არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

შთამბეჭდავი ზრდა

შთამბეჭდავი ზრდა

კარგი რეპუტაცია

დაახლოებით შვიდი ათწლეულია, რაც დომინიკელთა რესპუბლიკაში იეჰოვას მოწმეები თავიანთ საქმიანობას ეწევიან. ამ ხნის განმავლობაში მათ კარგი რეპუტაცია შეიქმნეს. ხშირად ხალხი თავად ავლენს ინიციატივას და მოწმეებთან მიდის ლიტერატურის სათხოვნელად. მათგან არც ისეთი ფრაზების მოსმენაა გასაკვირი, როგორიცაა: „მომწონს ეს რელიგია“ ან „თქვენ ნამდვილად ბიბლიის თანახმად ცხოვრობთ“.

დავფიქრდეთ, შემთხვევაზე, რომელიც ერთი ძმის მიერ ორგანიზაციისთვის შეწირულ მიწის ნაკვეთს ეხება, სადაც სამეფო დარბაზი აშენდა. მიწის ნაკვეთის გაფორმების დროს მეპატრონემ აღმოაჩინა, რომ თურმე ვიღაცას ეს ნაკვეთი თაღლითურად მიესაკუთრებინა და ახლა ის პიროვნება ძმას მის წართმევაში ადანაშაულებდა. ძმამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ძალიან ჩახლართული იყო, რადგან ამ პიროვნებას ხელთ ჰქონდა მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მოსამართლემ ძმის ადვოკატს ჰკითხა, ვის ინტერესებს იცავდა. როდესაც ადვოკატმა აუხსნა, რომ იეჰოვას მოწმეების საზოგადოების წარმომადგენელი იყო, მოსამართლემ თქვა: „თუ ასეა, ყველაფერი ნათელია. მე კარგად ვიცნობ იეჰოვას მოწმეებს და ვიცი, რომ ისინი პატიოსნებით გამოირჩევიან. ისინი არავის მოატყუებენ და თაღლითურად სხვისას არაფერს მიისაკუთრებენ“.

მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მოპასუხეს გაყალბებული ჰქონდა საბუთები. ასე რომ, მოსამართლემ გადაწყვეტილება მოწმეების სასარგებლოდ გამოიტანა. „ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლოებში, სადაც კი იეჰოვას მოწმეების საქმე განიხილება, მათ ყოველთვის პატივისცემით ეპყრობიან“, — ამბობს იეჰოვას მოწმე ადვოკატი.

 ველით შთამბეჭდავ ზრდას

დრო აჩვენებს, კიდევ რამდენი გულწრფელი ადამიანი შეისწავლის ბიბლიას და გახდება ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი. მანამდე კი, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ასეთ ადამიანებამდე სასიხარულო ცნობამ მიაღწიოს. მაგალითად, 2013 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში იეჰოვას მოწმეებმა ქადაგებას 11 მილიონზე მეტი საათი დაუთმეს. ისინი 71 922 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. აგრეთვე ძალიან გამამხნევებელი იყო ის, რომ 9 776 და-ძმა ამა თუ იმ სახის პიონერულ მსახურებაში იყო ჩაბმული. ამავე წლის აგვისტოში 35 331 მაუწყებელი იღებდა მსახურებაში აქტიურ მონაწილეობას. მომავალში კიდევ უფრო მეტ ზრდას ველით, ვინაიდან გახსენების საღამოს 127 716 კაცი დაესწრო.

მას შემდეგ, რაც 1945 წლის აპრილში დომინიკელთა რესპუბლიკაში პირველი მქადაგებლები ლენარტ და ვირჯინია ჯონსონები ჩავიდნენ, ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობამ გრძელი და რთული გზა განვლო. დომინიკელი მოწმეები ამაყობენ მდიდარი სულიერი მემკვიდრეობით. ისინი ძალიან აფასებენ წინამორბედი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების გაბედულებასა და თავგანწირვას. უფრო მეტიც, მათთვის დიდი პატივია, რომ აქვთ შესაძლებლობა, „საფუძვლიანად [დაამოწმონ] ღვთის სამეფოზე“ (საქ. 28:23). ამ კუნძულზე მცხოვრები ქრისტიანები სულმოუთქმელად ელიან იმ დღეს, როცა მსოფლიო საძმოსთან ერთად შემოსძახებენ სიმღერას: „გამეფდა იეჰოვა! გაიხაროს დედამიწამ. იმხიარულონ კუნძულებმა“ (ფსალმ. 97:1).