წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

აფრიკა

აფრიკა
  • ქვეყნები 58

  • მოსახლეობა 979 685 702

  • მაუწყებლები 1 363 384

  • ბიბლიის შესწავლები 3 265 314

„ახლა მზად ვარ, დავტოვო დიდი ბაბილონი“

უგანდაში მცხოვრებმა ერთმა ახალგაზრდა კაცმა, სახელად ტომსონმა, გული აიცრუა თავის რელიგიაზე. იმ ფაქტით შეძრწუნებულმა, რომ მღვდლები მრევლს გამუდმებით ფულს სძალავდნენ, ტომსონმა გადაწყვიტა, აღარ დასწრებოდა რელიგიურ რიტუალებს. მაგრამ ბიბლიის კითხვას მაინც ყოველდღე განაგრძობდა. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა „გამოცხადების“ წიგნით  და თავადვე ცდილობდა მის ახსნას. ჩანაწერებსაც კი აკეთებდა რვეულში. ტომსონი მშენებლობაზე მუშაობდა და ერთხელაც ჩვენმა ძმამ მას თვალი მოჰკრა იმ დროს, როდესაც ის ბიბლიას კითხულობდა. მათ შორის გაცხოველებული საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც ტომსონმა სიხარულით აიღო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მან წიგნი ერთ ღამეში წაიკითხა. მეორე დღეს ძმამ ტომსონისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო: «მადლობა უფალს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციისთვის. ახლა მზად ვარ, დავტოვო „დიდი ბაბილონი“». მან მოითხოვა ყველა ის პუბლიკაცია, რომელიც მითითებული იყო წიგნში მოცემულ სქოლიოებსა და დანართებში. ტომსონმა გულმოდგინედ დაიწყო ბიბლიის შესწავლა, სულიერად სწრაფად წაიწია წინ და მოინათლა 2012  წლის საოლქო კონგრესზე „გულს გაუფრთხილდი!“. 2013 წლის მარტში ტომსონმა პიონერად დაიწყო მსახურება. ახლა ის სხვებს ეხმარება იმის დანახვაში, თუ რატომ უნდა დატოვონ „დიდი ბაბილონი“.

მას რვა ძმა ასწავლიდა

ჯიმი მავრიკის დედაქალაქ პორტ-ლუიში გაიზარდა. 16 წლისამ სმა დაიწყო და მალე ეს ყოველდღიურ ჩვევად ექცა. ნასვამ მდგომარეობაში უჭირდა თავშეკავების გამოვლენა, რის გამოც რამდენჯერმე ციხეშიც მოხვდა. ზოგჯერ დღეში სამ ბოთლ რომს სვამდა და 60 ღერ სიგარეტს ეწეოდა. როცა ფული არ ჰქონდა, სპირტის შემცველ მინების საწმენდ სითხეს და დედამისის სუნამოსაც კი სვამდა. ერთხელ, როდესაც ვიღაცამ უთხრა, რომ მოსიარულე გვამს ჰგავდა, გადაწყვიტა, სამკურნალოდ რეაბილიტაციის ცენტრში წასულიყო. იქ წელიწად-ნახევარი დაჰყო, მაგრამ უშედეგოდ.

როდრიგესი: ჯიმიმ მტკიცედ გადაწყვიტა, შეცვლილიყო

დროთა განმავლობაში, ჯიმი იეჰოვას მოწმეებს შეხვდა და მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მაგრამ სმის გამო ხშირად წყვეტდა შესწავლას. წლების მანძილზე რვა ძმას მოუწია მასთან შესწავლის დაწყება. ბოლოს ჯიმი მიხვდა, რომ  ცხოვრების წესი უნდა შეეცვალა. მან თქვა: «ვიგრძენი, რომ ებრაელების 4:12-ში მოხსენიებულმა მახვილმა ჩემს გულამდე ჩააღწია. ერთხელ ბიბლიის კითხვისას იგავების 24:16-ს წავაწყდი, რომელიც ამბობს: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“. ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ჩემთვის». მას შემდეგ რაც შვიდი ძმის წინაშე „დაეცა“, ჯიმიმ გადაწყვიტა, შეცვლილიყო და მერვე ძმის დახმარებით „ფეხზე წამომდგარიყო“. ჯიმი დახმარებისთვის მხურვალედ მიმართავდა იეჰოვას ლოცვით და ესწრებოდა კრების შეხვედრებს. საბოლოოდ, მან მოიშორა მავნე ჩვევები და 2003 წელს მოინათლა. 2012 წელს კი პიონერად მსახურება დაიწყო. დღეს ის კრებაში მომსახურედ მსახურობს კუნძულ როდრიგესზე.

