წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

იურიდიული ანგარიში

იურიდიული ანგარიში

სომხეთი. ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებით მიღებული კანონი

სომხეთი: მთავრობამ ზოგი ძმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაანაწილა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესასრულებლად, სადაც ისინი გულმოდგინედ განაგრძობენ ქადაგებას

2013 წელს სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ, რაც სომხეთში იეჰოვას მოწმეებს საშუალებას აძლევს, სინდისისა და მრწამსის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ციხეში სასჯელის მოხდის ნაცვლად შეასრულონ ალტერნატიული სამსახური. სომხეთის ფილიალი იუწყება, რომ 2014 წლის იანვარში 71 ძმა შეუდგა ალტერნატიულ სამსახურს. მაგალითად, ზოგი ძმა საავადმყოფოებში ექთნის დამხმარედ მუშაობს,  ზოგიც — სამზარეულოში. ამ პროგრამის მეთვალყურეები დადებითად ახასიათებენ ძმებს შრომის ეთიკისა და თუნდაც რთული საქმისადმი მათი დამოკიდებულების გამო. ძმები მოხარულები არიან, რომ შეიქმნა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის ეს ახალი პროგრამა, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავიანთი მოვალეობა სახელმწიფოს წინაშე ისე შეასრულონ, რომ არ შეიბღალოს მათი ქრისტიანული სინდისი. * ერთი ძმა ამბობს: „იეჰოვას მადლობას ვუხდით, რომ დღეს უკვე შეგვიძლია, ისე გავიაროთ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, რომ არც ქრისტიანული ნეიტრალიტეტი დავარღვიოთ და არც იეჰოვას თაყვანისმცემლობაში შეგვეშალოს ხელი“.

დომინიკელთა რესპუბლიკა. იცვლება კანონი რელიგიური ქორწინების რეგისტრაციასთან დაკავშირებით

1954 წელს დომინიკელთა რესპუბლიკამ ხელშეკრულება დადო ვატიკანთან. ამ ხელშეკრულების თანახმად მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას მიენიჭა ქორწინების დაკანონების უფლება. თუ წყვილი კათოლიკური ეკლესიის მიერ არ იყო დაქორწინებული, მათი ქორწინების დაკანონება სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელს შეეძლო. თუმცა 2010 წელს მთავრობის მიერ შემუშავებულმა ახალმა კონსტიტუციამ ეს უფლება სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც მიანიჭა. მათთვის, ვისაც სურდა ამ უფლების მოპოვება, სპეციალური ტრენინგი ჩატარდა. დომინიკელთა რესპუბლიკის ფილიალმა ამ კურსების გასავლელად შეარჩია 30 უხუცესი. სულ განცხადება 2 000-ზე მეტმა მსურველმა შეავსო. საბოლოო ჯამში, ლიცენზია მიიღო 32 ადამიანმა, აქედან 30 ჩვენი ძმა იყო.

 ინდოეთი. ის დევნამ ვერ შეაშინა

სანდიპ და დიპალაქშმი მუნისვამები

2014 წლის 27 იანვარს კარნატაკის შტატის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ გამოავლინა, რომ ქალაქ ჰუბლის პოლიციის განყოფილების ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაარღვია ძმა სანდიპ მუნისვამის უფლებები, რადგან მან 2011 წლის 28 ივნისს არ დაიცვა ის ბრბოს თავდასხმისგან. კომისიამ აღნიშნული პოლიციელი დამნაშავედ სცნო და კარნატაკის შტატის ხელმძღვანელობას მოუწოდა, სადამსჯელო ზომები მიეღოთ დამნაშავის წინააღმდეგ და დაზარალებული ძმა მუნისვამისთვის  კომპენსაციის სახით გადაეხადათ 20 000 რუპი (326 აშშ დოლარი). კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა პოლიციელის ხელფასიდან უნდა დაქვითულიყო.

