წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

აზია და ახლო აღმოსავლეთი

აზია და ახლო აღმოსავლეთი
  • ქვეყნები 47

  • მოსახლეობა 4 282 178 221

  • მაუწყებლები 674 011

  • ბიბლიის შესწავლები 672 318

ეხმარებიან ყრუ-მუნჯ და უსინათლო კაცს

1999 წელს იაპონიის ქალაქ კობეში ჟესტების ენაზე არსებულმა კრებამ შეიტყო ერთი სმენადაქვეითებული მამაკაცის შესახებ, რომელსაც ჰიროფუმი ერქვა. ძმამ მას სახლში მიაკითხა, მაგრამ ჰიროფუმის დედამ შვილს არ დაუძახა. ძმამ მას მეორედაც მიაკითხა. დიდი თხოვნის შემდეგ დედამ როგორც იქნა შვილი გამოიყვანა. მას  გრძელი წვერი და გაბურძგნილი თმა ჰქონდა. ისე საშინლად გამოიყურებოდა, თითქოს ათეულობით წელი უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობდა. არაფრის მთქმელი სახე ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ის მარტო ყრუ-მუნჯი კი არ იყო, არამედ ბრმაც. ცოტა ხანს ძმა გაოგნებული იდგა, შემდეგ მასთან მივიდა, ხელი ხელზე მოჰკიდა და ჟესტებით გაესაუბრა. ჰიროფუმის არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. ათი წლის წინ, 31 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც მხედველობა დაკარგა, ჰიროფუმიმ ადამიანებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა.

ორი დღის შემდეგ ძმამ მას კვლავ მიაკითხა. ჰიროფუმის დედა გაოცებული დარჩა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი ვაჟის შემხედვარე ის იქ აღარ მივიდოდა. ძმა ამჯერადაც ეხვეწებოდა ჰიროფუმის დედას, გამოეყვანა თავისი ვაჟი და ბოლოს დაითანხმა. ძმა ერთი თვის განმავლობაში ინახულებდა ჰიროფუმის, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს დედამ ძმას უთხრა, აღარ შეწუხებულიყო, რადგან ხედავდა, რომ აზრი არ ჰქონდა მათთან მისვლას. მაგრამ ძმა მაინც აკითხავდა. მას ნამცხვრები მიჰქონდა მათთან და შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებდა მათ დასახმარებლად. ასე გაგრძელდა კიდევ ორი თვე, მაგრამ ჰიროფუმის კვლავ არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, ამიტომ ძმამ იფიქრა, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან სიარულს.

ბოლოს გადაწყვიტა, ერთხელღა მისულიყო. მანამდე ილოცა და იეჰოვას დახმარება სთხოვა — უნდოდა გაეგო, ღირდა თუ არა იქ სიარული. მან ჰიროფუმის ხელზე ხელი მოჰკიდა და ხელების მოძრაობით რის ვაი-ვაგლახით გააგებინა, რომ არსებობდა ღმერთი, რომელსაც იეჰოვა ერქვა, რომელიც მას გამუდმებით უყურებდა ზეციდან და  რომელსაც ყველა ადამიანზე კარგად ესმოდა მისი გაჭირვება. გააგებინა ისიც, რომ იეჰოვა ზრუნავდა მასზე და მალე ამ სატანჯველისგან გაათავისუფლებდა. სწორედ ამიტომ მიაგზავნა ღმერთმა ერთ-ერთი თავისი მოწმე მასთან. თავდაპირველად, არანაირი რეაქცია არ იყო, მაგრამ შემდეგ ჰიროფუმიმ ძმას მაგრად მოუჭირა ხელი და თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა. გულაჩუყებული ძმა მასთან ერთად ატირდა. დიდი ძალისხმევის შედეგად ძმამ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

