წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ევროპა

ევროპა
  • ქვეყნები 47

  • მოსახლეობა 741 311 996

  • მაუწყებლები 1 611 036

  • ბიბლიის შესწავლები 847 343

კლასი სამეფო დარბაზს ეწვია

ფინეთი: მეოთხე კლასის მოსწავლეების სტუმრობა სამეფო დარბაზში

ფინეთში მეოთხე კლასის მოსწავლემ, ინესამ, გაიგო, რომ რელიგიის გაკვეთილზე იეჰოვას მოწმეების შესახებ იქნებოდა საუბარი. ამიტომ გადაწყვიტა, მთელი კლასი სამეფო დარბაზში დაეპატიჟებინა. ეს აზრი მოსწავლეებსაც მოეწონათ და მასწავლებელსაც.

მომდევნო კვირას 38 მოსწავლე ველოსიპედებით დაახლოებით 5 კმ-ში მდებარე სამეფო დარბაზისკენ გაეშურა. მათ თან ორი მასწავლებელი  და დირექტორი ახლდათ. სტუმრებს სამეფო დარბაზში ორი ძმა და სამი და შეეგება. წახემსების დროს მოსწავლეები სამეფო დარბაზისა და იეჰოვას მოწმეების შესახებ კითხვებს სვამდნენ: „რა ხდება შეხვედრებზე?“, „იქ, რა ოთახია?“ და თან ხელს ბიბლიოთეკისკენ იშვერდნენ. „რატომ წერია კედელზე ექვსი გავყოთ ათზე?“. ისინი წლიურ მუხლს, მათეს 6:10-ს გულისხმობდნენ.

რადგანაც სკოლა მონაწილეობას იღებდა სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ პროექტში, ძმებმა ბავშვებს jw.org-ზე უჩვენეს გრაფიკული ანიმაცია „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე“. აგრეთვე აჩვენეს ვებ-გვერდზე სხვადასხვა განყოფილებები და მოასმენინეს სამეფოს სიმღერა. შეხვედრა ერთ საათამდე გაგრძელდა.

სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ნანახით დიდად ნასიამოვნები დარჩნენ. დირექტორს ძალიან მოეწონა ჩვენ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა და თქვა, რომ მისი გამოყენება რელიგიის გაკვეთილებზე შეიძლებოდა. მას ძალიან გაუხარდა, როცა მოწმეებმა უთხრეს, რომ სხვა მოსწავლეებსაც შეეძლოთ სამეფო დარბაზის დათვალიერება. მეორე დღესვე მოწმეებს სხვა კლასის მასწავლებელი დაუკავშირდა და იკითხა, შეიძლებოდა თუ არა, სწვეოდნენ დარბაზს.

მან ნაგავსაყრელზე განძი იპოვა

რუმინეთში მცხოვრებმა ქრისტინამ წერა-კითხვა არ იცოდა, რადგან სკოლაში არასდროს უვლია. ის ძალიან ღარიბი იყო და თავის სარჩენად ქალაქის ნაგავსაყრელზე ქილებსა და პლასტმასის ბოთლებს ეძებდა. ერთ დღესაც, როცა ნაგავში იქექებოდა, რაღაცამ მისი ყურადღება მიიპყრო. ეს იყო ბიბლიური ლიტერატურა, რომელზეც ბედნიერი ადამიანები ეხატა. გულში გაიფიქრა, ასეთი ადამიანები სადღაც უნდა არსებობდნენო. ქრისტინას ძალიან დააინტერესა, რა ეწერა იქ, ამიტომ სხვას სთხოვა, მისთვის წაეკითხა. როცა  გაიგო, რომ ეს რელიგიური ლიტერატურა იყო, ძალიან ეწყინა, რომ ხალხი ასე უდიერად ექცეოდა ღვთის სიტყვას. ქრისტინა მიდიოდა ხოლმე ნაგავსაყრელზე და კრეფდა ჟურნალებს, ბროშურებს და ბუკლეტებს. ზოგი მათგანი მთელი იყო, ზოგიც — დახეული. მან კითხვა ისწავლა, რათა თავად წაეკითხა და მეტი გაეგო ამ პუბლიკაციების შესახებ.

