არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

 თავი 2

როგორ შეგიძლია შეინარჩუნო სუფთა სინდისი?

როგორ შეგიძლია შეინარჩუნო სუფთა სინდისი?

„სუფთა სინდისი გქონდეთ“ (1 პეტრე 3:16)

1, 2. რატომ არის კომპასი მნიშვნელოვანი ხელსაწყო და რით ჰგავს ის სინდისს?

მეზღვაური ვრცელ ოკეანეში მართავს გემს; მოგზაური უდაბურ ტერიტორიაზე მიიკვლევს გზას; პილოტი თვითმფრინავს მართავს და ღრუბლების ქვემოთ ვერაფერს ხედავს. რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო? თუ ხელთ არ ექნებათ კომპასი ან სხვა თანამედროვე ხელსაწყო, სამივე შეიძლება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

2 კომპასი მარტივი ხელსაწყოა ციფერბლატზე დამაგრებული მაგნიტური ისრით, რომელიც ჩრდილოეთისკენ არის მიმართული. თუ ის გამართულია და ზუსტ რუკასთან ერთად ვიყენებთ, მას ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გარკვეული გაგებით კომპასი ჰგავს იეჰოვასგან ბოძებულ ძვირფას ძღვენს — სინდისს (იაკობი 1:17). სინდისის გარეშე არასახარბიელო მდგომარეობაში ვიქნებოდით. თუ სინდისის ხმას მოვუსმენთ,  მას შეუძლია სწორ გზაზე დაგვაყენოს და დაგვეხმაროს, ამ გზიდან არ გადავუხვიოთ. განვიხილოთ, რა არის სინდისი და როგორ რეაგირებს ის; ასევე ვიმსჯელოთ: 1) როგორ განვსწავლოთ სინდისი, 2) რატომ უნდა გავითვალისწინოთ სხვების სინდისი და 3) რა კურთხევებს მივიღებთ, თუ სუფთა სინდისი გვექნება.

რა არის სინდისი და როგორ რეაგირებს

3. რაზე მიუთითებს „სინდისად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა და ადამიანის რომელ განსაკუთრებულ უნარზე ამახვილებს ყურადღებას?

3 ბიბლიაში „სინდისად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა მიუთითებს თანდაყოლილ ცოდნაზე. დედამიწაზე არსებული სხვა ქმნილებებისგან განსხვავებით, ჩვენ ღმერთმა სინდისით დაგვაჯილდოვა. ეს არის საკუთარი საქციელის ავკარგიანობის შეფასების თანდაყოლილი უნარი. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ და განვსაჯოთ საკუთარი თავი. ვინაიდან სინდისი ჩვენი შინაგანი მოსამართლეა, მას შეუძლია ჩვენი საქციელის, აზროვნებისა და გადაწყვეტილებების შეფასება. ის გვეხმარება, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და თავი ავარიდოთ არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. ის გვიწონებს კარგ არჩევანს ან ბრალს გვდებს ცუდი არჩევანის გამო.

4, 5. ა) საიდან ჩანს, რომ ადამსა და ევას სინდისი ჰქონდათ და რა მოჰყვა შედეგად მათი მხრიდან ღვთის კანონის უგულებელყოფას? ბ) როგორ ცხადყვეს ძველ დროში მცხოვრებმა ღვთის ერთგულმა მამაკაცებმა, რომ სინდისის ხმას უსმენდნენ?

4 ღმერთმა ადამიანს შექმნისთანავე უბოძა ეს უნარი. ფაქტია, რომ ადამსა და ევას ჰქონდათ სინდისი, რადგან ცოდვის ჩადენის შემდეგ სირცხვილის გრძნობა დაეუფლათ (დაბადება 3:7, 8). მაგრამ სამწუხაროდ, სინდისის ქენჯნა უკვე გვიანი იყო. მათ შეგნებულად უგულებელყვეს ღვთის კანონი. ისინი განზრახ ეურჩნენ იეჰოვა ღმერთს და მისი მოწინააღმდეგეები გახდნენ. ვინაიდან სრულყოფილები იყვნენ და იცოდნენ, რას აკეთებდნენ, მათ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდათ.