ძმა მუნისვამმა აღნიშნა, რომ ის და მისი ოჯახი იეჰოვას ემადლიერება ამ უჩვეულო გადაწყვეტილებისთვის და დასძინა, რომ ახლა უფრო მეტი შემართებით და უშიშრად გააგრძელებს სასიხარულო ცნობის ქადაგებას. ზემოაღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ძმებს რწმენა გაუძლიერა და დაარწმუნა, რომ იეჰოვას თავისი ხალხის დაცვის ძალა შესწევს. გარდა ამისა, ეს გახლდათ იმის ნათელი მესიჯი, რომ მთავრობის წარმომადგენლებს უნდა დაეცვათ იეჰოვას მოწმეების უფლებები კარნატაკში. ძმა მუნისვამისა და იმავე ფაქტზე კიდევ ერთი ძმის წინააღმდეგ აღძრული საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

ყირგიზეთი. უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატა მხარს უჭერს მათ უფლებებს, ვინც სინდისის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე

2013 წლის 19 ნოემბერი მნიშვნელოვანი თარიღი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც სინდისის გამო უარს აცხადებდა სამხედრო სამსახურზე. უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატამ ბათილად სცნო 11 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ აღძრული საქმე და არაკონსტიტუციურად მიიჩნია მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე. აღნიშნული პროგრამით ის, ვინც ალტერნატიულ სამსახურს გადიოდა, ვალდებული იყო, გარკვეული თანხა გადაეხადა თავდაცვის სამინისტროსთვის, რაც უშუალოდ სამხედრო საქმეს მოხმარდებოდა. გარდა ამისა, კანონის თანახმად ალტერნატიული სამსახურის დასრულებამდე ისინი ავტომატურად ეწერებოდნენ შეიარაღებული ძალების რეზერვში. საკონსტიტუციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ამგვარი ალტერნატიული სამსახური უხეშად არღვევდა რელიგიის თავისუფლების უფლებას. შედეგად, 2014 წლის დასაწყისში ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ გაითვალისწინა საკონსტიტუციო პალატის გადაწყვეტილება და უდანაშაულოდ სცნო ის 14 იეჰოვას მოწმე, რომლებიც ძველი კანონის საფუძველზე იყვნენ დაპატიმრებულნი.  შვიდწლიანი ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ, მიღებულ იქნა სასურველი კანონი, რომელიც დაიცავდა იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებიც რწმენისა და სინდისის გამო უარს იტყოდნენ სამხედრო სამსახურზე. ამ მშვიდობისმყოფელი ახალგაზრდების სიმტკიცე განადიდებს იეჰოვას სახელს და ხელს უწყობს თაყვანისმცემლობის თავისუფლებას ყირგიზეთში.

ყირგიზეთი: მოწმეები, რომელთა საქმეც ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ განიხილა

ნიგერია. „იეჰოვამ მაკურთხა“

ნიგერიაში, აბიას შტატში, იეჰოვას მოწმეებს ხშირად აშინებენ ან საზოგადოებისგან რიყავენ იმის გამო, რომ ისინი უარს აცხადებენ ასაკობრივ ჯგუფებში გაწევრიანებაზე, რომელთა საქმიანობაც ხშირად უკავშირდება ძალადობასა და სპირიტულ რიტუალებს. * 2005 წლის ნოემბრის ერთ დილას სოფელ ასაგა ოჰაფეაში არსებული ასეთი ჯგუფი  შეიჭრა ძმა ემანუელ ოგვოს სახლში. მათ ძმა ოგვოსა და მის მეუღლეს უკანონოდ წაართვეს ყველაფერი, რაც ებადათ თითქოსდა იმ მიზეზით, რომ ეს იყო საწევრო გადასახადი. ცოლ-ქმარს იმის მეტი, რაც ტანთ ემოსათ, არაფერი შერჩათ. 2006 წელს კი ძმა ოგვოს საერთოდ დაატოვებინეს სახლი და გააძევეს სოფლიდან. გაძევებულებმა სხვა სოფელში მცხოვრებ ერთ ძმას შეაფარეს თავი, სადაც ადგილობრივმა ძმებმა მათ საჭიროებებზე იზრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ ძმა ოგვომ მომდევნო წელს მოახერხა სახლში დაბრუნება, ის მაინც განიცდიდა ზეწოლას ამ ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც კვლავ აიძულებდნენ მათთან გაწევრიანებას. ამასთანავე, ისინი არად აგდებდნენ მის მოთხოვნას, დაებრუნებინათ მისი ქონება.

