წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

 თავი 11

„ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული“

„ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული“

„გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან“ (იგავები 5:18)

1, 2. რა კითხვას განვიხილავთ, და რატომ?

ხარ დაქორწინებული? თქვენი ოჯახი ბედნიერია თუ სერიოზული პრობლემები გაქვთ? ხომ არ გაუცხოვდით ერთმანეთისგან? ხომ არ გახდა მეუღლესთან შენი ურთიერთობა ფორმალური? თუ ასეა, ალბათ განიცდი, რომ ის თბილი ურთიერთობა, რომელიც თავიდან გქონდათ, სადღაც გაქრა. როგორც ქრისტიანს, უეჭველად გსურს, რომ შენმა ოჯახმა განადიდოს იეჰოვა ღმერთი, რომელიც ძალიან გიყვარს. ამიტომ შეიძლება შენი მდგომარეობა ძალიან გაწუხებს და გულს გტკენს. ასეთ შემთხვევაშიც კი ნუ იფიქრებ, რომ გამოსავალი არ არსებობს.

2 დღეს ქრისტიანულ კრებაში უამრავი ბედნიერი ცოლ-ქმარია, რომელთა ქორწინებასაც ერთ დროს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ მათ ურთიერთობის განმტკიცება შეძლეს. შენც შეგიძლია, უფრო ბედნიერი ოჯახი გქონდეს. რა დაგეხმარება ამაში?

დაუახლოვდი ღმერთს და შენს მეუღლეს

3, 4. როგორ დააახლოებს ერთმანეთთან მეუღლეებს ღმერთთან დაახლოება? მოიყვანე მაგალითი.

3 თუ შენ და შენი მეუღლე ღმერთთან დაახლოებას ცდილობთ, ერთმანეთსაც დაუახლოვდებით. წარმოიდგინე შემდეგი სურათი: უზარმაზარი კონუსის ფორმის მთა, რომლის ძირშიც დგანან კაცი და ქალი; ჩრდილოეთით კაცი დგას,  სამხრეთით კი — ქალი. ორივე მთაზე ასვლას იწყებს. ამ დროს მათ შორის მანძილი ძალიან დიდია, მაგრამ, რაც უფრო უახლოვდებიან მწვერვალს, მათ შორის მანძილი უფრო მცირდება. რის სწავლა შეგიძლია ამ მაგალითიდან?

4 ძალისხმევა, რომელსაც იეჰოვას მსახურებას ახმარ, შეიძლება იმ ძალისხმევას შევადაროთ, რომელიც მთაზე ასვლას სჭირდება. იეჰოვას სიყვარული აღგძრავს, რომ „მთაზე ასასვლელად“ ძალ-ღონე არ დაიშურო. მაგრამ თუ შენ და შენი მეუღლე ერთმანეთისგან გაუცხოებული ხართ, შესაძლოა, ამ მთაზე სხვადასხვა მხრიდან ადიხართ. რა იქნება შედეგი, თუ ასვლას არ შეწყვეტთ? თუმცა თავიდან დიდი მანძილი გაშორებთ, რაც მეტ ძალისხმევას მოახმართ მთის მწვერვალზე ასვლას ანუ ღმერთთან დაახლოებას, მით მეტად დაუახლოვდებით  ერთმანეთს. ასე რომ, სწორედ ღმერთთან დაახლოება დაგეხმარებათ, ერთმანეთს დაუახლოვდეთ. მაგრამ კონკრეტულად რის გაკეთება გჭირდებათ?

ბიბლიურ ცოდნას თქვენი ქორწინების განმტკიცება შეუძლია

5. ა) რა უნდა გაითვალისწინო, რომ დაუახლოვდე იეჰოვას და მეუღლეს? ბ) რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ქორწინებაზე?

5 მნიშვნელოვანია, ორივემ გაითვალისწინოთ ქორწინებასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები (ფსალმუნი 25:4; ესაია 48:17, 18). დაფიქრდით კონკრეტულ რჩევაზე, რომელიც მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული“ (ებრაელები 13:4). რას ნიშნავს ეს? სიტყვა „ღირსეულში“ იგულისხმება დასაფასებელი და ძვირფასი რამ. სწორედ ასეთი თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ქორწინებაზე — მის თვალში ქორწინება ძვირფასია.

