არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 სიერა-ლეონე და გვინეა

20022013: ზრდა ბოლო წლებში (ნაწილი 1)

20022013: ზრდა ბოლო წლებში (ნაწილი 1)

 „მადლობა, იეჰოვა!“

ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და ჩვენი და-ძმებიც დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, თუმცა ბევრი სახლისგან მხოლოდ კედლებიღა იყო დარჩენილი. ძმებმა კვლავ დაიწყეს კრების შეხვედრების ჩატარება; განახლდა შეხვედრები ომისგან გაპარტახებულ აღმოსავლეთ ნაწილშიც. ერთი სპეციალური პიონერი იტყობინებოდა: „პირველ კრებას 16 ადამიანი დაესწრო, მეორეს — 36, მესამეს — 56, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე კი 77 ადამიანი მოვიდა. ეს მართლაც საოცარი მოვლენა იყო!“ ჩამოყალიბდა 9 ახალი კრება და მთლიანობაში კრებების რიცხვმა 24-ს მიაღწია. ქვეყანაში ჩავიდა 10 მისიონერი, რომელთაც ახალი, განსხვავებული მუხტი შეიტანეს კრებებში. 2004 წელს გახსენების საღამოს 7 594 კაცი დაესწრო, მაუწყებლების რაოდენობაზე თითქმის 5-ჯერ მეტი. არანაკლები ზრდა შეინიშნებოდა მეზობელ გვინეაშიც.

ხელმძღვანელმა საბჭომ დაუყოვნებლივ შექმნა დახმარების ფონდი ლტოლვილი და-ძმებისთვის (იაკ. 2:15, 16). შეიქმნა დაზარალებულთა დახმარების ჯგუფები, რომელთაც მთელ ქვეყანაში ააშენეს და შეაკეთეს 12 სამეფო დარბაზი; ამასთანავე, ააგეს საკონგრესო დარბაზი კოინდუში. მათ აგრეთვე ალიზისგან ააშენეს 42 პატარა სახლი იმ და-ძმებისთვის, რომელთა სახლებიც ომმა მიწასთან გაასწორა. ერთი ასაკოვანი ქვრივი და, რომლის სახლიც ძმებმა თუნუქით გადახურეს, შეჰყურებდა თავის სახლს და სიხარულის ცრემლები სდიოდა; ფრთაშესხმული გაიძახდა: „მადლობა, იეჰოვა! დიდი მადლობა, ღმერთო! ძმებო, მადლობელი ვარ!“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის განკუთვნილი ფონდიდან გამოყოფილი თანხებითაც დაიწყო ფილიალმა სამეფო დარბაზების მშენებლობა. ქალაქ ბოს დასავლეთის კრების უხუცესი საიდუ ჯუანა, რომელიც პიონერადაც მსახურობს, გვიყვება: «ერთმა დამ მითხრა: „ოღონდაც ახალი სამეფო დარბაზი გვქონდეს და ტაშს მარტო ხელებით კი არა, ფეხებითაც დავუკრავ!“. როცა კრებაზე განცხადება გავაკეთე, რომ მალე ახალი სამეფო  დარბაზი გვექნებოდა, ეს და ტაშისკვრით წამოხტა და ცეკვა დაიწყო. დიახ, შეიძლება ითქვას, მან თავისი სიტყვა შეასრულა».

2010 წელს ვატერლოოს კრებამ ახალი სამეფო დარბაზი მიუძღვნა იეჰოვას. ეს დარბაზი ისეა აგებული, რომ მისი გამოყენება 800-კაციან საკონგრესო დარბაზადაც შეიძლება. საინტერესოა, რომ იმ დღეს, როცა ძმებს მიწის შესყიდვის ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინათ, მიწის მფლობელს სხვა კლიენტმა გაცილებით მეტი თანხა შესთავაზა. თუმცა ამ ქალბატონმა განაცხადა: „ჩემს მიწაზე სავაჭრო ცენტრის აშენებას რელიგიური ცენტრის აშენება მირჩევნია“.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნების დახმარების პროგრამის ფარგლებში სიერა-ლეონეში 17 სამეფო დარბაზი აშენდა, ხოლო გვინეაში — 6. ამ უბრალო, მაგრამ ლამაზმა და ღირსეულმა თაყვანისცემის ადგილებმა ბევრს გაუღვივა შეხვედრებზე დასწრების სურვილი.

