წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

 თავი 10

ქორწინება — მოსიყვარულე ღვთის საჩუქარი

ქორწინება — მოსიყვარულე ღვთის საჩუქარი

„მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (ეკლესიასტე 4:12)

1, 2. ა) რა კითხვები შეიძლება დაგვებადოს, როცა ახალდაქორწინებულ წყვილს ვხედავთ, და რატომ? ბ) რომელ კითხვებს განვიხილავთ ამ თავში?

მრავალ ჩვენგანს დიდ სიხარულს ანიჭებს ქორწილში ყოფნა; სიამოვნებას გვგვრის ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული და საუკეთესო სამოსში გამოწყობილი ნეფე-პატარძლის დანახვა. ამ დღეს ისინი უსაზღვროდ ბედნიერები არიან და მომავალს იმედის თვალით უყურებენ.

2 სამწუხაროდ, დღეს ქორწინების ინსტიტუტი სავალალო მდგომარეობაშია. თუმცა ახალდაქორწინებულთათვის საუკეთესო გვსურს, შეიძლება დაგვებადოს კითხვები: „იქნებიან ისინი ბედნიერები? რამდენ ხანს გასტანს მათი ქორწინება?“. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ენდობა და იყენებს ცოლ-ქმარი ღვთის რჩევებს (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6). ღვთის სიყვარულში რომ დარჩნენ, ისინი ასეც უნდა მოიქცნენ. მოდი, ბიბლიიდან გავიგოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: რატომ სურთ ადამიანებს დაქორწინება? ვინ უნდა აირჩიონ ცხოვრების თანამგზავრად? როგორ უნდა მოემზადონ ოჯახის შესაქმნელად? რა დაეხმარება ცოლ-ქმარს, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ?

რატომ სურთ ადამიანებს დაქორწინება?

3. რატომ იქნებოდა უგუნურება არასერიოზული მიზეზების გამო დაქორწინება?

3 ზოგი ფიქრობს, რომ ქორწინება ბედნიერების საწინდარია  და ადამიანი თუ დაქორწინებული არ არის, კმაყოფილებასა და სიხარულს ვერ განიცდის. მაგრამ ასეთი შეხედულება მცდარია. იესომ დაუქორწინებლობას ძღვენი უწოდა და მოუწოდა მათ, ვისაც შეეძლო, შეეთვისებინათ ის (მათე 19:11, 12). დაუქორწინებლობის დადებით მხარეებზე პავლე მოციქულიც საუბრობდა (1 კორინთელები 7:32—38). თუმცა ამ საკითხზე იესოსა და პავლეს წესები არ დაუდგენიათ. სინამდვილეში ბიბლია დაქორწინების აკრძალვას „დემონურ სწავლებებს“ შორის მოიხსენიებს (1 ტიმოთე 4:1—3). და მაინც, დაუქორწინებლობა უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანი მოუცდენლად ემსახუროს იეჰოვას. ამიტომ უგუნურება იქნებოდა, არასერიოზული მიზეზების, მაგალითად თანატოლების ზეგავლენის გამო დაქორწინება.

4. რისი წინაპირობაა კარგი ცოლქმრული ურთიერთობა?

4 მეორე მხრივ, არსებობს სერიოზული მიზეზები, რის გამოც შეიძლება ვინმემ დაქორწინება გადაწყვიტოს. ქორწინება მოსიყვარულე ღვთის ერთ-ერთი საჩუქარია (წაიკითხეთ დაბადების 2:18). მას აქვს თავისი დადებითი მხარეები და ბედნიერების მოტანა შეუძლია. მაგალითად, კარგი ცოლქმრული ურთიერთობა იმის საუკეთესო წინაპირობაა, რომ საფუძველი ჩაეყაროს ბედნიერ ოჯახს. ბავშვებს ხომ სტაბილური გარემო სჭირდებათ, სადაც მშობლები სიყვარულით აღზრდიან მათ და რჩევა-დარიგებას მისცემენ (ფსალმუნი 127:3; ეფესოელები 6:1—4). მაგრამ შვილების აღზრდა დაქორწინების ერთადერთი მიზეზი არ არის.