 მოგვიანებით, ქრისტინას მოწმეები დაუკავშირდნენ და მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ იეჰოვამ თავისკენ მიიზიდა იმ პუბლიკაციების მეშვეობით, რომლებსაც ზოგი არაფრად აგდებდა. ქრისტინა კრების შეხვედრებს ესწრება და ძალიან მოსწონს, რასაც იქ სწავლობს. მას ისიც ძალიან უხარია, რომ ნაგავში აღარ უწევს ჟურნალების, წიგნებისა და ბროშურების ძებნა. მართლაც, ქრისტინამ ნაგავსაყრელზე განძი იპოვა!

ბიბლიის შესწავლა ტყეში

გერმანია: მარგარეტი ტყეში ბიბლიის შესწავლას ატარებს

გერმანიაში მცხოვრები მარგარეტი ყოველ დილით ტყეში ძაღლს ასეირნებს. ის ამბობს: „ვცდილობ, გამვლელებს გამოველაპარაკო. თუ შევატყვე, რომ ლაპარაკის ხასიათზე არიან, საუბარი ბიბლიაზე გადამაქვს“.

ერთ დღეს ის 70 წელს გადაცილებულ ქალბატონს შეხვდა, რომელიც ასევე ძაღლს ასეირნებდა. მარგარეტი ქალს გამოესაუბრა. ქალს ესიამოვნა მასთან საუბარი და უთხრა, რომ ყოველდღე ლოცულობდა და კითხულობდა ბიბლიას. მას შემდეგ ისინი ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს და სულიერ საკითხებზე საუბრობდნენ. ერთხელაც ქალმა მარგარეტს ჰკითხა: „საიდან იცით ასე კარგად ბიბლია?“. მარგარეტმა უთხრა, რომ იეჰოვას მოწმე იყო.

მარგარეტმა ქალს რამდენჯერმე შესთავაზა ბიბლიის შესწავლა, მაგრამ ის უარს ეუბნებოდა. თუმცა ისინი სულიერ საკითხებზე საუბარს მაინც განაგრძობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ მარგარეტმა კვლავ შესთავაზა ქალს ბიბლიის შესწავლა. ამჯერად ქალმა მას გაუმხილა, რომ მამაკაცს, რომელთანაც ის ცხოვრობდა, იეჰოვას მოწმეები ძალიან არ მოსწონდა.

მომდევნო ჯერზე მარგარეტმა თან წაიღო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და როდესაც ქალს შეხვდა, მან გაბედულად  უთხრა: „ამჯერად მინდა, ბიბლიის შესწავლა სახლში კი არა, ტყეში შემოგთავაზოთ“. ქალს თვალზე ცრემლი მოერია და სიხარულით დათანხმდა. ისინი კვირაში ექვსჯერ ხვდებიან ერთმანეთს ბიბლიის შესასწავლად. სეზონისა და ამინდის შესაბამისად მარგარეტი შესწავლას ხან ქოლგის ქვეშ, ხანაც ფარნით ატარებს.

დამაბნეველი „თავის გაქნევა“

ერთი და დელფინე ბულგარეთში ბიბლიას ასწავლიდა ქალს, რომელსაც ირინა ერქვა. ირინა ნასწავლს ძალიან აფასებდა და რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს. თუმცა ირინას ქმარს არ უნდოდა, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონოდა მოწმეებთან. მან ოჯახი შვედეთის ერთ პატარა სოფელში გადაიყვანა და ირინასა და დელფინეს შორის კავშირი გაწყდა. ერთხელ ირინას ორმა პიონერმა, ალექსანდრამ და რებეკამ, მიაკითხა. სამწუხაროდ, ირინამ შვედური არ იცოდა, ამიტომ დებმა მას ბულგარულ ენაზე წააკითხეს ინფორმაცია ბროშურიდან „სასიხარულო ცნობა ყველა ერისთვის“. ბროშურის დახმარებით დებმა ირინას ჰკითხეს, ხომ არ ისურვებდა ლიტერატურას თავის ენაზე. ირინამ თავი გააქნია. დებმა ეს უარის ნიშნად მიიღეს და წავიდნენ.