„დაკარგული ცხვრების“ გამოჩენა

მოწმეებმა ძალები მოიკრიბეს და უფრო აქტიურად შეუდგნენ მსახურებას. ფილიალმა ორგანიზება გაუწია ორთვიან კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა ისეთ ტერიტორიებზე ქადაგებას, სადაც მოწმეები იშვიათად ქადაგებდნენ. ამ ორი თვის განმავლობაში მაუწყებლებს ბევრი საინტერესო რამ გადახდათ თავს; მათ დაახლოებით 15 000 წიგნი გაავრცელეს. ზოგ ადგილობრივ მაცხოვრებელს ისიც კი აინტერესებდა, ხომ არ აპირებდნენ იეჰოვას მოწმეები რომელიმე ახლომდებარე ქალაქში კრებების ჩამოყალიბებას. მათდა გასახარად, იმ მხარეში ორი ახალი კრება ჩამოყალიბდა. ერთ დაშორებულ სოფელში ძმებმა აღმოაჩინეს ორი და, რომელთაც ომის დროს სახლის დატოვება მოუწიათ და ჩვენებთან კონტაქტიც დაუკარგავთ. მოწმეებმა ამ სოფელში რამდენიმე ადამიანთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და თან კრებებსაც ატარებდნენ რეგულარულად.

2009 წელს ფილიალმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე გვინეის ტყიანი რეგიონის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში იყო ადამიანთა ჯგუფი, რომლის წევრებიც თავს იეჰოვას მოწმეებს უწოდებდნენ. ძმები სპეციალურად ჩავიდნენ ამ სოფელში ვითარების გასარკვევად; აღმოჩნდა, რომ ერთი ჩვენი ასაკოვანი ძმა პენსიაზე გასვლის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნებულა და იქ რამდენიმე თანასოფლელისთვის უსწავლებია ბიბლია.  მისი სიკვდილის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მთელი მონდომებით დაიწყო ჭეშმარიტების ქადაგება. ეს კაცი შეხვედრებსაც ატარებდა და ამ შეხვედრებზე მასწავლებლისგან „მემკვიდრეობით“ დატოვებულ ლიტერატურას იყენებდა. ჯგუფი მთელი 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა დამოუკიდებლად; ბოლოს ის ერთმა იეჰოვას მოწმემ აღმოაჩინა. და როცა ეს ამბავი ფილიალის ყურამდეც მივიდა, მყისვე გაგზავნეს რამდენიმე ძმა ამ ჭეშმარიტებას მოწყურებული ხალხის დასახმარებლად. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2012 წელს ამ სოფელში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 172 კაცი დაესწრო.

ბოლო ხანებში უფრო და უფრო მეტ დაკარგულ ცხვარს პოულობენ ამ ქვეყნებში. ეს ის ხალხია, რომელიც ერთ დროს ღვთის ორგანიზაციაში იყო, მაგრამ შემდეგ ზოგი გაირიცხა, ზოგიც თვითონ ჩამოშორდა კრებას. ბევრი ასეთი „გზასაცდენილი შვილი“ მოეგო გონს და დაუბრუნდა იეჰოვას. და რა თქმა უნდა, ღვთის ხალხი ყველა მათგანს გაშლილი ხელებით ეგებება (ლუკ. 15:11—24).

მუსლიმანები ჭეშმარიტებას იღებენ

პავლე მოციქული ყველასთვის ყველაფერი გახდა, რომ როგორმე მათ გულებამდე სასიხარულო ცნობა მიეტანა (1 კორ. 9:22, 23). სიერა-ლეონელი და გვინეელი მოწმეებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებმა მიიღონ ჭეშმარიტება და შეიყვარონ. ახლა გიამბობთ, როგორ მსჯელობს ზოგი ჩვენი და-ძმა მუსლიმანებთან, რომელთა რელიგიაც ორივე ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან რელიგიად ითვლება.