ბოლოს 2014 წლის 15 აპრილს აბიას შტატის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი ძმა ოგვოს სასარგებლოდ გამოიტანა და მხარი დაუჭირა მის კონსტიტუციურ უფლებას, გაერთიანებულიყო იმ ჯგუფსა თუ რელიგიაში, რომელშიც თავად მოისურვებდა. ძმა ოგვოს ასევე დაუბრუნდა წართმეული ქონება. ახლა იქ მცხოვრები იეჰოვას მოწმეები აღარ განიცდიან მოსახლეობისგან ისეთ საშინელ დევნებს, როგორც უწინ და სოფელ ასაგა ოჰაფეაში თავისუფლად ქადაგებენ.

ძმა ოგვო იხსენებს, რა გრძნობები დაეუფლა სასამართლო დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ: „სიხარულისგან შევხტი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ საქმეში იეჰოვას ხელი დავინახე. ვგრძნობდი, რომ ანგელოზები ჩემ გვერდით იყვნენ. იეჰოვამ მაკურთხა“.

რუსეთი. jw.org-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება

რუსეთში ჩვენი ძმების წინააღმდეგ აღძრული ბევრი საქმე „სასიხარულო ცნობის წინსვლას მოემსახურა“ (ფილ. 1:12). მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და რელიგიური ლიდერები სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ მოწმეებს, ჩვენი ძმები ურყევ ერთგულებას ინარჩუნებენ, რის გამოც არ აკლიათ იეჰოვას კურთხევა და მხარდაჭერა.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ქალაქ ტვერში მოპოვებული იურიდიული გამარჯვება. 2013 წელს ტვერის პროკურატურამ ადგილობრივ სასამართლოში შეიტანა სარჩელი მთელი რუსეთის ტერიტორიაზე  ვებ-გვერდის, jw.org-ის, აკრძალვის თაობაზე. სასამართლომ პროკურატურის სასარგებლოდ ისე გამოიტანა განაჩენი, რომ იეჰოვას მოწმეების წარმომადგენლებისთვის არაფერი შეუტყობინებია. როგორც კი ძმებმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს, დაუყოვნებლივ გაასაჩივრეს. 2014 წლის 22 იანვარს ტვერის საოლქო სასამართლომ ჩვენს სასარგებლოდ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. იეჰოვას წყალობით და მსოფლიო საძმოს მხურვალე ლოცვებით რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმების დიდ უმრავლესობას ახლა შეუძლია თავისუფლად მიიღოს სულიერი საზრდო jw.org-ის მეშვეობით.

თურქეთი. გრძელდება მათი უფლებების იგნორირება, ვინც სინდისის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე

ბარიშ გორმეზი ერთ-ერთი იეჰოვას მოწმეა თურქეთში, რომელმაც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ციხეში ოთხ წელზე მეტი გაატარა. პატიმრობაში ყოფნის დროს ის სამხედრო პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მას არაერთხელ გაუსწორდნენ ხელკეტებით. გარდა ამისა, ის საკანშიც საშინლად იტანჯებოდა. იმის გამო, რომ იგი სიმაღლით ორ მეტრზე მეტია და საწოლში ვერ ეტეოდა, მას ორ შეტყუპებულ საწოლზე, დიაგონალზე, მოკუნტულ მდგომარეობაში უწევდა ძილი. ბოლოს ციხის ადმინისტრაციამ ძმა ბარიშს ნება დართო, ჰქონოდა დიდი მატრასი, რომელიც მას ადგილობრივმა კრებამ შეუგზავნა.

