არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

„ერთ დღესაც ვიპოვით“

„ერთ დღესაც ვიპოვით“

„ერთ დღესაც ვიპოვით“

სადღაც 1935 წელს პაბლო გონსალესმა იმ მხარეში, რომელსაც სიბაუს ველი ჰქვია, ბიბლიის კითხვა დაიწყო. თავიდან ის პროტესტანტების ჯგუფს შეუერთდა, მაგრამ მალე შეწყვიტა მათთან ურთიერთობა, რადგან დაინახა, რომ მათი ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა ბიბლიაში ჩაწერილ ნორმებს. მიუხედავად ამისა, მან დამოუკიდებლად განაგრძო ბიბლიის კვლევა. წაკითხულს სხვებს უზიარებდა, თავდაპირველად ოჯახის წევრებსა და მეზობლებს, შემდეგ კი — ახლო-მახლო მცხოვრებლებს. ბოლოს ფერმა და მსხვილფეხა საქონელი გაყიდა; აღებული ფულით ერთი ადგილიდან მეორეში გადადიოდა და ქადაგებდა.

1942 წლისთვის პაბლომ მიმდებარე ტერიტორიებზე, სულ მცირე, 200 ოჯახი მოინახულა. ის სისტემატურად ატარებდა შეხვედრებს, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. პაბლო ხალხს მოუწოდებდა, ესწავლათ ბიბლია და ეცხოვრათ ნასწავლის შესაბამისად. ბევრმა გულთან ახლოს მიიტანა მისი ნათქვამი, სიგარეტს თავი დაანება და უარი თქვა მრავალცოლიანობაზე.

 მათ შორის, ვინც პაბლოსგან ბიბლიურ ცნობას ისმენდა, იყო სელესტე როსარიო. ის იხსენებს: «დედაჩემის ბიძაშვილი, ნეგრო ხიმენესი, ერთ-ერთი იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელსაც პაბლო გონსალესი ხელმძღვანელობდა. ერთხელ ის გვესტუმრა და რამდენიმე ბიბლიური მუხლი წაგვიკითხა, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კათოლიკური ეკლესია მიმეტოვებინა. მაშინ 17 წლის ვიყავი. ეკლესიაში ყველაფერს ლათინურად გვიკითხავდნენ და ვერაფერს ვიგებდით. ამ ამბიდან მალე პაბლო გონსალესმა მოგვინახულა და გაგვამხნევა. მან გვითხრა: „ჩვენ დღემდე ჩვენთვის ცნობილ არც ერთ რელიგიას არ მივეკუთვნებით, მაგრამ მთელ მსოფლიოში გვყავს ძმები, რომელთაც ჯერ არ ვიცნობთ და არც ის ვიცით, რა სახელით იწოდებიან, მაგრამ ერთ დღესაც, ვიპოვით მათ“».

პაბლომ რამდენიმე ქალაქში — ლოს-კაკაუსში, მონტე-ადენტროში, სალსიედოსა და ვილა-ტენარესში — ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფები ჩამოაყალიბა. 1948 წელს, როცა სანტიაგოში ერთი ავტობუსიდან მეორეში უნდა გადამჯდარიყო, დაინახა მოწმეები, რომლებიც ქუჩაში ქადაგებდნენ.  მოწმეებმა მას ჟურნალი, „საგუშაგო კოშკი“, მისცეს. მორიგი მგზავრობისას ერთმა დამ მას ორი წიგნი შესთავაზა და სანტიაგოში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დაპატიჟა. გახსენების საღამოზე წარმოთქმულმა მოხსენებამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის მიხვდა, რომ ბოლოს და ბოლოს იპოვა ჭეშმარიტება და ხალხი, რომელთა პოვნასაც ასე იმედოვნებდა.

მისიონერებმა მოინახულეს ის ადამიანები, რომლებსაც პაბლო ასწავლიდა. ერთი შეხვედრის ადგილას მათ სიხარულით ელოდა 27 ადამიანი. ზოგმა იქ მისასვლელად 25 კმ იარა ფეხით, ზოგმა კი 50 კმ — ცხენით. სხვა ადგილას მათ 78 კაცი დახვდა, კიდევ სხვაგან 69 ადამიანს მოეყარა თავი.

პაბლომ მისიონერებს 150 დაინტერესებულის სია გადასცა. ეს თავმდაბალი და სულიერად მოაზროვნე ადამიანები უკვე სწავლობდნენ ბიბლიას და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებდნენ. ერთადერთი, რაც მათ აკლდათ, იყო ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა. „ჩვენთან მისიონერები ჩამოვიდნენ და კრება ჩავატარეთ, — იხსენებს სელესტე. — დაიგეგმა ნათლობა. ჩემს ოჯახში პირველი მე მოვინათლე, მოგვიანებით მოინათლნენ დედაჩემი ფიდელია ხიმენესი და ჩემი და კარმენი“.

პირველი სარაიონო კონგრესი დომინიკელთა რესპუბლიკაში 1949 წლის 23—25 სექტემბერს ქალაქ სანტიაგოში გაიმართა, რამაც კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა სამქადაგებლო საქმიანობას. კონგრესზე ბევრი ცნობისმოყვარე ადამიანი მივიდა, კვირის საჯარო მოხსენებას 260 კაცი დაესწრო. მოინათლა 28. სამდღიანმა კონგრესმა ბევრი ახალი დაინტერესებული დაარწმუნა, რომ ამ ორგანიზაციას ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად იყენებდა.