5 ადამისა და ევასგან განსხვავებით, მრავალი არასრულყოფილი  ადამიანი უსმენდა სინდისის ხმას. ერთგულმა იობმა თქვა: „ჩავეჭიდე ჩემს სიმართლეს და არ დავთმობ; არც ერთი ჩემი დღის გამო არ დამცინებს ჩემი გული *“ (იობი 27:6). იობი ნამდვილად კეთილსინდისიერი ადამიანი იყო. ის თავისი საქციელით თუ გადაწყვეტილებებით ცხადყოფდა, რომ სინდისის კარნახს უსმენდა. ამიტომ სრული სითამამით შეეძლო ეთქვა, რომ სინდისი არ ქენჯნიდა, ანუ არ ტანჯავდა დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა. იობისგან განსხვავებით, დავითი სულ სხვა რამეს გრძნობდა. როცა იგი იეჰოვას ცხებულ მეფეს, საულს, უპატივცემულოდ მოექცა, გულმა მსჯავრი დასდო (1 სამუელი 24:5). სინდისის ქენჯნა სასარგებლო აღმოჩნდა დავითისთვის, რადგან ისწავლა, რომ ყველას პატივისცემით მოპყრობოდა.

6. საიდან ვიცით, რომ ღმერთმა ყველა ადამიანს უბოძა სინდისი?

6 მხოლოდ იეჰოვას მსახურებს აქვთ სინდისი? დავფიქრდეთ პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებულ სიტყვებზე: „როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია, ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ. ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“ (რომაელები 2:14, 15). ხანდახან ის ადამიანებიც კი, რომლებმაც საერთოდ არ იციან იეჰოვას კანონები, ამ შინაგანი მოწმის კარნახით ღვთის პრინციპების თანახმად იქცევიან.

7. რატომ შეიძლება სინდისმა შეცდომაში შეგვიყვანოს?

7 მაგრამ ხანდახან სინდისმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. მაგალითად, კომპასს თუ ლითონის საგანთან მივიტანთ,  მისი ისარი სხვა მიმართულებით გადაიხრება. ასევე, კომპასს თუ ზუსტ რუკასთან ერთად არ გამოვიყენებთ, ის შეიძლება გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. მსგავსად, ეგოისტური სურვილები თუ გვმართავს, სინდისმა შეიძლება არასწორი საქციელი ჩაგვადენინოს. აგრეთვე, თუ სინდისთან ერთად ღვთის სიტყვის სანდო რჩევებით არ ვიხელმძღვანელებთ, შესაძლოა, მრავალ მნიშვნელოვან საკითხში ვერ შევძლოთ სწორის არასწორისგან გარჩევა. ამიტომ სინდისი სწორს რომ გვკარნახობდეს, იეჰოვას წმინდა სულის დახმარება გვჭირდება. პავლე წერდა: „ჩემი სინდისი მემოწმება წმინდა სულში“ (რომაელები 9:1). როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სინდისი იეჰოვას წმინდა სულის ხელმძღვანელობას არ ეწინააღმდეგება? ამისთვის სინდისის განსწავლაა საჭირო.

როგორ განვსწავლოთ სინდისი?

8. ა) რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გულმა ჩვენს სინდისზე და რა უნდა იყოს ყველაზე მთავარი გადაწყვეტილების მიღებისას? ბ) რატომ არ არის ყოველთვის საკმარისი, რომ სინდისი დამშვიდებული გვქონდეს? (იხილეთ სქოლიო)

8 როგორ იღებ სინდისით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას? ზოგი მიიჩნევს, რომ საკმარისია, გულს მოუსმინოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ისინი შეიძლება ამბობენ: „მე სინდისი არ მაწუხებს“. მაგრამ გულის წადილი შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ სინდისი შეცდომაში შეიყვანოს. ბიბლიაში ნათქვამია: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9). ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე მთავარი იეჰოვა ღმერთის ნების გათვალისწინება უნდა იყოს და არა ჩვენი გულის წადილის შესრულება. *

9. რას ნიშნავს, ვიყოთ ღვთისმოშიშნი და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს გადაწყვეტილებებზე?

