წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 სიერა-ლეონე და გვინეა

19912001: „გაჭირვების ღუმელში“ გამოწრთობილნი (ეს. 48:10). (ნაწილი 2)

19912001: „გაჭირვების ღუმელში“ გამოწრთობილნი (ეს. 48:10). (ნაწილი 2)

თავდასხმა ბეთელზე

სამთავრობო ჯარებმა და დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნების შენაერთებმა 1998 წლის თებერვალში მასშტაბური საომარი ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მიზნად ისახავდა ფრიტაუნიდან ამბოხებულთა ჯარების გაძევებას. სამწუხაროდ, ერთ-ერთი შეტაკების დროს ერთი ჩვენი ძმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

არეულობის დროს დაახლოებით 150-მა მაუწყებელმა შეაფარა თავი კისისა და კოკერილის მისიონერთა სახლებს. ბეთელის ღამის მორიგე ლადი სანდი იხსენებს: «ერთხელ, ღამით მე და ფილიპ ტურეი ვმორიგეობდით ბეთელში. მოულოდნელად რევოლუციური ფრონტის ორი ჯარისკაცი დაგვადგა თავზე და მიმღების კარის გაღება გვიბრძანა. კარი მთლიანად მინისა იყო. ჩვენ კარი არ გაგვიღია; იმწამსვე მოვშორდით იქაურობას. ჯარისკაცებმა საკეტს დაუწყეს სროლა. საინტერესო ის იყო, რომ ისინი მხოლოდ საკეტს ესროდნენ, რომელმაც არ გაატარა ტყვია და მინისთვის ერთი ტყვიაც არ უსვრიათ. ბოლოს იქაურობას გაეცალნენ.

ორი დღის შემდეგ, ისევ შუაღამისას, კვლავ დაბრუნდნენ კბილებამდე შეიარაღებულ 20 სხვა ამბოხებულთან ერთად. იმ ღამითაც მორიგე ვიყავი. სასწრაფოდ შევატყობინეთ ბეთელის ოჯახს და ყველანი თავშესაფარში, სარდაფში ჩავედით. მე და ექვსი სხვა ბეთელელი ორი დიდი ავზის უკან დავიმალეთ სიბნელეში; შიშისგან ვცახცახებდით. ჯარისკაცებმა სროლისგან კარის საკეტი დაადნეს და ბოლოს შენობაში შემოიჭრნენ. „მოძებნეთ იეჰოვას მოწმეები და ყველას ყელი გამოჭერით“, — დაიღრიალა ერთმა. ძარღვებში სისხლი გაგვეყინა. შვიდი საათის განმავლობაში ლეწავდნენ ირგვლივ ყველაფერს. ბოლოს ჯარისკაცებმა დატოვეს ბეთელი. სიტუაცია რომ მიწყნარდა, ამოვედით სამალავიდან და რა ვნახეთ: მთელი ბეთელი გაძარცული იყო, ყველაფერი ყირაზე იდგა.

ორი თვის შემდეგ გვინეაში გაქცეული მისიონერები უკან დაბრუნდნენ. ამ დროს ქალაქს დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნების შენაერთები აკონტროლებდნენ.  თუმცა მისიონერებს ცოტა ხანში კვლავ მოუწიათ ქვეყნის დატოვება.

ოპერაცია „სიკვდილი ყველას“

რვა თვის შემდეგ, 1998 წლის დეკემბერში, ფრიტაუნის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა საოლქო კონგრესი, დევიზით „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“. კონგრესს ასობით დელეგატი ესწრებოდა. მსვლელობის დროს დამსწრეებს მოულოდნელად შორიდან გუგუნის ხმა შემოესმათ და ცოტა ხანში დაინახეს, რომ გორებს ბუღი ასდიოდა. შორს, ჰორიზონტზე ამბოხებულთა ჯარები გამოჩდნენ!