იეჰოვას სიყვარულმა აღგძრათ მოქმედებისკენ!

6. რას ვიგებთ ებრაელების 13:4-ის კონტექსტიდან, და რატომ უნდა გავითვალისწინოთ ის?

6 თუ ორივე ღვთის მსახური ხართ, იცით, რომ ქორწინება ძვირფასი და წმინდაა. ქორწინების ფუძემდებელი იეჰოვაა (წაიკითხეთ მათეს 19:4—6). მაგრამ მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ყველას ცოლქმრობა ღირსეული უნდა იყოს, პრობლემების დროს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს და შეიძლება არ აღგძრათ იმისკენ, რომ შენ და შენი მეუღლე ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყროთ. მაშ, რა გიბიძგებთ ამისკენ? დაუკვირდი, რას ამბობდა პავლე ამის თაობაზე. მას არ უთქვამს, რომ „ცოლქმრობა არის ღირსეული“; მან თქვა, რომ „ცოლქმრობა იყოს ღირსეული“. ამ სიტყვებით პავლე ფაქტს კი არ აღნიშნავდა, არამედ ქრისტიანებს ამისკენ მოუწოდებდა. * ამაზე ფიქრი დაგეხმარება, მეუღლისადმი პატივისცემა გამოავლინო. როგორ?

7. ა) რომელ ბიბლიურ მითითებებს ვასრულებთ, და რატომ? ბ) რა დადებითი შედეგები მოაქვს მორჩილებას?

 7 დაფიქრდი, როგორ ეხმაურები ბიბლიაში მოცემულ სხვა მითითებებს, მაგალითად მოწაფეების მომზადებასა და ღვთის თაყვანისცემის მიზნით ერთად შეკრებასთან დაკავშირებულ მითითებას (მათე 28:19; ებრაელები 10:24, 25). ვიცით, რომ ამის კეთება ყოველთვის ადვილი არ არის. შესაძლოა მსახურებაში გულგრილობას ხვდები ან სამსახურიდან ისეთი დაღლილი ბრუნდები, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დიდი ძალისხმევის ფასად გიჯდება. მიუხედავად ამისა, შენ კვლავაც ქადაგებ სამეფოს შესახებ და ესწრები ქრისტიანულ შეხვედრებს. არავის, თვით სატანასაც კი არ შეუძლია შენი შეჩერება, რადგან იეჰოვასადმი გულწრფელი სიყვარული აღგძრავს, დაემორჩილო მის მითითებებს (1 იოანე 5:3). რა დადებითი შედეგები მოაქვს მორჩილებას? იმის ცოდნა, რომ ღვთის ნებას ასრულებ — მონაწილეობ სამქადაგებლო საქმიანობაში და ესწრები კრების შეხვედრებს — შინაგან სიმშვიდესა და სიხარულს გგვრის. ეს კი ძალას გმატებს (ნეემია 8:10). რას ვსწავლობთ აქედან?

8, 9. ა) რამ შეიძლება აღგვძრას, გავითვალისწინოთ მოწოდება „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული“? ახსენი. ბ) რომელ ორ საკითხს განვიხილავთ?

8 თუკი ღვთისადმი სიყვარული აღგძრავს, დაემორჩილო ქადაგებასთან და შეხვედრებზე დასწრებასთან დაკავშირებულ მითითებებს, მას აგრეთვე შეუძლია აღგძრას, გაითვალისწინო ბიბლიური მოწოდება, „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული“ მაშინაც კი, როცა ეს ადვილი არ არის (ებრაელები 13:4; ფსალმუნი 18:29; ეკლესიასტე 5:4). ამასთანავე, როგორც ქადაგებასა და შეხვედრებზე დასწრებას მოაქვს შენთვის უხვი კურთხევები, ღირსეული ცოლქმრობისთვის გაწეული შენი ძალისხმევაც არ დარჩება იეჰოვასთვის შეუმჩნეველი და ის აუცილებლად გაკურთხებს (1 თესალონიკელები 1:3; ებრაელები 6:10).

