არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

 თავი 16

წინააღმდეგობა გაუწიე ეშმაკს და მის ხრიკებს!

წინააღმდეგობა გაუწიე ეშმაკს და მის ხრიკებს!

„წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა“ (იაკობი 4:7)

1, 2. ვის ანიჭებს სიხარულს იმის დანახვა, როცა ადამიანები ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად ინათლებიან?

თუ დიდი ხანია, რაც იეჰოვას ემსახურები, ალბათ, არაერთხელ მოგისმენია ნათლობის მოხსენება კონგრესზე. რამდენჯერაც უნდა შეესწრო ასეთ ღონისძიებას, ალბათ, ემოციების გარეშე ვერ უყურებ, როცა წინა რიგებში მსხდომი ნათლობის მსურველები ფეხზე დგებიან; აუდიტორია აღტაცებას ვერ მალავს და მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდება მათ. შეიძლება თვალზე ცრემლი გადგება იმის დანახვისას, რომ ეს ადამიანები იეჰოვას მხარეს იკავებენ. ამ დროს უდიდეს სიხარულს გრძნობ!

2 ჩვენ თუ წელიწადში რამდენჯერმე ვადევნებთ თვალ-ყურს ნათლობას, ანგელოზებს ამის შესაძლებლობა გაცილებით მეტჯერ ეძლევათ. შეგიძლია წარმოიდგინო, რამხელა სიხარულია ზეცაში, როცა ანგელოზები ხედავენ, როგორ ემატება ყოველკვირა იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს ათასობით ადამიანი? (ლუკა 15:7, 10). უეჭველია, მათ ძალიან ახარებთ ამ ზრდის დანახვა (ანგია 2:7).

ეშმაკი „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი“

3. რატომ დაძრწის სატანა „როგორც მბრდღვინავი ლომი“ და რა მიზანი აქვს?

3 თუმცა არსებობენ სულიერი ქმნილებები, რომლებსაც აღაშფოთებთ იმის დანახვა, თუ როგორ ინათლება ხალხი მიძღვნის ნიშნად. სატანასა და დემონებს არისხებთ ის, რომ  ათასობით ადამიანი ზურგს აქცევს ბოროტ ქვეყნიერებას. სატანა ხომ აცხადებდა, რომ არც ერთი ადამიანი არ ემსახურებოდა იეჰოვას უანგარო სიყვარულით და განსაცდელის დროს არავინ დარჩებოდა მისი ერთგული (წაიკითხეთ იობის 2:4, 5). როდესაც ვინმე თავს უძღვნის იეჰოვას, მტკიცდება, რომ სატანა ცრუა. სატანისთვის ეს ყოველკვირა სახეში ათასობით სილის გაწვნასავითაა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ამ „ლომს“ ძალიან უნდა, რომ სულიერად გაგვანადგუროს, გაგვიფუჭოს ან საერთოდ დაგვაკარგვინოს ღმერთთან ურთიერთობა (ფსალმუნი 7:1, 2; 2 ტიმოთე 3:12).

როდესაც ადამიანი თავს უძღვნის იეჰოვას და ინათლება, მტკიცდება, რომ სატანა ცრუა

4, 5. ა) როგორ ზღუდავს იეჰოვა სატანის უფლებებს? ბ) რაში შეუძლია იყოს დარწმუნებული ჭეშმარიტი ქრისტიანი?

 4 მიუხედავად იმისა, რომ საშინელი მტერი გვყავს, შიშის მიზეზი არა გვაქვს, რადგან იეჰოვა „მბრდღვინავ ლომს“ ყველაფრის უფლებას არ აძლევს. პირველყოვლისა, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან შემდგარი „უამრავი ხალხი“ გადარჩება „დიდ გასაჭირში“ (გამოცხადება 7:9, 14). ღვთის წინასწარმეტყველებები კი არასდროს მტყუნდება. ამიტომ სატანამაც იცის, რომ ღვთის ხალხიდან ყველას ვერ სძლევს და ვერ შეაცდენს.