ქალაქში კვლავ არეულობა დაიწყო. სიტუაცია დღითი დღე უარესდებოდა. ფილიალმა პატარა დაქირავებული თვითმფრინავით 12 მისიონერი, 8 უცხოელი ბეთელელი და 5 მოხალისე მშენებელი კონაკრიში გადაიყვანა. 1999 წლის 6 იანვარს ამბოხებულებმა ხალხის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს და ამ ოპერაციას საზარელი სახელი უწოდეს: „სიკვდილი ყველას!“. შემზარავმა ძალადობამ მთელი ქალაქი მოიცვა და დაახლოებით 6 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გამხეცებული ამბოხებულები მიწასთან ასწორებდნენ შენობებს, იტაცებდნენ ბავშვებს და ყველას, ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ, კიდურებს აჭრიდნენ.

სამწუხაროდ, ამ უბედურებამ ჩვენს და-ძმებსაც დაასვა საშინელი დაღი. ჩვენი ერთი უსაყვარლესი ძმა, ედუარდ ტობი, წამებით მოკლეს. 200-ზე მეტი დასახიჩრებული და-ძმა ბეთელში და კოკერილის მისიონერთა სახლში გადაიყვანეს. სხვები საკუთარ სახლებში იმალებოდნენ. იმ მოწმეებს, რომლებიც ქალაქის უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე კისის მისიონერთა სახლს აფარებდნენ თავს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. მაგრამ ქალაქში გადაადგილება ძალიან საშიში იყო. გარისკავდა ნეტავ ვინმე ქალაქში გასვლას? ბეთელის უშიშარი ღამის მორიგეები, ლადი სანდი და ფილიპ ტურეი, ამჯერადაც არ შეუშინდნენ ხიფათს და დაუყოვნებლივ გაემართნენ ძმების გადასარჩენად.

„ქალაქში სრული ქაოსი იყო, — იხსენებს ფილიპი. — ამბოხებული ჯარისკაცები ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩერებდნენ გამვლელებს და უმოწყალოდ ექცეოდნენ. დაწესებული იყო მკაცრი კომენდანტის საათი, რაც კიდევ უფრო ართულებდა ჩვენს გადაადგილებას. ორი დღე დაგვჭირდა კისის მისიონერთა სახლამდე მისაღწევად.  იქ მისულებს საშინელი სურათი დაგვხვდა — მისიონერთა სახლი გადამწვარი და მიწასთან გასწორებული იყო.

იმ იმედით, რომ იქნებ ვინმე მაინც გვეპოვა ცოცხალი, ტერიტორიის შემოწმება დავიწყეთ. ბოლოს ერთი ძმა, ენდრიუ კოულკერი ვიპოვეთ, რომელიც თავში იყო დაჭრილი, თანაც საკმაოდ მძიმედ. თურმე მეამბოხეებს გაუკოჭავთ და რამდენჯერმე ნაჯახი ჩაურტყამთ თავში. ენდრიუ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მათგან თავის დაღწევაც შეძლო. სასწრაფოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გამოჯანმრთელებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მან პიონერად მსახურება დაიწყო“.

ასეთი სისასტიკის მსხვერპლი სხვა მოწმეებიც გახდნენ, რადგან უარს ამბობდნენ დაპირისპირებაში მონაწილეობაზე. მათგან ზოგი მოკლეს, ზოგიც აწამეს. ერთი ძმა ყვება: «ერთხელ მე და ჩემს მეუღლეს გვიბრძანეს, მხარდაჭერის ნიშნად თავზე თეთრი ბენდენები წაგვეკრა და ქუჩაში გვეცეკვა. „უარის თქმა არ გაბედოთ, თორემ  ხელ-ფეხს დაგაჭრით და დაგხოცავთ!“, — დაგვემუქრნენ. შიშისგან აკანკალებულმა მე და ჩემმა მეუღლემ ჩუმად ვილოცეთ. იქვე ახლოს ჩვენი მეზობელი ბიჭი იდგა, რომელიც ამბოხებულებთან იყო შეკრული. არ ვიცი, რა მოხდა, ალბათ, შევეცოდეთ; უცებ ამბოხებულთა მეთაურთან მივიდა და უთხრა: „ეს ჩვენი ძმაა. მოდი, შევეშვათ. ეგ პოლიტიკაში არ ერევა. მაგის მაგივრად ჩვენ ვიცეკვებთ“. ამ სიტყვებმა გაჭრა და მეთაურმა თავი დაგვანება. ჩვენ კი სუნთქვაშეკრულები სახლისკენ გავიქეცით».