 9 თუ გადაწყვეტილებას განსწავლული სინდისის კარნახით ვიღებთ, ცხადვყოფთ, რომ ღვთისმოშიშები ვართ და არა საკუთარ სურვილებს აყოლილნი. ეს კარგად ჩანს კეთილსინდისიერი გამგებლის, ნეემიას მაგალითიდან. თუმცა მას იერუსალიმის მოსახლეობისგან გადასახადების აკრეფის უფლება ჰქონდა, ამას არ აკეთებდა. მას იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ ღვთის ხალხი შეევიწროებინა და ამით იეჰოვა გაენაწყენებინა. მან თქვა: „ღვთის შიშის გამო ასე არ მოვქცეულვარ“ (ნეემია 5:15). აუცილებელია, ვიყოთ ღვთისმოშიშნი ანუ გვქონდეს იმის შიში, რომ არ ვაწყენინოთ ჩვენს ზეციერ მამას. გადაწყვეტილების მიღების დროს ასეთი შიში აღგვძრავს, ღვთის სიტყვით ვიხელმძღვანელოთ.

10, 11. ბიბლიის რომელი პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ, როცა საქმე ეხება ალკოჰოლური სასმელების მიღებას და როგორ შეგვიძლია ამ მხრივ ღვთის ხელმძღვანელობის მიღება?

10 განვიხილოთ ღვთის თვალსაზრისი ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე. წვეულებებზე მრავალი ჩვენგანი ვიღებთ გადაწყვეტილებას, დავლიოთ თუ არა. თავდაპირველად საჭიროა, გამოვიკვლიოთ ეს საკითხი. ბიბლიის რომელი პრინციპებით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ამ დროს? ღვთის სიტყვა არ კრძალავს ალკოჰოლის ზომიერად მიღებას. ის ხოტბას ასხამს იეჰოვას იმისთვის, რომ გულის გამახალისებელი ძღვენი, ღვინო გვიბოძა (ფსალმუნი 104:14, 15). თუმცა ბიბლია გმობს უზომო სმასა და ღრეობას (ლუკა 21:34; რომაელები 13:13). მასში ლოთობა ისეთ სერიოზულ ცოდვებს შორის მოიხსენიება, როგორიცაა მეძაობა და მრუშობა (1 კორინთელები 6:9, 10). *

11 თუ ქრისტიანი ამ პრინციპებით იხელმძღვანელებს, მისი სინდისი უფრო განსწავლული და მგრძნობიარე გახდება. ამიტომ,  როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის თაობაზე, დავლიოთ თუ არა წვეულებაზე, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები უნდა დავუსვათ: „რა წვეულებაა? გადაიზრდება ის ღრეობაში? რისკენ ვარ მიდრეკილი? მიყვარს დალევა? დამოკიდებული ხომ არა ვარ სასმელზე? გუნება-განწყობილების ასამაღლებლად ვსვამ ალკოჰოლურ სასმელს? შემიძლია თავი შევიკავო უზომო სმისგან?“. ბიბლიის პრინციპებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე ფიქრის გარდა, იეჰოვას ლოცვაში უნდა ვთხოვოთ ხელმძღვანელობა (წაიკითხეთ ფსალმუნის 139:23, 24). ამგვარად საშუალებას ვაძლევთ იეჰოვას, რომ თავისი წმინდა სულით გვიხელმძღვანელოს; ამავე დროს, ჩვენს სინდისს ღვთის პრინციპებით განვსწავლით. თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას კიდევ ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

რატომ უნდა გავითვალისწინოთ სხვების სინდისი?

ბიბლიით განსწავლული სინდისი დაგეხმარება, გადაწყვიტო, დალიო თუ არა ალკოჰოლური სასმელი

12, 13. რატომ აქვთ ქრისტიანებს განსხვავებული სინდისი და როგორ უნდა ვუყურებდეთ ამას?