5 სატანის უფლებები რომ შეზღუდულია, კარგად ჩანს ღვთისმოშიში კაცის, წინასწარმეტყველ აზარიას სიტყვებიდანაც. მან მეფე ასას უთხრა: „იეჰოვა თქვენთან არის, სანამ მასთან ხართ“ (2 მატიანე 15:2; წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:13). არაერთი ფაქტი ცხადყოფს, რომ სატანამ ვერ შეაცდინა ღვთის მსახურები, რომლებსაც ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ (ებრაელები 11:4—40). დღეს ქრისტიანი თუ ღმერთთან რჩება, ის შეძლებს ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მასზე გამარჯვებას. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).

„ვიბრძვით . . . ბოროტი სულების წინააღმდეგ“

6. როგორ იბრძვის სატანა ცალკეული ქრისტიანების წინააღმდეგ?

6 სატანას არ შეუძლია ღვთის ხალხზე გამარჯვება, მაგრამ მას შეუძლია ცალკეული ქრისტიანების დამარცხება, თუ ისინი სიფხიზლეს დაკარგავენ. სატანამ იცის, რომ ჩვენს „გადაყლაპვას“ შეძლებს, თუ იეჰოვასთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს. როგორ ცდილობს სატანა ამის გაკეთებას? სასტიკი და უშუალო თავდასხმებითა და მზაკვრული ხრიკებით. განვიხილოთ სატანის ეს ძირითადი მეთოდები.

7. რატომ გააძლიერა სატანამ იეჰოვას ხალხზე თავდასხმა?

7 სასტიკი თავდასხმები. მოციქულმა იოანემ თქვა: „მთელი  ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ამ სიტყვებზე ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს. სატანამ უკვე „გადაყლაპა“ უღვთო კაცობრიობა, ამიტომ ახლა მას მთელი ყურადღება გადატანილი აქვს ღვთის ხალხზე და აძლიერებს მათზე თავდასხმას, რადგან აქამდე ისინი მის ხაფანგში არ გაებნენ (მიქა 4:1; იოანე 15:19; გამოცხადება 12:12, 17). სატანა განრისხებულია, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა აქვს. ამიტომ მან ზეწოლა გააძლიერა. დღეს მისი სასტიკი და გამანადგურებელი საბოლოო თავდასხმის სამიზნე ჩვენ ვართ.

8. რა იგულისხმა პავლემ სიტყვებში: „ვიბრძვით ბოროტი სულების წინააღმდეგ“?

8 უშუალო თავდასხმა. მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანები გააფრთხილა: „ვიბრძვით . . . ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფესოელები 6:12). რას გულისხმობდა პავლე? „ბრძოლად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ხელჩართულ ბრძოლაზე მიუთითებს. ამიტომ პავლე გულისხმობდა, რომ თითოეული ჩვენგანი პირადად არის ჩაბმული ბოროტ სულებთან ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, სწამთ თუ არა ბოროტი სულების არსებობა ჩვენ ირგვლივ მცხოვრებ ხალხს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვასადმი მიძღვნის დროს „ბრძოლის ველზე“ გავედით. თითოეული ქრისტიანი მიძღვნის დღიდან ამ ბრძოლაშია ჩაბმული. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ ჩათვალა პავლემ საჭიროდ სამჯერ მოეწოდებინა ეფესოელი ქრისტიანებისთვის: „მტკიცედ იდექით“ (ეფესოელები 6:11, 13, 14).

9. ა) რატომ მიმართავენ სატანა და დემონები სხვადასხვა ხრიკს? ბ) რატომ ცდილობს სატანა ჩვენი აზროვნების გარყვნას და როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა? (იხილეთ ჩარჩო „ უფრთხილდი სატანის ცბიერ ხრიკებს!“) გ) რომელ ხრიკზე ვისაუბრებთ ახლა?