საიდუ ჯუანა, ყოფილი მუსლიმანი, გვიყვება: „მუსლიმანებს სჯერათ, რომ ადამი მიწისგან შეიქმნა, მაგრამ ისინი თვლიან, რომ თავდაპირველად ის ზეცაში ცხოვრობდა, სამოთხეში. იმისათვის, რომ დავანახვოთ ჭეშმარიტება, მათთან ასე ვმსჯელობთ:

— სად არის მიწა? — ვეკითხებით.

— დედამიწაზე, — გვპასუხობენ ისინი.

— ანუ რა გამოდის, სად შეიქმნა ადამი? — ვუბრუნებთ კითხვას.

— დედამიწაზე, — ისმის პასუხი.

შემდეგ ვიშველიებთ დაბადების 1:27, 28-ს და ვეკითხებით: ჰყავთ ზეციერ ქმნილებებს შვილები?

 — არა, ანგელოზებში სქესი არ არის, — გვპასუხობენ.

— როგორ ფიქრობთ, სად იყვნენ ადამი და ევა მაშინ, როცა ღმერთმა უთხრა, გამრავლდითო? — კვლავ ვუსვამთ კითხვას.

— დედამიწაზე, — გვიბრუნებენ ასეთ პასუხს.

— ესე იგი, როცა ღმერთი სამოთხეს აღადგენს, სად იქნება ეს სამოთხე? — ვეკითხებით.

— გამოდის, რომ დედამიწაზე, — ასე სრულდება ჩვენი დიალოგი“.

საიდუ დასძენს: „წმინდა წერილების საფუძველზე ასეთი ლოგიკური მსჯელობა ბევრ წრფელი გულის მუსლიმანს განაწყობს მოსასმენად. ისინი ბიბლიურ ლიტერატურასაც სიამოვნებით იღებენ“.

ახლა კიდევ ერთ ყოფილ მუსლიმანზე, მომოზე გიამბობთ, რომელსაც საკუთარი მაღაზია აქვს. ერთ დროს მომო ოცნებობდა იმამი, მუსლიმანთა სულიერი წინამძღოლი გამხდარიყო. ერთხელ, როცა ერთმა მისიონერმა წმინდა წერილებიდან ძლიერი არგუმენტები მოუყვანა, მომო ძალიან დაინტერესდა. ის სარაიონო კონგრესის ერთ ნაწილსაც დაესწრო და მოსმენილით აღფრთოვანდა. ზუსტად ოთხ დღეში ის და მისი მეუღლე რამატუ თავიანთ ხუთ შვილთან ერთად იესოს სიკვდილის გახსენების საღამოსაც დაესწრნენ. ამის შემდეგ მომომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და დიდი სერიოზულობით მოეკიდა ამ საქმეს. სულ რაღაც რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ მან შეწყვიტა თავის მაღაზიაში სიგარეტის გაყიდვა და იმასაც კი უხსნიდა კლიენტებს, რომ მოწევა არა მარტო ჯანმრთელობას ვნებდა, არამედ ღვთისთვისაც მიუღებელი იყო. მან მეუღლესთან და ბავშვებთანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. საინტერესოა, რომ ისინი შესწავლას თავიანთ მაღაზიაში ატარებდნენ. თუ ამ დროს მაღაზიაში კლიენტი შემოვიდოდა, მომო სთხოვდა მას, დამჯდარიყო და მოეცადა; თან უხსნიდა, რომ ბიბლიის შესწავლა მისთვის და მისი ოჯახისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. როცა მან და მისმა მეუღლემ, რამატუმ ოფიციალურად დაარეგისტრირეს თავიანთი ქორწინება, ნათესავების მხრიდან სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ. დაძაბულობის მიუხედავად, მომო და რამატუ გაბედულად ქადაგებდნენ ნათესავებთან. საბოლოოდ, ნათესავებმა შეიცვალეს თვალსაზრისი და დაინახეს, რომ მათ მართლაც  სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ბოლოს ამ უშიშარმა წყვილმა გადაწყვიტა, თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის; მომო 2008 წელს მოინათლა, რამატუ კი — 2011 წელს.