შესწავლის დაწყებიდან 11 წლის თავზე ჰიროფუმიმ ადგილობრივ კრებაში დაიწყო სიარული, მანამდე ის თავის სახლიდან საკმაოდ შორს, ჟესტებისენოვან კრებაში დადიოდა. ახალ კრებაში არავინ იცოდა ჟესტების ენა, მაგრამ წელიწად-ნახევარში 22-მა და-ძმამ ისწავლა ეს ენა, რომ ჰიროფუმის  დახმარებოდნენ. 2012 წლის იანვარში ჰიროფუმი პირველად გამოვიდა თეოკრატიულ სკოლაში დავალებით, მის ჟესტებს კი კრების ერთ-ერთი წევრი ახმოვანებდა. იმავე წლის ოქტომბერში ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდა.

ის დაცვის თანამშრომლებს ასწავლის

ფლორენი პიონერია და ფილიპინებში ცხოვრობს. ის დაახლოებით 25 ადამიანს ასწავლის ბიბლიას, რომელთაგან უმეტესობა დაცვის თანამშრომელია. ეს მამაკაცები ძირითადად საღამოობით მუშაობენ, თუმცა ზოგი მათგანი მთელი ღამეც მუშაობს. ამის გამო ფლორენმა გადაწყვიტა, მათ გრაფიკს მორგებოდა. შესწავლის ჩასატარებლად ის მათთან სამსახურში შესვენებისას ან სხვა ხელსაყრელ დროს მიდის, რომ მათ სამუშაოს შესრულებაში ხელი არ შეუშალოს. ზოგთან შესწავლას საღამოს შვიდიდან ღამის თერთმეტ საათამდე ატარებს, ზოგთან კი დილის ხუთიდან — ცხრა საათამდე. ხანდახან ის მათთან მაშინ მიდის, როცა იცვლებიან. ამგვარად, ის დაცვის ერთ თანამშრომელს შესწავლას სამუშაოს დაწყებამდე უტარებს, მეორეს კი — დასრულების შემდეგ. ფლორენი ამბობს: „უდიდეს სიხარულს მანიჭებს ის, რომ ამდენი ბიბლიის შესწავლა მაქვს. მსგავსი რამ ადრე არასდროს განმიცდია“. დღეს დაცვის ზოგი თანამშრომელი კრების შეხვედრებს ესწრება სამეფო დარბაზში. ერთი მათგანი მოინათლა და ფლორენის მსგავსად პიონერად მსახურობს.

ფილიპინები: ფლორენი დილით ადრე ბიბლიის შესწავლას ატარებს

ისინი გულხელდაკრეფილი არ დამსხდარან

სომხეთში ერთ წვიმიან დღეს ქუჩაში მსახურებისას ორმა დამ დედა-შვილს ბუკლეტი შესთავაზა. დები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც დედამ, სახელად მარუსიამ, მათ უთხრა, რომ ის და მისი ქალიშვილი ევა, უკვე ორი საათი იყო, რაც ქუჩაში იეჰოვას მოწმეებს ეძებდნენ. თურმე მარუსიას ძმას ჭეშმარიტება ციხეში გაუგია იმ ძმებისგან, რომლებიც  ნეიტრალიტეტის გამო იხდიდნენ სასჯელს. მარუსია ფიქრობდა, რომ ციხიდან გამოსული მისი ძმა უხეში და აგრესიული იქნებოდა. მაგრამ ის იქ უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გახდა. იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის შემდეგ მარუსიას ძმა კიდევ უფრო მეტად შეიცვალა უკეთესობისკენ. მარუსიას და მის ქალიშვილს ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა, ვინაიდან იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამუდმებით მიმდინარეობდა პროპაგანდა ტელევიზიისა და ქუჩებში გამოკრული პლაკატების მეშვეობით. ევა ფიქრობდა: „ბიძაჩემი ასეთი კარგი ადამიანია. მაშ, რატომ ამბობენ ამდენ ცუდს იეჰოვას მოწმეებზე?“. ერთხელაც გადაწყვიტა, ამ კითხვაზე პასუხი მიეღო და დედას უთხრა: „თუ არაფერს ვიღონებთ და გულხელდაკრეფილი ვისხდებით, ამ ხალხის შესახებ სიმართლეს ვერასოდეს გავიგებთ. მოდი ახლავე წავიდეთ და მოვძებნოთ იეჰოვას მოწმეები, რომ ბოლოს და ბოლოს გაურკვევლობას წერტილი დაესვას“. ზუსტად იმ დღეს ისინი ჩვენს დებს შეხვდნენ. ორი დღის შემდეგ მოწმეებმა მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს; დედა-შვილი ესწრებოდა კრების შეხვედრებს, სულიერად წინ წაიწიეს და მოუნათლავი მაუწყებლები გახდნენ.