„იეჰოვა და ანგელოზები იქნებიან ჩემი მეგობრები“

კენიაში მცხოვრები 70 წლის მარია მთელი ცხოვრება პრესვიტერიანული ეკლესიის წევრი იყო. ის ეკლესიას შესაწირავების აგროვებაში ეხმარებოდა. მან ერთი ადგილობრივი ეკლესიის აშენებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. როდესაც მისი ერთ-ერთი ვაჟი იეჰოვას მოწმე გახდა, მას ეს ძალიან არ მოეწონა. შვილი ხშირად ეპატიჟებოდა კრებებზე, მაგრამ მარია უარობდა და ეუბნებოდა, მინდა, ჩემს მშობლიურ, კიკუიუ ენაზე მოვისმინო ბიბლიური ცნობა და არა სუაჰილზეო. ბოლოს მარია დათანხმდა შვილს, დასწრებოდა საოლქო კონგრესს, რომელიც კიკუიუ ენაზე უნდა გამართულიყო. კონგრესზე ის ხანდაზმულებისთვის განკუთვნილ სექტორში იჯდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მის მიმართ გამოვლენილმა სითბომ და სიყვარულმა. მარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არასოდეს უნახავს თავის ეკლესიაში. ის ყურადღებით ისმენდა ყველა მოხსენებას და წაკითხული თემები ძალიან მოსწონდა.  მას შესთავაზეს ბიბლიის შესწავლა ბროშურით „მოუსმინეთ ღმერთს“ და ისიც სიხარულით დათანხმდა.

შესწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მარიამ გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმე გამხდარიყო, ამიტომ ის თავის ეკლესიიდან წამოვიდა. ამ ამბავმა ეკლესიის წინამძღოლები აღაშფოთა. მათ მარიას გადასარწმუნებლად ნაირობიდან (კენიის დედაქალაქი) პასტორი ჩამოიყვანეს. პასტორი ცდილობდა, დაერწმუნებინა ის, არ დაეტოვებინა ეკლესია, მაგრამ მარია მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე. „ვინ იქნება შენი მეგობარი, თუ ეკლესიიდან წახვალ? — ჰკითხა მაშინ პასტორმა. — ბევრი შენი მეგობარი და მეზობელი ხომ ამ ეკლესიის წევრია?“.

„იეჰოვა და ანგელოზები იქნებიან ჩემი მეგობრები, სხვათაშორის, მოწმეებიც“, — მიუგო მარიამ პასტორს.

პასტორმა ვერ შეძლო მარიას გადარწმუნება და თავი დაანება. მარია განაგრძობს ბიბლიის შესწავლას და კრების ყველა შეხვედრას ესწრება, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზიდან საკმაოდ შორს ცხოვრობს. ერთხელ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მოახერხა კრებაზე წასვლა, მან წვიმაში ორი საათი იარა, რომ იქ მისულიყო. მეზობლები  წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ მარიას მაინც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მოინათლოს.

ლიბერია: მზადება გახსენების საღამოსთვის. 2013 წელს 6 148 მაუწყებლის ჩათვლით ამ საღამოს 81 762 ადამიანი დაესწრო

ის პასტორმა ძალით წააქცია

კამერუნში ცხოვრობს 14 წლის გოგონა, სახელად ეშტონი. როდესაც მან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ბიძამ და ბიცოლამ, ვისთანაც ის ცხოვრობს, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი დაჟინებით სთხოვდნენ გოგონას, მათთან ერთად დასწრებოდა ორმოცდაათიანელთა შეხვედრებს. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე პასტორი დამსწრეებს სათითაოდ თავზე ხელს ადებდა, რომ მათზე „სულიწმიდა“ გადასულიყო. შედეგად ისინი ძირს ეცემოდნენ, მაგრამ ეშტონი არ დაცემულა. პასტორი ლოცულობდა და ლოცულობდა, მაგრამ ეშტონი არ წაქცეულა. ბოლოს რომ ვერაფერს გახდა, ფეხი გამოჰკრა და წააქცია. სახლში დაბრუნებულმა ეშტონმა ბიძას და ბიცოლას უთხრა, რომ ძალით წააქციეს, მაგრამ მათ ეს არ დაიჯერეს. იმ დღის მერე ეშტონმა გადაწყვიტა, აღარასოდეს წასულიყო ეკლესიაში. ეშტონი დღესაც ესწრება კრების შეხვედრებს სამეფო დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდ წინააღმდეგობას უწევენ და შეურაცხყოფენ ოჯახის წევრები და მეზობლები.

