არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ორგანიზაცია ერთ ადგილზე არ დგას

ორგანიზაცია ერთ ადგილზე არ დგას

პარასკევს, 2013 წლის 5 ივლისს, ხელმძღვანელი საბჭოს წევრის ენტონი მორისის სიტყვებს შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის წევრები აღფრთოვანებით შეხვდნენ. ძმა ენტონიმ ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა: „2013 წლის 4 ივლისს, ხუთშაბათს, ხელშეკრულება დავდეთ ბრუკლინში, ადამს-სტრიტის №117-ში მდებარე 5 შენობისა (დანომრილი შენობები სურათზე) და სენდს-სტრიტის №90-ში მდებარე ერთი შენობის (მაღალი შენობა სურათზე) გასხვისების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, ადამს-სტრიტზე მდებარე 5 შენობა ამა წლის აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უნდა დავცალოთ“.

ძმა მორისმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შენობის (მე-3 შენობა სურათზე) მეექვსე და მეშვიდე სართულზე განთავსებული სამრეცხაო  და ქიმწმენდა 2014 წლის შუა პერიოდამდე კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას. „სენდს-სტრიტის №90-ში მდებარე საცხოვრებელი შენობა სავარაუდოდ, 2017 წელს დაიცლება“, — თქვა მან.

იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველო ქალაქ ნიუ-იორკიდან უორიკში (ნიუ-იორკის შტატი) გადადის. უორიკში 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შევიძინეთ. თუმცა, გარკვეული პერიოდი ძმები იქ მშენებლობას ვერ იწყებდნენ. ნებართვის გარეშე მათ არ ჰქონდათ უფლება, ეწარმოებინათ მოსამზადებელი სამუშაოები და ჩაეყარათ შენობის საძირკველი.

სწორედ ამიტომ 18 ივლისს ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, მარკ სანდერსონის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებას შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახი დიდი აღტაცებით შეხვდა: „სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ოთხშაბათს, 17 ივლისს, საღამოს, უორიკის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა ერთხმად მოიწონა იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს სამშენებლო პროექტი. ეს საბოლოო ნებართვაა! ამიტომ, უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მშენებლობა! არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის, რომ გუშინ საღამოს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ნაკვეთი შევისყიდეთ. ის მოვლენები, რომლებიც ამ ნებართვის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე განვითარდა, იმის უდავო მტკიცებაა, რომ იეჰოვა არ იშურებს ჩვენთვის კურთხევებს“. ძმა მარკმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებში და მათაც, ვინც მხურვალედ ლოცულობდა პროექტისთვის. „უპირველესად ჩვენ იეჰოვას მივაგებთ პატივს და ვემადლიერებით, რადგან სწორედ მისი წყალობით ხდება ეს ყველაფერი. დიახ, ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა!“.

26 ივლისს, პარასკევს, ძმა ენტონი მორისი უორიკთან ახლოს, ტაქსიდოში შეხვდა დაახლოებით 1 000 ბეთელელს  და მოხალისე მშენებელს იქ განთავსებულ სასადილოში. ამ ტერიტორიაზე განთავსებულია აგრეთვე საცხოვრებელი ოთახები, ოფისები, საწყობები და სახელოსნოები. გამამხნევებელი ბიბლიური მოხსენების შემდეგ ძმა მორისმა საინტერესო განცხადება გააკეთა: «ის, რაც ახლა ხელში მიჭირავს, სულ ცოტა ხნის წინ გადმომცეს. ის ასე იწყება: „მშენებლობის ნებართვა“». ჯერ ეს სიტყვები დასრულებული არ ჰქონდა, რომ დარბაზში მქუხარე ტაში გაისმა. შემდეგ მან წაიკითხა პატარ-პატარა მონაკვეთები ამ ოფიციალური ნებართვის წერილიდან, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი საქალაქო სამსახური თანხმობას იძლეოდა უორიკში მთავარი შენობის მშენებლობის დაწყების თაობაზე. ნებართვა ზუსტად სამი საათის წინ იყო გაცემული.