9 მზაკვრული ხრიკები. პავლე მოუწოდებს ქრისტიანებს, მტკიცედ დაუდგნენ სატანის ხრიკებს (ეფესოელები 6:11). ყურადღება მიაქციე, რომ პავლე აქ მრავლობით რიცხვს იყენებს. ბოროტი სულები არაერთ ხრიკს მიმართავენ და  არცთუ უმიზეზოდ. ზოგიერთმა მორწმუნემ, რომელმაც ერთი განსაცდელი გადაიტანა, სხვა განსაცდელს ვერ გაუძლო. ამიტომ სატანა და დემონები გულდასმით უკვირდებიან ჩვენს საქციელს, რათა ჩვენი ყველაზე სუსტი მხარე დაინახონ, შემდეგ კი თავიანთი მიზნების მისაღწევად გამოიყენონ. საბედნიეროდ, სატანის მეთოდების ამოცნობა ბიბლიის დახმარებით შეგვიძლია (2 კორინთელები 2:11). ამ წიგნის წინა თავებში ვისაუბრეთ სატანის ზოგიერთ ხრიკზე, მათ შორის მატერიალიზმზე, ცუდ საზოგადოებასა და უზნეობაზე. ახლა კი განვიხილოთ სატანის კიდევ ერთი ხრიკი — სპირიტიზმი.

სპირიტიზმი — ღვთის ღალატი

10. ა) რა არის სპირიტიზმი? ბ) როგორია იეჰოვას თვალსაზრისი სპირიტიზმზე და შენ რას ფიქრობ ამაზე?

10 სპირიტიზმი, იგივე დემონიზმი, ბოროტ სულებთან პირდაპირი კავშირის დამყარებაა. მკითხაობა, გრძნეულება, ჯადოს გაკეთება და მკვდართა გამოკითხვა სპირიტიზმის ზოგიერთი სახეობაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ იეჰოვასთვის სპირიტიზმი სისაძაგლეა (კანონი 18:10—12; გამოცხადება 21:8). ვინაიდან ჩვენც უნდა გვძულდეს ბოროტება, ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ოდესმე ბოროტ სულიერ ქმნილებებთან კავშირის დამყარებას შევეცადოთ (რომაელები 12:9). ეს ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას ღალატი იქნებოდა!

11. რატომ იქნებოდა სატანისთვის დიდი გამარჯვება, თუ ჩვენ სპირიტიზმით გვაცდუნებდა? ახსენი.

11 როდესაც ადამიანი სპირიტიზმში მონაწილეობს, იეჰოვას ღალატობს, სწორედ ამიტომ ცდილობს სატანა, ზოგიერთი ჩვენგანი ამ მახეში გაგვაბას. როცა ის ქრისტიანის დემონიზმით ცდუნებას ახერხებს, დიდ გამარჯვებას აღწევს. რატომ? მაგალითად, თუ ჯარისკაცი მოწინააღმდეგემ გადაიბირა, მტრის მეთაური გაიხარებს. მან შეიძლება მოღალატე ჯარისკაცი საქვეყნოდ გამოიყვანოს, რათა მის ყოფილ მეთაურს შეურაცხყოფა მიაყენოს. მსგავსად, ქრისტიანი თუ სპირიტიზმში იღებს მონაწილეობას, იეჰოვას შეგნებულად  აქცევს ზურგს და სატანის მხარეს გადადის. წარმოიდგინე, რა კმაყოფილებას მოუტანდა სატანას ამ მოღალატის, როგორც ნადავლის, საქვეყნოდ გამოყვანა! ცხადია, არც ერთ ჩვენგანს არ სურს, რომ ეშმაკმა ასეთი გამარჯვება მოიპოვოს. ჩვენ მოღალატეები არა ვართ!

კითხვები, რომლებიც ეჭვებს ბადებს

12. რომელ მეთოდს იყენებს სატანა სპირიტიზმზე ჩვენი თვალსაზრისის შესაცვლელად?

12 თუ შევიზიზღებთ სპირიტიზმს, სატანა ვერ შეძლებს ჩვენ წინააღმდეგ მის გამოყენებას. ამიტომ მას ესმის, რომ აზროვნება უნდა შეგვიცვალოს. როგორ ცდილობს ის ამის გაკეთებას? ის ცდილობს, ისე აურიოს ქრისტიანებს გონება, რომ მათ კარგს ცუდი უწოდონ და ცუდს — კარგი (ესაია 5:20). ამისთვის სატანა ხშირად მიმართავს ნაცად მეთოდს — ის ისეთ კითხვებს წამოჭრის, რომლებიც ეჭვებს ბადებს.

