დაახლოებით 500 წლის წინათ მდინარე სიერა-ლეონეს შესართავთან პაწაწინა მატყლის ხე აღმოცენდა, ყლორტი ამოიყარა და რამდენიმე ხანში უზარმაზარ ხედ იქცა. 300 წლის მანძილზე ეს ხე არაერთი ტრაგიკული მოვლენის უტყვი მოწმე გახდა. სწორედ ამ ადგილიდან მონებით ვაჭრებმა დაახლოებით 150  000 მამაკაცი, ქალი და ბავშვი გემით სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს და მონათა ბაზრებზე გაყიდეს.

ისტორიული მნიშვნელობის მატყლის ხე (ფრიტაუნი)

 1792 წლის 11 მარტს ტყვეობიდან გათავისუფლებული ასობით მონა, რომლებიც ამერიკიდან აფრიკაში დაბრუნდნენ, მატყლის ხის ქვეშ შეიკრიბნენ და სამშობლოში დაბრუნება იზეიმეს. იმავე დღეს მათ ფრთები შეასხეს თავიანთ სანუკვარ ოცნებას და დააარსეს დასახლება ფრიტაუნი, რაც სიტყვასიტყვით „თავისუფალ ქალაქს“ ნიშნავს. არ წყდებოდა გათავისუფლებული მონების ნაკადი; საბოლოოდ ფრიტაუნში ასზე მეტი აფრიკელთა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი დასახლდა. ამ ახალი ქალაქის მოსახლეობამ სწორედ მატყლის ხე აირჩია თავისუფლებისა და გადარჩენის სიმბოლოდ.

უკვე თითქმის ასი წელია, რაც იეჰოვას მოწმეები სიერა-ლეონეში თავიანთ თანამემამულეებს დამაიმედებელ ცნობას გადასცემენ, რომ წინ გაცილებით დიდი თავისუფლება — „ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლება“ — ელით (რომ. 8:21). ეს მათ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან გათავისუფლებას ჰპირდება, რაც მაშინ მოხდება, როცა ღვთის სამეფო დედამიწაზე სამოთხეს დაამყარებს და ირგვლივ მშვიდობა დაისადგურებს (ეს. 9:6, 7; 11:6—9).

სიერა-ლეონეს იეჰოვას მოწმეთა ფილიალი უკვე 50 წელზე მეტია, რაც გვინეაშიც უწევს ზედამხედველობას სამქადაგებლო საქმიანობას. ამ მეზობელმა ქვეყანამ არაერთი პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცვლილება განიცადა. სწორედ ასეთი არასტაბილურობის დროს ბევრ იქაურ მაცხოვრებელს ბიბლიური ცნობა გულზე მალამოსავით ედებოდა.

სიერა-ლეონესა და გვინეაში იეჰოვას მოწმეები, არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, დღესაც განაგრძობენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. უკიდურესი სიღარიბე, წერა-კითხვის უცოდინარობა, ღრმად გამჯდარი ტრადიციები, ეთნიკურ ნიადაგზე არსებული უთანხმოებები და შემაძრწუნებელი ძალადობა მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ამ წიგნში თქვენ გაეცნობით იეჰოვას ამ ერთგულ მსახურთა შემთხვევებს და დარწმუნდებით, რომ მათ მართლაც ურყევი რწმენა აქვთ. ალბათ, გულგრილს არ დაგტოვებთ ეს ისტორიები და რწმენასაც გაგიძლიერებთ „იმედის მომცემი ღვთის“ მიმართ (რომ. 15:13).