როგორ მიმდინარეობს სამუშაოები უოლკილში, უორიკსა და ტაქსიდოში?

2009 წლის აგვისტოში უოლკილის კომპლექსის გაფართოება დაიწყო; მთლიანობაში დაახლოებით 2 800 და-ძმა ჩაება ამ სამშენებლო საქმეში. გეგმის მიხედვით, უნდა აშენდეს ახალი საცხოვრებელი სახლი, საოფისე შენობა და ავტომანქანების სადგომი. უკვე განაახლეს ერთი საცხოვრებელი შენობა, ხოლო სტამბა, სამრეცხაო, საკონფერენციო დარბაზი, ტექნიკური მომსახურების შენობა და მთავარი მისაღები გადააკეთეს. უოლკილში სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოები უორიკშიც წამოვიწყეთ, სადაც მთავარი სამმართველო განთავსდება. მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში საძირკველი ჩავყარეთ, წყალგაყვანილობა გავაკეთეთ და საკანალიზაციო სისტემა გავიყვანეთ. პირველი სამი შენობის — ავტოსარემონტო სახელოსნოს, ტექნიკური მომსახურების შენობისა და სტუმრებისთვის განკუთვნილი მანქანების სადგომის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს დაიწყო. ამ შენობების დანიშნულებაა, სათანადო ყურადღება მიექცეს სხვადასხვა მოწყობილობებს, რათა და-ძმებმა ისარგებლონ მათით როგორც მშენებლობის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ.  პირველი სამი შენობის აშენების შემდეგ, 2014 წელს საცხოვრებელი და საოფისე შენობების მშენებლობა დაიწყება.

უორიკის ჩრდილოეთით დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარე ტაქსიდოს ტერიტორიას, რომელიც 20 ჰექტარზეა გადაჭიმული და სადაც უწინ ქაღალდის გადამამუშავებელი ფაბრიკა იდგა, „იეჰოვას მოწმეთა ახალი მთავარი სამმართველოს ასაშენებლად ვიყენებთ, — ამბობს სამშენებლო კომიტეტის წევრი, კენეტ ჩერნიში. — ამ ტერიტორიაზე მოხალისეებს აქვთ საცხოვრებლები, უზრუნველყოფილი არიან საკვებით, სხვადასხვა სამშენებლო მასალებითა და მოწყობილობებით“. ამ სამშენებლო პროექტის დასაჩქარებლად შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა რეგიონალური სამშენებლო კომიტეტები, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ამ პროექტში.

ქვეყნის მასშტაბით ბევრ მოხალისეს, ვინც თანამშრომლობს რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტებთან, ერთი სული აქვს, როდის მიიღებს მონაწილეობას ახალი მთავარი სამმართველოს მშენებლობაში. ბევრი თავისი საქმის კარგად მცოდნე და-ძმა უკვე ჩაება ამ სამშენებლო პროექტში. ლესლი ბლონდოუ, რომელიც ქმართან, პიტერთან ერთად წყალგაყვანილობაზე მუშაობს, ამბობს: „ერთად მუშაობა უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან; ერთად გატარებული სასიამოვნო წუთები იმდენად ღრმად გვებეჭდება გონებაში, რომ მათი ამოშლა შეუძლებელია“.

„ამჟამად ელექტრიკოსად ვმუშაობ ტაქსიდოში, — ამბობს მალერი რეშმორი. — ყოველი დღე განსაკუთრებულია, რადგან ამდენი ხალხი ხალისიანად ვმუშაობთ ერთმანეთის მხარდამხარ“.

„ეს მართლაც დიდი პატივია, — აღნიშნავს ქვინზ დოტსონი. — ვფიქრობდი, რომ ძალიან ბევრის გაღება მომიწევდა, მაგრამ პირიქით მოხდა, მშენებლობაზე გაცილებით მეტი მივიღე“.

„ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ, — გვიზიარებს ძმა ჩერნიში. — და-ძმები სწრაფად და ხარისხიანად ასრულებენ თავ-თავიანთ სამუშაოს და თანაც დიდი სიხარულით“.