13. როგორ იყენებდა სატანა ეჭვების გამომწვევ კითხვებს?

13 ყურადღება მიაქციე, როგორ იყენებდა სატანა ამ მეთოდს წარსულში. ედემის ბაღში მან ევას ჰკითხა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“. იობის დროს, როცა ზეცაში ანგელოზები შეიკრიბნენ, სატანამ იეჰოვას ჰკითხა: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში?“. დედამიწაზე იესოს მსახურების დასაწყისში კი სატანამ ეჭვი შეიტანა იესოში და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვებს, პურებად იქცნენ“. წარმოიდგინე, სატანამ გაბედა, ცინიკურად მოეხსენიებინა იეჰოვას მიერ დაახლოებით ექვსი კვირით ადრე ნათქვამი სიტყვები: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (დაბადება 3:1; იობი 1:9; მათე 3:17; 4:3).

14. ა) როგორ აფიქრებინებს სატანა ადამიანებს, რომ სპირიტიზმი უვნებელია? ბ) რას განვიხილავთ ახლა?

14 ეშმაკი დღესაც მსგავს ხრიკს იყენებს, რათა ადამიანებს  აფიქრებინოს, რომ სპირიტიზმი უვნებელია. სამწუხაროდ, მან ჩათესა ზოგი მორწმუნის გულში მსგავსი ეჭვი, რის გამოც მათ დაებადათ კითხვა, სინამდვილეში მართლა საზიანო იყო თუ არა სპირიტიზმის ზოგიერთი სახეობა (2 კორინთელები 11:3). როგორ დავეხმაროთ ასეთ ქრისტიანებს თვალსაზრისის შეცვლაში? როგორ დავიცვათ თავი სატანის ამ ხრიკისგან? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ ორი სფერო, რომლებშიც სატანამ ფარულად შეიტანა სპირიტიზმის ელემენტები. ეს არის გართობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

მიზნის მისაღწევად სატანა ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს იყენებს

15. ა) რა თვალსაზრისი აქვს დასავლეთის ქვეყნებში მრავალ ადამიანს სპირიტიზმზე? ბ) როგორ მოახდინა ამ თვალსაზრისმა გავლენა ზოგ ქრისტიანზე?

15 ადამიანები, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში, ფიქრობენ, რომ ოკულტიზმში, ჯადოქრობასა თუ სპირიტიზმის სხვა სახეობებში სახიფათო არაფერია. კინოფილმებში, ტელეგადაცემებსა და კომპიუტერულ თამაშებში სპირიტიზმი სულ უფრო და უფრო ხშირად წარმოდგენილია, როგორც გასართობი, შემოქმედებითი და უწყინარი რამ. ოკულტური შინაარსის ზოგიერთი კინოფილმი და წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ თაყვანისმცემელთა კლუბებიც კი ჩამოყალიბდა. აშკარაა, რომ დემონებმა შეძლეს ოკულტიზმის საშიშროების შენიღბვა. ქრისტიანებზეც ახდენს გავლენას ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ სპირიტიზმი უვნებელია? ზოგიერთს შეეპარა ასეთი აზროვნება. მაგალითად, სპირიტული შინაარსის კინოფილმის ყურების შემდეგ ერთმა ქრისტიანმა თქვა: „ფილმს კი ვუყურე, მაგრამ სპირიტიზმში არ მიმიღია მონაწილეობა“. რატომ არის საშიში ასეთი აზროვნება?

16. რატომ არის საშიში სპირიტიზმის შემცველი გართობა?