ბავშვებმა ჟურნალები მის კართან დადეს

სტამბოლი, თურქეთი: ძმა ქუჩაში ქადაგების დროს იყენებს ბროშურას „სასიხარულო ცნობა“

თურქეთის ქალაქ ადანაში ერთმა ქალმა, რომელსაც სერიოზული პირადი და ოჯახური პრობლემები ჰქონდა და თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა, თავის კართან 2 ჟურნალი შენიშნა. აღმოჩნდა, რომ ის ჟურნალები ბავშვებმა ძირს დაგდებული იპოვეს და იფიქრეს, რომ ამ ქალის საკუთრება იყო. ქალზე ძალიან იმოქმედა ჟურნალებში დაბეჭდილმა ბიოგრაფიებმა და სურვილი გაუჩნდა, მასაც შეეცვალა თავისი ცხოვრება. მან შენიშნა, რომ ერთ-ერთ ჟურნალზე ტელეფონის ნომერი იყო მიწერილი. მაშინვე დარეკა და დაუკავშირდა პიონერ დას, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა. ქალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მას ძალიან მოსწონდა  ის, რასაც სწავლობდა და სურვილი გამოთქვა, კრებებს დასწრებოდა. აღმოჩნდა, რომ სამეფო დარბაზიც მის სახლთან ახლოს იყო. მან დაუყოვნებლივ დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება.

ათდღიანმა პატიმრობამ აზრი ვერ შეაცვლევინა

ნეპალში ერთი პოლიციელი სახელად ბამი, რომელიც რეგულარულად დადიოდა ტაძარში, შეხვდა ცოლ-ქმარს, რომლებიც სპეციალურ პიონერებად მსახურობდნენ. ის გაოცებული დარჩა, როცა მის ყველა კითხვას მოწმეებმა ბიბლიიდან უპასუხეს. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მალე კრების შეხვედრებსაც ესწრებოდა. შესწავლის პროცესში თავისი სამუშაოს გამო სინდისმა შეაწუხა. ამიტომ სამსახურში უფროსებს დაელაპარაკა და სთხოვა, საოფისე საქმეზე გადაეყვანათ, სადაც არ მოითხოვებოდა იარაღის ტარება. უფროსები დათანხმდნენ. საოლქო კონგრესზე დასწრების შემდეგ ბამი კვლავ შეაწუხა სინდისმა და გადაწყვიტა, საერთოდ წამოსულიყო პოლიციიდან.

