წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

მიწისძვრა ჰაიტიზე

მიწისძვრა ჰაიტიზე

ზრდა ჩინურენოვან ტერიტორიაზე

2005 წელს ფილიალმა ჩინურ ენაზე მოლაპარაკე ბეთელელი ძმა ტინ უა ნი სპეციალურ პიონერად დანიშნა, რათა დომინიკელთა რესპუბლიკაში ჩასული მრავალი ჩინელისთვის ექადაგა. ის დაიბადა და გაიზარდა დომინიკელთა რესპუბლიკაში, ვინაიდან მისი მშობლები ჩინეთიდან სანტო-დომინგოში იყვნენ გადასულები საცხოვრებლად.

2008 წლის 1 იანვარს სანტო-დომინგოში ჩამოყალიბდა კრება ჩინური ენის მანდარინულ დიალექტზე, ხოლო 2011 წელს სანტიაგოში ამავე ენაზე ჯგუფი შეიქმნა. 70 მაუწყებელი, 36 პიონერი და რამდენიმე დამხმარე პიონერი ყოველთვე საშუალოდ 76 ბიბლიის შესწავლას ატარებს.

 ინგლისურენოვან ხალხთან ქადაგება

2007 წლისთვის 376 კრებაში 27 466 მაუწყებელი მსახურობდა და ტარდებოდა 49 795 ბიბლიის შესწავლა. მაგრამ არ იყო კრება ინგლისურ ენაზე, მაშინ, როცა ამ ენაზე ძალიან ბევრი ლაპარაკობდა. ამიტომ 2008 წლის აპრილში სანტო-დომინგოში ინგლისურენოვანი ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად ფილიალმა დანიშნა მისიონერები დონალდ და ჯეინ ელველები. გულმოდგინე მაუწყებლები მაშინვე შეუდგნენ ინგლისურენოვანი მოსახლეობის აღწერას. მათ შეადგინეს უბნები, რათა საფუძვლიანად დაემოწმებინათ.

ამ მაუწყებლების ძალისხმევის შედეგად სანტო-დომინგოში ინგლისურენოვანი ჯგუფი გაიზარდა და 2009 წლის ივლისში 39 მაუწყებლისგან შემდგარი კრება ჩამოყალიბდა. მსგავსი ნაბიჯები გადაიდგა სხვა ქალაქებშიც. 2011 წლის ნოემბრისთვის ქვეყანაში შვიდი ინგლისურენოვანი კრება და ერთი ჯგუფი იყო.

ყრუ და ბრმა ქალი იეჰოვას მხარეს იკავებს

სპეციალური პიონერი ლორისს ელაპარაკება ტაქტილური — შეხებითი ჟესტების ენით

ლორისი, რომელსაც აშერის სინდრომი აქვს, ობლად გაიზარდა. ის ყრუ დაიბადა და 16 წლის ასაკში მხედველობაც დაკარგა. დღისით კიდევ რაღაცას ხედავს, ღამით კი საერთოდ ვერაფერს არჩევს. მზის ჩასვლის შემდეგ მისთვის ერთადერთი საურთიერთობო საშუალება ტაქტილური — შეხებითი ჟესტების ენაა.

ლორისი 23 წლის იყო, როდესაც სპეციალურმა პიონერებმა უქადაგეს. იმ დროს იგი ცხოვრობდა ყრუ მამაკაცთან და ერთი წლის ქალიშვილთან ერთად, რომელსაც სმენის პრობლემა არ ჰქონდა. როდესაც მოწმეებმა ლორისი კრების შეხვედრაზე დაპატიჟეს, ის სიამოვნებით დათანხმდა. იქ მოსმენილმა მასზე ძალიან იმოქმედა.

ლორისმა სწრაფად დაიწყო ცვლილებების მოხდენა. მაგალითად, როცა გაიგო, რომ ხელმოწერის გარეშე არ უნდა  ეცხოვრა მამაკაცთან, დაელაპარაკა მას და აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ხელი მოეწერათ და უთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობდა ბიბლიის ზნეობრივ პრინციპებს. ქალის გულწრფელობით გაკვირვებული მამაკაცი მას ქორწინებაზე დათანხმდა.

დაქორწინების შემდეგ ლორისი მოუნათლავი მაუწყებელი გახდა და მალევე მოინათლა. ბიბლიის შესწავლის პარალელურად იგი ამერიკული ჟესტების ენასაც  დაეუფლა. დღეს ის თავის შვილს ამ ენასაც ასწავლის და ბიბლიასაც.

დამანგრეველი მიწისძვრა ჰაიტიზე

2010 წლის 12 იანვარი სამუდამოდ აღიბეჭდება დომინიკელებისა და ჰაიტელების გონებაში. ამ დღეს ჰაიტის გამანადგურებელი მიწისძვრა დაატყდა. იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ დაუყოვნებლივ იმოქმედა და დომინიკელთა რესპუბლიკის ფილიალს უთხრა, რომ ჰაიტის ფილიალისთვის გაეგზავნათ ფინანსური დახმარება. იმის გამო, რომ თანხა საკმაოდ სოლიდური იყო, ძმებმა გადაწყვიტეს, ფული ბეთელელი ექიმის, ივან ბატისტას ხელით გაეგზავნათ, რომელიც სიმაღლეში 190 სმ იყო, წონით კი — 127 კგ.