12 ზოგჯერ შეიძლება გაგიკვირდეს, რამდენად განსხვავდება ერთი ქრისტიანის სინდისი მეორისგან. რაც ერთისთვის მიუღებელია, მეორისთვის შეიძლება მისაღები და სასიამოვნოც კი იყოს. მაგალითად, ერთს სიამოვნებს, რომ მეგობრების წრეში ზომიერად დალიოს, მეორეს კი სინდისი არ აძლევს ამის უფლებას. რატომ აქვთ ადამიანებს განსხვავებული სინდისი? რა გავლენა უნდა მოახდინოს ამის ცოდნამ ჩვენს გადაწყვეტილებებზე?

13 ადამიანები ერთმანეთისგან ბევრი რამით განვსხვავდებით, მათ შორის წარსულით. მაგალითად, ზოგმა კარგად იცის თავისი სისუსტე, რომელსაც წარსულში ებრძოდა და, შესაძლოა, ყოველთვის წარმატებით ვერ უმკლავდებოდა (1 მეფეები 8:38, 39). ასეთი ადამიანები, ალბათ, როცა საქმე მიდგება ალკოჰოლური სასმელის დალევაზე, დიდ სიფრთხილეს იჩენენ.  შენთან სტუმრობისას ასეთ ადამიანს შეიძლება სინდისმა დალევის ნება არ დართოს, და ეს სავსებით გამართლებული იქნება. გეწყინება, თუ არ დალევს? დაიჟინებ, რომ დალიოს? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად იმისა, იცი თუ არა უარის მიზეზი, რაზეც შეიძლება მოცემულ მომენტში ადამიანს არ სურდეს ლაპარაკი, ძმურმა სიყვარულმა უნდა აღგძრას, გაუგო მას.

14, 15. რა საკითხში განსხვავდებოდა პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების სინდისი ერთმანეთისგან და რას ურჩევდა მათ პავლე?

14 პავლე მოციქული ხედავდა, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების სინდისი სხვადასხვა საკითხში საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ზოგიერთ ქრისტიანს სინდისი ნებას არ რთავდა, კერპთშენაწირი ეჭამა (1 კორინთელები 10:25). პავლე ასეთი საკვების ბაზარში ყიდვის წინააღმდეგი არ იყო. მას კერპები არარაობად მიაჩნდა და ესმოდა, რომ საკვები კერპებს კი არ ეკუთვნოდა, არამედ იეჰოვას, რომელიც ყველას უზრუნველყოფს მისით. მაგრამ პავლემ იცოდა, რომ ბევრი მის თვალსაზრისს არ იზიარებდა. შესაძლოა ზოგი მათგანი ქრისტიანობის მიღებამდე კერპთაყვანისმცემელი იყო. ამიტომ კერპებთან ნებისმიერი კავშირი მათ მიუღებლად მიაჩნდათ. რა იყო გამოსავალი?

15 პავლემ დაწერა: „ამიტომ ჩვენ, ძლიერებმა, საკუთარ თავს კი არ უნდა ვასიამოვნოთ, არამედ უძლურთა სისუსტეები უნდა ვატაროთ. რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე“ (რომაელები 15:1, 3). პავლეს მოწოდების თანახმად, ძმების ინტერესები ჩვენს ინტერესებზე წინ უნდა დავაყენოთ, როგორც ამას ქრისტე აკეთებდა. ამასთანავე, პავლეს ერჩია, საერთოდ არ ეჭამა ხორცი, ვიდრე დაებრკოლებინა ღვთის ერთი ძვირფასი ცხვარი, ვისთვისაც ქრისტემ სიცოცხლე გაიღო (წაიკითხეთ 1 კორინთელების 8:13; 10:23, 24, 31—33).

16. რატომ არ უნდა განსაჯონ სხვები იმ ქრისტიანებმა, ვისაც ზედმეტად მგრძნობიარე სინდისი აქვს?

