წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ფილიალების მიძღვნა

ფილიალების მიძღვნა

კორეაში 2012 წლის 20 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფილიალის ახალაშენებული და განახლებული შენობები იეჰოვას მიუძღვნეს. საინტერესოა, რომ სწორედ ამ წელს ზუსტად 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებმა ამ ქვეყანაში მსახურება დაიწყეს. ისიც არანაკლებ სასიხარულო იყო, რომ კორეის თეოკრატიის ისტორიაში მაუწყებელთა რიცხვმა 100  000-ს გადააჭარბა. ახალი საცხოვრებელი შენობის, სტამბის, აუდიო-ვიდეო სტუდიისა და ავტოსახელოსნოს მშენებლობაში დაახლოებით 1 200-მა ადგილობრივმა მოხალისემ, 239-მა საერთაშორისო მსახურმა და ცხრა ქვეყნიდან ჩასულმა მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. უკვე არსებული შენობების უმეტესობა მთლიანად განაახლეს.

მეტად გამამხნევებელი მიძღვნის მოხსენებით 3 037 და-ძმის წინაშე ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ენტონი მორისი წარდგა.  მომდევნო დღეს ერთ დიდ დარბაზში სპეციალური შეხვედრა მოეწყო; 1 300-ზე მეტი და-ძმა ადგილობრივი კრებებიდან ამ პროგრამას პირდაპირი ტრანსლაციით ისმენდა. საერთო ჯამში 115 782-მა იეჰოვას მოწმემ და დაინტერესებულმა მოისმინა ამ ერთობ საინტერესო სულიერი ღონისძიების პროგრამა.

2013 წლის 9 მარტს ლიბერიის თეოკრატიულ ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ეს დღე არასდროს ამოიშლება იეჰოვას თაყვანისმცემელთა მეხსიერებიდან. ფილიალის მიძღვნის პროგრამის მოსასმენად ლიბერიაში 11 ქვეყნიდან ჩავიდნენ სტუმრები. ყველა გულისყურით ისმენდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, გაი პირსის მიერ წარმოთქმულ მიძღვნის მოხსენებას. როგორც აღინიშნა, ქვეყანაში დაახლოებით ათი წლის განმავლობაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, რაც აფერხებდა ახალი ფილიალის დაპროექტებას და მშენებლობას; ძმებს სურდათ ფილიალის გაფართოება, რაშიც შედიოდა მომიჯნავე ტერიტორიის ათვისებაც; ამ ტერიტორიაზე ადრე მეამბოხეები იმალებოდნენ და ლტოლვითა ბანაკები იყო განთავსებული. ბეთელის ოჯახის 51 წევრს ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ ამჟამად  ფილიალში უკვე 35-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, ახალგარემონტებული ადმინისტრაციული შენობა, გზავნილთა განყოფილების საწყობი, ახალი ტექნიკური მომსახურების შენობა, ახალი სამზარეულო და სასადილოა.

საქართველო თბილი, მოსიყვარულე და, რაც მთავარია, სულიერად მოაზროვნე ხალხის სამშობლოა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში იეჰოვას თაყვანისმცემელთა არნახული ზრდა დაიწყო, რასაც დევნები მოჰყვა. თანდათანობით წინააღმდეგობისა და აგრესიის ტალღამ გადაიარა. და აი, საქართველოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე დადგა. 2013 წლის 6 აპრილს, შაბათს, ფილიალის ახალაშენებული და ახალგარემონტებული შენობების, საკონგრესო დარბაზის და ახალი სკოლებისთვის („სამეფოს მახარობელთა სკოლა“ და „სკოლა მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის“) განკუთვნილი შენობის მიძღვნა მოხდა. სწორედ ამ დღეს წარმოთქვა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, დეივიდ სპლეინმა მიძღვნის მოხსენება. ქართველი და-ძმების სიხარული რომ გაეზიარებინათ, საქართველოში 24 ქვეყნიდან 338 სტუმარი ჩამოვიდა, რომლებმაც 800-ზე მეტ ქართველ მოწმესთან ერთად მოისმინეს მიძღვნის პროგრამა.