5, 6. ა) ეკლესიასტეს 4:9—12-ის თანახმად, რა კურთხევები მოაქვს ახლო მეგობრობას? ბ) როგორ შეიძლება ქორწინება სამმაგი ძაფივით მტკიცე იყოს?

5 დაფიქრდი ამ თავის წამყვან მუხლსა და მის კონტექსტზე: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ. თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს. მაგრამ რა ეშველება მარტომყოფს, თუ დაეცა და წამომყენებელი არავინ ჰყავს? თუ ორნი ერთად დაწვებიან, გათბებიან, მაგრამ ერთი როგორ გათბება? ერთს თუ მოერევა ვინმე, ორი ერთად ხომ  გაუმკლავდება მას! მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (ეკლესიასტე 4:9—12).

6 ამ მუხლებიდან, პირველ რიგში, ის ჩანს, თუ რაოდენ ძვირფასია მეგობრობა; დაქორწინებულები კი თავისთავად ყველაზე ახლო მეგობრები არიან. ეკლესიასტეს სიტყვებიდან ისიც ჩანს, რომ ასეთი კავშირი წყვილს ერთმანეთის დახმარების, ნუგეშისა და დაცვის შესაძლებლობას აძლევს. ახლა გავიგოთ, რა ხდის ქორწინებას განსაკუთრებულად მტკიცეს. წამყვანი მუხლიდან ვიგებთ, რომ ორმაგი ძაფი შეიძლება ადვილად გაწყდეს, სამი წვერისგან დაგრეხილი ძაფის გაწყვეტა კი ბევრად ძნელია. როცა ცოლ-ქმრისთვის მთავარია იეჰოვას მოსაწონად ცხოვრება, მათი ქორწინება სამმაგი ძაფივითაა; მათი კავშირი ნამდვილად მტკიცეა, რადგან იეჰოვას მათ ქორწინებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

7, 8. ა) რა ურჩია პავლემ დაუქორწინებელ ქრისტიანებს, რომლებიც სექსუალურ სურვილებს ებრძვიან? ბ) რა რეალურ სურათს გვანახვებს ბიბლია ქორწინებასთან დაკავშირებით?

7 ქორწინება აგრეთვე სექსუალური მოთხოვნილების მართებულად დაკმაყოფილების ერთადერთი შესაძლებლობაა. დაქორწინებულთათვის სქესობრივ კავშირს სიამოვნების მინიჭება შეუძლია (იგავები 5:18). შეიძლება დაუქორწინებელ ადამიანს უკვე დაუცხრა „ახალგაზრდული ვნებები“, ანუ უკვე გაიარა ის პერიოდი, როცა მოზღვავებული ჰქონდა სექსუალური სურვილები, მაგრამ შესაძლოა ის კვლავ ებრძვის ამ სურვილებს. თუ თავშეკავებას არ გამოავლენს, შეიძლება უწმინდური და არასწორი საქციელი ჩაიდინოს. ღვთის შთაგონებით პავლემ დაუქორწინებლებს ურჩია: „თუ თავშეკავება არა აქვთ, დაქორწინდნენ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე ვნებით აღიგზნონ“ (1 კორინთელები 7:9, 36; იაკობი 1:15).

8 რა მიზეზითაც არ უნდა სურდეს ვინმეს დაქორწინება, ის რეალისტი უნდა იყოს. პავლემ თქვა, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორინთელები 7:28). ისინი ისეთ სირთულეებს აწყდებიან, როგორიც დაუქორწინებლებს არა აქვთ. მაგრამ, თუ ოჯახის შექმნა გადაწყვიტე, როგორ  შეგიძლია სირთულეების მინიმუმამდე დაყვანა და მეტი ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდა? მნიშვნელოვანია, სწორად აირჩიო ცხოვრების თანამგზავრი.

ვინ იქნება კარგი მეუღლე?

9, 10. ა) რომელი თვალსაჩინო მაგალითით დაგვანახვა პავლემ, თუ რა საშიშროება არსებობს, როცა ქრისტიანი ისეთ ადამიანზე ქორწინდება, ვინც მის რწმენას არ იზიარებს? ბ) რა მოჰყვება ხშირად შედეგად ღვთის რჩევის უგულებელყოფას?