ალექსანდრას მოგვიანებით გაახსენდა, რომ რამდენიმე კვირაში ერთი შვედი და, სახელად ლინდა, რომელიც ბულგარეთში მსახურობდა, შვედეთში ჩადიოდა. მან იფიქრა, რომ თუ ირინა თავის ენაზე მოისმენდა ჭეშმარიტებას, შეიძლებოდა აზრი შეეცვალა. როდესაც ლინდა ჩავიდა, ალექსანდრამ ის ირინასთან წაიყვანა. ირინამ ლინდას უთხრა, რომ ყოველღამე ლოცულობდა და იეჰოვას ევედრებოდა, ბიბლიის შესწავლის გაგრძელებაში დახმარებოდა. მას ხშირად თან დაჰქონდა ბულგარულ ენაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ იმ იმედით, რომ თუ სადმე მოწმეებს შეხვდებოდა, მათთვის ეჩვენებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერსად  შეხვდა. ახლა ის ბედნიერი იყო, რომ შეეძლო თავის ენაზე სხვა ლიტერატურაც ჰქონოდა.

ლინდამ ალექსანდრას ჰკითხა, თუ რატომ დაასკვნა პირველი მონახულებისას, რომ ირინას არ აინტერესებდა ჭეშმარიტება. ალექსანდრამ უთხრა, რომ ირინამ უარის ნიშნად თავი გააქნია. ლინდას გაეღიმა და ალექსანდრას აუხსნა, რომ ბულგარელები უარის ნიშნად თავს ზევით-ქვევით აქნევენ, ხოლო თანხმობის ნიშნად — აქეთ-იქით. სანამ შვედურს ისწავლის, დღეს ირინა მშობლიურ ენაზე განაგრძობს ბიბლიის შესწავლას. მან დელფინესთან აღადგინა კავშირი და შესწავლას ინტერნეტის მეშვეობით ატარებენ.

მამის კარგი მაგალითი

ხემიმა ესპანეთში ცხოვრობს. ის ბავშვობაში ჭეშმარიტებას სწავლობდა, მაგრამ შვიდი წლის ასაკში მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა, როცა დედამისმა იეჰოვას ორგანიზაცია დატოვა და მამამისს გაშორდა. ცამეტი წლის ხემიმამ ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა მოწმეებთან და სულიერ დახმარებაზე მამასაც უარს ეუბნებოდა.

როცა წამოიზარდა, ხემიმა სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებს შეუერთდა იმ მიზნით, რომ უბრალო და დაჩაგრულ ხალხს დახმარებოდა. მოგვიანებით, როდესაც ის უმუშევარი დარჩა, მამამისმა, დომინგომ, რომელიც მღებავად მუშაობდა, თავისთან წაიყვანა სამუშაოდ.

ერთხელ მუშაობის დროს დომინგომ მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. ხემიმამ უარი უთხრა და დააყოლა, რომ თუ ოდესმე მოუნდებოდა შესწავლა, აუცილებლად ეტყოდა. დომინგო მუშაობისას ბიბლიისა და ჟურნალების აუდიო ჩანაწერებს უსმენდა ხოლმე, მაგრამ ხემიმას ყურსასმენებით პოპ-მუსიკის მოსმენა ერჩივნა.

2012 წლის ნოემბერში დომინგო მეორე ცოლთან ერთად მიიწვიეს ბიბლიურ სკოლაში ქრისტიანი წყვილებისთვის.  ხემიმაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მამამისს ორი თვე ბიბლიურ სკოლაში უნდა ესწავლა, შემდეგ მიეტოვებინა ყველაფერი და, სადაც გაგზავნიდნენ, იქ უნდა წასულიყო. ხემიმამ პირველად გააცნობიერა, თუ რა ღრმად გაედგა ფესვი ჭეშმარიტებას მამის გულში და გადაწყვიტა, გაეგო, რა იყო ამის მიზეზი.