საქართველო

მომდევნო დღეს ძმა სპლეინმა სპეციალური მოხსენება წაიკითხა, რომელიც 15 200 კაცმა მოისმინა. პროგრამის პირდაპირი ტრანსლაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. ამ საერთაშორისო მოვლენამ ბევრი აღაფრთოვანა. ერთმა ახალგაზრდა ძმამ თქვა: „ახლა ნამდვილად ვიცი, როგორი იქნება ახალი ქვეყნიერება!“

მიანმაში, ქალაქ იანგონში 2013 წლის 29 ივნისს ფილიალის სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მიძღვნა მოხდა. ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, გაი პირსის მიერ წარმოთქმული მიძღვნის მოხსენება 1 013 ადამიანმა, მათ შორის 11 ქვეყნიდან ჩასულმა სტუმარმა, მოისმინა. ერთხელ, როცა იანგონის საერთაშორისო აეროპორტში ძმებისა და დების ჯგუფი სტუმრებს ხვდებოდა, მათ ერთი მამაკაცი მიუახლოვდა. იგი იმ  ქვეყნიდან მოფრინავდა, სადაც იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალული იყო. მან შენიშნა, რომ ჩვენს და-ძმებს ხელში ეჭირათ პლაკატები, წარწერით „იეჰოვას მოწმეებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“. „რაიმე სასამართლო საქმის გამო ელოდებით მოწმეებს?“, — დაინტერესდა ის. „არა, ჩვენ მეგობრებს ვხვდებით“, — მიუგეს და-ძმებმა. შემდეგ მან ასეთი რამ იკითხა: „იეჰოვა ვინ არის?“. საბოლოოდ, ჩვენს და-ძმებსა და ამ მამაკაცს შორის ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. მიძღვნის პროგრამის შემდეგ მიანმას საკონგრესო დარბაზში გაიმართა სპეციალური შეხვედრა, სადაც ძმა პირსმა წაიკითხა მოხსენება, სახელწოდებით „ემსახურეთ იეჰოვას გაგებული გულით“. პროგრამა მიანმაში ტელეფონით ექვს სხვა ადგილას გადაიცემოდა. საერთო ჯამში, ეს პროგრამა 2 963 კაცმა მოისმინა. ავტობუსის ერთმა მძღოლმა, რომელმაც იანგონში და-ძმები ამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე წაიყვანა, აღნიშნა: „თქვენ ძალიან განსხვავდებით სხვა რელიგიების მიმდევრებისგან. თავაზიანები ხართ, კარგი მანერები გაქვთ, ლამაზად გაცვიათ. წლებია ავტობუსის მძღოლი ვარ, მაგრამ თქვენნაირ მოწესრიგებულ ხალხს არასდროს შევხვედრივარ!“

მიანმა: ადგილობრივი და-ძმები ეგებებიან ფილიალის მიძღვნის პროგრამის მოსასმენად ჩასულ სტუმრებს

 მოლდოვაში 2013 წლის 3 ივლისს, ოთხშაბათს, იეჰოვას ერთგულთათვის მეტად სასიხარულო მოვლენა, იეჰოვას მოწმეთა ფილიალის მიძღვნა მოხდა. მიძღვნის მოხსენება ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სტივენ ლეტმა წაიკითხა. ფილიალი გაფართოვდა; აშენდა სამსართულიანი შენობა, ლიტერატურის საწყობი, ათი საცხოვრებელი ოთახი და ორსართულიანი სამეფო დარბაზი, რომლითაც შვიდი კრება ისარგებლებს. მოლდოვას ბეთელის ოჯახის 33-მა წევრმა სიხარულით მიიღო სტუმრები გერმანიიდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და შეერთებული შტატებიდან. აღსანიშნავია, რომ პროგრამას ესწრებოდა რამდენიმე და-ძმა, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას აკრძალვის პერიოდში. ზოგი მათგანი, ლიტერატურის ასლები რომ გაეკეთებინა, ხელით იწერდა ჩვენი პუბლიკაციებიდან სტატიებს და ავრცელებდა. დამსწრეებს შორის ბევრი ისეთი და-ძმა იყო, რომლებიც მშობლებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს; მათ იმ დროს მოუწიათ ცხოვრება, როცა საბჭოთა მთავრობა იეჰოვას მოწმეებს დევნიდა და ავიწროებდა. შაბათს ძმა ლეტმა გულისამაჩუყებელი მოხსენება წაიკითხა, რომელიც რუმინულ და რუსულ ენებზე ითარგმნებოდა 14 705 დამსწრისთვის; ეს იყო მოლდოვას თეოკრატიის ისტორიაში ყველაზე დიდი შეკრება.

გამუდმებით ილოცეთ და სულით ნუ დაეცემით!

იესომ მოგვიწოდა: „ყოველთვის ილოცეთ და სულით არ დაეცეთ“ (ლუკ. 18:1). როცა ლოცვაში გულს უღვრი იეჰოვას, მომავლის იმედი უფრო რეალური ხდება. ასე რომ, „განუწყვეტლივ ილოცეთ!“ დიახ, „გამუდმებით ილოცეთ!“ (1 თეს. 5:17; რომ. 12:12). „მშვიდობის ღმერთმა . . . აღგჭურვოთ ყოველივე კარგით თავისი ნების შესასრულებლად — იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში ის გააკეთოს, რაც მოსაწონია მისთვის“ (ებრ. 13:20, 21).