9 მაგრამ, რა უნდა გააკეთო, რომ შენი ქორწინება ღირსეული  იყოს? მნიშვნელოვანია, მოერიდო ისეთ საუბარსა და საქციელს, რომელიც მეუღლესთან ურთიერთობას გაგიფუჭებს; ასევე ქორწინების განსამტკიცებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგა.

მოერიდე ქორწინების შეურაცხმყოფელ საუბარსა და საქციელს

10, 11. ა) როგორ შეიძლება ცოლ-ქმარმა თავისი სიტყვებით შეურაცხყოს ქორწინება? ბ) რა კითხვა უნდა დავუსვათ მეუღლეს?

10 ერთხელ ერთმა ქრისტიანმა ქალმა თქვა: „იეჰოვას ვევედრები, მოთმინება მომცეს“; შემდეგ ამის მიზეზიც დაასახელა: «ქმარი სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს. თუმცა დალურჯებული ადგილები არა მაქვს, გულს მიკლავს მისი სარკასტული სიტყვები: „ტვირთი ხარ!“ და „უვარგისი ხარ!“». ეს ქალი ლაპარაკობდა სერიოზულ პრობლემაზე — სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

11 რა სამწუხაროა, როცა ქრისტიანულ ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს მწარე სიტყვებით კბენენ და ისეთ ემოციურ ტკივილს აყენებენ ერთმანეთს, რომელიც ადვილად არ შუშდება! ცხადია, ქორწინება ღირსეული ვერ იქნება, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. რის თქმა შეიძლება შენზე და შენს მეუღლეზე? გულახდილად ჰკითხე მეუღლეს: „როგორ მოქმედებს ჩემი სიტყვები შენზე?“. თუ მეუღლე ფიქრობს, რომ ხშირად სიტყვებით ემოციურ ტკივილს აყენებ, მზად იყავი, შეიცვალო და მდგომარეობა გამოასწორო (გალატელები 5:15; წაიკითხეთ ეფესოელების 4:31).

12. როგორ შეიძლება ქრისტიანის თაყვანისცემა ღვთის თვალში ფუჭი აღმოჩნდეს?

12 გახსოვდეს, რომ ის, თუ რა მანერით ელაპარაკები მეუღლეს, გავლენას ახდენს იეჰოვასთან შენს ურთიერთობაზე. ბიბლიაში ნათქვამია: „თუ ვინმეს თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს და თავის გულს აცდუნებს, ფუჭია მისი თაყვანისცემა“ (იაკობი 1:26). ნუ იფიქრებ, რომ  შენი ლაპარაკის მანერა არანაირ კავშირში არ არის ღვთის თაყვანისცემასთან. ბიბლია მხარს არ უჭერს იმ მოსაზრებას, რომ სანამ ადამიანი ღმერთს ემსახურება, მნიშვნელობა არა აქვს, რა ხდება მის ოჯახში. ამიტომ თავს ნუ მოიტყუებ! ეს სერიოზული საკითხია (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:7). შესაძლოა საკუთარ ნიჭსა და ენერგიას ღვთის მსახურებას ახმარ, მაგრამ თუ მეუღლეს განზრახ სტკენ გულს, ქორწინებას შეურაცხყოფ; ამის გამო შეიძლება ღვთის თვალში შენი თაყვანისცემა ფუჭი აღმოჩნდეს.

13. როგორ შეიძლება ქრისტიანმა ემოციური ტკივილი მიაყენოს მეუღლეს?

13 ცოლ-ქმარი აგრეთვე უნდა ეცადოს, ერთმანეთს გული არ ატკინონ დაუფიქრებელი მოქმედებით. განვიხილოთ ორი მაგალითი. მარტოხელა დედა ხშირად რჩევისთვის ურეკავს დაქორწინებულ ძმას; მათი საუბრები დიდხანს გრძელდება. დაუქორწინებელი ძმა ყოველკვირა დიდხანს ქადაგებს გათხოვილ დასთან ერთად. შესაძლოა დაქორწინებულ ძმას და გათხოვილ დას ცუდი განზრახვები არ ამოძრავებთ, მაგრამ როგორ მოქმედებს მათი საქციელი მათ მეუღლეებზე? ერთმა დამ, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა, თქვა: „იმის დანახვა, რომ ჩემი ქმარი დიდ დროსა და ყურადღებას სხვა დას უთმობს, გულს მტკენს და თავს დამცირებულად ვგრძნობ“.