ამაზე ბამის ცოლი ძალიან გაბრაზდა, რადგან პოლიციაში მუშაობა არა მარტო პრესტიჟული საქმე გახლდათ, არამედ მაღალანაზღაურებადიც. პოლიციელები სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობდნენ და მაღალი პენსია ენიშნებოდათ. გადასარწმუნებლად ცოლმა გარიგება შესთავაზა ბამს: „თუ პოლიციაში დარჩები, მე ბიბლიის შესწავლას დავიწყებ მოწმეებთან“. რომ არაფერი გამოუვიდა, ბოლოს პოლიციის კაპიტანი დაითანხმა, ბამი ციხეში ჩაესვა, რომ იქ მაინც შეეცვალა აზრი. ათდღიანი პატიმრობის შემდეგ ბამი გაათავისუფლეს, მაგრამ მას მაინც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, სხვა სამუშაო მოეძებნა. მან რიქშას (მსუბუქი ორთვლიანი ეტლი მგზავრების გადასაყვანად) ტარება დაიწყო. ეს მძიმე სამუშაო იყო, რადგან თაკარა მზეში საათობით უწევდა სიარული, მაგრამ ის მაინც ბედნიერი იყო. ბამი  სულიერად გაიზარდა და მაუწყებელი გახდა. დროთა განმავლობაში მისი ცოლი მოლბა. დებისა და ძმების მიერ გამოვლენილმა სიკეთემ მასზე ისე იმოქმედა, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ბამი დღესაც ზრუნავს ოჯახზე და ახლა უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე მაშინ, როცა პოლიციაში მუშაობდა. 2013 წლის თებერვალში ის კონგრესზე მოინათლა. დღეს მისი ცოლი და ვაჟი კრების შეხვედრებს ესწრებიან.

ნეპალი: სამუშაოს შეცვლამ დადებითად იმოქმედა ბამის ოჯახზე. მათ სულიერად წინ წაიწიეს

მას დამხმარე პიონერად მსახურება სურდა

ერთი ჩვენი და მიონგ-ჰი კორეაში ცხოვრობს. ორი წლის ასაკში გადატანილი დაავადების გამო ერთი ფეხი პარალიზებული აქვს. ის ადვილად იღლება და ხანდახან ძირს ეცემა ხოლმე. გარდა ამისა, მას პანიკურ შიშთან და წამლების მიღების შედეგად გამოწვეულ გვერდით მოვლენებთან უწევს გამკლავება. მისთვის ზოგჯერ სუნთქვაც კი რთული ხდება. ამ პრობლემების მიუხედავად, მიონგ-ჰის სურდა, დამხმარე პიონერად ემსახურა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის თითქმის ყოველ თვე მსახურობს დამხმარე პიონერად. ის მადლიერია, რომ იეჰოვა ძალებს აძლევს ამ მსახურების შესასრულებლად.

„მას 30 წელი ვეძებდი“

ინდონეზიაში მისიონერმა აგნესამ უქადაგა შუახნის ფეხმძიმე ქალს, რომელიც ბაზარში ბოსტნეულს ყიდდა. ამ ქალს უყვარდა ჩვენი ჟურნალების კითხვა და სიამოვნებდა ბიბლიურ თემებზე საუბარი. ერთხელაც როცა აგნესა ბაზარში ქალის მოსანახულებლად მივიდა, მას იქ მისი ქმარი დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ მისმა ცოლმა ბავშვი გააჩინა.  აგნესამ მისი მონახულება გადაწყვიტა, საჩუქრად კი ლამაზად შეფუთული წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“ მიუტანა. ქალი ძალიან გაოცდა, როცა მათ მოსანახულებლად მისული აგნესა დაინახა. მან ემოციები ვერ დამალა, როცა აგნესამ საჩუქარი გადასცა. წიგნს მაშინვე შემოაცალა ქაღალდი და გაკვირვებულმა წამოიძახა: „სად იპოვეთ ეს წიგნი? 30 წელია, რაც ვეძებ! ყველა მაღაზია შემოვიარე, მაგრამ ვერსად ვნახე. მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ამ წიგნს ვერც ერთი წიგნი ვერ შეედრება“. აღმოჩნდა, რომ ეს წიგნი ბიძამისს ჰქონია და ბავშვობაში ქალს ძალიან ჰყვარებია მისი კითხვა. ახლა ის ხელახლა კითხულობს ამ წიგნს. მის უფროს ქალიშვილსაც შეუყვარდა ეს წიგნი. ორივე მათგანმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

ინდონეზია: აგნესა წიგნით ხელში