წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ამერიკა

ამერიკა
  • ქვეყნები 57

  • მოსახლეობა 980 780 095

  • მაუწყებლები 4 034 693

  • ბიბლიის შესწავლები 4 339 285

ობლები კრების შეხვედრებს ესწრებიან

ანჯელამ, რომელიც სურინამში ცხოვრობს, გადაწყვიტა, თავის სახლთან ახლოს, ობოლთა თავშესაფარში ექადაგა. თავშესაფრის დირექტორი არააქტიური და იყო და სიხარულით დათანხმდა ანჯელას, ექადაგა ბავშვებთან. ანჯელა 85 ბავშვს გაესაუბრა და jw.org-დან ვიდეო-რგოლები აჩვენა. მან ბევრ ბავშვთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ანჯელას ორი პიონერი და ეხმარება  შესწავლების ჩატარებაში. თითოეულს თავისი ჯგუფი ჰყავს. არააქტიურმა დამ პიონერებს უთხრა, რომ ჩვენი ერთ-ერთი სიმღერების წიგნიდან ბავშვებს სიმღერებს ასწავლიდა და ძილის წინ ბიბლიურ მოთხრობებს უკითხავდა. მან კრების შეხვედრებზე დასწრების სურვილი გამოთქვა, მაგრამ არ შეეძლო 85 ბავშვის მარტო დატოვება. ძმებმა იზრუნეს იმაზე, რომ ყველა მათგანი მასთან ერთად წაეყვანათ სამეფო დარბაზში. ვინაიდან დარბაზი ბავშვთა თავშესაფრიდან რამდენიმე წუთის სავალზე იყო, ძმებმა ისინი იქამდე ფეხით მიიყვანეს. ახლა ჩვენი და 85 ბავშვთან ერთად რეგულარულად დადის კრებებზე.

გაბრიელი პაპას დაეხმარა

პარაგვაი: გაბრიელი პაპას ინტერნეტის მეშვეობით ესაუბრება

როდესაც პარაგვაიში მცხოვრები ექვსი წლის გაბრიელი კონგრესიდან სახლში ბრუნდებოდა, გზაში სულ იმაზე ფიქრობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო სამეფოს ცნობის ქადაგება. უცებ გაახსენდა ერთი ძვირფასი ადამიანი, ვინც ძალიან უნდოდა, რომ სამოთხეში მის გვერდით ყოფილიყო. ეს მისი პაპა იყო. მაგრამ პაპამისი არანაირ ინტერესს არ ავლენდა ჭეშმარიტებისადმი და ეწინააღმდეგებოდა თავის იეჰოვას მოწმე ცოლ-შვილს.

იმავე დღეს გაბრიელმა მშობლებს სთხოვა, ინტერნეტის მეშვეობით პაპა-ბებიას დაკავშირებოდნენ არგენტინაში. გაბრიელმა პაპას აუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბიბლიის შესწავლა და პირდაპირ ჰკითხა: „პაპა, არ გინდა, ბიბლია გასწავლო? პაპა დათანხმდა. შვილიშვილმა უთხრა, რომ შეისწავლიდნენ ბროშურას „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“. რამდენიმე თვეში მათ ერთად შეისწავლეს ბროშურა. რადგან კარგად კითხვა ორივეს უჭირდა, ისინი წინასწარ ემზადებოდნენ. ყოველი შესწავლის წინ გაბრიელი გაკვეთილისთვის ჯერ კარგად მოემზადებოდა, მერე  პერანგს ჩაიცვამდა, ჰალსტუხს გაიკეთებდა და პაპას ურეკავდა.

რაღაც დროის შემდეგ პაპამ და ბებიამ გადაწყვიტეს, რამდენიმე კვირით შვილსა და შვილიშვილს სწვეოდნენ. იქ ყოფნის დროს გაბრიელის პაპა მთელ ოჯახთან ერთად ესწრებოდა კრების შეხვედრებს. არგენტინაში დაბრუნების შემდეგ მან განაგრძო ბიბლიის შესწავლა ადგილობრივ ძმასთან და მალე მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. ახლა გაბრიელის პაპა და ბებია ყოველდღე ერთად ლოცულობენ. რაც შეეხება გაბრიელს, ისიც უკვე მოუნათლავი მაუწყებელია. პაპამისმა სურვილი გამოთქვა, რომ იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად, მონათლულიყო.

„თქვენ ჩემთან შემთხვევით არ მოსულხართ“

ბრაზილიაში ბუკლეტის „იქნება მკვდრეთით აღდგომა?“ გავრცელების დროს ჯენიფერმა ერთ კარზე დააკაკუნა, საიდანაც გამოვიდა ქალი, რომელმაც უთხრა, რომ ახლო მეგობრის  დაკრძალვაზე ეჩქარებოდა. ჯენიფერმა მას უთხრა, რომ მისთვის სწორედ იმ ბუკლეტის მიცემა უნდოდა, რომელიც მკვდრეთით აღდგომის იმედზე საუბრობდა. ქალი შეცბა, მაგრამ ბუკლეტი მაინც აიღო. როდესაც ჯენიფერმა ჰკითხა, ხომ არ სურდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვისაც წაეღო ასეთი ბუკლეტები, ქალს მოეწონა აზრი და კიდევ ცხრა ცალი გამოართვა.

როდესაც, ჯენიფერმა ქალს განმეორებით მიაკითხა, მან უთხრა: „იმ დღეს, როდესაც ერთმანეთს პირველად შევხვდით, მივხვდი, რომ თქვენ ჩემთან შემთხვევით არ მოსულხართ. ღმერთმა გამოგაგზავნათ იმ მანუგეშებელი ცნობით, რომელიც მე ასე ძალიან მჭირდებოდა“. მას ყველა ბუკლეტი გაევრცელებინა. თურმე გარდაცვლილის ოჯახის წევრს, რომელმაც სიტყვა წარმოთქვა დაკრძალვაზე, თავიდან ბოლომდე ხმამაღლა წაუკითხავს ბუკლეტი. ქალს ყველა მადლობას უხდიდა ბუკლეტში ჩაწერილი მანუგეშებელი ცნობისთვის. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო ჯენიფერთან.

„ტაპ-ტაპში“ ქადაგება

ჰაიტიში სამი ბეთელელი მგზავრობდა ჭრელაჭრულა ფერებით მოხატული სამარშრუტო ტაქსით, რომელსაც „ტაპ-ტაპს“ ეძახიან. ორსაათნახევრიანი მგზავრობის განმავლობაში ისინი მგზავრებს სამეფოს ცნობას უზიარებდნენ. მთლიანობაში მათ 50 ჟურნალი და 30 ბუკლეტი გაავრცელეს. ერთ-ერთმა, სახელად გურვიჩმა, მგზავრს პატარა მონაკვეთი ამოუკითხა ჟურნალიდან „გამოიღვიძეთ!“. მათ საუბარს ყური მოჰკრა ახალგაზრდა კაცმა, პეპემ და მაშინვე საუბარში ჩაერთო. მან ბიბლიის შესწავლა მოითხოვა. როგორც გაირკვა, ის იმ კრების ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სადაც გურვიჩი მსახურობდა. მას შემდეგ, რაც ისინი 2014 წლის იანვარში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, პეპეს, ფაქტობრივად, არც ერთი კრება და კონგრესი არ გაუცდენია. ახლა ის სხვებს უზიარებს ახალ რწმენას და იმედოვნებს, რომ მალე მოუნათლავი მაუწყებელი გახდება.