არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

აფრიკა

აფრიკა
  • ქვეყნები 58

  • მოსახლეობა 994 839 242

  • მაუწყებლები 1 421 375

  • ბიბლიის შესწავლები 3 516 524

ისინი თავიანთ მასწავლებელს გაჰყვნენ

ხოსე ახალგაზრდა პიონერი ძმაა, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდის ერთ გარეუბანში ცხოვრობს. ის სამეფო დარბაზთან ახლოს მდებარე სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ხოსეს კარგი ქრისტიანული თვისებები აქვს და ბრწყინვალე მასწავლებელია, რის გამოც თავის 86 მოწაფეს იგი ძალიან უყვარს. ხოსეს შუა კვირაში კრება ოთხ საათზე ეწყება, ამიტომ მას ნებართვა აქვს  აღებული, რომ ამ დღეს ადრე წავიდეს. სკოლიდან ის პირდაპირ სამეფო დარბაზში მიდის.

ზოგი მოსწავლე დაინტერესდა, რატომ და სად მიდიოდა მათი მასწავლებელი სკოლიდან ადრე. ერთხელაც ორი მოსწავლე ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ხოსეს უკან გაჰყვა და კრების შეხვედრას დაესწრო. სხვა დროს სხვა სამი მოსწავლე აღმოჩნდა სამეფო დარბაზში იმ დღეს, როცა ხოსეს დავალება ჰქონდა სამსახურებრივ შეხვედრაზე. ახალი ამბავი კლასში სწრაფად გავრცელდა. მომდევნო კვირებში კრების შეხვედრებზე დამსწრე მოსწავლეთა რიცხვი 5-დან 21-მდე გაიზარდა. კრების წევრებმა მოსწავლეებს ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს, რაზეც თითქმის ყველა დათანხმდა. მოსწავლეებმა სკოლაში წაიღეს ზოგიერთი ბიბლიური ლიტერატურა, რის შედეგადაც სხვა მოსწავლეებიც დაინტერესდნენ და დაიწყეს კრების შეხვედრებზე დასწრება. სასწავლო წლის ბოლოს ხოსეს 86 მოსწავლიდან უკვე 54 დადიოდა დროდადრო კრებაზე. როგორც ხოსე ამბობს, მათგან 23 სულიერად წინ მიიწევს და აქტიურად ესწრება კრების შეხვედრებს.

მართლა არ იყო საკმარისი ტერიტორია?

ნიგერია: ჯოზეფი და ევეზი მსახურებაში DVD-პლეიერს იყენებენ

როდესაც, სპეციალური პიონერები ჯოზეფი და ევეზი ახალი დანიშნულების შესასრულებლად ნიგერიაში ჩავიდნენ, რამდენიმე გულგატეხილმა მაუწყებელმა შესჩივლა: „სამქადაგებლო ტერიტორია არ გვყოფნის, უკვე ყველაფერი გადავამუშავეთ“. ერთი წლის შემდეგ ჯოზეფმა ფილიალს მისწერა: „საქადაგებლად ყოველდღე გავდივართ და ყოველდღე ვხვდებით უარყოფითად განწყობილ და გულგრილ ადამიანებს. მსახურებაში პორტატიულ DVD-პლეიერს ვიყენებთ, რათა ვიდეოები ვაჩვენოთ ბავშვებს, მოზარდებსა და  უფროსებს. შედეგი საოცარია. ყოველთვე მე და ჩემი მეუღლე 18 ბიბლიის შესწავლას ვატარებთ; ზოგჯერ ყველასთან მისვლას ვერც კი ვასწრებთ. ბავშვები ხშირად გვთხოვენ, მათეს ვიდეო გვაჩვენეთო“.

კუნძული დახმარებას ითხოვს

კონგო (კინშასა): ქადაგება მეთევზესთან

2014 წლის აპრილში კონგოს (კინშასა) ფილიალმა ამაღელვებელი შინაარსის წერილი მიიღო კივუს ტბაში მდებარე კუნძულ იბინჯაზე მცხოვრები მეთევზეებისგან. ეს მეთევზეები  ხშირად ახლომდებარე ქალაქებში ჩადიან თევზის გასაყიდად. ერთხელ ქალაქ ბუკავუში ისინი შეხვდნენ იეჰოვას მოწმეებს. მოწმეებმა მათ უქადაგეს და ბიბლია და სხვა პუბლიკაციები მისცეს.

მეთევზეები წაკითხულით აღფრთოვანებულები დარჩნენ და კუნძულზე სხვებს უყვებოდნენ იმის შესახებ, რაც თავად გაიგეს. ვინაიდან ბევრი დაინტერესდა, მეთევზეებმა ერთი მეთევზე ბუკავუში გაგზავნეს, რათა მოწმეები მოეძებნა და ეთქვა, რომ მათთან ჩასულიყო კუნძულზე. მეთევზემ მოწმეები ვერ იპოვა და გადაწყვიტა, წერილი გაეგზავნა ფილიალში. წერილში ეწერა: „გთხოვთ, მოწმეები გამოგვიგზავნეთ, რათა ჩვენც ისევე ვიცოდეთ ბიბლია, როგორც მათ იციან და ისიც გვასწავლონ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარადიულად ვიცოცხლოთ. მათ დაბინავებაზე ჩვენ ვიზრუნებთ. მზად ვარ, ჩემს მიწაზე ადგილიც გამოვყო ეკლესიის ასაშენებლად. თქვენს წიგნებში მითითებული ბიბლიური მუხლებიდან შევიტყვეთ, რომ მღვდლები და პასტორები სიცრუეს გვასწავლიან. დარწმუნებული ვართ, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვეთ. კუნძულზე ბევრს აქვს სურვილი, შეისწავლოს ბიბლია და იეჰოვას მოწმე გახდეს“.