ძმა ბატისტას გაგზავნა ჰაიტიში მართლაც რომ დროული და შესაფერისი აღმოჩნდა, რადგან საზღვართან მისულმა შეიტყო, რომ იქ კვალიფიცირებული ექიმების სასწრაფო დახმარება  იყო საჭირო. ბევრი მძიმედ დაშავებული სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ფილიალის გვერდით მდებარე საკონგრესო დარბაზში მიჰყავდათ. როცა ჰაიტელმა ძმებმა შეიტყვეს, რომ ძმა ბატისტა ბეთელის ექიმი იყო, დომინიკელთა რესპუბლიკის ფილიალში დარეკეს და ითხოვეს, რომ ის ჰაიტიში დარჩენილიყო. რასაკვირველია, მათი თხოვნა დაკმაყოფილდა. ასე დაიწყეს ჩვენებმა მიწისძვრიდან რამდენიმე საათში ჰაიტელი და-ძმების მასიური დახმარება.

ძმები ყველანაირად ედგნენ მხარში 2010 წელს ჰაიტიზე მიწისძვრით დაზარალებულებს

დომინიკელთა რესპუბლიკის ფილიალში ძმები შესყიდვების განყოფილებიდან უმალ დაუკავშირდნენ თავიანთ დისტრიბუტორებს. ძმებმა მათგან შეიძინეს 6 800კგ-ზე მეტი ბრინჯი, ლობიო და სხვა აუცილებელი საკვები პროდუქტები და 14 იანვარს, ხუთშაბათს დილის 2:30-ზე გემით გაგზავნეს ჰაიტიში. როგორც ჩანს, ეს იყო პირველი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქვეყანაში შევიდა. იმავე დღეს, მოგვიანებით დომინიკელთა რესპუბლიკიდან შვიდსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჰაიტის ფილიალში სამი ექიმი ჩავიდა. უკვე ბინდდებოდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დაესვენათ, ისინი მაშინვე დაშავებულების დასახმარებლად გაეშურნენ და შუაღამემდე მძიმედ შრომობდნენ. მომდევნო დღისთვის დომინიკელთა რესპუბლიკიდან კიდევ ოთხი ექიმი და ოთხი მედდა ჩავიდა. ქირურგიული ოპერაციები ძალიან რთულ პირობებში, საკონგრესო დარბაზში სახელდახელოდ მოწყობილ ოთახში კეთდებოდა. სადღაც ერთ კვირაში 12 კაცისგან შემდგარმა ბრიგადამ 300-ზე მეტ დაშავებულს აღმოუჩინა დახმარება.

დომინიკელთა რესპუბლიკაში ყოველდღე გზავნიდნენ იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც კრიზისული იყო. ზოგჯერ იმ მანქანებით, რომლებითაც ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდათ, უკან დაშავებულები მიჰყავდათ დომინიკელთა რესპუბლიკის სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში. ფილიალის დახმარებით შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც  მოინახულებდნენ მიწისძვრით დაზარალებულებს, რათა გაემხნევებინათ ისინი და დარწმუნებულიყვნენ, ჰქონდათ თუ არა საჭირო მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები. ადგილობრივმა კრებებმა იზრუნეს იმაზე, რომ დაშავებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც მათ თან ახლდნენ საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველეყოთ.

იეჰოვას მოწმეებმა დაზარალებულებს დაურიგეს 454 ტონამდე შემოწირული საქონელი, მათ შორის, 400 000 ულუფა საჭმელი

ის ფაქტი, რომ იეჰოვას ხალხი გაჭირვებაში მყოფთ უანგაროდ ამოუდგა მხარში და მათ დასახმარებლად თავს არ ზოგავდა, იგავების 17:17-ში ჩაწერილი სიტყვების უდავო მტკიცებაა: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“. არაერთმა შემთხვევამ ცხადყო, რომ იეჰოვა წმინდა სულისა და ქრისტიანული საძმოს მეშვეობით აძლიერებდა ერთგულებს, მათ შორის, სიკვდილის პირას მყოფთ. ინტენსიური დახმარება თვეების მანძილზე გრძელდებოდა. იეჰოვას მოწმეებმა დაზარალებულებს დაურიგეს 454 ტონამდე შემოწირული საქონელი, მათ შორის, 400 000 ულუფა საჭმელი. მათ დასახმარებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 78 და-ძმა ჩავიდა, რომლებიც კვალიფიცირებული მედიკოსები იყვნენ. სხვა უამრავ მოხალისესთან ერთად მათ არ დაიშურეს თავიანთი დრო და გამოცდილება. *

^ აბზ. 1 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2010 წლის დეკემბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 14—19.