16 ცხადია, სპირიტიზმის ყურებასა და მასში მონაწილეობას შორის განსხვავება არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს,  რომ სპირიტიზმის ყურება უვნებელია. რატომ? ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ სატანასა და მის დემონებს არ შეუძლიათ ჩვენი ფიქრების წაკითხვა. * ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოროტმა სულებმა რომ გაიგონ, რაზე ვფიქრობთ და დაინახონ, რა სულიერი სისუსტე გვაქვს, აკვირდებიან ჩვენს მოქმედებას, მათ შორის იმას, რით ვერთობით. თუ ქრისტიანის საქციელი ცხადყოფს, რომ მას მოსწონს ფილმები და წიგნები, რომელთა სიუჟეტიც სულების გამოძახებას, ჯადოს გაკეთებას, ადამიანების დემონებით შეპყრობას და მსგავს სპირიტულ ქმედებას უკავშირდება, ის დემონებს, ასე ვთქვათ, თავის სუსტ მხარეს ატყობინებს. საპასუხოდ, დემონებს შეუძლიათ გააძლიერონ მასზე ზეწოლა და მისი სისუსტე მისივე დასამარცხებლად გამოიყენონ. ზოგი ქრისტიანი, რომელიც გართობის მეშვეობით დაინტერესდა სპირიტიზმით, მოგვიანებით ჩაება კიდეც მასში (წაიკითხეთ გალატელების 6:7).

მიენდე იეჰოვას ავადმყოფობის დროს

17. რომელ ხრიკს მიმართავს სატანა ქრისტიანის შესაცდენად, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს?

17 სატანა თავისი მიზნის მისაღწევად არა მარტო იმით სარგებლობს, რომ გართობის სურვილი გვაქვს, არამედ იმითაც, რომ მოთხოვნილება გვაქვს, საკუთარ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. განვიხილოთ, როგორ აკეთებს ის ამას. ქრისტიანს, რომელმაც მკურნალობის არაერთ მეთოდს მიმართა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა მაინც უარესდება, შეიძლება გულგატეხილობა დაეუფლოს (მარკოზი 5:25, 26). ასეთი მდგომარეობა შეიძლება ხელსაყრელი იყოს სატანისა და დემონებისთვის. დემონებმა შეიძლება სასოწარკვეთილ ქრისტიანს მკურნალობის ისეთი მეთოდის არჩევისკენ უბიძგონ,  რომელიც ჯადოქრობასთან ან სპირიტიზმის სხვა სახეობასთან არის დაკავშირებული (ესაია 1:13) თუ დემონები ამ ხრიკით მიზანს მიაღწევენ, ქრისტიანს ღმერთთან ურთიერთობა გაუფუჭდება. როგორ?

18. რა სახის მკურნალობაზე ამბობს ქრისტიანი უარს, და რატომ?

18 ისრაელებს, რომლებიც ჯადოქრობას მიმართავდნენ, იეჰოვამ უთხრა: „ხელებს რომ იშვერთ, თვალს გარიდებთ. თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ“ (ესაია 1:15). რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ლოცვას დაგვიბრკოლებს და იეჰოვას მხარდაჭერას დაგვაკარგვინებს, განსაკუთრებით ავადმყოფობის დროს (ფსალმუნი 41:3). ამგვარად, თუ დიაგნოსტიკის ან მკურნალობის რომელიმე მეთოდს რაიმე საერთო აქვს სპირიტიზმთან, ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უარი უნდა თქვას მასზე (მათე 6:13). * თუ ასე მოიქცევა, მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იეჰოვა მხარს დაუჭერს (იხილეთ ჩარჩო „ ნუთუ ეს მართლა სპირიტიზმია?!“).

საუბრები დემონებზე

19. ა) რაში დაარწმუნა ეშმაკმა მრავალი ადამიანი? ბ) რის მოყოლას ერიდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები?

19 დასავლეთის ქვეყნებში სერიოზულად არ მიიჩნევენ სატანის  ძალას, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება აქვთ. ეშმაკმა მრავალი ადამიანი დაარწმუნა, რომ იმაზე მეტ ძალას ფლობს, ვიდრე სინამდვილეში აქვს. ბოროტი სულების შიში ზოგს დღედაღამ მოსვენებას არ აძლევს. ადამიანები ხშირად ლაპარაკობენ დემონების სიძლიერეზე. ისინი სიამოვნებით ყვებიან ასეთ ამბებს, სხვები კი ინტერესით უსმენენ. სწორი იქნებოდა მსგავსი ამბების მოყოლა? არა. ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები ამას ორი მიზეზის გამო ერიდებიან.