მოსაწვევი პატარა ბავშვისგან

ანგოლაში წლისა და ხუთი თვის ანილპა შარშან გულმოდგინე მონაწილეობას იღებდა საოლქო კონგრესის მოსაწვევების გავრცელებაში. ანილპას „დავალება“ იყო კარზე დაკაკუნება და მობინადრეებისთვის მოსაწვევის მიცემა მას შემდეგ, რაც დედა მათ მისვლის მიზეზს აუხსნიდა. გახარებული ანილპა ზოგჯერ დედას არ აცდიდა საუბრის დამთავრებას და დასაკაკუნებლად მეორე კართან გარბოდა. პატარა გოგონას  საქციელმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მობინადრეებზე. კონგრესის ბოლო დღეს მასთან ერთი ქალი მივიდა და უთხრა: „ჩემო პატარავ, რა კარგია, რომ გიპოვე, ყველგან გეძებდი. შენ რომ დამპატიჟე, ნახე, მოვედი“.

ჩაგვრისგან დაქანცულნი

მადაგასკარში 2012 წლის აგვისტოში ანტავირანამბოს კრების რამდენიმე მაუწყებელი შეხვდა ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც სურდათ, იეჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ. ისინი თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ იმის გამო, რომ მათი ეკლესიის წინამძღოლები ერთს ასწავლიდნენ და მეორეს აკეთებდნენ. ისინი წუხდნენ, რომ მათ ეკლესიებში ბიბლიის სწავლების არანაირი პროგრამა არ არსებობდა და არც რაიმე პუბლიკაცია, რომელიც მათ ეკლესიის სწავლებების გაგებაში დაეხმარებოდა. ეკლესიის გადასახადებიც ძალიან დიდი იყო, არ არსებობდა ძმური და ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული. მათ სმენოდათ, რომ იეჰოვას მოწმეებს შორის მსგავსი პრობლემები არ არსებობდა.

მოგვიანებით ამ ხალხმა ფილიალს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „ამ წერილით გვსურს, შეგატყობინოთ ჩვენი  გულწრფელი სურვილი, ვემსახუროთ იეჰოვას. მაგრამ ჩვენ ძალიან შორს ვცხოვრობთ. ზოგიერთი ჩვენგანი იმ ადგილიდან, სადაც კრებები ტარდება 9—15 საათის სავალზე ცხოვრობს. გემუდარებით, თუ შესაძლებელია, ვინმე გამოგვიგზავნეთ, რომ ბიბლია შეგვასწავლოს. თუ იეჰოვასადმი სიყვარულის გაძლიერებაში არ დაგვეხმარებით, ვერ შევძლებთ მის მსახურებას, რაც მთელი გულით გვწადია. ამ წერილს 215 კაცი გწერთ, სულ მცირე, სამი სოფლიდან. ადრე სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ვიყავით, მაგრამ ახლა ყველას გვსურს, სულით და გულით იეჰოვას ვემსახუროთ და მას დავემორჩილოთ. ღრმად გვწამს, რომ უყურადღებოდ არ დაგვტოვებთ“.

ძმები წავიდნენ ამ ხალხის მოსანახულებლად. მათ 9 საათი იარეს ფეხით, რომ პირველ სოფლამდე მისულიყვნენ. იქ ძმებმა შეხვედრა ჩაატარეს, რომელსაც 65 ადამიანი დაესწრო. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა; სხვა სოფლების მცხოვრებლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ მათთანაც მისულიყვნენ და ბიბლია ესწავლებინათ. ასე რომ, ძმებს კიდევ 4 საათი მოუწიათ სიარული, რომ მომდევნო სოფელში მისულიყვნენ, სადაც შეხვედრას 80-ზე მეტი კაცი დაესწრო. იქ ძმები შეხვდნენ რამდენიმე კაცს სხვა სოფლიდან, რომლებმაც სთხოვეს რომ, მათთანაც მისულიყვნენ. ეს სოფელი იმ ადგილიდან 2 საათის სავალზე იყო. ძმებმა არც ამჯერად დაიზარეს და იქაც ჩაატარეს შეხვედრა, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ამის შემდეგ ამ სოფლებიდან 30-ზე მეტი ადამიანი დაესწრო მაჰანოროში ჩატარებულ კონგრესს. იქ მისასვლელად მათ დღე-ნახევარი იარეს. მათგან 25, მათ შორის, წყვილები, ოჯახები და ხანდაზმულები სარაიონო ზედამხედველის მონახულებაზე დასასწრებადაც ჩავიდა. ყველანი ერთ სახლში გაჩერდნენ, ერთმანეთს მოსმენილ აზრებს უზიარებდნენ და გვიანობამდე კითხვებს სვამდნენ. მათ თქვეს, რომ კიდევ ბევრს უნდოდა იეჰოვას მოწმე გამხდარიყო, რადგან დაჩაგრულნი და დაქანცულნი იყვნენ რელიგიური ლიდერებისგან.