9 პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც გასათვალისწინებელია ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. მან თქვა: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“ (2 კორინთელები 6:14). ეს მაგალითი მან სოფლის ცხოვრებიდან მოიყვანა. თუ ერთ უღელში ორი სხვადასხვა ზომისა და ძალის ცხოველს შეაბამენ, ორივე გაწვალდება. მსგავსად, თუ მორწმუნე იმ ადამიანზე დაქორწინდება, ვინც მის რწმენას არ იზიარებს, მათ უეჭველად ექნებათ უთანხმოება. ერთს თუ იეჰოვას სიყვარულში დარჩენა სურს, მეორეს კი ეს საერთოდ არ აინტერესებს, მათი პრიორიტეტები შეუთავსებელი იქნება, რაც შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს და ბევრი თავსატეხი გაუჩინოს წყვილს. ამიტომ პავლემ ურჩია ქრისტიანებს, დაქორწინებულიყვნენ, „ოღონდ უფალში“ (1 კორინთელები 7:39).

10 მაგრამ ზოგი დაუქორწინებელი ქრისტიანი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მარტოობას უთანასწორო უღელში შებმა ჯობია. ზოგი უგულებელყოფს ბიბლიის რჩევას და ქორწინდება ადამიანზე, რომელიც არ ემსახურება იეჰოვას. სამწუხაროდ, შედეგები ხშირად არასახარბიელოა. მათ არ შეუძლიათ მეუღლეს გაუზიარონ ის, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დროს ისინი შეიძლება უფრო მეტად გრძნობდნენ თავს მარტოსულად, ვიდრე დაქორწინებამდე. საბედნიეროდ, ათასობით დაუქორწინებელი ქრისტიანი ითვალისწინებს ღვთის რჩევას ამ საკითხზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8). მათ დაქორწინების იმედი არ დაუკარგავთ, თუმცა არ ქორწინდებიან მანამ,  სანამ მეუღლეს იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემელთა შორის არ იპოვიან.

11. რა დაგეხმარება, გონივრულად აირჩიო მეუღლე? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ჩემს მეუღლეს?“.)

11 რა თქმა უნდა, იეჰოვას ნებისმიერი მსახური ავტომატურად ვერ იქნება შენი შესაფერისი. თუ დაქორწინებას აპირებ, ეძებე ისეთი ადამიანი, ვისაც ისეთივე თვისებები და სულიერი მიზნები აქვს, როგორიც შენ და ისევე ძლიერ უყვარს ღმერთი, როგორც შენ. ერთგული და გონიერი მონა ამ საკითხზე დიდი რაოდენობით სულიერ საზრდოს გვაწვდის; კარგი იქნება, თუ ილოცებ და კარგად დაფიქრდები ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებზე და გამოიყენებ მათ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:105). *

12. რა არის მიღებული მრავალ ქვეყანაში და რომელი ბიბლიური მაგალითი დაეხმარება მშობლებს?

12 ბევრ ქვეყანაში მიღებულია, რომ შვილს მშობლებმა აურჩიონ მეუღლე; ასეთ ქვეყნებში თვლიან, რომ ამ მნიშვნელოვანი არჩევანის გასაკეთებლად მშობლებს გაცილებით მეტი სიბრძნე და გამოცდილება აქვთ. როგორც ბიბლიურ დროში, ისე დღეს, გარიგებით დაქორწინებულები ხშირად ბედნიერები არიან. მშობლებს, რომლებიც დღეს მსგავსი გადაწყვეტილების წინაშე დგანან, შეუძლიათ ბევრი რამე ისწავლონ აბრაამის მაგალითიდან, რომელმაც თავისი მსახური იმ მიზნით გაგზავნა, რომ ისაკისთვის ღირსეული ცოლი მოეძებნა. აბრაამისთვის მთავარი სიმდიდრე და სოციალური მდგომარეობა არ იყო. პირიქით, ის ყველანაირად ცდილობდა, რომ ისაკს იეჰოვას თაყვანისმცემელი მოეყვანა ცოლად (დაბადება 24:3, 67). *

 როგორ შეგიძლია მოემზადო ბედნიერი ქორწინებისთვის?