16 მეორე მხრივ, ვისაც ზედმეტად მგრძნობიარე სინდისი აქვს, არ უნდა გააკრიტიკოს სხვები და არ უნდა მოსთხოვოს,  რომ მისნაირი შეხედულება ჰქონდეს სინდისთან დაკავშირებულ საკითხებზე (წაიკითხეთ რომაელების 14:10). სინამდვილეში სინდისი ჩვენი მოსამართლე უნდა იყოს და არა სხვების. ყოველთვის გვახსოვდეს იესოს სიტყვები: „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ“ (მათე 7:1). კრების წევრები უნდა მოერიდონ სინდისთან დაკავშირებულ საკითხებზე დავას. ნაცვლად ამისა, მათ ერთმანეთი უნდა გაამხნეონ და ხელი უნდა შეუწყონ იმას, რომ ქრისტიანულ კრებაში სიყვარული და ერთიანობა არსებობდეს (რომაელები 14:19).

რა კურთხევებს მივიღებთ, თუ სუფთა სინდისი გვექნება?

სუფთა სინდისი გვხელმძღვანელობს ცხოვრების გზაზე და სიხარულსა და შინაგან სიმშვიდეს გვანიჭებს

17. რა დაემართა მრავალი ადამიანის სინდისს?

17 პეტრე მოციქულმა დაწერა: „სუფთა სინდისი გქონდეთ“ (1 პეტრე 3:16). უდიდესი კურთხევაა, რომ სუფთა სინდისი  გვქონდეს იეჰოვა ღმერთის თვალში. თუმცა დღეს ასეთი სინდისი ბევრს არა აქვს. პავლე ლაპარაკობდა ადამიანებზე, რომლებსაც სინდისი დადაღული ჰქონდათ (1 ტიმოთე 4:2). დაღი წვავს კანს, დადაღულ კანზე გაჩენილი ნაიარევი კი უგრძნობია. მსგავსად ამისა, ბევრის სინდისი მკვდარია ანუ იმდენად უგრძნობია, რომ არანაირ გამაფრთხილებელ ნიშანს არ იძლევა, არც პროტესტის ნიშნად რეაგირებს და არც სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობას იწვევს მათში. სამწუხაროდ, დღეს ბევრს საერთოდ არ უჩნდება დანაშაულის გრძნობა.

18, 19. ა) რატომ არის კარგი, თუ ადამიანს სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა აწუხებს? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სინდისი მოსვენებას გვიკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი ცოდვა უკვე მოვინანიეთ?

18 თუ დანაშაულის გრძნობა გვიჩნდება, შესაძლოა, სინდისი ამით გვაგრძნობინებს, რომ რაღაც არასწორი გავაკეთეთ.  თუ ეს გრძნობა შემცოდველს მონანიებისკენ აღძრავს, მას შეიძლება უმძიმესი ცოდვაც კი ეპატიოს. მაგალითად, მეფე დავითმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ღმერთმა აპატია, გულწრფელი მონანიება იყო. დავითს სძულდა თავისი ცუდი საქციელი და გადაწყვეტილი ჰქონდა, აღარ დაერღვია იეჰოვას კანონები. შედეგად, მან საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ კარგია იეჰოვა და მზად არის პატიებისთვის (ფსალმუნი 51:1—19; 86:5). მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა მონანიების და პატიების მიღების შემდეგაც გვიკარგავს მოსვენებას?

19 ზოგჯერ სინდისი შეიძლება მეტისმეტად მკაცრი აღმოჩნდეს და შემცოდველს მონანიების შემდეგაც სდებდეს მსჯავრს. თუმცა ეს შემცოდველს ნამდვილად ვერ მოუტანს სასიკეთო შედეგს. ასეთ შემთხვევაში საკუთარი თავი უნდა დავარწმუნოთ, რომ იეჰოვას ჩვენზე უკეთ ესმის ჩვენი გრძნობები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი მოსიყვარულე და მწყალობელია, როგორც ამისკენ სხვებს მოვუწოდებთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:19, 20). სუფთა სინდისს შინაგანი სიმშვიდე და სიხარული მოაქვს, რაც ამ ქვეყნიერებაში იშვიათია. მრავალმა, ვინც ერთ დროს სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, სწორედ ასეთი შვება იგრძნო და დღეს სუფთა სინდისით ემსახურება იეჰოვა ღმერთს (1 კორინთელები 6:11).

