არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

თავისუფლად ქადაგება

თავისუფლად ქადაგება

 ტრუხილიოს მკვლელობა

1960 წლისთვის ტრუხილიოს დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტი კიდევ უფრო გაიზარდა — გამწვავდა საერთაშორისო კრიტიკა და შიდა დაპირისპირებები. ამ პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში მსოფლიო მთავარ სამმართველოდან დომინიკელთა რესპუბლიკას ძმა მილტონ ჰენშელი ეწვია და დაესწრო 1961 წლის იანვარში გამართულ სამდღიან კონგრესს. ამ კონგრესზე, რომელსაც 957 ადამიანი ესწრებოდა, მოინათლა 27. იქ ყოფნის პერიოდში ძმა ჰენშელი ძმებს სამქადაგებლო საქმის რეორგანიზებასა და ტერიტორიების რუკების შედგენაში დაეხმარა.

კრებების მოსანახულებლად დაინიშნა ორი სარაიონო ზედამხედველი, ენრიკე გლასსი და ხულიან ლოპესი. ხულიანი ამბობს: „ჩემი რაიონი მოიცავდა ორ კრებას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და ყველა კრებას ქვეყნის ჩრდილოეთით. ენრიკეს რაიონში კი შედიოდა დანარჩენი კრებები აღმოსავლეთით და მთელი სამხრეთის კრებები“. ამ მონახულებებმა აღადგინა კრებებსა და ორგანიზაციას შორის კავშირი და ხელი შეუწყო საძმოს სულიერად გაძლიერებას.

ზემოთ: სალვინო და ჰელენ ფერარები დომინიკელთა რესპუბლიკაში მიემგზავრებიან, 1961 წ.

„გალაადის“ მე-2 კლასის კურსდამთავრებულები სალვინო და ჰელენ ფერარები 1961 წელს ჩავიდნენ ქვეყანაში. კუბაში მისიონერული მსახურებისას მიღებული გამოცდილება მათ დიდად წაადგათ დომინიკელთა რესპუბლიკაში. ძმა სალვინო მოგვიანებით ფილიალში მიიწვიეს, სადაც სიკვდილამდე, 1997 წლამდე, კომიტეტის წევრად მსახურობდა. ჰელენი უკვე 79 წელია, რაც სრული დროით მსახურია, აქედან უმეტესი დრო მისიონერულ მსახურებაში გაატარა.

ფერარების ჩასვლიდან მალევე, 1961 წლის 30 მაისის ღამეს, გენერალი ტრუხილიო საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს, რითაც მისი რეჟიმი დაემხო. თუმცა მის მკვლელობას  პოლიტიკური სტაბილურობა არ მოუტანია. ქვეყანაში წლების განმავლობაში სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირებები მძვინვარებდა.

სამქადაგებლო საქმე წინ მიიწევს

ამ პერიოდში დომინიკელთა რესპუბლიკაში მეტი მისიონერი ჩავიდა. ტრუხილიოს სიკვდილიდან ორ დღეში „გალაადის“ პირველი კლასის კურსდამთავრებული უილიამ დინგმენი და მისი მეუღლე ესტელა, ტელმა კრიტსთან და ფლოსი კორონეოსთან ერთად, პუერტო-რიკოს ფილიალიდან დომინიკელთა რესპუბლიკაში გადაიყვანეს. „ჩვენ რომ ჩავედით, დომინიკელთა რესპუბლიკაში პოლიტიკური ძვრები მიმდინარეობდა და საომარი ვითარება იყო შექმნილი. ქვეყანას რევოლუციის საშიშროება ემუქრებოდა, ჯარისკაცები გზებზე რეიდებს აწყობდნენ. რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ-პუნქტთან გაგვაჩერეს და ბარგი გაგვიჩხრიკეს. ჩემოდნებიდან ყველაფერი ამოგვიყარეს, წვრილმანი ნივთებიც კი“, — იხსენებს უილიამი. დაძაბული ვითარების გამო ქადაგება ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

ქვემოთ: ტელმა კრიტსი და ცოლ-ქმარი ესტელა და უილიამ დინგმენები დღესაც იქ მსახურობენ 67-წლიანი გულმოდგინე მისიონერული მსახურების შემდეგ

უილიამი განაგრძობს: „ტრუხილიოს დიქტატორული რეჟიმის პერიოდში საზოგადოებაში იეჰოვას მოწმეებისადმი ზიზღს ნერგავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ კომუნისტები და ძალიან საშინელი ხალხი . . . მაგრამ ნელ-ნელა შევძელით, რომ ჩვენზე გავრცელებული ცრუ ბრალდებები გაგვექარწყლებინა“. მას შემდეგ, რაც ქადაგებას მოწმეებმა ახალი ძალებით შეუტიეს, საგრძნობლად გაიზარდა იმ გულწრფელი ადამიანების რიცხვი, ვინც სამეფოს ცნობას გამოეხმაურა. 1961 სამსახურებრივი წლისთვის დომინიკელთა რესპუბლიკაში 33 სპეციალური პიონერი იყო.