13—15. ა) როგორ ეხმარება დაქორწინების მსურველ მამაკაცს იგავების 24:27-ში ჩაწერილი პრინციპი? ბ) როგორ უნდა მოემზადოს ახალგაზრდა ქალი ოჯახის შესაქმნელად?

13 მან, ვინც სერიოზულად ფიქრობს ოჯახის შექმნაზე, უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: „ნამდვილად მზად ვარ?“. ეს მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რას ფიქრობს ეს ადამიანი სიყვარულზე, სექსზე, მეგობრობასა და შვილების აღზრდაზე. უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი ცოლი ან ქმარი დაფიქრდეს იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებსაც ქორწინება დააკისრებს.

14 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მეუღლეს ეძებს, უნდა დაფიქრდეს შემდეგ პრინციპზე: „შეასრულე შენი საქმე გარეთ და მინდორში მოამზადე იგი, შემდეგ კი აღაშენე შენი ოჯახი“ (იგავები 24:27). რას ნიშნავს ეს? ძველ დროში კაცს თუ სურდა, დაქორწინებულიყო, საკუთარი თავისთვის უნდა დაესვა კითხვა: „ვარ მზად, ვიზრუნო ცოლსა და შვილებზე?“. უპირველესად მას უნდა დაემუშავებინა თავისი მინდვრები. პრინციპი დღესაც იგივეა. დაქორწინების მსურველი მამაკაცი მზად უნდა იყოს ამ პასუხისმგებლობის ასაღებად და სანამ შრომისუნარიანი იქნება, უნდა იმუშაოს. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ კაცი, რომელიც არ ზრუნავს ოჯახის ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებზე, ურწმუნოზე უარესია (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:8).

15 ქალი, რომელიც გათხოვებას გადაწყვეტს, თანახმა უნდა იყოს, რომ საკუთარ თავზე არაერთი პასუხისმგებლობა აიღოს. ბიბლიაში მოხსენიებულია ზოგი ხელსაქმე და თვისება, რომლებიც ცოლს შეიძლება ქმრის დასახმარებლად და ოჯახზე ზრუნვისთვის დასჭირდეს (იგავები 31:10—31). ქალი ან მამაკაცი, რომლებიც დაქორწინებას ჩქარობენ და სათანადოდ არ ემზადებიან ამ პასუხისმგებლობებისთვის, ფაქტობრივად, ეგოისტები არიან და არ ფიქრობენ, თავად რას გაიღებენ მომავალი მეუღლისთვის. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ დაქორწინების მსურველები სულიერად მოწიფულები იყვნენ.

16, 17. რომელ ბიბლიურ პრინციპებზე უნდა დაფიქრდნენ დაქორწინების მსურველები?

 16 დაქორწინებამდე ადამიანი აგრეთვე უნდა დაფიქრდეს, რა ვალდებულებები დააკისრა ღმერთმა ქმარსა და ცოლს. კაცს უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს, იყოს ქრისტიანული ოჯახის თავი. ეს მას უფლებას არ აძლევს, ტირანივით მოიქცეს. პირიქით, მან უნდა მიჰბაძოს იესოს და მასავით გაუწიოს მეთაურობა თავის ოჯახს (ეფესოელები 5:23). მსგავსად, ქალს უნდა ესმოდეს, როგორც ცოლს, რაოდენ ღირსეული როლი აკისრია ოჯახში. დაემორჩილება იგი „ქმრის კანონს“? (რომაელები 7:2). ის უკვე ემორჩილება იეჰოვას და ქრისტეს კანონს (გალატელები 6:2). ქმრის მეთაურობის აღიარება კიდევ ერთი კანონია. მზად არის ის, მხარი დაუჭიროს და დაემორჩილოს არასრულყოფილ კაცს? თუ ეს გაუჭირდება, უკეთესია, არ გათხოვდეს.

17 მეუღლეები მზად უნდა იყვნენ, რომ ერთმანეთის განსაკუთრებულ საჭიროებებზე იზრუნონ (წაიკითხეთ ფილიპელების 2:4). პავლემ დაწერა: „თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“. ღვთის შთაგონებით პავლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მამაკაცისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ცოლი დიდ პატივს სცემდეს მას, ცოლისთვის კი უმთავრესია, ქმარს უყვარდეს იგი (ეფესოელები 5:21—33).