2008 წელს ბარიშ გორმეზმა და კიდევ სამმა იეჰოვას მოწმემ თურქეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვინაიდან მათ არ მიეცათ უფლება სინდისისა და მრწამსის საფუძველზე უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე. 2014 წლის 3 ივნისს ევროპულმა სასამართლომ განაჩენი ამ ოთხი ძმის * სასარგებლოდ გამოიტანა და თურქეთის მთავრობას ძმებისთვის ზარალისა და ხარჯების ანაზღაურება დააკისრა. ეს უკვე ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი მესამე გადაწყვეტილებაა თურქეთის  წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თურქეთის ციხეებში არც ერთი ძმა არ იმყოფება, ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილად ვერ ჩაითვლება მანამ, სანამ თურქეთი არ აღიარებს ადამიანის უფლებას, სინდისის საფუძველზე უარი თქვას სამხედრო სამსახურზე.

რა მოხდა ერთ წელიწადში

აზერბაიჯანი: ამ ქვეყანაში პოლიცია კვლავ ატარებს რეიდებს კრების შეხვედრებზე, ჩვენი ლიტერატურა კვლავ გადის მკაცრ ცენზურას, და-ძმებს ქადაგების დროს აპატიმრებენ და უხეშად არღვევენ ადამიანის ამ თუ სხვა უფლებებს. მთავრობა უარს ამბობს, რეგისტრაციაში გაატაროს იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ძმებმა 19 სარჩელი შეიტანეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სირთულეების მიუხედავად, იეჰოვას კურთხევა აშკარად ჩანს. იზრდება მაუწყებელთა რიცხვი და გამოიცა „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ აზერბაიჯანულ ენაზე.

ერიტრეა: სასტიკი დევნის მიუხედავად, ძმები კვლავ ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. სამი ძმა — პაულუს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი — უკვე ოცი წელია, რაც დაპატიმრებულია. ისინი 1994 წლის 24 სექტემბერს დააპატიმრეს. ერიტრეის ხელისუფლებამ 2014 წლის 14 აპრილს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 150-მდე იეჰოვას მოწმე და დაინტერესებული დააპატიმრა. დაკავებულთა ასაკი 16 თვიდან 85 წლამდე მერყეობდა. 2014 წლის 27 აპრილს სპეციალური მოხსენების წარმოთქმისას პოლიცია შეიჭრა დარბაზში და კიდევ 30-მდე იეჰოვას მოწმე და დაინტერესებული დააპატიმრა. მათი უმეტესობა დღეს გათავისუფლებულია.

ყაზახეთი: „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ“ აკრძალა ჩვენი 14  პუბლიკაციის შეტანა და გავრცელება ყაზახეთის რესპუბლიკაში. აგრეთვე ძმებს ეკრძალებათ თაყვანისმცემლობის ადგილებს გარეთ ქადაგება, რის გამოც დაახლოებით 50 ძმას ბრალი დასდეს არალეგალურ მისიონერულ საქმიანობაში. აზრის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ძმებმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 26 საჩივარი შეიტანეს.

^ აბზ. 1 ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულება სინდისის საკითხია.

^ აბზ. 1 ასეთ ასაკობრივ ჯგუფებში გაერთიანებული არიან დაახლოებით ერთი ასაკის ადამიანები, როგორც წესი, მამაკაცები, რომლებიც ერთ სოფელში ცხოვრობენ.

^ აბზ. 2 ბულდუ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ საქმე №14017/08. 2014 წლის 3 ივნისი.

გაიგეთ მეტი

რატომ არიან იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები?

საშიშროებას ხომ არ უქმნიან ისინი ეროვნულ უსაფრთხოებას?