20, 21. ა) რა არის ამ წიგნის მიზანი? ბ) როგორი თავისუფლება გვაქვს ქრისტიანებს და როგორ უნდა ვიყენებდეთ მას?

20 ამ წიგნის მიზანია, დაგეხმაროს, სატანის ქვეყნიერების ამ ბოლო დღეებში სიხარული გქონდეს და სუფთა სინდისი შეინარჩუნო. ეს წიგნი არ განიხილავს ბიბლიის ყველა კანონსა და პრინციპს, რომლებზეც უნდა დაფიქრდე და ყოველდღიურად მათ თანახმად იცხოვრო. ის ასევე არ შეიცავს პირდაპირ და კონკრეტულ წესებს სინდისთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ წიგნის მიზანია, დაგანახვოს, როგორ შეგიძლია ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში  გამოიყენო და ამგვარად განსწავლო და მგრძნობიარე გახადო საკუთარი სინდისი. მოსეს კანონისგან განსხვავებით, „ქრისტეს კანონი“ მოგვიწოდებს, რომ უფრო მეტად სინდისითა და პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ, ვიდრე დაწერილი წესებით (გალატელები 6:2). ჩვენ, ქრისტიანებს, იეჰოვა განსაკუთრებულ თავისუფლებას გვაძლევს. თუმცა მისი სიტყვა შეგვახსენებს, რომ არასოდეს ვაქციოთ ეს თავისუფლება „ბოროტების საფრად“ (1 პეტრე 2:16). ასეთი თავისუფლება იეჰოვასთვის სიყვარულის დამტკიცების შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს.

21 თუ ლოცულობ და ფიქრობ, როგორ გამოიყენო საუკეთესოდ ბიბლიის პრინციპები და შემდეგ შესაბამისად მოქმედებ, შენ კვლავაც განაგრძობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს ანუ „აღქმის უნარის“ გაწაფვას, რაც მაშინ დაიწყე, როცა პირველად გაიცანი იეჰოვა (ებრაელები 5:14). ბიბლიით განსწავლული სინდისი დიდ დახმარებას გაგიწევს. კომპასის მსგავსად, რომელიც მოგზაურს მიმართულებას უჩვენებს, სინდისი დაგეხმარება, მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც შენს ზეციერ მამას გულს გაუხარებს. ამგვარად შენ შეძლებ დარჩე ღვთის სიყვარულში.

^ აბზ. 5 თუმცა ებრაულ წერილებში სიტყვა „სინდისი“ არ მოიხსენიება, მაგრამ ამ და სხვა მონაკვეთებიდან ნათლად ჩანს, რომ სინდისზე მიდის საუბარი. სიტყვა „გული“, ძირითადად, შინაგან ადამიანზე მიანიშნებს. როგორც ჩანს, იობიც ამ სიტყვაში სინდისს გულისხმობდა. „სინდისად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა დაახლოებით 30-ჯერ გამოიყენება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში.

^ აბზ. 8 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყოველთვის საკმარისი არ არის, სინდისი დამშვიდებული გვქონდეს. პავლემ თქვა: „არაფერი ვიცი ჩემს თავზე ისეთი, რაც ჩემ წინააღმდეგ არის; თუმცა ამით არ ვმართლდები, რადგან იეჰოვა განმსჯის“ (1 კორინთელები 4:4). სინდისი დამშვიდებული შეიძლება მათაც კი ჰქონდეთ, რომლებიც პავლეს მსგავსად ქრისტიანებს დევნიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ღმერთი იწონებს მათ საქციელს. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სინდისი არა მარტო ჩვენს თვალში იყოს სუფთა, არამედ იეჰოვას თვალშიც (საქმეები 23:1; 2 ტიმოთე 1:3).

^ აბზ. 10 მრავალი ექიმის აზრით, ალკოჰოლიკს ზომიერად დალევა არ შეუძლია. მისთვის „ზომიერება“ აბსოლუტურ თავშეკავებას ნიშნავს.