20. როგორ შეიძლება ქრისტიანმა შეუგნებლად გაუწიოს პროპაგანდა სატანას?

20 უპირველესად, დემონების შესახებ ისტორიების მოყოლა სატანის წისქვილზე ასხამს წყალს. როგორ? ღვთის სიტყვა ადასტურებს, რომ სატანას შეუძლია სასწაულების მოხდენა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ის „ცრუ ნიშნებს“ ახდენს და ხალხს აცდუნებს (2 თესალონიკელები 2:9, 10).  სატანა დახელოვნებული მატყუარაა, ამიტომ კარგად იცის, როგორ მოახდინოს გავლენა სპირიტიზმით დაინტერესებულ ადამიანებზე და როგორ დააჯეროს სიცრუე. შესაძლოა მათ გულწრფელად სჯერათ, რომ რაღაცა ნახეს ან გაიგონეს, შემდეგ კი ამ ყველაფერს ყვებიან როგორც სინამდვილეს. რაც ხშირად ყვება ხალხი ასეთ ისტორიებს, მით უფრო აზვიადებენ მათ. თუ ქრისტიანი იმეორებს ასეთ ამბებს, ის ფაქტობრივად ეშმაკის, „სიცრუის მამის“, ნებას ასრულებს და სატანის პროპაგანდას ეწევა (იოანე 8:44; 2 ტიმოთე 2:16).

21. რის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ?

21 ამასთანავე, თუ ქრისტიანს წარსულში ბოროტ სულებთან კავშირი ჰქონდა, თანამორწმუნეების გასართობად არ უნდა გაიმეოროს ეს ისტორიები. რატომ? ბიბლია მოგვიწოდებს: „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს, იესოს“ (ებრაელები 12:2). ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქრისტეზე და არა სატანაზე. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე ყოფნისას იესო თავის მოწაფეებს ბოროტ სულებზე ამბების მოყოლით არ ართობდა, თუმცა მას ბევრი რამის თქმა შეეძლო სატანაზე. იესომ ყურადღება სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაზე გაამახვილა. ასე რომ, იესოსა და მოციქულების მსგავსად, ვცდილობთ, „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ ვილაპარაკოთ (საქმეები 2:11; ლუკა 8:1; რომაელები 1:11, 12).

22. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ზეცაში სიხარულს?

22 სატანა სხვადასხვა ხრიკს იყენებს, მათ შორის სპირიტიზმს, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. მაგრამ, თუ შევიზიზღებთ ბოროტებას და მივეკვრებით სიკეთეს, ეშმაკი სპირიტიზმის მახეში ვერ გაგვაბამს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:27). წარმოიდგინე, რა „სიხარული იქნება ზეცაში“, თუ ბოლომდე მტკიცედ დავუდგებით ეშმაკის ხრიკებს იმ დრომდე, სანამ ის საბოლოოდ განადგურდება! (ლუკა 15:7; ეფესოელები 6:11).

^ აბზ. 16 სატანის სხვა სახელები (მოწინააღმდეგე, ცილისმწამებელი, მატყუარა, მაცდური და ცრუ) არ მიუთითებს, რომ მას ჩვენი გულის დანახვა და აზრების წაკითხვა შეუძლია. ამის საპირისპიროდ, ბიბლია აღნიშნავს, რომ იეჰოვაა „გულების შემმოწმებელი“, იესო კი იკვლევს „თირკმელებსა და გულებს“ (იგავები 17:3; გამოცხადება 2:23).

^ აბზ. 18 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1994 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 19—22 (რუს.) და 2001 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“.

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)

გეღვიძოთ, სატანას თქვენი გადაყლაპვა სურს!

სატანის სამი თვისება, რომელიც მას დაუძინებელ მტრად აქცევს.