გაცნობის პერიოდში ზოგი წყვილი გონივრულად იქცევა და მარტო არ რჩება

18. რატომ უნდა გამოავლინოს წყვილმა თავშეკავება გაცნობის პერიოდში?

18 გაცნობის დრო ქალმა და მამაკაცმა გასართობად კი არ უნდა გამოიყენონ, არამედ უნდა ისწავლონ, როგორ მოეპყრონ ერთმანეთს და დაფიქრდნენ, იქნება თუ არა მათი დაქორწინება გონივრული ნაბიჯი. ამ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანია თავშეკავების გამოვლენა. თავისთავად ბუნებრივია, რომ მათ ფიზიკური სიახლოვის სურვილი ექნებათ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ ცდუნდნენ. ვისაც ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, ისე არ მოიქცევიან, რომ ერთმანეთს სულიერი ზიანი მიაყენონ (1 თესალონიკელები 4:6). ასე რომ, თუ დაქორწინებას აპირებ, გამოავლინე თავშეკავება. მიუხედავად იმისა,  დაქორწინდები თუ არა, ეს თვისება მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოგადგება.

როგორ უნდა განამტკიცო ოჯახი?

19, 20. როგორ უნდა განსხვავდებოდეს ქორწინებაზე ქრისტიანის თვალსაზრისი ქვეყნიერებაში გავრცელებული თვალსაზრისისგან? მოიყვანე მაგალითი.

19 მტკიცე ოჯახის შესანარჩუნებლად წყვილს თავიანთი ვალდებულებების შესახებ სწორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ხშირად რომანებსა და კინოფილმებში ყველაფერი დაქორწინებით მთავრდება და ეს წარმოდგენილია როგორც ბედნიერი დასასრული. მაგრამ ცხოვრებაში ქორწინება დასასრული კი არა, იმ კავშირის დასაწყისია, რომელიც იეჰოვას ნებით უწყვეტი უნდა იყოს (დაბადება 2:24). სამწუხაროდ, დღეს უმეტესობა ასე არ ფიქრობს. ზოგ ქვეყანაში დაქორწინებას „თოკის გაკვანძვას“ ადარებენ. ადამიანები შეიძლება ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად კარგად გამოხატავს ეს შედარება გავრცელებულ შეხედულებას ქორწინებაზე. როგორც ამბობენ, კარგი კვანძი მანამდე არ უნდა გაიხსნას, სანამ ამის საჭიროება არსებობს; ამავე დროს, ის ისევე ადვილად უნდა იხსნებოდეს, როგორც იკვრება.

20 დღეს ბევრს მიაჩნია, რომ ქორწინება მუდმივი კავშირი არ არის. ასეთები ადვილად წყვეტენ დაქორწინებას, რადგან ასე აწყობთ, და იმედოვნებენ, რომ სირთულეების წამოჭრისთანავე გაწყვეტენ კავშირს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიბლიაში ცოლქმრული კავშირი შედარებულია სამმაგ ძაფთან. ეკლესიასტეს 4:12-ში „ძაფად“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვას თოკის მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად, გემებისთვის დამზადებული თოკები გამძლეა და ძლიერი შტორმის დროსაც კი არ იშლება. ქორწინებაც ასეთივე მტკიცე უნდა იყოს. გახსოვდეს იესოს სიტყვები: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს“ (მათე 19:6). თუ დაქორწინდები, შენც იგივე თვალსაზრისი უნდა გქონდეს ქორწინებაზე. ტვირთად გექცევა, თუ საკუთარ თავზე ამ ვალდებულებას აიღებ? რა თქმა უნდა, არა.

21. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ და რა დაეხმარება მათ?

21 ცოლ-ქმარს ერთმანეთზე სწორი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს.  თუ ორივე ცდილობს, ერთმანეთის კარგ თვისებებსა და საქმეებზე გაამახვილოს ყურადღება, მათი ურთიერთობა სიხარულის მომტანი და გამამხნევებელი იქნება. ნუთუ რეალურად შესაძლებელია, რომ დადებითი წარმოდგენა გქონდეს არასრულყოფილ მეუღლეზე? იეჰოვა ყველაფერს რეალისტურად უყურებს, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ჩვენზე ყოველთვის დადებითად ფიქრობს. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!“ (ფსალმუნი 130:3). ცოლ-ქმარსაც მსგავსი  დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს და ისინი მზად უნდა იყვნენ, აპატიონ ერთმანეთს (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13).