ღვთის კანონის ერთგული დამცველები

იეჰოვას ხალხი გაბედულად იცავს ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს, რომელთა შორის ერთ-ერთი სისხლის სიწმინდესაც ეხება (საქ. 15:29). სიერა-ლეონესა და გვინეაში სულ უფრო იზრდება იმ ექიმთა რიცხვი, რომლებიც ითვალისწინებენ ჩვენს თვალსაზრისს სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით.

ძმები ანუგეშებენ ერთ დას საავადმყოფოში

1978 წელს მთელ სიერა-ლეონეში ჩვენმა და-ძმებმა ექიმებს, ექთნებს, საავადმყოფოების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ადვოკატებსა და მოსამართლეებს დაურიგეს ბროშურა „იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი სისხლზე“. ამ კამპანიიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ერთ ჩვენს დას მშობიარობის დროს შინაგანი სისხლდენა  დაეწყო, მაგრამ ექიმები უარზე იყვნენ, უსისხლოდ აღმოეჩინათ მისთვის დახმარება. საბედნიეროდ, ერთი ექიმი დაგვთანხმდა, რადგან წაკითხული ჰქონდა ზემოხსენებული ბროშურა, რომელშიც უამრავი დამაჯერებელი და ლოგიკური არგუმენტი იყო მოყვანილი ამ საკითხზე. და აი, შედეგმაც არ დააყოვნა — დამ სრულიად ჯანმრთელი ბიჭუნა გააჩინა და თავადაც მალე გამოკეთდა.

დაახლოებით 1991 წელს კენემას ერთ-ერთი საავადმყოფოს ქირურგმა, დოქტორმა ბაშირუ კორომამ წაიკითხა ბროშურა „როგორ შეუძლია სისხლს სიცოცხლის ხსნა?“. იმდენად მოეწონა ბროშურა, რომ ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. ცოტა ხანში საავადმყოფოში, სადაც ის მუშაობდა, ცხრა წლის იეჰოვას მოწმე ბიჭუნა მიიყვანეს, რომელსაც ავარიის შედეგად ელენთა ჰქონდა გამსკდარი. ექიმები უარს ეუბნებოდნენ მშობლებს უსისხლო ოპერაციაზე. „სახლში წაიყვანეთ თქვენი შვილი და დაელოდეთ, როდის მოკვდება!“ — უტიფრად უთხრეს ექიმებმა გამწარებულ მშობლებს. საქმეში დოქტორი ბაშირუ კორომა ჩარიეს, რომელიც არათუ დასთანხმდა უსისხლო ოპერაციაზე, არამედ საკმაოდ წარმატებითაც ჩაატარა.

მალე დოქტორი კორომა ძმა კორომა გახდა, უსისხლო მკურნალობის ერთგული მხარდამჭერი. მართალია, ის კოლეგებმა ასეთი მტკიცე პოზიციის გამო თავისი საზოგადოებიდან გარიყეს, მაგრამ სამაგიეროდ მისი პაციენტები ყველანაირად კმაყოფილები არიან, რადგან მის მიერ არჩეული მკურნალობის მეთოდი ყოველთვის კარგი შედეგებით მთავრდება. თუმცა, ზოგიერთმა კოლეგამ არაერთხელ მიმართა მას რთული ქირურგიული ოპერაციის დროს დახმარებისთვის.

1994 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ფილიალში არსებულმა სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო განყოფილებამ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის არაერთი კომიტეტი ჩამოაყალიბა სიერა-ლეონესა და გვინეაში. ამ კომიტეტებში მომსახურე ძმები მთელი გულით და სულით ზრუნავენ იმ თანამორწმუნეებზე, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებიან. ისინი ყველანაირად ცდილობენ, დამაჯერებელი არგუმენტებით დაარწმუნონ მედიკოსები, პატივი სცენ იეჰოვას მოწმეთა პოზიციას და უსისხლოდ უმკურნალონ.