ხემიმამ მუსიკის ნაცვლად მამამისის ჩანაწერების მოსმენა დაიწყო. დროდადრო მას კითხვებსაც უსვამდა. ერთხელ, როდესაც დომინგო კიბეზე იდგა და ღებავდა, ხემიმამ უთხრა: „გახსოვს, გითხარი, რომ თუ ოდესმე ბიბლიის შესწავლა მომინდებოდა, აუცილებლად გეტყოდი? ვფიქრობ, რომ დადგა ამის დრო“.

დომინგო ამის მოსმენამ ძალიან გაახარა. 2013 წლის იანვარში მათ დაიწყეს ბიბლიის შესწავლა, რომელსაც კვირაში ორჯერ ატარებდნენ. დომინგომ ბიბლიურ სკოლაში სწავლა აპრილში დაიწყო, ამიტომ შვილთან შესწავლა ინტერნეტით განაგრძო. ხემიმა მამის გამოსაშვებ საღამოს დაესწრო და პროგრამით აღფრთოვანებული დარჩა. 2013 წლის 14 დეკემბერს იგი მოინათლა.

„იეჰოვა დიდხანს ავლენდა ჩემდამი მოთმინებას. ვიცი, რომ მას არასოდეს ჩაუქნევია ჩემზე ხელი. მან ის მომცა, რაც ქვეყნიერებაში ვერ ვიპოვე — ნამდვილი მეგობრები. მსოფლიო საძმოს შემხედვარე, კიდევ უფრო მეტად ვაფასებ იეჰოვას მიერ ჩემდამი გამოვლენილ სიყვარულს“ — ამბობს ხემიმა.

პატივისცემის ძალა

ვასილი დიდი ხანია, რაც რუსეთის ბეთელის ოჯახის წევრია. 2014 წლის 30 მარტს ის ბეთელთან ახლოს სტენდებით ქადაგებდა, როდესაც პოლიციის მანქანა მიუახლოვდა. პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა და ვასილის თავაზიანად სთხოვა, შეეწყვიტა ქადაგება, რადგან ზოგი მეზობელი ჩიოდა.  მეორე პოლიციელი მათ საუბარს ვიდეოკამერით იწერდა. ვასილიმ გადაწყვიტა, დამორჩილებოდა პოლიციელს და თავის უფლებებზე არ დაეწყო კამათი. ამ დროს საკმაოდ ბევრი გამვლელი გაჩერდა, რათა გაეგოთ, რა ხდებოდა. ვასილიმ იქაურობა დატოვა, მაგრამ ორი დღის შემდეგ მან პოლიციის უფროსთან შეხვედრა ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. შეხვედრის დროს ვასილიმ პოლიციის უფროსს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი სამსახურისთვის, რასაც პოლიცია საზოგადოებისთვის ასრულებდა და იმისთვისაც, რომ ორი დღის წინ მას თავაზიანად მოეპყრნენ. პოლიციის უფროსი თავის თანაშემწეს მიუბრუნდა და უთხრა: „32 წელია ამ სისტემაში ვმუშაობ და ჯერ მადლობა არავის გადაუხდია ჩვენი სამსახურისთვის“. საუბრისას ძმამ პოლიციის უფროსს აუხსნა, რომ ქადაგება კანონით იყო დაშვებული. უფროსმა ვასილის ჰკითხა, თუ რატომ არ ისარგებლა თავისი უფლებით და რატომ დაემორჩილა უსიტყვოდ პოლიციის თხოვნას, შეეწყვიტა ქადაგება. ვასილიმ მიუგო: „მე პოლიციას პატივს ვცემ. წარმოიდგინეთ, რას იფიქრებდნენ გარშემომყოფები, თუ პოლიციას კანონის უცოდინარობაში დავადანაშაულებდი“. პოლიციის უფროსი და მისი თანაშემწე სახტად დარჩნენ და ვასილის უთხრეს, რომ ამის მერე სტენდებით ქადაგებისას მეტად აღარ შეექმნებოდათ პრობლემები.