22, 23. რის სწავლა შეუძლიათ აბრაამისა და სარასგან დაქორწინებულებს?

22 დროის სვლასთან ერთად ოჯახში შეიძლება იდილიამ დაისადგუროს. ბიბლია მოგვითხრობს ხანდაზმული ცოლ-ქმრის, აბრაამისა და სარას, ურთიერთობის შესახებ. მათ არაერთი პრობლემა ჰქონდათ. წარმოიდგინე, როგორი რთული იქნებოდა 60 წელს გადაცილებული სარასთვის აყვავებულ ქალაქ ურში კეთილმოწყობილი სახლის დატოვება და სიცოცხლის ბოლომდე კარვებში ცხოვრება. მაგრამ ის დაემორჩილა ქმრის მეთაურობას. სარა მართლაც დამხმარე იყო აბრაამისთვის და მის ყველა გადაწყვეტილებას პატივისცემით უჭერდა მხარს. აბრაამისადმი მისი მორჩილება მოჩვენებითი არ იყო. სარა ქმარს გულშიც კი ბატონს უწოდებდა (დაბადება 18:12; 1 პეტრე 3:6). ის მთელი გულით სცემდა პატივს აბრაამს.

23 თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბრაამსა და სარას ყოველთვის ერთი აზრი ჰქონდათ. ერთხელ სარას ნათქვამმა მეტისმეტად დაამწუხრა აბრაამი. მაგრამ იეჰოვას მითითების თანახმად, აბრაამმა თავმდაბლობა გამოავლინა და მოუსმინა ცოლს, რაც მთელი ოჯახისთვის კურთხევა აღმოჩნდა (დაბადება 21:9—13). დიდი ხნის დაქორწინებულებსაც ბევრის სწავლა შეუძლიათ ამ ღვთისმოშიში ცოლ-ქმრისგან.

24. როგორი ოჯახი განადიდებს იეჰოვა ღმერთს, და რატომ?

24 ქრისტიანულ კრებაში ათასობით ბედნიერი ცოლ-ქმარია; ცოლები დიდ პატივისცემას ავლენენ ქმრების მიმართ, ქმრებს კი უყვართ ცოლები და აფასებენ მათ. ისინი ერთად იღვწიან, რომ იეჰოვას ნების შესრულება მათთვის უმთავრესი იყოს. თუ დაქორწინება გადაწყვიტე, გონივრულად აირჩიე მეუღლე და კარგად მოემზადე ამ ნაბიჯისთვის. დაქორწინების შემდეგ კი ეცადე, რომ ოჯახში მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს, რაც იეჰოვა ღმერთს განადიდებს. ამგვარად, ქორწინება დაგეხმარება, დარჩე ღვთის სიყვარულში.

^ აბზ. 11 იხილეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, თავი 2. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 12 ღვთის ზოგი ერთგული პატრიარქი მრავალცოლიანი იყო. იეჰოვამ პატრიარქებს და ძველ ისრაელ ერს ნება დართო, რომ ერთზე მეტი ცოლი ჰყოლოდათ. ღმერთს არ შემოუღია მრავალცოლიანობა, თუმცა ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გარკვეული კანონები მისცა თავის ერს. დღეს ქრისტიანებმა იციან, რომ იეჰოვა არ იწონებს თავის თაყვანისმცემელთა შორის მრავალცოლიანობას (მათე 19:9; 1 ტიმოთე 3:2).

გაიგეთ მეტი

თქვენი ოჯახის სიმტკიცე და ბედნიერება თქვენს ხელთაა!

გამოიყენეთ ხუთი რჩევა, რომ გქონდეთ მტკიცე და ბედნიერი ოჯახი.

„იარეთ სიყვარულში“

პირველი კორინთელების წიგნში აღწერილია 14 საშუალება, თუ როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ სიყვარული.