ გატეხეს ეს ერთგული ძმები. ლეონი ამის მიზეზს ასე ხსნის: „იეჰოვა ყოველთვის გვაძლევდა ძალას განსაცდელების ასატანად. მის ხელს წვრილმანებშიც კი ვხედავდით. ჯოხებით, მათრახებითა და შაშხანებით ცემაც ავიტანეთ, რადგან იეჰოვა გვაძლიერებდა“.

იეჰოვას მოწმეების საქმიანობა იკრძალება

მთელ ქვეყანაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრებმა გააძლიერეს მოწმეების დევნა. წინააღმდეგობის მიუხედავად, 1950 წლის მაისისთვის დომინიკელთა რესპუბლიკაში მისიონერების გარდა 238 მაუწყებელი იყო. აქედან 21 პიონერად მსახურობდა.

გაზეთი აქვეყნებს განცხადებას ნეიტრალიტეტის გამო ჩვენი ძმების დაპატიმრების შესახებ

ამ პერიოდში საიდუმლო სამსახურის აგენტმა სახელმწიფო მდივანს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „იეჰოვას მოწმეების რელიგიური სექტის წევრები დიდი ენთუზიაზმით აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას ქალაქის [სიუდად-ტრუხილიოს] ყველა რაიონში“. ის მოითხოვდა: „კიდევ ერთხელ ვამბობ,  რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იეჰოვას მოწმეებს, ვინაიდან თავიანთი ქადაგებითა და საქმიანობით გონებას უწამლავენ საზოგადოების გარკვეულ ფენებს, განსაკუთრებით საშუალო ფენას“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტონიო უნგრიამ ძმა ბრანტთს მოსთხოვა, წარედგინა წერილი, რომელშიც დააფიქსირებდა მოწმეების პოზიციას სამხედრო სამსახურთან, დროშისთვის სალმის მიცემასა და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ძმამ წერილის დაწერისას გამოიყენა წიგნი „დაე მართალი იყოს ღმერთი“. მიუხედავად ამისა, 1950 წლის 21 ივნისს მინისტრმა ანტონიო უნგრიამ გამოსცა ბრძანება იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის შესახებ დომინიკელთა რესპუბლიკაში. ძმა ბრანტთი მინისტრის კაბინეტში გამოიძახეს, რათა თავისი ყურით მოესმინა ეს ბრძანება. ძმამ იკითხა, უნდა დაეტოვებინათ თუ არა მისიონერებს ქვეყანა, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ რამდენ ხანსაც სურდათ, იმდენ ხანს შეეძლოთ დარჩენა, ოღონდ თუ კანონს  დაემორჩილებოდნენ და სიტყვას არ დაძრავდნენ თავიანთ რელიგიაზე. *

^ აბზ. 1 ბრძანების გამოცემამდე რამდენიმე კვირით ადრე კათოლიკე მღვდლებმა გაზეთში გამოაქვეყნეს რამდენიმე ვრცელი სტატია, რომლებშიც გმობდნენ იეჰოვას მოწმეებს და მათ უსაფუძვლოდ სდებდნენ ბრალს კომუნისტებთან კავშირში.