14. ა) რომელ უმთავრეს პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას დაბადების 2:24? ბ) რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს?

14 გასაგებია, რომ ამ დას და მსგავს სიტუაციაში მყოფ სხვა ქრისტიანებს გული სტკივათ, რადგან მათი მეუღლეები არ ითვალისწინებენ ღვთის ძირითად მითითებას: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, [და] მიეკვრება ცოლს“ (დაბადება 2:24). რასაკვირველია, დაქორწინებულები კვლავაც პატივს სცემენ მშობლებს, მაგრამ ღვთის ნებაა, რომ მეუღლეებმა უპირველესად ერთმანეთზე იზრუნონ. მსგავსად, ქრისტიანებს ძალიან უყვართ თანამორწმუნეები, მაგრამ მათი უმთავრესი პასუხისმგებლობა მეუღლის მოთხოვნილებებზე ზრუნვაა. ასე  რომ, თუ დაქორწინებული ქრისტიანი საჭიროზე მეტ დროს უთმობს თანამორწმუნეებს ან მეტისმეტად უახლოვდება ვინმეს, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, საფრთხეს უქმნის თავის ქორწინებას. ეს ხომ არ არის თქვენს ოჯახშიც უთანხმოების მიზეზი? ჰკითხე საკუთარ თავს: „ნამდვილად ვუთმობ საკმარის დროს მეუღლეს და ვავლენ სათანადო ყურადღებას და სიყვარულს მის მიმართ?“.

15. მათეს 5:28-ის თანახმად, რატომ არ უნდა გამოავლინოს დაქორწინებულმა ქრისტიანმა ზედმეტი ყურადღება საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მიმართ?

 15 გარდა ამისა, დაქორწინებული ქრისტიანი თუ ზედმეტ ყურადღებას ავლენს საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მიმართ, ის უგუნურად იქცევა და თავს საფრთხეში იგდებს. სამწუხაროდ, ზოგ ქრისტიანს ისეთი ადამიანის მიმართ განუვითარდა რომანტიკული გრძნობები, ვისთანაც ზედმეტად შინაურული ურთიერთობა ჰქონდა (მათე 5:28). შედეგად, ემოციურმა დამოკიდებულებამ მათ ისეთი საქციელი ჩაადენინა, რაც კიდევ უფრო ბღალავს ქორწინებას. განვიხილოთ, რა თქვა მოციქულმა პავლემ ამ საკითხზე.

„ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი [იყოს]“

16. რა მითითება მისცა პავლემ დაქორწინებულ ქრისტიანებს?

16 მას შემდეგ, რაც პავლემ ქრისტიანებს მოუწოდა, რომ მათი ქორწინება ყოფილიყო ღირსეული, ასეთი გაფრთხილებაც მისცა: „ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი [იყოს], რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრაელები 13:4). პავლემ „ცოლქმრულ სარეცელში“ მეუღლეებს შორის სქესობრივი კავშირი იგულისხმა. ეს კავშირი მხოლოდ დაქორწინებულებს შორის არის შეუბილწავი, ანუ ზნეობრივად წმინდა. ამიტომ ქრისტიანები სერიოზულად ეკიდებიან ღვთის შთაგონებულ სიტყვებს: „გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან“ (იგავები 5:18).

17. ა) რატომ არის ქრისტიანებისთვის მიუღებელი ქვეყნიერების თვალსაზრისი მრუშობაზე? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იობს?