წერილში აღნიშნული იყო, რომ იმ კუნძულზე დაახლოებით 40 ადამიანი იყო დაინტერესებული ბიბლიის შესწავლით. კუნძულ იბინჯაზე 18 000-ზე მეტი მოსახლეა და არც ერთი იეჰოვას მოწმე არ არის. ფილიალმა დაუყოვნებლივ გაგზავნა იქ ორი სპეცპიონერი, რომლებიც მათ ენაზე საუბრობდნენ.

პასტორი ისმენს

„გახსენების საღამოს აღარასოდეს გამოვტოვებ“. ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილი პროტესტანტული ეკლესიის პასტორს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. რამ მიიყვანა პროტესტანტული ეკლესიის წინამძღვარი 2014 წლის აპრილში იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე? ყველაფერი  იქიდან დაიწყო, როდესაც სხვადასხვა ეროვნების ორმა ძმამ მსახურების დროს მის კარზე დააკაკუნა. მათ გაგონილი ჰქონდათ, რომ პასტორი არ უსმენდა იეჰოვას მოწმეებს და ფიქრობდნენ, რომ არც მათთან საუბარს მოისურვებდა. ერთ-ერთი ძმა, ადანი, ყვება, რა მოხდა: „ჩვენდა გასაოცრად, მან შინ შეგვიპატიჟა. დიდხანს ვისაუბრეთ. ის გააოცა იმ ფაქტმა, რომ თეთრკანიანი შავკანიანებთან ქადაგებდა და მათ ენაზე ლაპარაკობდა. პასტორმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო“.

ადანი განაგრძობს: «40 წელზე მეტი იყო, რაც ეს კაცი მისიონერად და პასტორად მსახურობდა, მაგრამ თავის კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები მხოლოდ 80 წლის ასაკში მიიღო. მას ძალიან უყვარს წიგნი „მიჰბაძეთ მათ რწმენას“. ბიბლიის შესწავლის დროს ის იმახსოვრებს მისთვის საინტერესო აზრებს და ეკლესიაში ქადაგების დროს იყენებს. მან თავის მრევლს აჩვენა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და უთხრა: „როდესაც იეჰოვას მოწმეები ამ წიგნით ხელში სახლში მოგაკითხავენ, კეთილად მიიღეთ და მოუსმინეთ, რადგან ეს წიგნი სულიერი საგანძურია“».

პასტორმა ადანს უთხრა, რომ თავისი ეკლესიის სხვა წინამძღვრებმა მკაცრად გააფრთხილეს, ეკლესიაში იეჰოვას მოწმეების სახელი აღარ ეხსენებინა. კაცმა აღარ იცოდა, რა ექნა. ადანს 2013 წლის წელიწდეულიდან გაახსენდა ერთი ყოფილი მიანმელი მღვდლის შემთხვევა. როდესაც ეს შემთხვევა პასტორს წაუკითხა, მან წამოიძახა: „ეს მე მეხება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო, გადადება არ შეიძლება!“.

2014 წლის 14 აპრილს პასტორი პირველად დაესწრო გახსენების საღამოს და თქვა, რომ ამ მოვლენას აღარასოდეს გამოტოვებდა და, რომ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა ცრუ რელიგიასთან.

 ძებნა კაკაოს პლანტაციებში

განა: ბაფორი და აარონი კაკაოს პლანტაციებში ქადაგებენ

ბაფორი და აარონი სპეციალურ პიონერებად მსახურობენ ბოკაბოში, დასავლეთ განაში, იქ, სადაც კაკაოს პლანტაციებია. მათი სამქადაგებლო ტერიტორია მოიცავს აქა-იქ მიმოფანტულ პატარა სახლებს, სადამდე მისასვლელადაც პლანტაციებში დაკლაკნილი საცალფეხო ბილიკები უნდა გაიარო. ერთი არასწორი გადახვევა და თავს სულ სხვაგან ამოყოფ. ერთხელ ბაფორმა და აარონმა გადაწყვიტეს, ჩვეული გზიდან გადაეხვიათ და სხვა ბილიკს გაჰყოლოდნენ. ახალმა ბილიკმა ისინი მათთვის უცნობ ქოხებამდე მიიყვანა. იქ ისინი მაიკლსა და ფეიშენს შეხვდნენ, რომლებიც დაინტერესდნენ მათი ცნობით და სიხარულით დათანხმდნენ ბიბლიის შესწავლაზე. მოგვიანებით, მაიკლმა მათ უთხრა: „უკვე ორი წელია, რაც ეკლესიაში აღარ დავდივართ. იქ ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რასაც ბიბლია არ ასწავლის. მას შემდეგ ყოველ საღამოს მე და ფეიშენსი ბიბლიას ვკითხულობთ და ჩვენს კითხვებზე პასუხებს ვეძებთ. ვლოცულობდით და ღმერთს ვთხოვდით, რომ ჭეშმარიტება გვეპოვა“. მათ მაშინვე დაიწყეს კრებებზე დასწრება, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე მისასვლელად გრძელი და დამღლელი გზა უნდა გაევლოთ. ეს წყვილი შარშან მოინათლა და ორივემ პიონერად დაიწყო მსახურება. ახლა ისინი თავად იკვალავენ გზას კაკაოს პლანტაციებში, რათა ჭეშმარიტების მაძიებელი ხალხი იპოვონ.

მაიკლი და ფეიშენსი კაკაოს პლანტაციებში