(მარცხნიდან მარჯვნივ) ლადი სანდი, ენდრიუ კოულკერი და ფილიპ ტურეი

ცოტა ხანში ქალაქში უჩვეულო სიმშვიდემ დაისადგურა. ძმებმა ნელა-ნელა კრებისა და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების ჩატარება დაიწყეს, თუმცა ძალიან ფრთხილობდნენ. მაუწყებლებს ყოველთვის თან ჰქონდათ კონგრესის სამკერდე ნიშნები, რათა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე არ გასჭირვებოდათ მათი ვინაობის დადგენა. ძმები ხშირად, როცა თავის რიგს ელოდებოდნენ, ქადაგებდნენ და ამის წყალობით, ბევრი დახელოვნდა კიდეც ქადაგებაში.

არეულობის დროს ქალაქში საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მარაგი თითქმის გამოილია. ამიტომ ბრიტანეთის ფილიალმა იქ საკვებითა და სხვადასხვა ნივთებით სავსე 200 ყუთი გაგზავნა. ვინაიდან ამ დახმარებას არაერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი უნდა გაევლო, ბილი ქაუენი და ალან ჯოუნზი კონაკრიდან ფრიტაუნში გადაფრინდნენ, რათა ეს დახმარება დანიშნულების ადგილამდე, ბეთელამდე ხელუხლებლად მიეტანათ. საინტერესოა, რომ დახმარება ბეთელში კომენდანტის საათის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე მიიტანეს. ჯეიმს კორომა, რომელიც კურიერად მსახურობდა, კონაკრიში გაემგზავრა და იქიდან ლიტერატურა და სხვა საჭირო ნივთები ჩაიტანა ფრიტაუნში. ლიტერატურა დაშორებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მაუწყებლებსაც გაუგზავნეს ბოსა და კენემაში.

ფრიტაუნში ჩასული დახმარება

1999 წლის 9 აგვისტოს კონაკრიში გაქცეული მისიონერები ფრიტაუნში დაბრუნდნენ. მომდევნო წელს ბრიტანულმა საექსპედიციო კორპუსმა ფრიტაუნიდან ამბოხებულები გააძევა. მართალია, შიგადაშიგ ქვეყანაში ისევ იჩენდა თავს დაპირისპირებები, მაგრამ 2002 წლის იანვარში სამოქალაქო ომი დასრულდა. ამ 11-წლიანი დაპირისპირების დროს 50 000 ადამიანი დაიღუპა, 20 000-მა სხეულის  სერიოზული დაზიანება მიიღო; 300 000 სახლი მიწასთან იქნა გასწორებული და 1,2 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო.

როგორ გამოიარა ომის ქარცეცხლი იეჰოვას ხალხმა? აშკარაა, რომ იეჰოვამ დაიცვა და აკურთხა თავისი ერთგულები. ამ კონფლიქტის დროს დაახლოებით 700 ადამიანი მოინათლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ასობით მოწმემ დატოვა სიერა-ლეონე, ამ ქვეყანაში მაუწყებელთა რიცხვი არათუ შემცირდა, არამედ 50 პროცენტით გაიზარდა, გვინეაში კი — 300 პროცენტით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ღვთის ხალხი ვერ გატეხა ამ ენით აუწერელმა განსაცდელმა. მათ ბოლომდე უერთგულეს იეჰოვას. ეს შეუდრეკელი და-ძმები, ბიბლიური ენით რომ ითქვას, „გაჭირვების ღუმელში გამოიცადნენ“; საოცარია, რომ ამ საშინელი დაპისპირებების დროს ისინი ერთმანეთის მიმართ ნამდვილ ქრისტიანულ სიყვარულს ავლენდნენ, მხარში ედგნენ ერთმანეთს და „დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას“ (ეს. 48:10; საქ. 5:42).