17 დაქორწინებული დიდ უპატივცემულობას ავლენს ღვთის ზნეობრივი ნორმების მიმართ, თუ სქესობრივ კავშირს ამყარებს მასთან, ვინც მისი მეუღლე არ არის. დღეს მრავალი ადამიანი საძრახისად არ მიიჩნევს მრუშობას, მაგრამ ქრისტიანებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს ადამიანების თვალსაზრისმა. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმით, რომ საბოლოოდ,  „მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ და არა ადამიანი (ებრაელები 10:31; 12:29). ამიტომ ისინი იეჰოვას თვალსაზრისს იზიარებენ ამ საკითხზე (წაიკითხეთ რომაელების 12:9). გავიხსენოთ, რა თქვა პატრიარქმა იობმა: „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს“ (იობი 31:1). ქრისტიანებიც ერიდებიან ყველაფერს, რაც მრუშობამდე მიიყვანდა მათ; ისინი აკონტროლებენ საკუთარ თვალებს და არასდროს უყურებენ სხვებს ვნებით (იხილეთ დანართი „ბიბლიის თვალსაზრისი განქორწინებასა და განცალკევებით ცხოვრებაზე“).

18. ა) რამდენად სერიოზული დანაშაულია იეჰოვას თვალში მრუშობა? ბ) რით ჰგავს მრუშობა კერპთაყვანისმცემლობას?

18 რამდენად სერიოზული დანაშაულია მრუშობა იეჰოვას თვალში? მოსეს კანონიდან ვიგებთ იეჰოვას თვალსაზრისს ამ საკითხზე. ისრაელში მრუშობა და კერპთაყვანისმცემლობა იმდენად სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა, რომ ამის გამო ადამიანები სიკვდილით ისჯებოდნენ (ლევიანები 20:2, 10). რით ჰგავს მრუშობა კერპთაყვანისმცემლობას? ისრაელი, რომელიც კერპს სცემდა თაყვანს, იეჰოვასთან დადებულ შეთანხმებას არღვევდა. მსგავსად ის, ვინც მრუშობას სჩადიოდა, მეუღლესთან დადებულ შეთანხმებას არღვევდა. ორივე ვერაგულად იქცეოდა (გამოსვლა 19:5, 6; კანონი 5:9; წაიკითხეთ მალაქიას 2:14). ამიტომ ისინი დამნაშავენი იყვნენ ერთგული ღვთის, იეჰოვას წინაშე (ფსალმუნი 33:4).

19. რა განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, არ ჩავიდინოთ მრუშობა? ახსენი.

19 ცხადია, ქრისტიანებს არ გვევალება მოსეს კანონის დაცვა. მაგრამ, თუ გვემახსოვრება, რომ ისრაელში მრუშობა სერიოზულ ცოდვად ითვლებოდა, ეს განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, არასდროს ვიმრუშოთ. მაგალითად, შეხვალ ეკლესიაში, დაემხობი ხატის წინ და ილოცებ? „არასდროს!“, — იტყვი შენ. მაგრამ გააკეთებ ამას, თუ დიდ თანხას შემოგთავაზებენ? „არავითარ შემთხვევაში!“, — იტყვი მტკიცედ. მართლაც, ჭეშმარიტ ქრისტიანს იმის გაფიქრებაც კი ზარავს, რომ კერპს სცეს თაყვანი და იეჰოვას უღალატოს. მსგავსად, ქრისტიანისთვის იმის გაფიქრებაც კი ამაზრზენი  უნდა იყოს, რომ იეჰოვა ღმერთსა და მეუღლეს უღალატოს; მრუშობას არანაირი გამართლება არა აქვს (ფსალმუნი 51:1, 4; კოლოსელები 3:5). ჩვენ არ გვსურს, ჩვენი საქციელით გავახაროთ სატანა, შეურაცხვყოთ იეჰოვას სახელი და შევბღალოთ ქორწინება.

როგორ შეგიძლია განამტკიცო მეუღლესთან ურთიერთობა?

20. რა ემართება ზოგ ქორწინებას? მოიყვანე შედარება.

20 გარდა იმისა, რომ ერიდები ქორწინების შემბღალავ საქციელს, კიდევ რის გაკეთება შეგიძლია, რომ კვლავ პატივისცემით მოეპყრო მეუღლეს? შევადაროთ ქორწინება სახლს, ხოლო სასიამოვნო სიტყვები, კეთილი საქმეები და მეუღლისადმი პატივისცემის გამომხატველი სხვა მოქმედებები — დეკორატიულ ნივთებს, რომლებიც სახლს ალამაზებს. თუ მეუღლესთან თბილი ურთიერთობა გაქვს, თქვენი ქორწინება ჰგავს დეკორატიული ნივთებით გალამაზებულ მყუდრო სახლს. მაგრამ, თუ თქვენ შორის სიყვარული ნელდება, ლამაზი ნივთებიც თანდათან ქრება, და ქორწინება ემსგავსება ცივ, გამოცარიელებულ სახლს. რამდენადაც გსურს, ღვთის მითითების თანახმად მოიქცე და შენი ქორწინება „იყოს ღირსეული“, შეეცდები მდგომარეობის გამოსწორებას. ეს მართლაც ღირს ძალისხმევად! მაგრამ როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „სიბრძნით აშენდება ოჯახი და გამჭრიახობით განმტკიცდება იგი. ცოდნა აავსებს შიდა ოთახებს მშვენიერი და ძვირფასი ნივთებით“ (იგავები 24:3, 4). ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ მუხლების გათვალისწინება.

21. როგორ შეგვიძლია მეუღლესთან ურთიერთობის განმტკიცება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „ როგორ განვამტკიცო მეუღლესთან ურთიერთობა?“.)

21 ნამდვილი სიყვარული, ღვთისმოშიშება და მტკიცე რწმენა, ასე ვთქვათ, ის ძვირფასი ნივთებია, რომლებიც ბედნიერ ოჯახს ალამაზებს (იგავები 15:16, 17; 1 პეტრე 1:7). ზემოთ ჩამოთვლილი მართლაც განამტკიცებს მეუღლეებს  შორის ურთიერთობას. მიაქციე ყურადღება, როგორ აივსო ზემოხსენებულ იგავში ოთახები ძვირფასი ნივთებით? „ცოდნის“ მეშვეობით. ბიბლიურ ცოდნას შეუძლია შეუცვალოს ადამიანებს აზროვნება და კვლავ გაუღვიძოს მათ ერთმანეთისადმი სიყვარული (რომაელები 12:2; ფილიპელები 1:9). ასე რომ, როცა მეუღლესთან ერთად საუბრობ და განიხილავ ბიბლიურ მუხლს, მაგალითად, ყოველდღიურ მუხლს, აგრეთვე ერთად კითხულობთ სტატიას ქორწინების შესახებ „საგუშაგო კოშკში“ ან „გამოიღვიძეთ!“-ში, თქვენ ფაქტობრივად ათვალიერებთ დეკორატიულ ნივთებს, რომლებსაც თქვენი სახლის გალამაზება შეუძლია. როცა იეჰოვას სიყვარული აღგძრავთ, გაითვალისწინოთ განხილული რჩევები, თქვენ ეს ლამაზი ნივთები „შიდა ოთახებში“ შეგაქვთ. შედეგად, იმ თბილმა ატმოსფერომ და სიმყუდროვემ, რომლითაც ადრე ტკბებოდით, შეიძლება კვლავ დაისადგუროს თქვენს ოჯახში.

22. რა გრძნობა დაგვეუფლება, თუ ყველაფერს გავაკეთებთ მეუღლესთან ურთიერთობის განსამტკიცებლად?

22 ცხადია, დრო და ძალისხმევაა საჭირო, რომ ყველა „დეკორატიული ნივთი“ თავის ადგილას დააბრუნო. მაგრამ თუ შენი მხრიდან ყველაფერს გააკეთებ, კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლება, რადგან ემორჩილები ბიბლიის მითითებას: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10; ფსალმუნი 147:11). და რაც მთავარია, თუ მთელი გულით შეეცდები, რომ შენი ქორწინება ღირსეული იყოს, ეს დაგეხმარება, დარჩე ღვთის სიყვარულში.

^ აბზ. 6 კონტექსტიდან ვიგებთ, რომ პავლემ ქორწინებასთან დაკავშირებული რჩევა სხვა რჩევებთან ერთად მოიხსენია (ებრაელები 13:1—5).

გაიგეთ მეტი

დაე, იეჰოვამ დაიცვას და განამტკიცოს თქვენი ქორწინება!

რის გაკეთება გვმართებს, რომ თავიდან ავირიდოთ უზნეობა და მისი სავალალო შედეგები?